საქართველომ მდგრადი განვითარების გზით უნდა იაროს

პაატა კოღუაშვილი, პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

“სოფლად ნუ ჩაჰკლავ სიცოცხლეს,
ქალაქი წაგვიხდებაო
(ხალხური)
თანამედროვე მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყნის (სახელმწიფოს) განვითარების ერთ-ერთ ძირითად მიზანს ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა წარმოადგენს. თუ უფრო მარტივად ვიტყვით, ეს სხვა არაფერია, თუ არა დროის გარკვეულ მონაკვეთში რეალური შიდა პროდუქტის ზრდა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით.

ეკონომიკური ზრდის ტემპი დამოკიდებულია, ერთი მხრივ, ბუნებრივი რესურსების (მიწა, წყალი, ტყე, წიაღისეული და ა. შ.), შრომითი რესურსებისა და კაპიტალის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, ხოლო მეორე მხრივ, თვით ქვეყნის ხელისუფლების (მთავრობის) ეკონომიკურ უნარზე, გამოიყენოს აღნიშნული რესურსები კონკურენტუნარიანი საქონლისა და მომსახურების წარმოებისათვის.
ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ საწარმოო რესურსები და მათი გამოყენების უნარი განსაზღვრავს არა მარტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, არამედ ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრებისა და კეთილდღეობის ისეთ განზოგადებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, როგორიცაა დასაქმების დონე, ეროვნული ვალუტის სიმყარე (ფასების სტაბილურობა) და საგარეო ეკონომიკური წონასწორობა (პროდუქციის და მომსახურების ექსპორტ-იმპორტის სალდო).
წინამდებარე სტატიის განხილვის საგანს წარმოადგენს არა მთლიანად საწარმოო ფაქტორების მთელი კრებულის გამოყენების პრობლემა საქართველოში, არამედ მხოლოდ მიწის რესურსები, რომელიც ფიზიკურ კაპიტალთან ერთად წარმოადგენს ქვეყნის ნივთობრივ-მატერიალური სიმდიდრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს (ერის საყოველთაო ინტერესების) შემადგენელ განსაკუთრებულ აქტივს. იგი ყველგან და ყოველთვის განიხილებოდა, როგორც საზოგადოების ნორმალური ცხოვრებისათვის აუცილებელი დოვლათის წარმოების მყარი ეკონომიკური საფუძველი.
უფრო მეტიც, მეცნიერებამ დაადგინა კორელაციური კავშირი ქვეყნის ნივთობრივ-მატერიალურ სიმდიდრესა და ერთობლივი შიდა პროდუქტის წარმოების პოტენციურ დონეს შორის. კერძოდ, მიჩნეულია, რომ ქვეყანას შეუძლია აწარმოოს ერთობლივი შიდა პროდუქტი ნივთობრივ-მატერიალური სიმდიდრის დაახლოებით ერთი მესამედის დონეზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საბაზრო ფასებით გამოსახული ბუნებრივი რესურსების ღირებულების (რომელიც ფართო გაგებით მიწასთან ერთად მოიცავს მინერალურ რესურსებს, ფლორას, ფაუნას) და ფიზიკური კაპიტალის ფულადი ღირებულების ჯამი დაახლოებით სამჯერ უნდა აღემატებოდეს ქვეყანაში წლის განმავლობაში წარმოებული ერთობლივი შიდა პროდუქტის ღირებულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მინერალური რესურსების (წიაღისეულის) მარაგი დაახლოებით 90 მლრდ აშშ დოლარად არის შეფასებული, ქვეყანას მარტო ამ მონაცემით გააჩნია 30 მლრდ დოლარის ღირებულების მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების ეკონომიკური პოტენციალი. ბუნებრივია, ეკონომიკური პოტენციალი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუ ქვეყნის ნივთიერ-მატერიალურ სიმდიდრეს დაემატება მიწის სავარგულების, ტყეებისა და სხვა ბუნებრივი რესურსის საბაზრო ღირებულებაც (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღეისათვის საქართველოს არ გააჩნია აღნიშნული რესურსების საერთო საბაზრო ღირებულების მონაცემები: მიწას, ტყეს, წყალსა და სხვა რესურსებს ხელისუფლება განკარგავს ან გასცემს იჯარაში ისე, რომ არ იცის არც მათი რეალური ნორმატიული ფასი და არც კადასტრული ღირებულება).
ზემოაღნიშნულთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჩვენ ვცხოვრობთ გლობალიზაციისა და სამეურნეო ცხოვრების ინტერნაციონალიზაციის საუკუნეში, როცა ეკონომიკურად განვითარებული თუ ეკონომიკურად განვითარებადი ქვეყნის სტატუსს განსაზღვრავს არა მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი, არამედ მასთან ერთად სხვა წყაროებიდან მოზიდული ეკონომიკური რესურსების გამოყენების დონე და ხარისხი, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, წმინდა ექსპორტი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები (აღნიშნულის საილუსტრაციოდ ხშირად მიმართავენ რესურსებით მდიდარი, მაგრამ ღარიბი ქვეყნების და, პირიქით, რესურსებით ღარიბი, მაგრამ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების შედარებებს).
მიუხედავად საკმაოდ მაღალი ეკონომიკური პოტენციალისა, საქართველო, სამწუხაროდ, კვლავაც რჩება იმ განვითარებადი ქვეყნების ჩამონათვალში, რომელშიც იგი მოხვდა მსოფლიო ბანკის მიერ 2004 წელს გაკეთებული კლასიფიკაციით (ამ სტატუსის მატარებელი ქვეყნების რიცხვი სულ 59-ია, რომლებშიც მთლიანი შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით წლის განმავლობაში მერყეობს 826-დან 3255 აშშ დოლარის ფარგლებში).
აღნიშნული ფაქტი სრულიადაც არ უნდა იყოს გასაკვირი, თუ ვნახავთ, რომ ისედაც მცირემიწიან ჩვენს ქვეყანაში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მოდის 0,24 ჰა დამუშავებაში მყოფი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (გაცილებით ნაკლები, ვიდრე მეზობელ რუსეთის ფედერაციაში, ვიდრე თურქეთში, ვიდრე აზერბაიჯანში და ა.შ.), დამუშავებაში მყოფი მიწების დაახლოებით 1/3 ანუ საშუალოდ 300,0 ათასი ჰა, ბოლო წლებში საერთოდ არ გამოიყენება.
ყოველივე ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს არ გააჩნია სრულყოფილი, პრიორიტეტებგანსაზღვრული ეკონომიკური (მათ შორის აგრარული) პოლიტიკა, ხოლო თუ გააჩნია, ეს იმდენად არარაციონალურია, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სხვაგვარად რით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი, თანაც უფრო მაღალი ტემპებით, ვიდრე მისი ექსპორტი.
თავად განსაჯეთ. იმპორტის ერთ-ერთ მსხვილ სასაქონლო ჯგუფს მარცვლოვანი და ზეთოვანი კულტურების მზა პროდუქცია და ნედლეული, აგრეთვე შაქარი წარმოადგენს, რომელთა საერთო ღირებულება 200 მლნ. აშშ დოლარს აჭარბებს. მნიშვნელოვანი ოდენობითაა წარმოდგენილი ასევე ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, ბოსტნეულის, კარტოფილისა და სხვა სახის სურსათის იმპორტი. საყურადღებოა, რომ 2006 წელს სურსათის იმპორტმა 1,5-ჯერ გადაამეტა სურსათის ექსპორტს და ეს თანაფარდობა ყოველწლიურად იზრდება სურსათის იმპორტის სასარგებლოდ (2003 წელთან შედარებით სურსათის ექსპორტის 1.7-ჯერ გაზრდის პირობებში სურსათის იმპორტი 2,5-ჯერ გაიზარდა). ასეთ პირობებში გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ ქვეყნის საგადამხდელო ბალანსი დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლიდან ტრადიციულად უარყოფითია, რაც სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად დიდი რაოდენობის სურსათის იმპორტითაა განპირობებული.
ყოველივე ზემოაღნიშნული შეიძლება არ ყოფილიყო საკამათო და სურსათის ექსპორტ-იმპორტის აღწერილი თანაფარდობა კანონზომიერადაც მიჩნეულიყო, რომ არა ქვეყანაში არსებული სურსათის წარმოების მნიშვნელოვანი რეზერვი ანუ ასობით ათასი ჰექტარი დაუმუშავებელი მიწა და ასიათასობით, სოფლიდან გაჭირვებას გამოქცეული და საზღვარგარეთ თუ დედაქალაქში ლუკმაპურის მაძიებელი ჯანმაგარი მუშახელი. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ქვეყანას გააჩნია სურსათის წარმოების გადიდების არსებითი პოტენციალი (ექსპერტთა შეფასებით, იგი საკმარისია 10-12 მილიონი ადამიანის გამოსაკვებად), იმპორტული სურსათის ადგილობრივით ჩანაცვლების და ამით საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესების რეალური საშუალება, მაგრამ ეს რეზერვი დღემდე აუმოქმედებელია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ვერც მომავალში ამოქმედდება, თუ ქვეყანაში კვლავაც ძალაში დარჩა აგროსასურსათო სექტორისადმი ბოლო 15 წელიწადში დამკვიდრებული სრულიად არაადეკვატური დამოკიდებულება, რომელსაც ქვეყნისათვის რაიმე სიკეთე დღემდე არ მოუტანია. ამაში ადვილად დარწმუნდება ყველა, ვინც ქრონოლოგიურად თვალს გადაავლებს იმ ღონისძიებებს, რომლებიც აგრარულ სექტორში გატარდა დარგის რეფორმირების მიზნით სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მათ შორის ერთ-ერთი იყო აგრარული რეფორმა, რომლის I ეტაპი ქვეყანაში გატარდა 1992-1998 წლებში. მისი უმთავრესი მიზანი იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და წარმოების სხვა საშუალებებზე კერძო საკუთრების დამკვიდრება, მიწაზე მეურნეობრიობის ძველი საწარმოო ორგანიზაციული ფორმების ახალი სამართლებრივ-ორგანიზაციული სტრუქტურებით ჩანაცვლება. აღნიშნულ ტრანსფორმაციას შედეგად უნდა მოჰყოლოდა დადებითი ძვრები როგორც საწარმოო-ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით, კერძოდ: მიწის რაციონალური გამოყენება და დაცვა ეროზიული და სხვა სახის არასასურველი პროცესებისაგან, მიწების პროდუქტიულობის ამაღლება, გლეხურ (ფერმერულ) მეურნეობათა შემოსავლების ზრდა, სოფლად ცხოვრების დონის ამაღლება და სხვ.
რეფორმირების პროცესში მართლაც გაუქმდა მიწაზე სახელმწიფოს მონოსაკუთრება, გლეხობამ (აგრეთვე ქალაქის მოსახლეობის ნაწილმა), გარკვეული ნორმის ფარგლებში, მიწა მიიღო უფასოდ და ამით თითქოს წერტილი დაესვა მიწისაგან გლეხის გაუცხოების პროცესს (რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო). განხორციელდა ასევე ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობის დემონტაჟი და სექტორის ცენტრალიზებული მართვის სისტემა შეიცვალა საკანონმდებლო და ეკონომიკური ბერკეტებით, მაგრამ რეფორმა ქვეყანაში ამაზე წინ არ წასულა. მიწის მესაკუთრე გლეხობა ხელისუფლებამ გაწირა, მარტო დატოვა მრავალი გადაულახავი საწარმოო-ფინანსური თუ ტექნიკურ-ტექნოლოგიური პრობლემის წინაშე, რომელთა დაძლევას ისინი დღემდე ვერ ახერხებენ. ასეთი რეფორმის უარყოფითი შედეგები კი სახეზეა: შრომისუნარიანი მოსახლეობისგან დაცარიელებული სოფლები, დაუმუშავებელი სავარგულები, უკიდურესად დამძიმებული დემოგრაფიული გარემო და სხვ.
ამდენად, თუ ობიექტურნი ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ აგრარულმა რეფორმამ სასურველი სოციალური და ეკონომიკური შედეგები ვერ გამოიღო, რასაც ზემოაღნიშნულთან ერთად ადასტურებს აგრარული სექტორის საწარმოო პოტენციალის გამოყენების მეტად დაბალი დონე და სურსათით თვითუზრუნველყოფის არადამაკმაყოფილებელი მაჩვენებელი, სამომხმარებლო ბაზარზე სამამულო და უცხოური წარმოების სასურსათო პროდუქციის დარღვეული თანაფარდობა (დაახლოებით 1:3-თან) და სხვა მრავალი სოციალური თუ ეკონომიკური ხასიათის ინდიკატორი. აღნიშნულის ძირითადი მიზეზი, ჩვენი აზრით, დარგისადმი ხელისუფლების არაადეკვატურ დამოკიდებულებაში უნდა ვეძიოთ. კერძოდ, მთავრობას არ გამოუჩენია არც მორალური და არც მატერიალური (თუ არ ჩავთვლით 2005-2006 წლებში გლეხური მეურნეობებისათვის დარიგებულ 20კგ სასუქს და 20 ლიტრა საწვავს) მხარდაჭერა ახლადჩამოყალიბებული მიწის მესაკუთრე გლეხობისადმი. პირიქით, დაბეგრა ისინი მიწის გადასახადის საკმაოდ მაღალი განაკვეთით მაშინ, როცა ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ის ატარებს სიმბოლურ ხასიათს. დღემდე გადაულახავ პრობლემად რჩება გლეხურ მეურნეობათა საჭირო კრედიტებით უზრუნველყოფა, მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით მომარაგება, წარმოებული პროდუქტების რეალიზაცია და სხვ.
დაპირებად დარჩა ჯერ კიდევ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებამდე გლეხობისთვის მიცემული დაპირება აგრარული რეფორმის მეორე ეტაპზე სამომხმარებლო ბაზრის დაცვის კომპლექსურ ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების შესახებ და სხვ.
ერთ-ერთი არსებითი ხასიათის პრობლემა, რომელიც მიწის რეფორმამ წარმოშვა ქვეყანაში მიწების დანაწევრება-პარცელაცია, წვრილკონტურიანობა და მრავალნაკვეთიანობაა. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2004-2005 წლებში ჩატარებული სასოფლო-სამეურნეო აღწერის მასალებიდან ირკვევა, რომ 285.3 ათასი გლეხური მეურნეობა ანუ მათი საერთო რიცხოვნობის ( 802 ათასი) 35% ფლობს 0,5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთს. მათ საერთო მფლობელობაშია სულ 67ათასი ჰა, ხოლო 27% ფლობს 0,5-დან 1,0 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს, რომელთა საერთო მფლობელობაშია 160 ათასი ჰექტარი. მარტო ამ მონაცემებიდანაც ნათლად ჩანს მიწის რეფორმის არასასურველი შედეგი, რაც იმაში გამოიხატება, რომ გლეხურ მეურნეობათა აბსოლუტური უმრავლესობა (62%) ფლობს მხოლოდ 1 ჰა-მდე მიწის ფართობს. მათზე მოდის რეფორმირებული მიწის ფონდის 23,8% ანუ 228 ათასი ჰექტარი, მაშინ როცა დანარჩენ 38%-ზე მოდის 730 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი.
ერთ ჰექტარამდე მიწის ნაკვეთზე (მით უფრო 0,5 ჰექტარამდე) რაიმე პროგრესული ტექნოლოგიის დანერგვა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა მექანიზაციის განხორციელება, კულტურათა რაციონალური შეთანაწყობა და შრომის ნაყოფიერების ამაღლების სხვა ღონისძიებების განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთი მეურნეობები ძირითადად თვითუზრუნველყოფაზე არიან ორიენტირებულნი და მათი საქონლიანობის დონე სხვა თანაბარ პირობებში ყოველთვის დაბალი იქნება ოპტიმალური სიდიდის მეურნეობებთან შედარებით.
ასეთ პირობებში დაბანდებული შრომა, რა თქმა უნდა, ვერ უზრუნველყოფს იმ დონის შემოსავლებს, რომ გლეხურმა მეურნეობამ იფუნქციონიროს გაფართოებული კვლავწარმოების რეჟიმში, რის გამოც მიწის წვრილი მესაკუთრენი იძულებულნი ხდებიან გაეცალონ სიღარიბის ხაფანგს (ანუ სოფლებს, სადაც ჯერ კიდევ შემორჩა ხელისუფლების დაპირებებს მინდობილი შრომისუნარიანი მოსახლეობა). ხელისუფლება კი ამ ვითარებაში არაფერს აკეთებს მიწის რეფორმის დროს დანაწევრებული მიწის ნაკვეთების კონსოლიდაციის ხელშეწყობისათვის. მხედველობაში გვაქვს სოფლად მიწის წვრილ მესაკუთრეთა შესაძლო კოოპერირება იმ ფორმით, რომელიც უფრო მისაღები იქნებოდა მათთვის მიმდინარე ეტაპზე. არაფერი გაკეთებულა ასევე მიწის კაპიტალიზაციის ხარისხის ასამაღლებლად (ანუ მიწის, როგორც უძრავი ქონების, ფულად კაპიტალად გადაქცევის ხარისხის გაზრდისათვის). აღნიშულის გამო მიწაზე საკუთრება წვრილი მესაკუთრისათვის მხოლოდ უფლებრივ კატეგორიად რჩება, რადგან დღემდე ვერ ხერხდება მისი ეკონომიკური რეალიზება (ანუ მათთვის არ მოაქვს მოგება). ჩვენი აზრით, ამ მიმართულებით მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება ბოლო პერიოდში მიღებული რიგი ანტიაგრარული გადაწყვეტილებების განხორციელების შემდეგ. მხედველობაში გვაქვს მიწის ნაკვეთების ერთჯერადი მორწყვის შეღავათიანი ტარიფის (6 ლარი 1 ჰა-ზე) გაუქმების და მთელი ხარჯების (75 ლარი 1 ჰა-ზე) მიწის მესაკუთრეებზე გადაკისრება, საძოვრებით სარგებლობისათვის გადასახადის შემოღება, სოფლისპირა ტყეების უცხოელებზე პრივატიზება (ან გაიჯარება) და სხვა, რამაც შესაძლოა სოფლად შრომის მოტივაცია ნულამდე დაიყვანოს.
აგრარული რეფორმის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წელს მიღებული კანონი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ, რომლის ძირითადი მიზანი თავიდანვე ჩანდა, ეს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდა იყო. სხვაგვარად ვერ აიხსნება ის ფაქტი, რომ აღნიშნულმა კანონმა ფაქტობრივად აკრძალა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ანუ იჯარის წესით გამოყენების მთელ მსოფლიოში აპრობირებული და დანერგილი ფორმა, რათა ქვეყანაში მიწის მოიჯარეთა ნაცვლად (რომელთა რაოდენობა 55.3 ათასს, ხოლო იჯარით აღებული ფართობი 410 ათას ჰექტარს შეადგენდა), მიწის იძულებით მესაკუთრეთა ახალი ფენა გაეჩინა.
თავისთავად აღნიშნული ფაქტი უნდა შეფასდეს, როგორც ხელისუფლების ზეწოლა აგრომეწარმეებზე და მათი უფლებების შელახვა. უფრო მეტიც, კანონმა გზა გადაუკეტა აგროწარმეობისაკენ მიწის ბევრ ყოფილ მოიჯარეს, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, მიწის იჯარა არის ერთადერთი მისაღები გზა მიწაზე მეურნეობრიობის, მათთვის, ვისი კაპიტალიც შეზღუდულია, ანუ ვისაც არ აქვს იმდენი ფინანსური რესურსი, რომ მიწაც შეიძინოს საკუთრებაში და მეურნეობაც მოაწყოს (შეიძინოს საჭირო ტექნიკა, პირუტყვი, სასუქი და წარმოების სხვა საშუალებები). იჯარის მიმზიდველობა (უპირატესობა) განპირობებულია სწორედ იმით, რომ მოიჯარეს შეუძლია სახსრების შედარებით მცირე ნაწილით იქირაოს მიწა, ხოლო დანარჩენი წარმოების სხვა ხარჯებს მოახმაროს. სწორედ აღნიშნულმა და სხვა უპირატესობებმა განაპირობა იჯარის, როგორც ინსტიტუტის, ფართოდ დანერგვა მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, სადაც მიწების 45% გაიჯარებულია, ჰოლანდიაში – შესაბამისად 60%, ისრაელში – 90% და სხვ.
სრულიად არადამაკმაყოფილებელია მოტივაცია, რომ მიწის მოიჯარე დაუცველია და ამიტომ არ არის მზად გრძელვადიანი გეგმების დასახვისა და განხორციელებისათვის. ეს რომ მართლაც ასე იყოს, ვინ დაუშალა ხელისუფლებას უფრო ნათელი, სრულყოფილი, ქირავნობის კანონის მიღება, მოიჯარის დაცვა ან გრძელვადიანი იჯარის დანერგვა თუნდაც 99-წლიანი ვადით, როგორც ის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიმართაა გამოყენებული. ილია ჭავჭავაძემ წერილში “ხიზნების საქმე” (ნარკვევი II, 1886), საქართველოში იჯარის საუკეთესო ფორმად მემკვიდრეობითი ქირავნობა მიიჩნია.
რა თქმა უნდა, სამართლიანია მოთხოვნა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებში ჩართვის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ აქვე უნდა დავსძინოთ, რომ მიწის განსახელმწიფოებრიობა და პრივატიზება ამ მიმართულებით არაა ერთადერთი სამართლებრივი გზა.
საბაზრო ეკონომიკაში მიწის ჩართვისათვის არსებობს არა ერთი ფორმა-საკუთრება, არამედ ორი ფორმა:
1. კერძო საკუთრება;
2. გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარა.
ჩვენ ორივე ფორმა უნდა გამოვიყენოთ. ეს რეკომენდაცია ეკუთვნის როგორც ევროგაერთიანებას, ასევე მსოფლიო ბანკს.
თანამედროვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თავისუფალ საბაზრო სივრცეში მოქცევის მიზნით, აპრობირებულია მოიჯარის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის იჯარის, ანუ სარგებლობის უფლების გაყიდვის (გასხვისების) პრაქტიკა. მოიჯარემ სურვილის (ან აუცილებლობის) შემთხვევაში შეიძლება გაასხვისოს მიწით სარგებლობის უფლება ისე, რომ არ შეიცვალოს მიწის მესაკუთრე-ობიექტი (სახელმწიფო), იცვლება მხოლოდ მიწით მოსარგებლე სუბიექტი. ამრიგად, მიწა ხდება ყიდვა-გაყიდვის საგანი, თავისუფალი ბაზრის ობიექტი იძენს რა საბაზრო ურთიერთობებისათვის საჭირო ყველა აუცილებელ ატრიბუტს, მათ შორის იპოთეკით დატვირთვის ფუნქციას.
სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მნიშვნელოვანი სეგმენტის მესაკუთრედ შეიძლება დარჩეს მხოლოდ იმ პირობით, თუ იარსებებს ნათელი საკანონმდებლო საფუძველი ამ მიწის კერძო სექტორზე გაქირავებისათვის. მიწით მოსარგებლე უმოკლეს დროში უნდა გახდეს ერთადერთი პასუხისმგებელი მეურნე.
ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არც ამჯერად შეუწუხებია თავი იმით, რომ კანონის მიღებამდე შეესწავლა ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეთა ეკონომიკური შესაძლებლობები (განსაკუთრებით, წვრილი მოიჯარეების), ანუ მათგან რამდენს შეეძლო იჯარით აღებული მიწის გამოსყიდვა და მიწაზე მეურნეობრიობის გაგრძელება ნორმალურ პირობებში. ამით არავინ დაინტერესებულა, რადგან მიზანი მხოლოდ ბიუჯეტის შევსება იყო. საქმისადმი ასეთი არარაციონალური მიდგომის არასახარბიელო შედეგები დღეს უკვე სახეზეა. კერძოდ, მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის მონაცემებით, კანონის მიღებიდან გასული ორი წლის განმავლობაში პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებულია 67.5 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ანუ იჯარაში გაცემული მიწების 16%. დახურულ აუქციონზე (რომელიც უნდა გამართულიყო იჯარაში და საკუთრებაში გაუცემელი მიწების საპრივატიზებოდ) პრივატიზებულია 11.5 ათასი ჰა ანუ აღნიშნული კატეგორიის მიწების 23%, ხოლო ღია აუქციონზე (რომელიც კანონის თანახმად უნდა გამართულიყო პირველი ორი მეთოდით გაუყიდავი მიწების პრივატიზებისთვის) – 4.8 ათასი .ჰა. საბოლოო ანგარიშით სულ 460 ათასი ჰა მიწიდან პრივატიზებულია 83,9 ათასი ჰა, ანუ საპრივატიზებო მიწის 18 %.
სხვაგვარად არც იყო მოსალოდნელი, რადგან, როცა მიწაზე, როგორც წარმოების ძირითად საშუალებაზე, ადგილობრივი აგრომეწარმეებიდან არ არის მოთხოვნა (რაზეც მეტყველებს ასობით ათასი ჰექტარი დაუმუშავებელი მიწა), უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაბამისად არც აგრარულ შრომაზე და არც სამამულო აგრარულ პროდუქციაზე არის მოთხოვნა; ეს კი, როგორც წესი, მაშინ ხდება, როცა წვრილგლეხური მეურნეობისთვის მიწაზე მეურნეობრიობა არ არის მომგებიანი.
ფაქტია, რომ ხელისუფლების ჩანაფიქრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აგრესიული პრივატიზებისა არ გამართლდა; როგორც მოსალოდნელი იყო, აგრომეწარმეებმა უსახსრობის გამო ვერ დაისაკუთრეს ფაქტიურად მუქთად შეთავაზებული მიწები. ასეთ ვითარებაში საჭირო იყო მთავრობას კრიტიკულად შეეფასებინა მიწის პრივატიზების შესახებ კანონის ორწლიანი “მუშაობის შედეგები და მოეხდინა მისი კორექტირება სოფლად არსებული რეალური სურათის გათვალისწინებით, მაგრამ მან აირჩია ყველაზე მიუღებელი გზა აღნიშნული კანონის ძირითადი მიზნის მისაღწევად – გაყიდვის საფრთხის წინაშე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა აღმოჩნდა, რომლის დაკარგვის ან გასხვისების შემთხვევაში ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება. სხვაგვარად ნამდვილად ვერ შეფასდება მთავრობის მიერ მიმდინარე წლის მაისში შემოთავაზებული წინადადება, მიწის საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე პრივატიზების თაობაზე (საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის თანახმად (მუხლი 6): “სახელმწიფოს ტერიტორიის გაცემა, დანაწილება და გაყიდვა შეუძლებელია”).
მართალია, მთავრობამ მალე უკანვე გაიტანა საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი, მაგრამ მ/წლის სექტემბერში შეტანილი ახალი კანონპროექტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე პირდაპირი წესით მიყიდვის უფლებას ამჯერად საქართველოს პრეზიდენტს ანიჭებს.
ამთავითვე უნდა ითქვას, რომ კანონპროექტის ავტორები იგნორირებას უკეთებენ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის გაკვეთილებს, ქართული სოფლის სპეციფიკას, მის დღევანდელ სოციალურ-ეკონომიკურ და ეთნიკურ-დემოგრაფიულ პრობლემებს. არ ითვალისწინებენ, რომ საქმე ეხება ერის უმთავრეს ტრადიციულ სამეურნეო დარგს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ ფორმას და შინაარსს (აგრარულ-ინდუსტრიულ სტატუსს). ამასთან, სოფლის მეურნეობა წარმოადგენს არა მხოლოდ ქვეყნისა და გლეხკაცის ეკონომიკურად გაძლიერების წყაროს, არამედ ქართველი ერის სამეურნეო ცხოვრების წესისა და კულტურის ორგანულად განუყოფელ ნაწილსაც, ბუნებრივად მისადაგებულს ქვეყნის ისტორიულ მხარეებთან. “ქართველების ძალა ძველის-ძველ დრომდე მიწის შემუშავება, მეურნეობაა, ჩვენი ძალა იმთავითვე სოფელი იყო,”- ბრძანებდა ილია ჭავჭავაძე. ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული, რომ საქმე ეხება არა განყენებულად მიწას, არამედ სახელმწიფო ტერიტორიას, ერისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ სივრცეს, მიწას, როგორც წარმოების უალტერნატივო საშუალებას, რომელიც არსებითად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხარისხს და ფაქტობრივად წარმოადგენს მოცემულ სივრცეში ერის არსებობისა და შემოქმედების აუცილებელ პირობას. ილიას თვალსაზრისით, ეს მიწა ქართველთა ერთადერთი საცხოვრისია და ამ მიწაზე მთავარი შემოქმედი და პროდუქციის შემქმნელი ქართველი კაცი უნდა იყოს.
მიგვაჩნია, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმა საფუძველშივე ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს. ხალხის “სასიკეთოდ” მიღებულ ამგვარ გადაწყვეტილებებს ქვეყნისათვის გამოუსწორებელი ზიანის მოტანა შეუძლია. ქვეყნისათვის სულ ერთია, აუქციონზე ჩაქუჩის ერთი დარტყმით გაიყიდება ქართული მიწა უცხსოელზე თუ პრეზიდენტის ერთი ხელის მოწერით. ორივე შემთხვევაში სავალალო შედეგთან გვექნება საქმე, ანუ ქართული მიწა არაქართული გახდება, რაც, კარგად თუ ჩავუკვირდებით, სხვა არაფერია თუ არა საკუთარი ტერიტორიის ნებაყოფლობითი ინტერნაციონალიზაცია (ნებაყოფლობითი ანექსია). სხვა არც უნდა იყოს მოსალოდნელი ქვეყანაში, სადაც ათეულობით მიტოვებული სოფელია აღრიცხული და უმუშევრობა საგანგებო ზღვარს არის გადაცილებული.
ასეთ ვითარებაში მთავრობამ უნდა გაიცნობიეროს, რომ მიწა, საკუთრების სხვა ობიექტებისაგან განსხვავებით, ერთდროულად წარმოადგენს საკუთრების ობიექტს, წარმოების საშუალებას და სახელმწიფო ტერიტორიასაც. ამდენად, მიწის საკუთრებას გარდა ეკონომიკური და იურიდიული დატვირთვისა, პოლიტიკური ასპექტიც გააჩნია. ესაა სახელმწიფოს ტერიტორიული შეუვალობა ანუ სუვერენიტეტი. სუვერენია ხალხი (ერი). საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია ქართველი ხალხის ორგანული, სოციალურ-ეკონომიკური და ეთნო-კულტურული კანონზომიერი განვითარების შედეგია იმ მიწაზე, სადაც სახელმწიფოსთან ერთად შეიქმნა ქართული ეროვნება და ეროვნული ცნობიერება.
ის ფაქტი, რომ ტერიტორიულ სუვერენიტეტს იცავს სახელმწიფო, სულ არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოა მიწის უზენაესი მესაკუთრე. სახელმწიფო ტერიტორია (მიწა) ხალხის საკუთრებაა. ერი, როგორც აღნიშნული უფლების სამართალმემკვიდრე, არ გულისხმობს მხოლოდ დღევანდელ თაობას. ეროვნული სამართალშეგნება სამართალსუბიექტად მიიჩნევს ასევე წარსულ და მომავალ თაობებსაც. სწორედ ამიტომ არცერთ თაობას (მით უფრო, გარკვეული ვადით მოსულ ხელისუფლებას) არ აქვს არანაირი უფლება, საძვალე მოუშალოს წინაპრებს და მამული გაუყიდოს შთამომავლობას.
იმედია, საქმე აქამდე არ მივა და მთავრობა ამჯერადაც უკან გაიწვევს კანონპროექტს. ამასთან, ერთ აქსიომატური ხასიათის ცნობილ ჭეშმარიტებას შეგახსენებთ: “ნორმალურმა თაობამ მდგრადი განვითარების გზით უნდა იაროს, ანუ მოიხმაროს მხოლოდ ის, რასაც თვითონ ქმნის. წინა თაობების მიერ შექმნილი სიმდიდრის, მით უფრო მომავალი თაობების ხარჯზე ცხოვრება პარაზიტიზმი და ქვეყნის ინტერესების გაყიდვაა მხოლოდ”.
სხვათა შორის, კანონმდებლობით უკვე განსაზღვრულია, თუ ვის აქვს საკუთრების გასხვისების უფლება და რა პირობების დაცვაა საჭირო ამისათვის. კერძოდ, თუ მესაკუთრე ინდივიდია, მას არვისაგან სჭირდება ნებართვა ნებისმიერი ფორმით და ვადით გაასხვისოს ის, მაგრამ თუ საკუთრება ოჯახისაა (კომლის), მაშინ კანონი ითხოვს ოჯახის ყველა სრულასაკოვანი წევრის წერილობით თანხმობას. ჩვენი აზრით, იგივე უნდა გავრცელდეს საზოგადოებრივი საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზეც, რომელიც ერის შემოქმედების საარსებო სივრცეა, ანუ უნდა დავეკითხოთ ერს (ხალხს), უნდა მათ ამ საკუთრების გასხვისება უცხოელებზე თუ არა. ამ შემთხვევაში დემოკრატიული ქვეყნების “დემოსი” რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. მთავრობა კი, რომელსაც ხალხის აზრი ამ საკითხში ნამდვილად აინტერესებს, კი არ ეწინააღმდეგება მას, არამედ ვალდებულია, უზრუნველყოს რეფერენდუმის ჩატარება.
სახელმწიფო და საზოგადოება ამ საკითხს უდგება საკუთარი ეროვნული და საზოგადოებრივი მიზანშეწონილების მიხედვით. თუ საკუთრების კლასიკური გაგება წინააღმდეგობაში მოდის საზოგადო ინტერესებთან, უყოყმანოდ იწირება თეორია. ამ მხრივ, დასავლური სახელმწიფოები არავითარ სიმორცხვეს არ ამჟღავნებენ არც ერთმანეთის და არც საერთაშორისო სამართლის მიმართ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუციურმა სასამართლომ მიწის საკუთრება, განსხვავებით სხვა ქონებისაგან, საყოველთაო ინტერესების სოციალურ-სამართლებრივ მოთხოვნებს დაუქვემდებარა.
ხელისუფლება მიწის სარფიანად გაყიდვით კი არა, აგრარულ მეცნიერებასა და აგრომეწარმეებთან გაწყვეტილი კავშირის აღდგენით და მიწის მესაკუთრე გლეხობისათვის მეურნეობრიობის ნორმალური პირობების შექმნით უნდა იყოს დაკავებული. მან ხელი უნდა შეუწყოს სოფლად მიწის წვრილ მესაკუთრეთა საწარმოო და მარკეტინგულ კოოპერირებას (და არა მათ დაქირავებულ მუშებად გადაქცევის პროცესს), მათი მიწის სრულფასოვან მეურნე მესაკუთრეებად ჩამოყალიბებას. მხოლოდ ამ გზით შეიძლება სოფლად საქონელმწარმოებელთა გადაქცევა მიწის ნამდვილ პატრონად, ქვეყნის დამცველად და პატრიოტად.
სოფელს სჭირდება არა ერთი ან რამდენიმე ათეული მიწის მესაკუთრე (და არა უცხოელი), არამედ ბევრი მკვიდრი აგრომეწარმე-მესაკუთრე, რომელიც ინდივიდუალურად თვითონ გაუძღვება ან კოოპერაციულ საწყისებზე წარმართავს მეურნეობას. ეს მოთხოვნა ობიექტურად გამომდინარეობს საქართველოს ბიოგეოკლიმატური მრავალფეროვნებიდან, ერის ტრადიციული აგრარული კულტურიდან, მიწათმოქმედების გაძღოლის ეროვნული ტრადიციებიდან, სოფლის მეურნეობის დარგთა და კულტურათა სიმრავლიდან და სხვა იმ სპეციფიკური თავისებურებებიდან (ვერტიკალური ზონალობა, მცირემიწიანობა, და სხვ.), რომელიც უნდა გაითვალისწინოს მთავრობამ არა მარტო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებაზე სწორი გადაწყვეტილების მიღებისას, არამედ ქვეყნის საერთო აგრარული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების დროს.
აგროსასურსათო სექტორის საწარმოო პოტენციალის სრული გამოყენებისა და ქვეყნის სასურსათო უშიშროების გადაჭრის მიზნით უნდა შეიქმნას ისეთი საწარმოო-ეკონომიკური და სამართლებრივი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს:
– სოფლად საქონელმწარმოებელთა მოტივაციის ამაღლებას;
– სასურსათო პროდუქციისა და ნედლეულის წარმოების რაოდენობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას;
– სოფლის მეურნეობის პროდუქციის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი გადამმუშავებელი საწარმოების ამოქმედებას.
ამ ამოცანის რეალიზაცია გულისხმობს ძირითადი პრიორიტეტების გამოყოფას და მათ თანმიმდევრულ განხორციელებას. მათგან მთავარია:
– ერთიანი აგრარული სისტემის შექმნა;
– სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის, განვითარების პოლიტიკის შემუშავება, რაც ნიშნავს არა მარტო აგრარული, არამედ, სოციალური და ყოფითი პორობლემების კომპლექსურად გადაჭრას;
– საქონელმწარმოებელთა უზრუნველყოფა ფინანსური რესურსებით, რაც თავის მხრივ გულისხმობს კრედიტებისა და წარმოების საშუალებების ხელმისაწვდომობის გაზრდას, სპეციალური აგროსაკრედიტო სისტემის შექმნას;
– ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების აღდგენა და მისი შემდგომი განვითარება ქვეყნის შესაბამის რეგიონებში;
– გლეხურ მეურნეობათა საკონსულტაციო (სასწავლო) ინფორმაციული მომსახურების, როგორც სისტემის შექმნა და ამოქმედება;
– სასოფლო-სამეურნეო და აგროპროდუქციის გადამმუშავებელ საწარმოთა ჰორიზონტალური და ვერტიკალური ინტეგრაცია;
– აგროსასურსათო სექტორის განვითარების ხელშემწყობი და მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება, რომელშიც პრაქტიკულად მოიაზრება ეკონომიკური მექანიზმის ყველა ელემენტის გააქტიურება აგროსექტორის განვითარების მიმართულებით;
– მომხმარებელთა და მწარმოებელთა ინტერესების ჰარმონიული შეთანაწყობა, შეზღუდული საწარმოო რესურსების გამოყენება ეკონომიკურ-ეკოლოგიური ეფექტიანობის ამაღლების თვალსაზრისით.
ჩამოთვლილ პრიორიტეტებს ინტერესთა კონფლიქტი ფაქტობრივად არ გააჩნიათ და ამდენად მაქსიმალური სინერგიული ეფექტი ყველა მათგანის მხოლოდ სრულად, სისტემურად განხორციელების შემთხვევაშია მოსალოდნელი.