სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დიაგნოსტიკის შუქჩრდილები
ნოდარ ჭითანავა
საქართველოს ეკონომიკის განვითარების ამჟამინდელი მდგომარეობის საერთო ანალიზი, ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციის მიმდინარე პროცესების თავისებურებები და ტენდენციები ადასტურებენ, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა საბაზრო ეკონომიკა-კონგლომერატი. მას ისტორიული ანალოგი არ გააჩნია. ამიტომ მის შეფასებაში აზრთა სხვადასხვაობამ განსხვავებული პოზიციების დაპირისპირების მწვავე ფონი შექმნა.
აზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ თუ საბაზრო ეკონომიკა ჩამოყალიბდა (თანაც ისეთი, როგორსაც გვპირდებოდნენ), ქვეყანა განვითარებული ქვეყნების სოციალური და ეკონომიკური სტანდარტებით რატომ არ ცხოვრობს?! ემოციებზე აგებული ეს მოსაზრება სპონტანურად არ ჩამოყალიბებულა. იგი საბაზრო რომანტიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა. სხვადასხვა პრინციპებზე მოქმედი პროპაგანდისტული მანქანა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში (ფართო საზოგადოების მხარდაჭერით) “ბაზრის ყოვლისშემძლეობას” უნერგავდა განვითარების ეკონომიკურ პრინციპებსა და ნიუანსებში გაუწაფავ მოსახლეობას. საზოგადოებამ დაიჯერა, რომ საბაზრო ეკონომიკის დეკლარირება, კერძო სექტორის ფორმირება-ფუნქციონირება ეროვნული ეკონომიკის აყვავების საკმარისი პირობა იქნებოდა. ნიშანდობლივია, რომ მსოფლიოში ყველა ქვეყანას აქვს საბაზრო ეკონომიკა, მაგრამ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ღარიბად ცხოვრობს. ბოლო მონაცემებით, შიმშილისაგან მსოფლიოში ყოველწლიურად 80 მლნ კაცი კვდება, მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომში 50 მლნ კაცი დაიღუპა.
აღმოჩნდა, რომ კერძო სექტორის, საერთო ეკონომიკური თავისუფლების მხოლოდ დეკლარირება არ არის საკმარისი ფაქტორი, ძლიერი ეროვნული ეკონომიკის შექმნა-ფუნქციონირებისათვის. ნებისმიერ სიტუაციაში ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეს განსაზღვრავს საწარმოო ძალების განვითარების ხარისხი, ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების ფაქტორები, მაჩვენებლები. მათ შორის, უნივერსალურად აღიარებენ მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს. 2000 წლის შედეგებით, საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 660 დოლარი შეადგინა. მაშინ, როცა მსოფლიოში საშუალო მაჩვენებელი 5000 დოლარია, აშშ – 29 ათასი, შვიდეულის ქვეყნებში 21-22 ათასი, ჩინეთში – 3,800 და სხვა. (საქართველო ამ მაჩვენებლებით კამერუნის დონეზეა). ამასთან, მშპ 1990 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 38%-ს შეადგენს. ეკონომიკური განვითარების კრიზისული მდგომარეობის მაჩვენებელია დეინდუსტრალიზაციის პროცესი. სამრეწველო პროდუქციის წარმოება 2001 წელს შეადგენს 1990 წლის მაჩვენებლის 17%-ს, მშპ მრეწველობის ხვედრითმა წონამ მხოლოდ 13% შეადგინა. განვლილ პერიოდში შემცირდა სოფლის მეურნეობის პროდუქციიის წარმოება – 50%-მდე, ტვირთბრუნვა – 37%-მდე, კაპიტალური დაბანდებებისა – 5,7%-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ გარდაქმნების პოლიტიკა რაოდენობრივად და თვისებრივად წინააღმდეგობაში აღმოჩნდა დროსთან, მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესთან. ცნობილია, რომ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები პოსტინდუსტრიულ სტადიაზე გადავიდნენ. ამ დროს საქართველო დეინდუსტრალიზაციის პროცესის ქრონიკულ ბაზაში შევიდა. ქვეყანაში ისევ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი. მის ზღვარს ქვემოთაა საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი. მეცნიერება, განათლება, კულტურა, ჯანმრთელობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა დროსთან მიმართებაში და, ფაქტობრივად, გამოხატავს “ველური კაპიტალიზმის” ნიშან-თვისებებს, მაშინ, როცა იგი ახლო წარსულში საშუალო განვითარების ქვეყნის მთავარ პოტენციალად იყო აღიარებული. ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციის ანალიზით დასტურდება, რომ თანამედროვე საბაზრო ურთირთობებზე და პოლიტიკურ დემოკრატიაზე გადასვლის თავად ობიექტური პროცესი (როგორც კანონზომიერება) საქართველოში დამანგრეველ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორად იქცა და ეროვნული ეკონომიკა კრიზისში, ფაქტობრივად, ჩიხში შევიდა.
ამ პროცესების ფონზე, რეალურად გამოიკვეთა საქართველოს განვითარების თანამედროვე პირობებში მთავარი პოლიტიკური წინააღმდეგობის არსი, მისი განზომილებები. ჩვენი აზრით, მთავარი პოლიტიკური წინააღმდეგობა შემდეგნაირად განისაზღვრება: ქვეყნის გაჩანაგების ფონზე გამდიდრებულ უმცირესობას (“ახალი მდიდრები”) და გაღატაკებულ უმრავლესობას (“ახალი ღარიბები”) შორის მძაფრი სოციალური დაპირისპირებაა. ეს ორი კატეგორია (“ახალი მდიდრები” და “ახალი ღარიბები”) მხოლოდ პირობითად მარტო (ქონებრივი მდგომარეობით) განსხვავებული ცნებები არ არის. ორი ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული მენტალიტეტია, ფასეულობათა აღიარებაა. მათ სხვადასხვა სამომხმარებლო ბაზრებიც აქვთ, ფასწარმოქმნის მექანიზმის გავლენაც სხვადასხვანაირია. ამიტომ, საზოგადოებრივი ქცევის სხვადასხვა ნორმებით ცხოვრობენ. ეს განსაკუთრებული ტიპის სოციალური მოვლენაა, რომელიც განვითარების პროცესებზე პირდაპირი ზემოქმედებით ყოველმხრივ ხელს უშლის საზოგადოების კონსოლიდაციას, საბოლოოდ, სოციალურ წონასწორობას და ქრონიკულ ფაზაში შესვლისას სოციალური აფეთქების გამომწვევი ფაქტორის ფუნქციას შეიძენს. იმისათვის, რომ ეს წინააღმდეგობა შერბილდეს, საჭიროა ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება. სამწუხაროდ, ამას სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს. ამრიგად, სუბიექტური ფაქტორი გარდაქმნების ობიექტურად ჩამოყალიბებულ პირობებს ვერ მოერგო. სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა დროის მოთხოვნის შესაბამისად არ ამოქმედდა.
უნიკალური სიტუაცია ჩამოყალიბდა: ერთი მხრივ, გარდაქმნების აუცილებლობის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური წანამძღვრები ობიექტურად შეიქმნა, მეორე მხრივ, გარდაქმნების პასიური ეკონომიკური პოლიტიკა, ფაქტობრივად, გარდაქმნების მუხრუჭი ხდება. აწმყოს წარსულში გადაყვანის “სტრატეგიამ” კრახი განიცადა.
განვლილ პერიოდში საქართველო მსოფლიო ინტეგრაციული პროცესების სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური სტრუქტურების შემადგენლობაში შევიდა (გაერო, მსოფლიო სავალუტო ფონდი, მსო და სხვა.) და ასევე რიგ რეგიონულ გაერთიანებებთან (კავშირებთან) თანამშრომლობს (ევროკავშირი, დსთ, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნები, სუამი და ა.შ.). ქვეყნის ტერიტორიაზე გადის ტრასეკას ერთ-ერთი მთავარი არტერია, ასევე ისტორიული მნიშვნელობა აქვს გაზისა და ნავთობსადენების მშენებლობა-ფუნქციონირებას (განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ მათი პოლიტიკური შემადგენელი. მაგალითად, საქართველო იძენს დიდი ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირების ერთ-ერთი ცენტრალური მონაკვეთის (მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების ერთ-ერთი ცენტრალური ობიექტის) ფუნქციას. თუმცა, ჯერჯერობით, ეს “მთვლემარე პოტენციალს” უფრო ჰგავს. აღსანიშნავია, რომ 1992-2000 წლებში საქართველომ უცხოეთიდან ფინანსური და სხვა სახის დახმარება დიდი მოცულობით მიიღო. გაიზარდა ექსპორტ-იმპორტის მოცულობაც (თუმცა, 2001 წელს იმპორტი თითქმის 3-ჯერ ჭარბობდა ექსპორტს). საგარეო ვალმა თითქმის 60% შეადგინა, რაც ეკონომიკური უსაფრთხოების საყოველთაოდ აღიარებულ ზღვარს (30%) ორჯერ ჭარბობს.
დღევანდელობის ერთ-ერთ ნიშან-თვისებად გამოვლინდა ის, რომ ეკონომიკური პროცესი ბაზრის კრიმინალურ-მაფიოზური რეგულირების სტადიაში აღმოჩნდა, რამაც დააჩქარა წლების მანძილზე შექმნილი ეროვნული სიმდიდრის საზოგადოების უმცირესი ნაწილის (რომელიც კრიმინალურ ცნობიერების ბაზაზე აღმოცენდა) მიერ დატაცების (პირდაპირი და შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე) ხელშემწყობი გარემოს შექმნა. რესურსების კვლავწარმოების პროცესი სტიქიურად განვითარდა. იწურება მატერიალური დოვლათი. ფაქტობრივად, სასაქონლო-ფულადი მიმოქცევის კონტროლის ფუნქცია ოლიგარქიამ მიითვისა. კრახი განიცადა ეკონომიკური გარდაქმნების გარედან შემოთავაზებულმა კონცეფციამ – ეკონომიკურ პროცესებში სახელმწიფოს მინიმიზაციის როლის შესახებ. ეს დოქტრინა მესამე სამყაროს ქვეყნიერებისათვის შეიქმნა, რამაც განსხვავებულ სიტუაციაში სახელმწიფოს ხელი შეუშალა, სწორად, დროის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრა ეკონომიკურ გარდაქმნებში საკუთარი (ექსკლუზიური) სოციალურ-ეკონომიკური ფუნქცია. შედეგი არის ის, რომ ისტორიულ განვითარებაში საქართველოს ეკონომიკა დროს ჩამორჩა. მაგალითად, ექსპერტული გათვლებით თუ ეკონომიკური ზრდის ამჟამინდელი ტემპებით (4-5%) შენარჩუნებულ იქნა, 2005 წელს საქართველოში მშპ მიაღწევს 1990 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 50%-ს. ეს მაშინ, როცა აშშ-ში ნავარაუდევია 1990 წელთან შედარებით ამ მაჩვენებლის 140-150%-ით ზრდა, ევროკავშირში და იაპონიაში (წყნარი ოკეანის ქვეყნებში) – 130-135%. ასეთი ტენდენცია ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა ისტორიული განვითარების თვალსაზრისით, დროს მნიშვნელოვნად ჩამორჩა, უფრო სწორად, იგი თვისებრივად ახალ ფაქტორებს ეკონომიკური განვითარებისათვის სუსტად იყენებს. ბუნებრივია, ამ ჩამორჩენის კონპენსაცია მხოლოდ საბაზრო პრინციპების ყოვლის შემძლეობით (“უხილავი ხელი”) ვერ დაიძლევა.
როგორია ის მიზეზ-ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს ეროვნული ეკონომიკის თანამედროვე მდგომარეობა? არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ორი ძირითადი მიდგომა, თვალსაზრისი ჩამოყალიბდა. პირველი ოფიციალურად აღიარებულ პოზიციას ეყრდნობა და გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში გარდაქმნების პერიოდში შეიქმნა მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური გარემო, რამაც არსებითად განსაზღვრა გარდაქმნების წინააღმდეგობრივი და, შესაბამისად, კრიზისული ხასიათი. ამ მიდგომის მიხედვით შექმნილი კრიზისული მდგომარეობის მთავარ მიზეზად მიჩნეულია ობიექტური პირობა-ფაქტორები. მეორე მიდგომის შესაბამისად (ამ სტრიქონების ავტორი და სხვა) გარდამავალ პერიოდში პოლიტიკური, ორგანიზაციულ-ეკონომიკური გარდაქმნების შედეგად შექმნილი კრიზისული სიტუაციის გამომწვევ მიზეზებს შორის, ბუნებრივია, უნდა ვაღიაროთ ობიექტური ფაქტორი. მაგრამ გადამწყვეტი როლი სუბიექტურმა ფაქტორმა შეასრულა. ეს შეიძლება რამდენიმე არგუმენტით აიხსნას. ერთი რომ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ობიექტურად, მაგრამ სპონტანურად ჩამოყალიბებულ სიტუაციაში პოლიტიკური ძალები (ხელისუფლება), საზოგადოება მზად არ აღმოჩნდა, სწორად განესაზღვრა სახელმწიფო პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ფუნქციები. “პერესტროიკით” ნაკარნახევი, ასევე გარედან თავს მოხვეული საბაზრო თვითრეგულირების სისტემის ყოვლისშემძლეობის მითზე დაფუძნდა სახელმწიფოს პოლიტიკა, რომლის სტრატეგია (განსაკუთრებით, “დროებითი მთავრობის” მოღვაწეობისას) აიგო სახელმწიფოს ტრადიციული ფუნქციების შეზღუდვაზე. ქვეყნის განვითარების გადამწყვეტ ეტაპზე, ფაქტობრივად ექსტრემალურ პირობებში, როცა თავად დემოკრატიული პროცესების დროებითი შეჩერებაც აუცილებელი ხდება, სახელმწიფო სტრუქტურების (სამინისტროების, უწყებების) სამეურნეო ცხოვრებიდან ჩამოცილება (ისინი ე. წ. ფუნქციურ სტრუქტურებად გარდაიქმნა) უხეში შეცდომა იყო და ამით ეკონომიკურ პროცესებს სტიქიური ხასიათი მიეცა. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესები Gჯგუფური და პირადული ინტერესებით შეიცვალა. შეიქმნა ეროვნული სიმდიდრის ძარცვის, კულტურულ ფასეულობათა დაკნინების, პიროვნული ღირსებების შელახვის გარემო (სიცოცხლის ხელყოფა, სიღატაკე), რეალურად მომზადდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის პირობები. ეკონომიკის კრიმინალიზაციის პროცესი გაძლიერდა. სახელმწიფომ თავისი “ნიშა” დაუთმო კრიმინალური ცნობიერების საფუძველზე სპონტანურად აღმოცენებულ სტრუქტურებს (ჯგუფებს), რომლებიც ოლიგარქიის ტრადიციული პრინციპებით შეერწყა სახელისუფლებო ინსტიტუტს და საბოლოოდ ჩამოყალიბდა საზოგადოებრივის გარდაქმნების “ლიდერად”. შემდგომ პერიოდში კონცეპტუალურად და მეთოდოლოგიურად დაკანონდა ეკონომიკური გარდაქმნების ლიბერალურ-მონეტარისტული მოდელი, რომელიც ეკონომიკური წარუმატებლობის მთავარ სუბიექტურ ფაქტორად იქცა. მოდელი არ პასუხობს დროსა და სივრცეში ჩამოყალიბებული კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის სტრატეგიულ მოთხოვნას. მოდელის მთავარი ნაკლი მდგომარეობს იმაში, რომ მან ხელი შეუწყო ლიბერალიზაციისა და სტიქიური განვითარების გაიგივებას, რაც ბაზრის (“უხილავი ხელის”) უნივერსალობის პრინციპს ეყრდნობა, მაშინ როცა ლიბერალიზაცია საზოგადოებრივი გარდაქმნების რეგულირების ფორმა (მეთოდი) და მექანიზმია. ამიტომ იგი კონკრეტულ სიტუაციაში ძლიერი საზოგადოებრივი (სახელმწიფო) ინსტიტუტების მხარდაჭერით უნდა ხორციელდებოდეს. ასეთი პირობა საქართველოში არ მომზადდა. ლიბერალიზაციამ რეფორმების სტიქიურად განვითარება დააჩქარა. მოდელის მეორე ელემენტი – მასობრივი პრივატიზება იმ დროს დაიწყო, როცა მოსახლეობის დანაზოგი, ფაქტობრივად, გაუფასურდა, ამიტომ საკუთრების შეძენის პოტენციური სუბიექტები აღმოჩნდნენ სახელმწიფო ქონების, სახალხო დოვლათის ძარცვის, მექრთამეობის, თვალთმაქცობის შედეგად შეძენილი კაპიტალის მესაკუთრენი, საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც მასობრივი პრივატიზების პროცესი სჭირდებოდა შავი ფულის გათეთრებისათვის. ამიტომ მესაკუთრეთა პირველი თაობა Fფაქტობრივად არადემოკრატიული, არაკანონიერი ქმედებების შედეგად ჩამოყალიბდა, რამაც მოამზადა სოციალურ-პოლიტიკური დაპირისპირების გამძაფრების ფსიქოლოგიური გარემო. მოდელის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპად აღიარებულია ფინანსური სტაბილიზაცია. ამ ფაქტორის როლის უარყოფა არ შეიძლება. იგი აუცილებელია გარდაქმნებში, როგორც ორიენტირი, ასევე მექანიზმი. საქართველოში აღნიშნული ფაქტორი ორ განზომილებაზე აისახა. ესაა ეროვნული ვალუტის ფუნქციონირება და ინფლაციური პროცესების რეგულირება. ორივეს დიდი როლი აკისრია, მაგრამ საკმარისი პირობა არ არის კვლავწარმოების აღდგენისა და, მით უმეტეს, ეკონომიკურ ზრდაზე გადასვლისათვის. ფაქტობრივად, ორივე შედეგი ფინანსურ სტაბილიზაციას ჯერ კიდევ არ ნიშნავს, ისინი მხოლოდ სტაბილიზაციის პოზიტიური პირობა-ფაქტორია, რომელიც მიზანმიმართულად უნდა იქნეს გამოყენებული ეკონომიკურ ზრდაზე გადასასვლელად. ეს პროცესი არ შედგა. მოდელის ერთ-ერთ ცენტრალურ პრინციპს წარმოადგენს სახელმწიფოს როლის მინიმიზაციის კურსის თანმიმდევრული განხორციელება. მოდელის ეს ფუძემდებლური პრინციპი აშკარად ეწინააღმდეგება როგორც მსოფლიო სამეურნეო გამოცდილებას, ასევე დროის მოთხოვნებს. გარდამავალ პირობებში, მით უმეტეს, ტრანსფორმაციის რთულ პროცესში (თავისებურებების, ტენდენციების გათვალისწინებით) აუცილებელია სახელმწიფოს ადეკვატური ფუნქციების განხორციელება. ამას ადასტურებს დეპრესიის პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში სახელმწიფოს მარეგულირებელი როლის ამაღლების ტენდენციები, ჩინეთის გამოცდილება და სხვ. პრაქტიკა ადასტურებს, რომ პოსტსოციალისტურ პერიოდში, მით უმეტეს სასტარტო ეტაპზე სახელმწიფო ობიექტურად იძენს ეკონომიკის სისტემის შემქმნელი ფაქტორის ფუნქციას, რომელიც საბაზრო პრინციპების დამკვიდრების კვალობაზე თანდათანობით შეიცვლება საბაზრო თვითრეგულირების მზარდი როლით. ასეთი კონცეპტუალური მიდგომა საქართველოში, ფაქტობრივად, უგულებელყოფილ იქნა. ნიშანდობლივია, რომ 2001 წელს ნობელის პრემია მიენიჭათ ამერიკელ მეცნიერებს, რომლებიც თანამედროვე ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის გაძლიერებას უჭერენ მხარს (ჯ. სტიგლიცი, ჯ. აკუილოფი, მ. სპენსი).
ამრიგად, პოსტსოციალისტურ საქართველოში ეკონომიკური გარდაქმნების ფილოსოფია დროის მოთხოვნებსა და ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს არ პასუხობს, ქრესტომათიული დოგმების გავლენით ჩამოყალიბდა და, ბუნებრივია, ეკლექტიკური, არამყარი კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური საფუძველი შეიქმნა გარდაქმნებისათვის. როგორც ჩანს, ეკონომიკური გარდაქმნების ნეგატიურ შედეგებში გადამწყვეტი როლი შეასრულა სუბიექტურმა ფაქტორმა, რომელიც მრავალფეროვნებით ხასიათდება და, საბოლოოდ, საზოგადოების, კერძოდ, მისი განსაკუთრებული სუბიექტის – სახელმწიფოს როლის და ფუნქციების დროის მოთხოვნებთან შეუსაბამობით აიხსნება. საბედისწერო როლი ზემოაღნიშნული სუბიექტური ფაქტორის ფორმირებაში შეასრულა არასწორად გაგებულმა ახალი “აზროვნების” კონცეფციამ, რომელიც სპონტანურად ჩამოყალიბდა. საქართველოში (ისევე, როგორც სხვა დამოუკიდებელ ქვეყნებში) გარდაქმნების კონცეფცია “ახალი აზროვნების” პრინციპზე აიგო. საზოგადოება კი მოუმზადებელი აღმოჩნდა, აქტიური როლი შეესრულებინა აღნიშნული კონცეფციის რეალიზაციაში და იგი ქვეყნის განვითარების წინააღმდეგობების ფონზე (ტალღებზე) აღმოცენებულ პოლიტიკურ ჯგუფებს (რომლებიც ქუჩის ცხოვრების ფილოსოფიას სთავაზობდნენ ქვეყანას) მიენდო და თავისი პასიურობით მაქსიმალურად ხელი შეუწყო სახელმწიფოს მოქმედების სივრცეში მათ დამკვიდრებას. სახელმწიფოს პოლიტიკაში “ქუჩის ელემენტი” გაძლიერდა, ქალაქის უბნების პოლიტიკურმა ფენომენმა მონაცვლეობით დომინირებადი ადგილი დაიმკვიდრა და ფართო გზა მისცა ქვეყნის მატერიალური დოვლათის მიტაცების კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიური მიდგომით ახალი ტიპის ოლიგარქიული ინსტიტუტის ჩამოყალიბებას. საბოლოოდ, ამას მოჰყვა ხელისუფლებაში ამ ინსტიტუტის გაძლიერება. დღეს ამით იგი არ კმაყოფილდება და თავგანწირვით იბრძვის ლიდერის პოზიციის მითვისებისათვის. საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში “ახალი აზროვნების” დევიზით მისულთა დიდმა ნაწილმა შეძლო ეროვნული ეკონომიკის დეგრადაციის შენიღბული პოლიტიკის გატარებით გაეძლიერებინა საკუთარი პოზიცია. ამრიგად, მივიღეთ თვისებრივად ახალი ელემენტი (სახელმწიფო ხელისუფლების ფორმით) ფაქტობრივად კრიმინალური ცნობიერების პრინციპებზე გარდაქმნილი საზოგადოებისათვის. ერთი რამ ცხადია, რომ “ახალი აზროვნებით” მოსულთა უმრავლესობამ პირნათლად შეასრულა “ისტორიული ამოცანა” და სოციალისტურად აღიარებული ეროვნული ეკონომიკა ძირფესვიანად დაანგრია, “ბულდოზერით გაასწორა” (ეროვნულ მოღვაწეთა ერთი ნაწილის მოწოდება-დევიზი) და ქვეყნის წინაშე უმაღლესი რანგის პასუხისმგებლობის დიდი მარაგნაწილით იძულებული გახდა საზოგადოებრივი ასპარეზიდან გასულიყო (ნაწილი ახლაც აქტიურად მოღვაწეობს) და დღეს ქართული ეკონომიკის დასუსტებული ორგანიზმის გადარჩენილ ჯანსაღ ნაწილსაც მეთოდურად (თანაც მამულიშვილობის ამბიციებით) ითვისებს (მოპარული ქონების დივიდენდები და სხვ.), და მისი პირადი კეთილდღეობის სტაბილურ წყაროდ გარდაქმნას ლამობს. ამრიგად, “ახალი აზროვნება” ქვეყნის სასიკეთოდ არ იქნა გამოყენებული. ეს იმას ნიშნავს, რომ გარდაქმნების სუბიექტური (სახელმწიფო) ფაქტორი დროის მოთხოვნების დონეზე არ აღმოჩნდა, ნაცვლად სისტემურად გააზრებული პროგრამისა, იგი შეეცადა საზოგადოებისათვის შეეთავაზებინა განვითარების ის ვექტორი, რომელიც პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების შენიღბულ (ნამდვილ) სურვილს ფარად გამოადგებოდა და ქვეყნის აღმშენებლობის დევიზით, ცალკეული ჯგუფური ინტერესების დაკმაყოფილების გარემოს შექმნიდა.
ეს, ძირითადად, ორი მიზეზით აიხსნება. ჯერ ერთი, ფართო გაგებით აზროვნების დონე (სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველი) საკმარისი არ აღმოჩნდა, სწორად, დროის მოთხოვნების შესაბამისად განესაზღვრა მისი ახალი როლი. მეორე, ხელისუფლება იძულებული გახდა გარედან თავს მოხვეული ავანტიურისტული დოგმების გავლენით საშიშ კომპრომისებზე წავიდეს. ასეთ გარემოში სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას აღმშენებლობისათვის საჭირო სოციალური ენერგია, საზოგადოების მხარდაჭერა და მართვის შესაბამისი მექანიზმებიც არა აქვს. ამიტომ 21-ე საუკუნის დასაწყისში ეკონომიკის გლობალიზაციით გამოწვეული მოთხოვნების და კრიზისიდან გამოსვლის აუცილებლობა პოლიტიკური და ეკონომიკური გარდაქმნების რეგულირების ახლებურად გააზრებას მოითხოვს.
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა აზროვნების დონის ამაღლება. იგი აბსტრაქტული და მოკლე დროში გადასაწყვეტი ამოცანა არ არის. დღეს ქვეყანას სჭირდება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების მორგებული აზროვნება. სამწუხაროდ, მისი დიდი დეფიციტია. ამასთან, თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ასეთი აზროვნების დიდი პოტენციალიც არსებობს ქვეყანაში. “მთვლემარე” აზროვნების საზოგადოებრივ-სახელმწიფო საქმიანობის ასპარეზზე გამოყვანისათვის მთელი საზოგადოების მხარდაჭერაა საჭირო. სამწუხაროდ, საზოგადოების გამოღვიძების პროცესი გვიან დაიწყო და ნელა მიმდინარეობს. საქართველოს სისტემური (მართვის) კრიზისიდან გამოყვანა სჭირდება. ცოდნის თანამედროვე ჩარხზე გალესილი ჭკუა, როცა იგი კვებავს ეროვნულობის საფუძველზე აღზევებულ ნიჭიერებას, რომელიც ქვეყნის წინაშე მაღალ პასუხისმგებლობასთან ერთად ჩაკირულ-ჩადუღაბებულია პატიოსნების ქართული გაგების ბალავარში. საქართველოს ძნელბედობის ჟამსაც ასეთი აზროვნების მყარი საძირკველი აქვს. სამწუხაროდ, მასზე საზოგადოებრივი მოთხოვნა არ არის. ამიტომ მისი ფორმირებაა საჭირო.
დრომ საქართველოს წინაშე განმეორებით დასვა ისტორიული ამოცანა: “გვეყო ბატონებო, ჩვენი აწმყოსი და მომავლის ბედის სხვაზედ მიგდება. სხვა გზა არ არის. ჩვენი ცხოვრების შარაგზა ჩვენვე უნდა გავიკაფოთ” (ილია).
“ხშირად მარცხის მიზეზი თვითონ საქმეშია, რომელიც მარტო ცარიელს სურვილზეა აგებული და მოკლებულია საჭირო ცოდნას ადგილის ვითარებისას, ურომლისოდაც კეთილი სურვილიც კი ფეხს და ხელს ისე ვერ გაანძრევს, რომ არ შეცდეს და გზა-კვალი არ აერიოს”. (ილია).