რას მალავენ ბანკები?

მათე მელია

2001 წლის პირველ კვარტალში ფირმა “მაგთიმ” (გამოქვეყნებული მასალები, “საქართველოს რესპუბლიკა”, 17 მარტი) ბიუჯეტს გადაუხადა 3,5 მლნ. ლარი, ხოლო საქართველოს მთელმა საბანკო სისტემამ 2000 წლის ოთხივე კვარტალში 3,2 მლნ. რა იმალება ამ ციფრების უკან? საქართველოს კომერციული ბანკები ღრმა კრიზისს განიცდიან, როგორც მთელი ეკონომიკა, თუ ღრმად მალავენ ბიუჯეტისაგან შემოსავლებს?

საქართველო საოცრებების ქვეყანაა და ერთ-ერთი საოცრება ბიუჯეტისა და სავაჭრო ბალანსის მზარდი დეფიციტისა და ეკონომიკის უღრმესი კრიზისის ფონზე, მისი ვალუტის, ლარის სიმყარე (რაც უდავოა) და ინფლაციის ძალზე დაბალი დონეა (შარშანდელის 3-4% იყო).

1
ამ საოცრებას ვერ იყენებს ჩვენი წარმოება, რომელიც დღითიდღე სტაგნაციიდან კრიზისში გადადის, მაგრამ მოხერხებულად იყენებენ ბანკები, რომელთა კაპიტალიც თანდათანობით იზრდება, (მაისიდან კიდევ უფრო გაიზრდება), ორმაგდება აქტივები, დიდდება (ან ლეგალიზდება) დასაქმებულთა ხელფასები და კეთდება ევროპული სტანდარტების რემონტები. ერთადერთი რამ, რაც ადეკვატურად არ იზრდება, ეს არის ბანკების საბალანსო მოგება, ანუ ის თანხები, რომელიც უნდა დაიბეგროს და ბიუჯეტში წავიდეს. ბანკები სათავისოდ კარგად გრძნობენ თავს და არა ბიუჯეტისათვის. ეროვნული ბანკის*; მონაცემების მიხედვით, 2000 წელს საქართველოს ბანკებმა შემოსავლისთვის 123,5 მლნ. ლარი მიიღო, ხოლო ხარჯებმა 116,681 მლნ. შეადგინა. (მინდა, გაუთვითცნობიერებელ მკითხველს შევახსენო, რომ ბანკები დამატებითი ღირებულების გადასახადით არ იბეგრებიან) და საბალანსო (დასაბეგრი მოგება) შეადგენს სულ 6,9 მლნ. ლარს. (საქართველოში მოქმედებს 27 კომერციული ბანკი). აქედან, ბიუჯეტმა 3,412 მლნ. მოგების გადასახადი მიიღო. მთლიანად, წმინდა მოგება კი 3,3 მლნ. ლარს შეადგენს. ეს ერთიანად უფრო ნაკლებია, ვიდრე ის თანხა, რაც შპს “მაგთიმ” (7,2 მლნ ლარი) ან შპს “საქართველოს რკინიგზამ” (10 მლნ ლარი) გადაუხადეს ბიუჯეტს. რაც მთავარია, წინა 1999 წელთან შედარებით, საბალანსო მოგება 27,8 მლნ-დან 6,9 მლნ-მდე შემცირდა, ე.ი 4-ჯერ. ამის მიზეზი ორია: პირველი და უმთავრესი, ცუდ სესხებზე დარეზერვება გაიზარდა (945-დან 4101 საბალანსო ანგარიშამდე), რომელიც 1999 წლის 12.671.000-დან 2000 წელს 29.293.000-მდე გაიზარდა.

2
მეორე, ასევე 2 მილიონით გაიზარდა აპარატის შენახვის ხარჯები ფუფუნებამდე მისული რემონტების (ოფიციალურად, როგორ ძვირად დაუჯდა ეს “ივერიაბანკს” და “თბილკომბანკს”, მკითხველმა უკვე იცის – ისინი გაკოტრდნენ) ხარჯზე. მაშინ, როცა დეპოზიტების (მოსახლეობისა და ორგანიზაციების მიერ ბანკებისთვის მიბარებული ფული) დარიცხული პროცენტი თითქმის არ გაზრდილა წინა წლებთან შედარებით (შესაბამისად, 12.229 ათას 13.752 ათას). ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკები მიღებულ შემოსავალს, 123 მლნ-ს, არც მოსახლეობას უყოფენ და არც სახელმწიფოს, არამედ იტოვებენ მათ მიერვე გაცემულ სესხის რეზერვში. ცნობისათვის, ასეთი სახით რეზერვში დატოვებული ფული გადადის ხარჯებში და რეალურად არ იბეგრება. ეს თანხა ბანკს საკორესპონდენტო ანგარიშებზე რჩება, რითაც ის თავის ლიკვიდურ აქტივებს ავსებს (რაც მას ყოველთვის დეფიციტში აქვს). გამოდის, რომ ბანკები, ნაწილობრივ, სახელმწიფოს ხარჯზე აკეთებენ ფულს, ინვესტირებას.

რა შეიძლება იმალებოდეს ამის უკან? ორი რამ!
პირველი – ბანკები, ზრდიან რა ხელოვნურად სესხების პორტფელში არასაიმედო სესხების მოცულობას, ბიუჯეტს უმალავენ შემოსავალს, რითაც, ჯამში, სახელმწიფოს არანაკლებ 10 მლნ. ლარამდე მოაკლდა.

ასეთ ხარჯებში გადის რემონტი, თუ ის არ აღემატება ძირითადი საშუალებების ღირებულების 5%-ს (ბანკები კი ძირითადი საშუალებების ნაკლებობას არ განიცდიან). ამით აიხსნება ბანკების მისწრაფება ძვირად ღირებული რემონტებისაკენ, რომელიც საქართველოს არსებულ რეალობაში სრულიად ზედმეტია.

აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ იმ ბანკების ნაწილი, რომლებიც ინვესტიციების ხელშეწყობის 1995 წლის კანონით განთავისუფლებულნი არიან 50%-იანი მოგების გადასახადისაგან, პირიქით, ცდილობენ, მეტი მოგება აჩვენონ, რათა შექმნან სტიმულირების ფონდები ისევ სათავისოდ, ბიუჯეტის ხარჯებზე. მაგალითად, სანდო წყაროს ცნობით, “საქართველოს ბანკს” 10-11 მლნ. საბალანსო მოგება ჰქონდა გასულ 2000 წელს. “გაერთიანებულ ქართული ბანკს” – 2,8 მლნ, “რესპუბლიკის ბანკსა” და “ქართუბანკს” – 1,6 მლნ. ლარი.

რა თქმა უნდა, ეს ციფრები არ ედრება ეროვნული ბანკის მონაცემებს (ჯამში, 6,9მლნ.). რაზეც გვიპასუხებს, რომ მათი ციფრები არ ტყუის. არადა, ბანკების ზარალი საერთოდ არ წერია. როგორც ეროვნულ ბანკში გვითხრეს, კომერციული ბანკების ზარალმა სულ 23,6 მლნ. ლარზე მეტი შეადგინა. (“თბილკომბანკი” – 13 მლნ, “აბსოლუტბანკი” – 4 მლნ. და ა.შ. ჯამური მაჩვენებელი 0,3 – გამოყვანილი გაბათილების პრინციპით). ალბათ, უპრიანი იქნება ამ ბიულეტენში ზარალის ცალკე მითითება.

3
მეორე, და ძალზე შემაშფოთებელი ეკონომიკაში!
ეკონომიკაში არსებულმა სიტუაციამ, ფირმები გადახდისუუნარო გახადა. ისინი ვერ იხდიან ვალებს. თუმცა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, შემოსავალი იურიდიული პირების სესხებიდან 43.165.000 (1999) 47.979.000-მდე გაიზარდა. ისმის კითხვა, რა ხდება? იკვეთება, რომ ბანკები ძირითად ბიუჯეტს გადასახადებს უმალავენ. სასესხო დავალიანება ბოლო 2 წლის განმავლობაში თითქმის 200 მილიონით გაიზარდა, ძირითადად, უცხოური საკრედიტო არხების მოზიდვის ხარჯზე. საინტერესოა ისიც, რომ მთელი შემოსავლების 123,5 მილიონი ლარიდან ბანკებმა 57% მიიღეს სესხების პროცენტის და 21% საკომისიო შემოსავლის სახით, კონვერსიიდან – (ვალუტის გადახურდავებიდან) 10%. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბანკები მაღალ პროცენტს იღებენ სესხებზე და ხელს უწყობენ მასში კრიზისის გაღრმავებას. მეორე მხრივ, მაღალი საკომისიოები გააჩნიათ და საბრუნავი სახსრების გარეშე დარჩენილ ბიზნესმენებს რთულ მდგომარეობაში აგდებენ. ბანკების ასეთი საქციელი შეიძლება აიხსნას საქართველოში რისკის მაღალი დონით, მაგრამ თუ ასეთ პოლიტიკას გააგრძელებენ, მათ რეალურად დისკრედიტირებას გაუკეთებენ და 2001 წლის ბოლოს და 2002 წლის დასაწყისში არავინ ეყოლებათ.

თუ სახელმწიფო ბანკებს კანონიერ საშუალებებს აძლევს, დამალონ გადასახადი და ამით აფინანსებს და ეხმარება, არაპირდაპირ თვით ინვესტიციებში, მაშინ რას ერჩის:

ბანკების აქციონერებს, რომლებიც ამ მიზერულ წმინდა მოგებიდან (მთელ საბანკო სისტემაში 3,2მლნ) ფაქტიურად, არაფერს ღებულობენ თავიანთი აქციების დივიდენდის სახით;

სხვა დარგებს (საფინანსო, საწარმოო, სავაჭრო), რომელთაც არა აქვთ ასეთი გადასახადის დამალვის საშუალება, იხდიან დამატებითი ღირებულების გადასახადს და წელში წყდებიან. ეკონომიკა ხომ მათზე დგას. ბანკი ხომ მარტო შუამავალია. მაშ, რატომ აძლევენ ბანკებს შეღავათებს? ჩვენი ეკონომიკის კრიზისი და ეროვნული მეურნეობის აღორძინების გასაღები ამ კითხვებზე გასაცემ პასუხებში დევს. სწორედ ბანკებზე ოაზისური დაბეგვრის გამო, ხომ არ იმრავლა უცხოურმა (ხშირად უფერულმა) ბანკებმა საქართველოში? ესეც უცხოელებს!