ახალი კანონი ქართული ბანკებისთვის
ეკა ლომიძე
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პარლამენტში შეტანილ იქნა “საქართველოს კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” და “საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში” ცვლილებებისა და დამატებების პროექტი. პროექტმა წინასწარი განხილვა პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში გაიარა. ეროვნული ბანკის გარდა პროექტზე მუშაობდა საქართველოს ბანკების ასოციაცია.
“საქართველოს კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონში ცვლილებებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. “საქართველოს ბანკების ასოციაციამ” აღნიშნული კანონპროექტის საბოლოო რედაქციის შესახებ თავისი პოზიცია ღიად დააფიქსირა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. მათ მიზანშეუწონლად მიიჩნიეს პროექტის, მოცემული სახით, პარლამენტში გატანა, რადგან მისი მთელი რიგი დებულებები შეუსაბამობაში მოდის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. მათ შორის, “სამოქალაქო კოდექსთან”, “მეწარმეთა შესახებ” კანონთან, კანონთან “ნორმატიული აქტების შესახებ”, “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” კანონთა და თავად ქვეყნის კონსტიტუციასთან.
“საქართველოს ბანკების ასოციაციის” წარმომადგენელთა აზრით, ცვლილებებთან დაკავშირებით გათვალისწინებულ უნდა იქნას მთელი რიგი გარემოებები, რომელთა დაცვა აუცილებელია, რათა როგორც კომერციულ ბანკებში, ასევე თვით ეროვნულ ბანკში არ განვითარდეს ჩრდილოვანი საქმიანობის ტენდენცია, ან თუნდაც პირიქით კი არ ჩაეყაროს საფუძველი ახალ დაპირისპირებას კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკს შორის, არამედ ხელი შეუწყოს მათ შორის თანამშრომლობის საერთო პრინციპების გაღრმავებასა და განმტკიცებას. წარმოდგენილი სახით კანონპროექტის დამტკიცება და კომერციული ბანკების თვალსაზრისის გაუთვალისწინებლობა, უპირველესად სისტემწარმომქმნელ კონფლიქტებს გაზრდის.
“საქართველოს კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონში ცვლილებები, ბუნებრივია, მიმართული იყო საქართველოში საიმედო, ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი, მდგრადი საბანკო სისტემის ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის, მაგრამ ამ ცვლილებებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ეროვნული ბანკის იურიდიული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ მაჭავარიანის განცხადებით, აღნიშნულ კანონში ცვლილებებმა კომერციული ბანკების საქმიანობა უფრო მოხერხებული გახადა. მისი განცხადებით, ყველაზე დადებითი და მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა გირაოს საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებით. კომერციული ბანკები სარჩელს უკვე პირდაპირ საოლქო სასამართლოში აღძრავენ, სადაც განსაზღვრულია ვალები. ეს მომენტი უფრო მოქნილს გახდის კომერციული ბანკების საქმიანობას.
ბატონო ვახტანგ კომერციული ბანკები აქცენტს აკეთებენ შიდა აუდიტის დაქვემდებარების მომენტზე. რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ შიდა აუდიტის დაქვემდებარება სარევიზიო კომისიაზე?
არ ვიცი რატომ გააღიზიანა ამ ფაქტმა კომერციული ბანკები. სარევიზიო კომისიაზე შიდა აუდიტორის დაქვემდებარება ხელს შეუწყობს კომერციულ ბანკებში ჯანსაღი ატმოსფეროს წარმოშობას. შიდა აუდიტი დირექტორატის გავლენის სფეროდან გამოვიდა და ის ანგარიშვალდებული გახდა სარევიზიო კომისიის წინაშე. თუმცა, იგი კვლავინდებურად რჩება დირექტორატის სამსახურში. და თუ დირექტორს მაინც სურს, თავის დაქვემდებარებაში ჰყავდეს შიდა აუდიტი, მას არავინ უკრძალავს ამის გაკეთებას.
ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები ძალაში იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციამდე შედის. რამდენად კანონიერად გეჩვენებათ ეს ფაქტი?
ეროვნული ბანკი იცავს სახელმწიფო ინტერესებს და, აქედან გამომდინარე, ეს მომენტი გამართლებულია, თუმცა, ეს არ ხდება ყოველთვის და მხოლოდ გავლილია ექსტრემალურ სიტუაციაში. რატომ არ უნდა აწყობდეთ ეს მომენტი კომერციულ ბანკებს, ჩემთვის სრულებით გაუგებარია.
ხომ არ ფიქრობთ, რომ “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონში შესული ცვლილებები გააძლიერებს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას და გავლენას კომერციული ბანკების საქმიანობაში?
არა, ეს ცვლილებები ნამდვილად არ იყო აქეთ მიმართული და მხოლოდ კანონის სრულყოფას და დახვეწას ემსახურებოდა. ეროვნული ბანკი, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე თვითონაა დაინტერესებული, საქართველოში კომერციული ბანკების საქმიანობის დასახვეწად და გასავითარებლად.
კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით კომერციული ბანკების პოზიცია, არაერთგვაროვანია. ძირითადად, მათი შენიშვნები რამდენიმე ჭრილში გამოიკვეთა:
პაატა ღაძაძე – “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე.
“კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონში ცვლილებების შესახებ, ჩვენი შენიშვნები დავაფიქსირეთ “საქართველოს ბანკების ასოციაციასთან” ერთად. ზოგიერთ შენიშვნას დავეთანხმეთ და ჩვენიც მივაწოდეთ. საქართველოს დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივია, რომ კონტროლი მკაცრი უნდა იყოს. ცვლილებების ძირითადი აზრიც ამაში მდგომარეობდა, თუმცა ზოგჯერ ეროვნული ბანკის ასეთი კონტროლი ზომაზე მეტი შეიძლება მით უფრო ადვილია ჯანსაღი ბანკისათვის მუშაობა. სადაც ჯანსაღი სიტუაცია არ არის მათთვის ზედმეტი კონტროლი ყოველთვის მიუღებელია. მივესალმებით თუ ეროვნული ბანკი ჩვენს პასუხისმგებლობას გაინაწილებს. მათი კონტროლის შესაბამისად, ბანკის მენეჯმენტი და ეროვნული ბანკი რაღაცნაირად ინაწილებს პასუხისმგებლობას იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩვენს კლიენტურას წარმოადგენს. პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, მხოლოდ ჩვენ ვერ დაგვაბრალებენ საქმის მიმართ გულგრილობას, ბრალს დასდებენ მათაც, ვინც ჩვენ გვაკონტროლებს. გირაოს საგანის რეალიზაციის შესახებ ცვლილებები არის ის მუხლი, რის გამოც ამ კანონს მხარს დავუჭერდი.
ტარიელ გვალია – “თბილუნივერსალბანკის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე:
“საქართველოს კომერციული ბანკების შესახებ” კანონში ცვლილებები მიმართული იყო კანონის დახვეწისკენ. ამ დახვეწაში ვლინდება ეროვნული ბანკის უფლებების, ერთი მხრივ, ზრდა, მეორე მხრივ, დახვეწა.
ამ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, გამკაცრდა მოთხოვნები ბანკის აქციონერებისა და მენეჯერების მიმართ. დარწმუნებული ვარ სხვა განვითარებული ქვეყნების საბანკო კანონში ამდენი დაკონკრეტება არ არის – როგორ უნდა მოქმედებდეს ბანკის მმართველი. საქართველოს საბანკო სისტემა, მიუხედავად თავისი დიდი წარმატებებისა, მაინც ჩანასახ მდგომარეობაშია, ის, ჯერჯერობით, მყიფეა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება რამდენად პროფესიონალურად და კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას ბანკის ესა თუ ის მენეჯერი. ბანკის მართვის და მენეჯმენტის კულტურა ჩვენთან ახალი ხილია და ამიტომ კანონმა სიმკაცრე გამოიჩინა: აუდიტორული სამსახურის დაქვემდებარება სარევიზიო კომისიაზე. ჩვენ ვიწვევთ გარე აუდიტორს, ე.წ. დიდი ხუთეულიდან წელიწადში ორჯერ. გარდა ამისა, გვყავს შიდა აუდიტორი, რომელიც ბანკში ზის, არის ბანკის თანამშრომელი და აკეთებს იმას, რასაც გარე აუდიტორი, ოღონდ მუდმივად. გარე აუდიტორის დაქირავება ბანკის დამფუძნებლების მიერ ხდება, შიდა აუდიტორი ექვემდებარება ბანკის მმართველს, მის მიერ დაქირავებული ადამიანია და გამოითქვა მოსაზრება, რომ შეიძლება ის მოექცეს ბანკის მმართველის გავლენის ქვეშ. მაგრამ ხომ არსებობს გარე აუდიტორი, ის აქციონერმა დაიქირავა. რაც შეეხება შიდა აუდიტს, ის მე მჭირდება, როგორც ბანკის მმართველს. მე ხომ არ შემიძლია ყველა თანამშრომელი ვაკონტროლო? ამას აკეთებს შიდა აუდიტორი. მე თუ ვცრუობ, არსებობს გარე აუდიტი, რომელიც მოდის ჩემს შესამოწმებლად და არ არის ჩემზე დამოკიდებული. კანონიდან ტერმინის “საკრედიტო დაწესებულება”, ამოღება, არის კონფრომიზმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. კანონს ადრე ერქვა კანონი “კომერციული საქმიანობის შესახებ ბანკის ან საკრედიტო დაწესებულებების”. დღეს არის “ბანკის და სადეპოზიტო დაწესებულებების”. დღეს საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი საკრედიტო დაწესებულება, რომლებიც გასცემენ კრედიტებს და არღვევენ კანონს. ამაზე ხმას არ იღებს არც ფინანსთა სამინისტრო, არც პარლამენტი, არც ეროვნული ბანკი. როცა საკითხი დაისვა ისე, რომ საკრედიტო დაწესებულებები არღვევენ კანონს, ხელისუფლება ვერ წავიდა მათ წინააღმდეგ და შეცვალა კანონის დასახელება, რათა ეს კანონი მათზე არ გავრცელდეს.
ჩემთვის მიუღებელია ის ფაქტიც, რომ ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები ძალაში იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციამდე შედის. ამით ადამიანები და სტრუქტურები შეიძლება დაზარალდნენ, შეიძლება მივიღოთ ისეთი ნორმატიული აქტი, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება. ეროვნული ბანკი ამას არ დაუშვებს. მაგრამ მაშინ კანონი სულ არ გვჭირდება, შევთანხმდეთ: – მეც კარგად მოვიქცევი, შენც კარგად მოიქეცი.
ეროვნული ბანკის ფუნქციები ამ კანონის მიხედვით დაიხვეწა და გამკაცრდა. კარგია რომ დაიხვეწა, მაგრამ რიგ შემთხვევაში სიმკაცრე გადაჭარბებულიცაა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ეროვნულ ბანკს ყოველთვის მეტი უფლებები უნდა ჰქონდეს. ჩვენს სიტუაციაში ეს გამართლებულია, რათა არაჯანსაღი განვითარება აღიკვეთოს. ჩვენი საბანკო სისტემა ჩამოყალიბებული რომ იყოს, მაშინ, ცხადია, ცენტრალურ ბანკს ამდენი უფლებები არ უნდა ჰქონდეს.
ნინო ჭიპაშვილი – “ბერძნული კომერციული ბანკის” (საქართველო) – იურისტი:
მე ვაფიქსირებ მხოლოდ ჩემს პოზიციას, იურსიტის თვალით, ეს კანონი უფრო პროგრესულად იყო ჩაფიქრებული, ვიდრე შედეგი მივიღეთ. კარგია, რომ ამ კანონში, დავების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლო მოშორდა. მაგრამ ეს ცვლილება უნდა შესულიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. ეჭვი მეპარება, რომ სასამართლოში ეს კანონი ვინმემ წაიკითხა. ამასთან, ეს კანონი ვადებს უწესებს საოლქო სასამართლოს, რომელიც, ფაქტობრივად პროცესს ფიზიკურად ვერ მოამზადებს 20 დღეში, მაგრამ უზენაეს სასამართლოს ვადის დადგენა ვეღარ ვრცელდება. გამოდის, რომ ამ მუხლით, მხოლოდ ხუთი თვე არის მოგებული. მომზადების ეტაპი დაახლოებით 14 დღეს ითხოვს. ეჭვი მეპარება რომ კანონის 20 დღიანი ნორმა დაცული იქნება.
ლიკვიდატორს და დროებით ადმინისტრატორს ეროვნული ბანკი ნიშნავს. ეს პირი ისტუმრებს ვალებს, მათ შორის, ეროვნულ ბანკს და მეანაბრეებს. რჩება თანხა, რომლის განაწილებასაც კანონი აღარ ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში, სხვა კანონს მივმართავ. ეს თანხა ეროვნულ ბანკს მიაქვს და მას შეინახავს პირის გამოვლენამდე. ამ დროს უფრო უპრიანი იქნებოდა, ქონება ნოტარიუსებისთვის მიენდოთ, იქედან გამომდინარე, რომ ისინი უფრო ახლოს არიან მოსახლეობასთან და შეუძლიათ მოძებნონ მეანაბრე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში, არ უნდა იყოს ფისკალური ინტერესი. პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს მეანაბრის ინტერესი, რომელმაც ბანკში ფული მოიტანა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, როგორც ერთი რიგითი, პრაქტიკოსი იურისტის. ამგვარ შემთხვევაში ეროვნული ბანკის ავტორიტეტი გაიზრდებოდა, რადგან ლიკვიდატორს და დროებით ადმინისტრაციას ის ნიშნავს. საზოგადოება დაინახავდა, რომ სახელმწიფო, ეროვნული ბანკის სახით, მასზე ზრუნავს.
ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კენტი. საერთოდ, კენტობას არ აწესებს მეწარმეთა კანონი. ის ამბობს, რომ წევრთა რაოდენობა უნდა იყოფოდეს სამზე და თუ ხმები თანაბრად გაიყო, ასეთ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმას უპირატესობა ენიჭება. ამ ცვლილებამ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს გადამწყვეტი ხმის უფლება გამოაცალა და ოქმზე ხელისმომწერი პირი გახადა. მე იძულებული ვარ, მოვიწვიო აქციონერთა კრება (რადგან ჩვენთან წევრთა რაოდენობა ექვსია) და გავაკენტო, რადგან ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი სამეთვალყურეო საბჭო მიიღებს, უკნაონო იქნება, რადგან მათში წევრთა რაოდენობა ლუწია.
ასევე, მიმაჩნია, რომ ამ კანონში 22 მუხლი, რომელიც ბუნდოვანი იყო, ისეთივე დარჩა. თუმცა, მეორე ნაწილი შეეცადა პირველის დაკონკრეტებას. ჩვენ არ გვაქვს ნორმატიული ბაზა ისეთი, რომელიც ბანკს საშუალებას მისცემს უშიშრად გასცეს ისეთი კრედიტი, რომელიც საერთაშორისო ნასყიდობის დაფინანსებაში გარანტიას მისცემდა ბანკს, რომ უკან დაიბრუნოს თანხა, რომელიც დაცული არ არის თუნდაც საბაჟოზე. ამ ფინანსური რისკის მართვა ძალიან რთულია. თუ რაიმე მექანიზმი მოიძებნება ამ საკითხის გადასაწყვეტად, ეს საქართველოს უდიდეს შეღავათს მისცემს. მეტად ყურადსაღებია ის მომენტი, რომ ეროვნულმა ბანკმა ამ კანონით უფლება მოიპოვა, რომ აქციონერთა კრებაზე კომერციულ ბანკს დაესწროს. კანონში არ არის მითითებული რა შემთხვევაშია კომერციული ბანკი ვალდებული, ეროვნული ბანკი კრებაზე დაასწროს. ეროვნულმა ბანკმა იცის, კომერციული ბანკის მდგომარეობა. ჩემთვის ბუნდოვანი და გაუგებარი გახდა მისი სტუმრობა.
ვფიქრობ, “საქართველოს კომერციულ ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონში ცვლილებები თავიდან უფრო პროგრესული სახით იყო ჩაფიქრებული, ვიდრე ჩვენ ის რეალურად მივიღეთ.
როგორც ვხედავთ, ძირითადად, გამოიკვეთა შიდა აუდიტის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა კენტობის, ნორმატიული აქტების იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის საკითხი. თუმცა, კომერციული ბანკები თვლიან, რომ ეს ცვლილებები უფრო პროგრესულია და კანონის დახვეწის მცდელობაა. რაც შეეხება “საქართველოს ბანკების ასოციაციას”, მისი დიდი სურვილი იყო პარლამენტს გაეზიარებინა მათი თხოვნა, რომ მათი შენიშვნების ფონზე კანონპროექტი სათანადოდ არ არის მომზადებული, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხილვა და მიღება. ასოციაცია პირდაპირ ითხოვდა: “ქვეყნის საბანკო სისტემის განვითარებისათვის აღნიშნული კანონების უაღრესად დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გთხოვთ გადადოთ მისი საპარლამენტო განხილვა იგი დაუბრუნდეს ეროვნულ ბანკს და ეროვნული ბანკის, საბანკო ასოციაციის, წამყვანი კომერციული ბანკებისა და დამოუკიდებელი ეკონომიკური და იურიდიული ექსპერტების მიერ მომზადდეს ახალი რედაქცია. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში მოქმედი საბანკო კანონმდებლობა მასში ცვლილებების შეტანის ფორსირების საფუძველს ნაკლებად იძლევა.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ეს თხოვნა საქართველოს პარლამენტის მიერ გაზიარებული იქნება”.
როგორც ვხედავთ, პარლამენტმა მაინც განიხილა პროექტი და მიიღო ცვლილებები “საქართველოს კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონში. რომელიც, თუ გავითვალისწინებთ კომერციული ბანკების პოზიციას (რა თქმა უნდა, გამონაკლისის გარდა), მხოლოდ მცდელობაა გაუმჯობესებისა და დახვეწისაკენ.