SOS! რუსეთი დეკემბერში მსოფლიო გაზის ბაზარს დაეპატრონა
ემზარ ჯგერენაია
2007 წლის დეკემბერი მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე იმ მნიშვნელოვანი მოვლენებით გამოირჩეოდა, რომელთაც მომავალი 10 წლის მანძილზე ძალთა თანაბარდობის შეცვლა შეუძლია.
როგორც იქნა, რუსეთმა საწადელს მიაღწია და დეკემბერში თურქმენეთის, ყაზახეთისა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრებმა მოსკოვში მილსადენის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. მილსადენი თავდაპირველად 10 მლრდ კბმ ბუნებრივ აირს გაატარებს, ხოლო 2010 წლისთვის მოცულობა 30 მლრდ კბმ მიუახლოვდება. შეთანხმებამდე რუსეთს თურქმენეთმა 130 დოლარამდე, ყაზახეთმა კი 180 დოლარამდე გაუძვირა 1000 კბმ ბუნებრივი აირის ფასი. შეთანხმებული მხარეები ერთობლივი ძალებით ააშენებენ მილსადენს, რომელიც ევროპას ბუნებრივ აირს რუსეთის გავლით მიაწოდებს. რუსეთის, თურქმენეთისა და ყაზახეთის ერთობლივი ენერგომატარებლების მარაგები მსოფლიოს მარაგების უმსხვილეს ნაწილს შეადგენს. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პროექტით რუსეთმა მსოფლიოს ომი გამოუცხადა. დიდი ხანია, რაც ამ გეგმის წინააღმდეგ იბრძვის აშშ, იგი კასპიის ახალი პროექტის გატარებას თურქეთისკენ საქართველოზე გავლით ცდილობს, საიდანაც ევროპას დაუკავშირდება. ამასთან დაკავშირებით იხილება სხვადასხვა ვარიანტები: საქართველო-უკრაინა-ბროდის გავლით თურქეთისაკენ, მეორე ვარიანტია თურქეთის გავლით ევროპისკენ, მაგრამ ყველა ამ პროექტის ალტერნატივად მსოფლიოს წინაშე რუსეთის ახალი პროექტი გამოდის, რომელიც ევროპისა და აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. მაგრამ, როგორც სჩანს, რუსეთი საკმარისად მოძლიერებულია. პუტინის ხელისუფლების გახანგრძლივების გარდა (მნიშვნელობა არ აქვს პუტინი პრემიერ-მინისტრი იქნება თუ პრეზიდენტი) რუსეთში შენიღბული დემოკრატიის ჩარჩოებში მოქცეული ავტოკრატიული დიქტატურაა. რუსეთის არჩევნებმა პუტინის დიქტატორობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. არჩევნები დაემგვანა 70 წლის წინ საბჭოთა კავშირში ჩატარებულ პირველ არჩევნებს, რომელიც 1936 წლის ე.წ კონსტიტუციის საფუძველზე 1937 წლის დეკემბერში სტალინმა პირველი ე.წ საბჭოთა დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა. ამ კონსტიტუციაში პირველად ჩაიწერა, რომ საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებს ჰქონდათ კავშირის ნებაყოფლობით დატოვების უფლება, რაც იმ დროისთვის სერიოზული სითამამე იყო. ეს ფრაზა ბევრს უტოპიად მიაჩნდა, მაგრამ 90-იანმა წლებმა მისი რეალურობა დაადასტურა. 1937 წლის არჩევნების იუბილის აღსანიშნავად, რუსეთმა 2007 წლის დეკემბერში ფორმალურად ჩაატარა არჩევნები, ანუ მოხდა “აქტის გაფორმება”. თეორიულად 1937 წელსა და 2007 წელს ალტერნატიული კანდიდატების წარდგენა მოხდა, მაგრამ ალტერნატივა პრაქტიკულად გამოირიცხა. ეს არის დიქტატორული, დერჟავული, შოვინისტური და იმპერიალისტური ამბიციებით გაჟღენთილი გუნდი, რომელიც მსოფლიოს გამოწვევას სთავაზობს. საუბარი მხოლოდ საქართველოს არ ეხება, რომელიც რუსეთმა “მტრად” გამოაცხადა. იგულისხმება ენერგომატარებლებითა და ბუნებრივი აირის ფასებით მსოფლიოსთან ბრძოლა. მსოფლიო ბიზნესი არ სცნობს რუსეთის მიერ “გაზპრომის” ხელით გაძვირებულ ბუნებრივი აირის ფასებს, რომელიც სახელმწიფოებს საკუთარი სიმპათიების მიხედვით გაზის სხვადასხვა ფასებს სთავაზობს. რუსეთის გაზი ბირჟაზე არ იყიდება, არ ხდება მისი კოტირება, ამიტომ რუსეთის მიერ დადგენილი ფასები აბსოლუტურად ლიმიტირებული და პოლიტიზირებულია, რომელიც მხოლოდ რუსეთის იმპერიის რეანიმაციას ემსახურება.
განვითარებული მოვლენების ლოგიკური გაგრძელებაა აშშ-ის გადაწყვეტილება – 2007 წლის დეკემბერში მიიღო ბიუჯეტი შიდა საკითხებისა და ეკონომიკური რეცესიის დასაძლევად. ბიუჯეტში ჩადებულია 400 მლნ დოლარზე მეტი თანხა ყოფილი საბჭოთა რესბუპლიკების დასახმარებლად, კერძოდ, საქართველოში, აფხაზეთის, ოსეთის, სომხეთში მთიანი ყარაბახის კონფლიქტების მოსაგვარებლად, თანხები ითვალისწინებს რუსეთის ზეწოლის შემცირებას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორისაა, ყაზახეთი და თურქმენეთიც. ბუნებრივია, იგივე მიზანს ემსახურება ინგლისელების დესანტი თურქმენეთში და გარკვეული ძვრები თურქმენეთიდან მილსადენის აშენების თანხმობაზე – ინგლისელები ცალკე მუშობენ. საუბარია აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპისთვის გაზის მიწოდებაზე. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკისა და ევროპის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ ან რუსეთის ბრძოლა მსოფლიო ბატონობისკენ გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.
ჯერ-ჯერობით რუსეთი თავის 600 მლრდ დოლარიანი სავალუტო რეზერვებით, ნავთობის შემოსავლებით და ბუნებრივი სიმდიდრეების ულევი რაოდენობით მყარ პოზიციაზე დგას, არადემოკრატიული რეჟიმის მიუხედავად, რუსეთში მსხვილი ინვესტიციები ხორციელდება. მსხვილი კომპანიები, “ტოტალი”, “ბიპი” და “შელი” აქტიურად თანამშრომლობენ იმპერიალისტურ რუსეთთან. ევროპის ორი გამოკვეთილი ლიდერი საფრანგეთი და გერმანია რუსეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ როგორც ბალტიისპირეთის მილსადენთან დაკავშირებით, რომელიც გერმანიას გაზს პირდაპირი გზით აწოდებს, ასევე საფრანგეთის ფირმები რუსეთში მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებენ. იტალიას კი რუსეთთან 7 მლრდ დოლარამდე ინვესტიციები აკავშირებს. საბოლოოდ, ამ სამი სახელმწიფოს მიერ რუსეთში მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული ინვესტიციები 35 მლრდ დოლარს უახლოვდება.
რუსეთი ისეთივე უძლიერესი, უხეში და იმპერიალისტური სახელმწიფო ხდება, როგორიც ის ერთი საუკუნის წინ, 1937 წელს დეკემბრის არჩევნების დროს იყო.