იაფიანი საკვები პროდუქტების დასასრული

რედაქციისაგან

მრავალი წლის მანძილზე საკვებ პროდუქტებზე ფასები იაფდებოდა. 1974 წლიდან 2005 წლამდე მსოფლიო ბაზარზე საკვები პროდუქტების ფასები სამი მეოთხედით შემცირდა.

2007 წელი კი საკვები პროდუქტების გაძვირებით გამოირჩევა. გაზაფხულის შემდეგ ხორბლის ფასი გაორმაგდა, გაძვირდა ყველა სახის მარცვლეული, რძე, ზეთი. 1845 წლის შემდეგ საკვები პროდუქტის ყველაზე მაღალი ფასები 2007 წელს დაფიქსირდა. 2005 წლის შემდეგ ფასები 75%-ით გაიზარდა. ფაქტი ფერმერებს ახარებს, ისინი მსხვილ ინვესტიციებს ელიან. ახალი ბაზრების ეკონომიკური წარმატების გამო საკვებ პროდუქტებზე მოსახლეობის მოთხოვნაც იზრდება – ჩინელი მომხმარებელი, რომელიც წელიწადში საშუალოდ 20 კგ ხორცს მოიხმარდა 1985 წელს, ახლა მისი მოთხოვნა 50 კგ-ს მიუახლოვდა. მოთხოვნა მარცვლეულზეც იზრდება: ერთი კგ ძროხის ხორცის მოსამზადებლად 8 კგ მარცვლეულია საჭირო.
ფასების ზრდაში წვლილი ამერიკასაც მიუძღვის. ის ყოველგვარი წინდახედულობის გარეშე იძლევა სუბსიდიებს ეთანოლზე. მიმდინარე წელს ბიოსაწვავი ამერიკის მოსავლის მესამედი იქნება. ეს საკვები პროდუქტების ბაზარზე პირდაპირ აისახება: ბიოსაწვავით ერთი ავზის ასავსებად იმდენი სიმინდია საჭირო, რომელიც ადამიანს მთელი წლის მანძილზე გამოკვებავს. მთელი მსოფლიოს მოსავლის თითქმის ნახევარი ბიოსაწვავის მომზადებაზე იხარჯება.
გაძვირებულ საკვებს როგორც უზარმაზარი სიკეთის, ისე ზიანის მოტანაც შეუძლია. ის მომხმარებელს აზარალებს, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნებისას, რადგან მნიშვნელოვნად იზრდება მათი სამეურნეო ბიუჯეტის ხარჯები. რაც შეეხება სიკეთეს, გაძვირებული საკვები პროდუქტები ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის კომუნებისთვის მომგებიანია. მრავალი ღარიბი შეიძლება სოფლის მეურნეობაში დასაქმდეს და ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდეს.
მიუხედავად იმისა, რომ საკვებ პროდუქტებზე ფასების განმსაზღვრელია მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი, მაგრამ კარგსა და ცუდს შორის ბალანსი მაინც მთავრობაზეა დამოკიდებული. თუ პოლიტიკოსები არაფერს მოიმოქმედებენ, ან მხოლოდ მცდარ ნაბიჯებს გადადგამენ, მსოფლიოში სიღარიბე გაიმარჯვებს. მაგრამ მართებული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში შესაძლებელია ღარიბ ქვეყნებში სიმდიდრის დაგროვება.
ერთი სიტყვით, პრობლემა საკვები პროდუქტების ხელშეუხებლობის ნაკლებობაშია, როგორც ჩანს, მსოფლიო მხოლოდ ერთ გადაწყვეტილებამდე მიდის – მთავრობის ჩარევა. სუბსიდიებისა და სავაჭრო ბარიერების მოცულობამ უზარმაზარ თანხებს მიაღწია. მდიდარ ქვეყნებში ტრილიონობით დოლარი იხარჯება ფერმერთა დასახმარებლად, იზრდება გადასახადები, ითესება მონოკულტურები, რაც ღარიბი ქვეყნების ფერმერების ცხოვრების დონეზე უარყოფითად აისახება. დახმარების მიუხედავად, დასავლეთის ფერმერთა უმეტესობა ღარიბულად ცხოვრობს. პროდუქტიულობის გაზრდა იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ნაკლები ფერმერი სჭირდება, ამ საკითხს კი უდიდესი სუბსიდიებიც ვერ უშველის.
ამერიკა უკვე პაროდიულ მდგომარეობაშია, ის ეთანოლის სუბსიდირებას უსაზღვროდ განაგრძობს, უარყოფენ მარცვლეულის ძველ კულტურებს. რუსეთმა და ვენესუელამ მომხმარებელთა დასახმარებლად ფასების კონტროლი შემოიღო. ამასობაში კი მარცვლეულის მაღალი ფასები ხალხს აიძულებს ტყეები გაჩეხონ და სიმინდი დათესონ.
საკვებ პროდუქტებზე მაღალი ფასების გამო შესაძლებელია სუბსიდიების შემცირება შემოსავლისთვის ზიანის გარეშე. ამერიკის კონგრესი კი სუბსიდიების გაცემაზე უფრო და უფრო ხშირად ფიქრობს. მსოფლიოს ღარიბების სამი მეოთხედი სოფლად ცხოვრობს. სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოცულობა მრავალი წლის მანძილზე მცირდებოდა და ირიგაციის ნაწილიც უყურადღებოდ დარჩა. 1980 წლიდან განვითარებად ქვეყნებში სოფლის მეურნეობის დანახარჯები განახევრდა. საკვები პროდუქტების ექსპორტიორი ღარიბი ქვეყნები იმპორტიორ ქვეყნებად იქცნენ.
დასავლეთის ქვეყნებში სოფლის მეურნეობის სუბსიდირების კლებამ შეიძლება მდგომარეობა გამოასწოროს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ღარიბები სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდით სამჯერ მეტ შემოსავალს იღებენ, ვიდრე მომსახურებიდან ან მრეწველობიდან. ღია ბაზრები საკვები პროდუქტების მიწოდებას უზრუნველჰყოფს.
მაღალი ფასები გავლენას სიღარიბეზე ახდენს: ისინი აზარალებენ მათ, ვინც პროდუქტს ძვირად ყიდულობს. მილიონობით მომხმარებელი ღარიბ ქვეყნებში კიდევ უფრო ღარიბდება.