ბუნებრივი აირის პირველი მიწისქვეშა საცავი საქართველოში

რედაქციისაგან

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, საქართველოში ბუნებრივი გაზის საცავის არარსებობა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს. ბუნებრივი აირის სპეციალური საცავი შესაძლებელს გახდის სამხრეთ კავკასიის მილსადენიდან მიღებული აზერბაიჯანული გაზის შენახვას და, შესაბამისად, შეამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე. თუმცა, ბუნებრივია, საცავი მხოლოდ ამ მილსადენიდან მიღებულ გაზზე არ იმუშავებს.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ამგვარი საცავის მშენებლობის რეკომენდაციას უკვე რამდენიმე წელია იძლევიან, საქართველოს მთავრობამ მისი შექმნა ენერგეტიკული უსაფრთხოების ძირითად პრიორიტეტად მხოლოდ ახლახან სცნო. ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, გაზის საცავის მშენებლობის დაგვიანებას არაერთი ტექნიკური და ფინანსური მიზეზი ჰქონდა, მათ შორის, ხელისუფლებას სურდა, რომ თავდაპირველად ამომწურავად გაეანალიზებინა ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი დეტალი და, გარდა ამისა, ეზრუნა გაზის მომწოდებლების დივერსიფიკაციაზე, რათა საცავი მხოლოდ რუსეთის გაზზე დამოკიდებული არ ყოფილიყო.
გაზის საცავის აგების ტექნიკური მიზანშეწონილობის შემსწავლელი კვლევა წარსულში რამდენჯერმე, ბოლოს კი 2003 წელს ჩატარდა. 2006 წელს, როცა მთავრობამ საცავის მშენებლობის საკითხის განხილვა დაიწყო, “ათასწლეულის გამოწვევის საქართველოს ფონდმა (MCG) მთავრობას, ენერგეტიკული სექტორის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ახალი კვლევის ჩატარების დასაფინანსებლად 5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა შესთავაზა. ამის შემდეგ, 2007 წლის დასაწყისში, საცავის ტექნიკური მიზანშეწონილობის კვლევის დაფინანსების სურვილი გამოთქვა არაბული ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდმაც. ხელისუფლებამ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბუნებრივი აირის გაზის საცავის მშენებლობის ტექნიკური მიზანშეწონილობის შემსწავლელი კვლევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაეფინანსებინა. სავარაუდოდ, სამინისტრო კვლევის ჩატარებაზე ტენდერს 2007 წლის ოქტომბერში გამოაცხადებს. ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ კვლევის დასრულების შემდეგ ქუვეითის ფონდი გაზის საცავის მშენებლობაში ინვესტიციას ჩადებს.
როგორ იმუშავებს ბუნებრივი აირის საცავი? საქართველოს ტერიტორიაზე გადის შაჰ-დენიზის ტრანზიტული მარშრუტი და ამჟამად ამ მილსადენით მიწოდებული გაზიდან ქვეყანა ბუნებრივი აირის დამატებით წილს იძენს. მაშინ, როცა საქართველო რუსული კომპანია “გაზპრომის მიერ მოწოდებულ ათას კუბურ მეტრ გაზზე ამჟამად 235 აშშ დოლარს იხდის, იგივე რაოდენობის აზერბაიჯან-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოებიდან მიღებულ გაზს ის 120 აშშ დოლარად ყიდულობს. აღსანიშნავია, რომ საქართველო “გაზპრომის მიერ მოწოდებულ გაზში ყველა სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაზე ძვირს იხდის (სომხეთი ამჟამად 110, ხოლო უკრაინა 150 აშშ დოლარს იხდის). ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოზე ოდნავ მეტს, საშუალოდ 240-დან 280 აშშ დოლარამდე იხდიან.
ამ ეტაპზე შაჰ-დენიზის მომარაგების სისტემაში არსებულმა გარკვეულმა შეზღუდვებმა საქართველოს კასპიური გაზის შეძენის და ამჟამად მოხმარებული რუსული გაზის შემცირების საშუალება ჯერჯერობით არ მისცა, თუმცა შაჰ-დენიზიდან გაზის უფრო დიდი მოცულობით მიღებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. დასავლეთის მიმართულებით შაჰ-დენიზის გაზის ტრანსპორტირების გაზრდის შემდეგ საქართველო, ტრანზიტული მომსახურების სანაცვლოდ, უფრო დიდი რაოდენობით გაზს მიიღებს. “ნავთობისა და გაზის კორპორაციის განმარტებით, არსებული ხელშეკრულების თანახმად, გაზმომარაგების გაზრდისა და ტარიფების სტაბილურობის მიღწევის შემდეგ, საქართველო შაჰ-დენიზიდან მის ტერიტორიაზე გავლით თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-ის მიღებას კვლავ განაგრძობს (სატრანზიტო გადასახადის სახით) და პლუს მიეცემა იმის შესაძლებლობაც, რომ წინასწარ შეთანხმებულ შეღავათიან ფასში შეიძინოს დამატებით 0,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი (0,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის შეღავათიან ფასში შეძენის შესაძლებლობა საქართველოს ექნება სამხრეთ კავკასიის გაზსადენის ამოქმედების მეექვსე წლიდან მეოცე წლამდე).
ბუნებრივი აირის საცავში დაცული იქნება საქართველოს მიერ ტრანზიტული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული გაზი. საცავი აივსება ზაფხულის თვეების განმავლობაში, როცა გაზზე ნაკლები მოთხოვნაა. ექსპერტების თქმით, კიდევ რამდენიმე წელი საქართველოს მოთხოვნებს შაჰ-დენიზისა და რუსეთის გაზი ერთობლივად დააკმაყოფილებს, გარკვეული დროის გავლის შემდეგ კი, შესაძლოა, რუსული გაზი ქართული ბაზრიდან მთლიანად გაიდევნოს. ენერგეტიკის მინისტრი კი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავარ მიზანს ენერგოწყაროების დივერსიფიკაცია წარმოადგენს და რომ ის ისევე არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ აზერბაიჯანულ გაზზე, როგორც არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ რუსულზე. ენერგეტიკის სამინისტროსთვის მნიშვნელობა აქვს არა გაზის წარმომავლობას, არამედ მის ფასს და მისი მოწოდების სტაბილურობას. დამოუკიდებელი ექსპერტ გიორგი ვაშაყმაძის თქმით, გაზის საცავი შესაძლებელს გახდის, ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული რესურსები მხოლოდ სასწრაფო შემთხვევებში იქნას გამოყენებული. მისივე გათვლებით, გაზის საცავი დაახლოებით სამ წელიწადში შეიძლება აშენდეს.