ევროსაბჭო და საქართველოს მთავრობა ახალ პროექტს იწყებს

რედაქციისაგან

ევროსაბჭო და საქართველოს მთავრობა ერთობლივ ახალ პროექტს იწყებს. საქართველოს მთავრობას პროექტში რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი წარმოადგენს.

სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიმართა ევროსაბჭოს ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ოფიციალური ხელმოწერა, პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა.
პროექტის სახელწოდებაა – “საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის მხარდაჭერა” (GEPAC), რაც სამხრეთ კავკასიაში ევროსაბჭოს თანამშრომლობის პროგრამის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ეს ორწლიანი პროექტი საქართველოს დაეხმარება ანტიკორუფციული გეგმის შესრულებაში, მათ შორის ევროსაბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) მიერ საქართველოსათვის შემუშავებული რეკომენდაციების განხორციელებაში და სპეციალური ანტიკორუფციული სტრუქტურის გაძლიერებაში.
პროექტში ყურადღება გამახვილებულია ხუთ უმთავრეს სფეროზე:
– კორუფციის წინააღმდეგ მოქმედი ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერება;
– ანტიკორუფციული გეგმის განხორციელებაზე ზედამხედველობა და კოორდინირება;
– კორუფციის ინკრიმინირებასთან და თავიდან აცილებასთან დაკავშირებული პირველადი და მეორადი კანონმდებლობის შექმნა და გაუმჯობესება;
– მექანიზმების გაძლიერება უმაღლეს დონეზე მომხდარი კორუფციული შემთხვევების გამოძიებისა და დევნისათვის;
– პილოტური ღონისძიებები, როგორც კორუფციის თავიდან აცილების საშუალებები, მთლიანობისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გასამყარებლად.
პროექტი ფინანსდება ნიდერლანდების განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური დახმარებით.