ტურისტული ბაზრის მოთხოვნები და ავიატრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები
ლევან სოროზნიშვილი, მაგისტრის კურსი, სპეციალობა – “ორგანიზაციული მენეჯმენტი”, ნ.ე. ჟუკოვსკის სახელობის ნაციონალური აეროკოსმოსური უნივერსიტეტი “ხაი”
საქართველოს, როგორც მიმზიდველ ტურისტულ ქვეყანას, ნაკლებად იცნობენ ევროპაში. ქვეყანა ჯერ-ჯერობით არ აღიქმება სამოგზაურო ტურისტულ ობიექტად. არც საქართველო და არც მისი რომელიმე კულტურული თუ სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობა ფართოდ ცნობილი არ არის. ერთადერთ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის პოლიტიკური სიტუაცია. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ საქართველოს შესახებ საზოგადოების ინფორმირების დონე ევროპის ქვეყნებს შორის განსხვავებულია.
ობიექტური ინფორმაციის არსებობა კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს პოტენციური ტურისტების მიერ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის აღქმას.
ამჟამად ჩამოსული ტურისტების, განსაკუთრებით კი პაკეტ-ტურისტების უმეტესობა საჰაერო ტრანსპორტით ჩამოდის. ტურისტისათვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მთავარია დასასვენებელ ადგილამდე მგზავრობის კომფორტაულობა და ფრენის გრაფიკის მოხერხებულობა. საქართველოში ჩამოსვლა და უკან დაბრუნება ამ მხრივ რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული:
არსებულ და პოტენციურ ტურისტულ ბაზრებთან დამაკავშირებელი ავიარეისები.
უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოსა და დასავლეთ ევროპას შორის თანდათან ჩამოყალიბდა რეგულარული ავიამარშრუტები. რეგულარული რეისებია ლონდონის, ციურიხის, ვენის, ფრაკფურტის მიმართულებით. ცოტა ხნის წინ კი დაინიშნა რეისები პარიზსა და პრაღაში. მიუხედავად ამისა, ტურისტთა უმრავლესობას უხდება თვითმფრინავების გამოცვლა, რაც მეტად ახანგრძლივებს ფრენის დროს. ჯგუფური ბილეთების შეძენა, როგორც წესი, ვერ უკავშირდება ერთ ავიარეისს ან კომპანიას. იშვიათი რეისების გამო კი მგზავრობა მნიშვნელოვნად იზღუდება.
მანძილი საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებამდე.
დღევანდელი ტურისტული ბაზრები (ძირითადად დასავლეთ ევროპა) საქართველოდან 4 საათის საფრენ მანძილზეა. საერთო მგზავრობის დრო კი 2-ჯერ და მეტად აღემატება მას. აშშ-სა და აღმოსავლეთ აზიის პოტენციური ბაზრებისათვის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა დაკავშირებულია ხანგრძლივ ფრენასთან და საკმაოდ რთულ სამგზავრო მარშრუტებთან.
რეისების მოუხერხებელი განრიგი.
მეტწილად, საჰაერო რეისები სრულდება ღამის პერიოდში, ან ადრე დილით. თუ გავითვალისწინებთ დროის სარტყელების სხვაობასაც, ბუნებრივია, რომ ამგვარი განრიგი არ უწყობს ხელს მგზავრის მოზიდვას. გარდა ამისა, ხშირად იცვლება ფრენის განრიგი და სიხშირე.
არასაკმარისი რეგიონალური საჰაერო კავშირები.
საქართველოს მეტ-ნაკლებად საჰაერო კავშირები აქვს რუსეთსა და ევროპასთან. თუმცა თვით სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ახლო აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი რეისების რაოდენობა ძალიან მცირეა. ეს კი იწვევს იმას, რომ ზოგიერთ პოტენციურ ბაზარზე შესვლა გართულებულია და ძნელდება კომბინირებული რეგიონალური ტურების მოწყობა.
ავიაკომპანიებს შორის არსებული კომფლიქტები.
ავიაკომპანიებს შორის რეისების ოპერირების თაობაზე არსებული დავა ხელს უშლის რეისების სიხშირის ზრდას. საავიაციო ბაზარი დაქირავებისათვის არ არის მოსახერხებელი და გამჭვირვალე.
კიდევ ერთი პრობლემაა ზოგადად კავკასიის რეგიონისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან ასოცირებული არასტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები.
დასავლეთ ევროპის მომხმარებლამდე არ აღწევს დეტალური, სრული და რაც მთავარია, პოზიტიური ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ჩვენს ქვეყანას დასავლეთში არასტაბილურობის იმიჯი ჩამოუყალიბდა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით და დადებით იმიჯთან ასოცირებული ტურისტული მარშრუტების არასათანადო რეკლამირების პირობებში, სრულიად ბუნებრივია პოტენციური კლიენტების ქვეყანაში მოზიდვის სირთულე.
სავიზო მოთხოვნები, როგორც წესი, განიხილება მგზავრთა შემაფერხებელ ფაქტორად, რადგან ამ შემთხვევაში თითქმის წარმოუდგენელია სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება მგზავრობასთან დაკავშირებით.
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ვიზის მოთხოვნებით გამოწვეული ფსიქოლოგიური მომენტი, რის გამოც მგზავრს უჩნდება განწყობა, რომ მას კარგად არ ხვდებიან ქვეყანაში.
გარდა ამისა, ვიზის ღირებულება ინდივიდუალური ჩამომსვლელისათვის 80 აშშ დოლარია, რაც საკმაოდ ძვირია ნაკლებად შეძლებული ვიზიტორისთვის, მით უმეტეს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რა მომსახურებისათვის იხდის ამ თანხას.
პრობლემებია სავიზო პროცედურების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის ადგილებში. 14-დღიანი ვიზის გაგრძელება კი საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროცესია.
მგზავრთა უკმაყოფილებას იწვევს ქვეყნიდან სუვენირების გატანასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების გაუმჭვირვალე საბაჟო წესებიც. ყოველივე ამის გამო ხშირად უცხოელი მგზავრები საბაჟოებზე კორუფციის პრობლემასაც აწყდებიან.
საქართველოს, როგორც არამიმზიდველი ქვეყნის იმიჯი პოტენციურ მგზავრთა მოზიდვის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია.
შემოყვანილი ტურ-ოპერატორები
ფასი
მარკეტინგი
მარშრუტის აღქმა
ტრანსპორტირების პრობლემები
რეკლამირების არასათანადო დონე.
მომავალი ბაზრის ზრდის მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია ის, რომ საზღვარგარეთ არასათანადო დონეზე ხდება საქართველოს ტურისტული პროდუქტის რეკლამირება. ამით აიხსნება იმ საბაზრო სეგენტთა სიმცირე, რომელშიც შეაღწია ქართულმა ტურისტულმა პროდუქტმა. ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად არსებობს წახალისების ღონისძიებათა მთელი ჯაჭვი, მაგრამ პრაქტიკულად ხდება მისი იგნორირება.
არ არსებობს ტურისტული ბაზრის მარკეტინგული კვლევა.
ჯერ-ჯერობით ქვეყანაში არ დაწყებულა ბაზრის გამოკვლევისათვის სერიოზული მუშაობა, რის გამოც არ არსებობს სისტემური ინფორმაცია მიზნობრივი ბაზრების, პოტენციური კლიენტურის მახასიათებლების ან კონკურენტული ანალიზის შესახებ. ბაზრის კვლევა არ არის ეფექტური რეკლამირების აუცილებელი წინაპირობა.
არ ხდება ქვეყნის დადებითი იმიჯის პოპულარიზაცია.
საქართველოს მიმზიდველი იმიჯის შექმნისათვის არ ხორციელდება ეფექტური ღონისძიებები. არ არსებობს საფირმო სახელის გამომხატველი რაიმე კორპორაციული ნიშანი. არ ჩატარებულა სრულმასშტაბიანი და სისტემური კამპანია.
მსოფლიოს განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნები ამ მიმართულებით მილიონობით დოლარს ხარჯავენ, რაც ტურისტთა ნაკადების მატების და აქედან გამომდინარე, სავალუტო შემოსავლების ზრდის აუცილებელი წინაპირობაა.
ქვეყანას ტურისტთა ნაკადების ზრდისთვის სჭირდება არა უბრალოდ რეკლამა, არამედ აგრესიული რეკლამა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო უნდა ახდენდეს თავისი ტურისტული და საკურორტო პოტენციალის რეკლამირებას არა მხოლოდ იმ გამოფენებსა და ბაზრობებზე, სადაც ოფიციალური მიწვევებია, არამედ იქაც კი, სადაც მას არ ელიან.
არსებობს პირობითი საერთაშორისო სტანდარტი, კერძოდ, ერთი უცხოელი ტურისტის მოსაზიდად, რომელიც საშუალოდ ქვეყანაში 1000 აშშ დოლარს ტოვებს, ქვეყნის რეკლამირებისთვის დადებითი იმიჯის შესაქმნელად სახელმწიფომ უნდა დახარჯოს თვითოეულზე 5 აშშ დოლარი მაინც. ამ პირობითი სტანდარტის მიხედვით, საქართველომ უკვე დღეს უცხოეთში სარეკლამო კამპანიების წარმართვისათვის წელიწადში დაახლოებით ორი მილიონი დოლარი ანუ ოთხი მილიონი ლარი უნდა გაიღოს.
აუცილებელია პრიორიტეტულობის მიხედვით გამოიყოს ისეთი საკითხები, რომელთა მოგვარებაც უნდა მოხდეს დაუყონებლივ და მისკენაც უნდა იყოს მიმართული ყველა არსებული რესურსი.ეს საკითხებია:
ქვეყნის დადებითი (ტურისტული) იმიჯის პოპულარიზაცია და მარკეტინგი;
ტურისტული პროდუქტის მრავალფეროვნების უზრუნველყოფა;
უსაფრთხოების საკითხების მოგვარება;
კომპეტენტური პერსონალის მომზადება;
ინფრასტრუქტურის განვითარება, სასტუმრო და სატრანსპორტო სიმძლავრეების უზრუნველყოფა.
ტურისტული ბაზრის მოთხოვნები განხილულ უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკის საერთო მდგომარეობის მიხედვით. კერძოდ, როცა შეფარდებითი ფასები არ იცვლება, საერთო რეალური მოხმარების 1%-ით ზრდის პირობებში ტურისტთა რიცხოვნობა უცვლელია, 2,5-ით ზრდის პირობებში ტურისტთა რიცხოვნობა იზრდება 4%-ით, 5%-ით ზრდის პირობებში – 10%-ით, როცა საერთო რეალური მოხმარება 1%-ზე დაბალია, ტურისტთა რიცხოვნობა მცირდება.