ბიუჯეტს საგადასახადო ორგანოების ნაცვლად ეროვნული ბანკი აფინანსებს
ქეთი ბეჟიაშვილი
საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, ტრადიციული ეკონომიკური კავშირები მთლიანად მოიშალა. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მოვლენებმა სახელმწიფო შემოსავლების სისტემა მოშალა, რამაც სახელმწიფო შემოსავლების მობილიზაციის დონის დაცემა მოგვიტანა. შექმნილი ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ა.შ.) ხელშეწყობითა და მონაწილეობით ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დონეზე ანტიკრიზისული ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია.
1994 წლის დასაწყისში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით დამტკიცდა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების ანტიკრიზისული პროგრამა, რომლის შესაბამისად, ქვეყანაში ეკონომიკური გარდაქმნები დაიწყო. ანტიკრიზისული პროგრამის მთავარ მიზანს საფინანსო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო სფეროს გარდაქმნა-მოწესრიგება წარმოადგენდა.
1994 წლის მეორე ნახევრიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის დაწყებამ შესაძლებელი გახადა, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დიდი ნაწილის დაფინანსება საგარეო წყაროებიდან მომხდარიყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მიზნით, აგრეთვე შესაძლებელი გახდა სესხების გაცემის მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოებში მოქცევა.
1996-98 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება ეროვნული ბანკის სესხების ხარჯზე, შედარებით, მაღალი იყო. 1996 წელს ეროვნულმა ბანკმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად, საკმაოდ დიდი მოცულობის გრძელვადიანი სესხი გასცა, მაგრამ ამ ფაქტს ქვეყნის საფინანსო მდგომარეობაზე ცუდად არ უმოქმედია. ამ პროცესებმა 1998 წელს სათანადო ეფექტი ვერ გამოიღო, იმის მიუხედავად, რომ ეროვნული ბანკი ბიუჯეტის დეფიციტს აფინანსებდა პარლამენტის მიერ დადგენილი ლიმიტისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამული მაჩვენებლების ფარგლებში. ყველა არადამაკმაყოფილებელი პროცესის განვითარება ქვეყანაში განვითარებული ფისკალური კრიზისით იყო გამოწვეული.
1994 წლიდან 2000 წლის პირველ ნოემბრამდე ეროვნულ ბანკს საქართველოს მთავრობაზე სახელმწიფო ბიუჯეტის დასაფინანსებლად გაცემული აქვს 709.7 მილიონი ლარის ოდენობის სესხი, მათ შორის, 19.7 მილიონი ლარი მოკლევადიანი სესხია, რომლის დაფარვაც გათვალისწინებული იყო 2000 წლის დეკემბერში.
დღეს საქართველოში ფისკალური კრიზისი გრძელდება და, ამ ფონზე, ფინანსთა სამინისტროს საგარეო ვალების მომსახურებაში დიდი სირთულეები გააჩნია. დღეისათვის შექმნილ რთულ ეკონომიკურ კლიმატში საინტერესოა, მთავრობის წმინდა დავალიანების გაანგარიშება ეროვნული ბანკის მიმართ, აგრეთვე ის, თუ რა ზომები და გადაწყვეტილებებია მიღებული ამ ვალების დროული მომსახურებისთვის. ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შერჩეულ ჩარჩოებშია მოქცეული, ვესაუბრეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მერაბ კაკულიას.
– ეროვნული ბანკის მიერ 2000 წლის ბიუჯეტის დაფინანსების რა ნაწილია დაფარული და ვალის რა რაოდენობაა გადმოსული 2001 წელში?
– “2000 წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროზე გაცემულ იქნა 160,980,154 ლარის (მათ შორის, 48,502,994 ლარის მოკლევადიანი სესხი, რომლიდანაც საანგარიშო პერიოდში დაიფარა 26,157,497 ლარი, ხოლო 22,345,497 ლარის მოკლევადიანი სესხები “საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალ დებულებებში ცვლილებების გათვალისწინებით, გადაფორმდა გრძელვადიან 2005 წლის შესაბამის პერიოდებში დაფარვის ვადით) სესხი, მისი სარგებლობისათვის წლიური 12 პროცენტი სარგებელის გადახდით. შესაბამისად, 2000 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი ეროვნული ბანკის სესხების ხარჯზე დაფინანსდა 134,822,657 ლარის (160,980,154 ლარს – 26,157,497 ლარი) ოდენობით. 2001 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ეროვნული ბანკის მიმართ საქრთველოს ფინანსთა სამინისტროს სასესხო დავალიანების საერთო თანხა 773,722,171 ლარს შეადგენს”.
– ეროვნულმა ბანკმა გაიღო თუ არა სესხი 2001 წლის ბიუჯეტის დასაფინანსებლად?
-“2001 წლის განვლილ პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროზე გაცემულია 9,156,220 ლარის მოკლევადიანი სესხი, საიდანაც 7,600,000 (თანხები მთლიანად გაცემულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების გასასტუმრებლად) ლარი უკვე დაფარულია, დანარჩენი 1,556,220 ლარის დაფარვის ვადას 2001 წლის 31 მარტი წარმოადგენს, თუ გავითვალისწინებთ, რომ გაცემული სესხები მოკლევადიანია (თვის შიგნით დაფარვის ვადით), იგი არ შეიძლება ჩაითვალოს ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად გაცემულად”.
– 2000 წელს გაცემული სესხების რაოდენობა რამდენად შეესაბამებოდა სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებს?
– “უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მთავრობის დაკრედიტების მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს, მთავრობის წმინდა დავალიანების ლიმიტის დაცვა წარმოადგენს. მთავრობის წმინდა დავალიანების ლიმიტი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამული მაჩვენებლების გათვალისწინებით. მთავრობის წმინდა დავალიანება წარმოადგენს ეროვნული ბანკის მიმართ მთავრობის სასესხო დავალიანებასა (საქართველოს ეროვნული ბანკის დეფიციტის დასაფარად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სავალო ვალდებულების გათვალისწინებით) და მთავრობის დეპოზიტებს შორის სხვაობას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მისი შესრულება განისაზღვრება საანგარიშო პერიოდის ბოლო სამუშაო დღეს არსებული მდგომარეობით. მიუხედავად ქვეყანაში არსებული უმძიმესი ფისკალური კრიზისისა, ეს მაჩვენებელი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმატებით სრულდებოდა მთელი წლის განმავლობაში. თუმცა, 2000 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ რიგი საგარეო ვალდებულებების შეუსრულებლობისა და მთავრობის დეპოზიტების მკვეთრი შემცირების შედეგად (2000 წლის 29 დეკემბერს არსებული 29,33 მილიონი ლარიდან, 2000 წლის 31 დეკემბერს 20,6 მილიონ ლარამდე), მისი შესრულება ვერ მოხერხდა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ მარტო 2000 წლის ბოლო ორ სამუშაო დღეს ფინანსთა სამინისტრომ ცენტრალური სახაზინო სამსახურის ანგარიშიდან განახორციელა დაახლოებით 10,0 მილიონი ლარის გადარიცხვა, რის გამოც, შესაბამისად, შემცირდა მთავრობის დეპოზიტები.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის წმინდა დავალიანების ლიმიტიდან გადახრას არ უმოქმედია (შესრულებულ იქნა, როგორც “საქართველოს 2000 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილებისა და “საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ძირითადი მოთხოვნები) ეროვნული ბანკის მიერ ისეთი ძირითადი ამოცანების შესრულებაზე, როგორიცაა, ფასებისა და ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. კერძოდ, “საქართველოს 2000 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, წლიური ინფლაცია განისაზღვრა 8%-ით, მაშინ, როდესაც ინფლაციამ მხოლოდ 4,6% შეადგინა, ლარის გაცვლითი კურსი, მთელი წლის განმავლობაში, სტაბილურობას ინარჩუნებდა, ხოლო მისი მერყეობა უმნიშვნელო და პროგნოზირებადი იყო, რაც, უდავოდ, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული სწორი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შედეგია. 2000 წელს გაცემული სესხების 69,63% რომელიც მთლიანად არაინფლაციურ ხასიათს ატარებდა, საგარეო ვალდებულებების გასტუმრების მიზნით იქნა გაცემული”.
– რომელი პერიოდის სესხების რესტრუქტურიზაცია მოახდინეთ და რა პირობებს ითვალისწინებს?
– “საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონისა და “საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, 1999-2000 წლებში 6 წლით განვადდა 1994-1995 წლებში, შესაბამისად, 18,301,000 და 92,440,000 ლარის ოდენობით გაცემული გრძელვადიანი სესხები, სასესხო დავალიანებაზე პირველი ორი წლის განმავლობაში წლიური 1%-ის, ხოლო მომდევნო წლებში ინფლაციის წლიურ ტემპს პლუს 1%-ის დარიცხვის გათვალისწინებით. “საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, განხორციელდა 1996 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად ეროვნული ბანკის მიერ მთავრობაზე გაცემული გრძელვადიანი სესხების რესტრუქტურიზაცია 5 წლის ვადით, წლიური 9%-ის სარგებლის დარიცხვით.
ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 1997-2000 წლებში გაცემულ სესხებზე განხორციელდა საპროცენტო განაკვეთის ცვლილება და იგი წლიური 9%-ის დონეზე იქნა დაფიქსირებული”.
– თქვენი აზრით, მომავალში გახდება თუ არა შესაძლებელი, მთავრობისთვის გეგმური მაჩვენებლების მიხედვით გასაცემი სესხების რაოდენობის შემცირება?
– აღსანიშნავია, რომ 2001 წელს გამოიკვეთა ახლებული მიდგომა მთავრობის დავალიანებებთან დაკავშირებით. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამული მაჩვენებლების მიხედვით, 2001 წელს გათვალისწინებულია, როგორც მთავრობის წმინდა დავალიანების, ისე მთავრობის სასესხო დავალიანების გეგმური მაჩვენებლის 28,1 მილიონი ლარით შემცირება.
ჩვენი აზრით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასთან ერთად, უარი უნდა ითქვას ეროვნული ბანკის პირდაპირი დაკრედიტების საფუძველზე ბიუჯეტის დეფიციტის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების პრაქტიკაზე და მისი შევსება, ძირითადად, (ეტაპობრივად) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის გზით უნდა განხორციელდეს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებითაც არის გათვალისწინებული”.
ეკონომიკის განვითარების რთული გზა მოითხოვს შესაბამისი პროცესების განვითარებას. როგორც ირკვევა, ახლო მომავალში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებისას, მთავრი აქცენტი, საგარეო წყაროების სანაცვლოდ, შიდა დაფინანსებაზე გადაიტანება. ამ შემთხვევაში კი, უპირატესობა სახელმწიფოს ფასიან ქაღალდებს მიენიჭება. მაგრამ აუცილებელია, თანმიმდევრობით ხდებოდეს, როგორც საგარეო, ისე საშინაო დავალიანებების დაფარვა. საგარეო და საშინაო წყაროებიდან დაფინანსება უნდა განხორციელდეს ისე, რომ დავალიანების საერთო მოცულობა არათუ არ გაიზარდოს, არამედ შემცირდეს.