მოდერნ უტიფრობის არტ ეპოქაში მაიმუნის გარდაქმნის პრობლემები და კორუფციასთან ბრძოლა
ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი
ჰოი საოცრებავ! მართლა რომ საკვირველია ადამიანთა მოდგმის ბუნება და საქციელი და ტყუილად გვგონია, რომ მხოლოდ ქართველები ვართ უცნაურები. მსოფლიოს წამყვანი 20 ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის 80%-ს და, შესაბამისად, კორუფციის 80%-ს აკონტროლებს, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიო კორუფციის დედაქალაქში _ მოსკოვში _ შეიკრიბა და იმსჯელეს, როგორ ებრძოლონ კორუფციას. გაუგებარი ამ ამბავში ის არის, თუ ვინ უნდა ებძროლოს?
მოსკოვში სამიტის შეკრების სიტუაცია, ერთ ცნობილ ანეკდოტს მაგონებს: ძველ დროში კრების ჩასატარებლად ცხოველები ტყეში შეიკრიბნენ, თავმჯდომარე კი ლომია. მან განაცხადა, რომ ქვეყანაში გარდაქმნის ეპოქა იწყება (”პერესტროიკა”) და ტყის ბინადრებიც უნდა გარდაქმნილიყვნენ. ხართ თუ არა თანახმანიო _ იკითხა ლომმა. ყველამ, ერთის გამოკლებით თანხმობა განაცხადა. ის ერთი მოწინააღმდეგე მაიმუნი იყო. ლომის კითხვაზე, რატომ ხარ წინააღმდეგიო, მაიმუნმა უპასუხა _ ”მე ახლა რომ გარდავიქმნა, ადამიანი უნდა გავხდე. ადამიანი რომ გავხდები, ცხოვრება და არსებობა მინდა და ფულის საშოვნელად ისევ მაიმუნობა მომიწევს. ამიტომ რა აზრი აქვს?”.
ასე იყო რუსეთის, ჩინეთის და სხვა მონაწილეების საქმე. ამიტომ ეს საკითხი, ისევე, როგორც სავალუტო ომის, მარიო დრაგის თქმით, მხოლოდ ”ყბედობად” დარჩა. ესეც თავისებური 21-ე საუკუნის ომია. ასე შეიკრებებიან მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის ფინანსისტები, ბანკირები და პოლიტიკოსები ხან ტორონტოში, ხან მეხიკოში, ხან მოსკოვში; დალევენ ტეკილას, არაყს, ვისკის; იყბედებენ, გულს მოიოხებენ და დაიშლებიან.
ამ დროს, გაგანია სავალუტო ომია. ქალბატონმა კრისტინ ლაგარდმა მოსკოვში განაცხადა, ღმერთო ჩემო, რას კადრულობთ, რის სავალუტო ომი, რა სავალუტო ომიო. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ იქ იენის კურსი ცოტა შეასუსტა იაპონიამ, მაგრამ მისი ექსპორტის პრობლემებს გაგებით მოეკიდნენ; იქ აშშ-მ შეასუსტა დოლარი, 2012 წლის ბოლო კვარტალში ეკონომიკის 0,1%-იან ზრდას მიაღწია; იქ მრავალმილიონიანი ჩინეთი ხომ ასუსტებს და ასუსტებს იუანს; ჰოდა, აბა რა მნიშვნელობა აქვს ევროზონის ქვეყნებს ვალებისგან ექნება პრობლემა თუ თუ მყარი ევროსგან? ერთი მითხარით, სხვა რა არის სავალუტო ომი? ჩინეთი რომ ჩინეთია, ინგლისის ცენტრალურ ბანკთან ხელი მოაწერა იუანში ოფციონების გაყიდვას და საერთაშორისო ანგარიშსწორებაში იუანმა მე-13-ე ადგილი დაიკავა, სვიფტის მონაცემებით და დოლარის საანგარიშსწორებო ვალუტის როლი შეასუსტა. არა, ომი ნამდვილად არ არის, ეს უბრალოდ წარღვნის დასაწყისია.
აქ ყველა ყველას წინააღმდეგია და შიშის გამო ყველა ყველას ვითომ ეთანამშრომლება. საოცარია პირდაპირ, ყველა უარყოფს სავალუტო ომს, არადა, ომი გაგანია ფაზაშია, ყველა ებრძვის კორუფციას, არადა, კორუფცია ყველგან ჰყვავის. ისე, როგორც ყველაფერი, კორუფციაც 21-ე საუკუნეში სუპერმოდერნიზებულია. როცა ხელში მიჭირავს ჩემი Iphone-5 ან ოთხბირთვიანი Samsung Galaxy Note-10, გაოცებული ვფიქრობ ხოლმე, სად წავიდა ტექნიკა?! ასევეა სავალუტო ომში, ოქროს სტანდარტის სისტემა რომ მახსენდება და ახლანდელ სავალუტო სისტემას ვუყურებ, გაოგნებული ვარ, უბრალო კლირინგიდან თანამედროვე ფორექსამდე რამხელა ცვლილება გავიარეთ. ასევეა კორუფციაში, იქ რიგითი და უბრალო ადამიანების ადგილი გაქრა, მხოლოდ მსხვილი კოროპრაციების ელიტა და ქვეყნის მმართველობა მონაწილეობს. მახსენდება სააკაშვილის ცნობილი ფრაზა ტელევიიზიით გამოთქმული, ”კორუფცია ან არის ზევით ან არ არის არსად”. ეს არის თანამედროვე, მოდერნიზებული კორუფცია. ასეა, თან უარვყოფთ, თან ვებრძვით და თან ვაკეთებთ. ეს არის 21-ე საუკუნის სტილი, ხოლო საუკუნეთა სენსაცია _ რუსეთი თავმჯდომარეობს კორუფციასთან ბროლის მსოფლიო შეკრებას. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, დიქტატორი დემოკრატიაზე ქაქანით რომ ენას იტყავებს და ალ კაპონე ან იაპონჩიკი დამნაშავეობის წინააღმდეგ იბრძვიან. ეეჰ, საწყალი მოლიერი, რა დროს არ არის ცოცხალი, რა ფარსის ფაბულა ექნებოდა გამზადებული?! თუმცა, არც ის არის გამორიცხული, ამ ფარსისთვის მის სარკაზმით სავსე გულსაც ვერ გაეძლო და გული გასკდომოდა. ეტყობა, უცნაურობა ადამიანთა მოდგმის სენია და _ ან არის ზევით და ან არ არის არსად _ ეს აღიარებითი ჩვენებაა. დაახლოებით იმას ჰგავს, ”მე მომკლეს ბაბუ”… მაინც მაკიაველი მახსენდება, როგორ არ ასვენებს მისი სული მსოფლიოს, როგორ ასაზრდოებს ყველას, ვინც ამ ფარსში მონაწილეობს, მაკიაველს მე უტიფრობის მამას დავარქმევდი, ხოლო 21-ე საუკუნეს არა Apple-ისა და Facebook-ის ეპოქას, არამედ მოდერნ უტიფრობის არტ ეპოქას, რომელიც ამოძრავებს სამყაროს. ამიტომაც, ჩემო მკითხველო, ამ დუნიაზე არაფერი გაგიკვირდეს.
პლატონი მახსენდება. სოკრატე ქალქაში ცდილობს ძალით წასვლას. თანმხლები პირები არ უშვებენ. სოკრატე ეუბნება, როგორ შემიშლით ხელსო. ხედავთ, რამდენი ვართ? დაგარწმუნებთო. სოკრატემ გენიალური პასუხი გასცა _ ”თუ არ მოგისმენთ, როგორღა დამარწმუნებთ?” ეტყობა, G20-იც სოკრატესავით იქცევა. სოკრატესავით უნდა მოვიქცეთ ჩვენ, რიგითი ქართველები, როცა დაჟინებით ცდილობენ დაგვარწმუნონ ვიღაცეები თავაინთ უბიწობაში. ხალხი ჭრელიაო, ალბათ, სამოსზეა ნათქვამი. შინაგანად ადამიანები ერთნაირები არიან, მათ შორის, ყველა დროში _ პლატონიდან დღემდე და ყველა მართალია. მათ შორის, ტყეში კრების მონა-წილე მაიმუნიც…