რედაქტორისაგან

ჯემალ ინაიშვილი

მსოფლიო რეცესიის მოლოდინშია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ეკონომიკის ზრდა მე-3 კვარტალში საკმაოდ მაღალი იყო – 4.9% და მისმა მთავრობამ გარკვეული გეგმის პრეზენტაცია მოახდინა იპოთეკური კრედიტის კრიზისის შედეგების დაძლევასთან დაკავშირებით, მაინც დიდია მსოფლიოში საფინანსო კრიზისის მოლოდინი. ამ ეჭვებს დიდი საბაბი მისცა დეკემბერში მერი ლინჩის და სხვა მსხვილი კომპანიების საფინანსო შედეგების გამოქვეყნებამ, სადაც დიდი ზარალი დაფიქსირდა.

ყოველივეს ემატება სასურსათო პროდუქტებსა და ნავთობ-პროდუქტებზე მსოფლიოში ფასების მატება. მსოფლიოს სერიოზულად აშფოთებს ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკების ზრდა, რომელიც ექსპერტების აზრით 2008 წელსაც, 11% იქნება. ამ ქვეყნებში ისე გაიზარდა მოხმარება, რომ იგი მსოფლიო ფასების მატების ძირითადი კატალიზატორი ხდება. 2008 წელი მსოფლიოში საკმაოდ მძიმე იქნება ეკონომიკისა და ბიზნესისათვის. ჯერ-ჯერობით ვირთხა არაფერს კარგს არ უქადის სამყაროს. ამიტომ ამ წლის ბოლო ნომერში ძირითადი ყურადღება გადავიტანეთ მსოფლიო ეკონომიკის ტენდენციებზე და საქართველოს ეკონომიკის პრობლემებზე. უკვე იცით, რომ ჩვენს ჟურნალს ათი წელი შეუსრულდა დეკემბერში და ჩვენ ამასთან დაკავშირებით უნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ორგანიზება გაუკეთეთ. 27 დეკემბერს გამოვლინდება ჩვენს მიერ გამოცხადებულ კონკურსში 2007 წელს ეკონომიკაში საუკეთესო ნაშრომები. გამარჯვებულების დაჯილდოვება სახელმწიფო მუზეუმის სხდომათა დარბაზში გაიმართება. ამ ნომერში კი გთავაზობთ ძირითად მოხსენებებს, მათ შორის, ინფლაციის გაანგარიშების მეთოდის სრულყოფასთან დაკავშირებით მაია მინდორაშვილის მოხსენებას.
ზამთარში საახალწლო სამზადისის მიუხედავად, ძირითადი საზრუნავი მაინც გაზით მომარაგებაა. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ თემაზე შემოგვეთავაზებინა ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის ექსკლუზიური ინტერვიუ, გულწრფელი საუბარი, თუ რა ხდება ამ სფეროში, რას მიაღწია საქართველომ 2007 წელს და რა იგეგმება 2008 წლისათვის (გვ.8). ასევე მსოფლიო ბაზარზე არსებული სიტუაციის მიმოხილვას.
წლის დამთავრებას აჯამებენ მსოფლიოს ცნობილი ექსპერტები და ჩვენ შემოგთავაზებთ მათთან ერთად მსოფლიოს 10 საშიშროების ჩამონათვალს.
ჩვენ ეკონომიკაში ძვრებთან ერთად საინტერესო ხდება ისევ საპენსიო რეფორმის თემა. ამიტომ გთავაზობთ მსოფლიო გამოცდილების და 2007 წელს ამ სფეროში წარმოქმნილი პრობლემების მიმოხილვას (გვ.19).
ტრადიციულად გთავაზობთ საშინაო ბაზრის მიმოხილვას და საინფორმაციო ბლოკს. იმედია საახალწლო განწყობაც არ გაგიფუჭეთ და სასარგებლო ინფორმაცია და ანალიტიკა მოგაწოდეთ მომავალი 2008 წლის დასაგეგმად.
ბედნიერი შობა-ახალი წელი და წარმატებები! ფარავდეს უფალი თქვენ და სრულიად საქართველოს!