შესაძლებელია თუ არა წინასაახალწლოდ მოსალოდნელი ინფლაციის მატების თავიდან აცილება?
მაკა ღანიაშვილი
შობა-ახალი წელი ყველაზე ცხელი სავაჭრო სეზონია ბევრი ქვეყნისათვის. ფასდაკლებები საცალო ვაჭრობაში პიკს აღწევს, სავაჭრო ცენტრები და სხვადასხვა ბრენდები მომხმარებელს ახალ პროდუქტებს სთავაზობენ. ხალხი საჩუქრებს, დეკორაციებსა თუ სურსათს უხვად ყიდულობს. მაგალითად აშშ-ში, საშობაო ვაჭრობის სეზონი მადლიერების დღის შემდეგ იწყება, ბევრი ამერიკული მაღაზია საშობაო ვაჭრობას ოქტომბრის დასასრულსა და ნოემბრის დასაწყისში იწყებს და ბევრ ქალაქში სულაც არ არის იშვიათი სურათი – მყიდველთა გრძელი რიგები მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების წინ, რომელთაც საშობაო ფასდაკლებების სეზონზე ადამიანთა ბრბო აწყდება. მედია-საშუალებები ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ დგას ხალხი რიგში საათობით და შემდეგ უხვი ნავაჭრით ბრუნდება შინ.
რიგები სასურსათო მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებსა თუ ბაზრებში შეიძლება არც საქართველოსთვის იყოს უცხო, მაგრამ აქ ერთი განსხავავებაა – ჩვენთან რიგები 31 დეკემბრის მოახლოებასთან ერთად თანდათან თხელდება, მოსახლეობა ცდილობს ახალი წლისთვის საჭირო ნივთები და სურსათი მაქსიმალურად ადრე შეიძინოს, რაც იმითაა გამოწვეული, რომ საქართველოში პროდუქტზე ფასების ზრდა საახალწლო დღეების მოახლოების პირდაპირპროპორციულია.
საქართველოს სტატისტიკის დეპარტაემნტმა 12 დეკემბერს გამოაქვეყნა თბილისის სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომელიც, 6-დან 12 დეკემბრამდე თბილისში ფასების ცვლილებას ასახავს. ეს ინდექსი აღნიშნავს 49 დასახელების საქონლისა და მომსახურებისგან შედგენილი კალათის ფასების ცვლილებას. ერთი კვირის განმავლობაში ფასების საერთო დონე 0.62 პროცენტით გაიზარდა, მათ შორის სასურსათო საქონელზე – 0.51%-ით, არასასურსათო საქონელზე – 0.14%-ით და მომსახურებაზე – 1.32%-ით. რაც შეეხება სასურსათო საქონელს, – ფასები გაიზარდა პომიდორზე 13.8%-ით, სტაფილოზე 12.8%-ით, ჭარხალზე 12.8%-ით, კიტრზე 9.5%-ით, მწვანილზე 2.7%-ით, კარაქზე 2.2%-ით და კვერცხზე 0.85-ით, ხოლო ფასები შემცირდა ვაშლზე 10%-ით, მარილზე 6%-ით და ზეთზე 2.7%-ით.
სასურსათო საქონელზე ფასების მატების ტენდენცია უკვე სახეზეა, თუმცა წინასაახალწლო ვაჭრობა ჯერ კიდევ არ გახურებულა და ალბათ ფასების უფრო მომატებაა სავარაუდო.
საქართველოში არსებული რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ცენტრის წინასაახალწლო გეგმებით დავინტერესდით და აღმოჩნდა, რომ ძირითადი სიახლეები, რასაც ისინი მომხმარებელს სთავაზობენ სხვადასხვა პიარ-აქციებითა და წამახალისებელი საჩუქრების დარიგებით (ჩუპაჩუპსები, კალენდრები და სხვა) შემოიფარგლება. რაც შეეხება გრანდიოზულ საშობაო-საახალწლო ფასდაკლებებს – საქართველოში მსგავსი ცნება ჯერჯერობით არ არსებობს. მსხვილი სავაჭრო კომპანიები ჯერ ფასების ბაზარზე დარეგულირებას ელოდებიან და პროდუქციაზე საკუთარ ფასებსაც ამის მიხედვით დაადგენენ. ჰიპერმარკეტ “გუდვილის” მარკეტინგის მენეჯერმა ნატო დარჩიაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: “ძნელია ამ გადასახედიდან წინასაახალწლო ფასების დადგენა, ჩვენ ყოველდღე ვცვლით და ვაახლებთ პროდუქტს, ბაზარი ჯერ შესწავლილი არ არის, რამდენიმე დღეში გვეცოდინება რა იქნება ბაზარზე და ამის შესაბამისი იქნება “გუდვილის” ფასებიც. ჩვენ შევეცდებით მომხმარებელის ინტერესი მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და პროდუქტებზე მაღალი ფასები არ იყოს, მაგრამ შეიძლება არც დაბალი იყოს, რადგან ბაზარს გვერდს ვერ აუვლი, რა ფასსაც ბაზარი გთავაზობს, იმის ადეკვატური უნდა იყოს შენი ფასებიც.”
ბაზარი კი ტრადიციულად, როგორც ზემოთ აღვნიშნე, კარგს არაფერს უმზადებს მომხმარებელს. რისი ბრალია ის, რომ საქართველოში წინასაახალწლოდ ტრადიციადაა ქცეული ინფლაციის ზრდა? მაშინ, როცა მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ამ დროს ფასდაკლებათა სეზონია?
ალბათ თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ინფლაციის ზრდას ამჯერად პროდუქტის არსაკმარის რაოდენობას ვერ დავაბრალებთ, წელს საქართველოში უხვი მოსავალი იყო და ქვეყანა სასურსათო პროდუქტის ნაკლებობას არ განიცდის. ამას სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს – საქართველოში ხორბალი 2006 წელს 12,9 ტონა აწარმოეს, 2007 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 76,1-მდეა გაზრდილი, ქერი – 30,6-დან 32,4 ტონამდე, მზესუმზირა – 12,3-დან 15,9 ტონამდე, კარტოფილი – 68,7-დან 250,3 ტონამდე და სხვა. რაც შეეხება ხილს, მარტო ციტრუსების მოსავალი 100 ათას ტონას აღწევს, რაც გასულ წელთან შედარებით 200%-ით მეტია. შარშან საქართველოში მხოლოდ 25-30 ტონა ციტრუსი მოვიდა. იგივე შეიძლება ითქვას მეცხოველეობის პოდუქციის წარმოებაზეც, მაგალითად რძის წარმოება 2006 წლის მეორე კვარტლისათვის 225 ათას ტონას აღწევდა, 2007 წლის ანალოგიური პერიოდისათვის კი ამ მაჩვენებელმა 245 ათასს მიაღწია, კვერცხის მარაგი 72,8 მილიონიდან 120 მილიონამდე გაიზარდა.
თუმცა გლეხს არ აქვს მოსავლის რეალიზების საშუალება, მან არ იცის სად და როგორ წაიღოს და გაყიდოს თავის პროდუქტი. ბაზარზე ფასების დასარეგულირებლად კი აუცილებელია არსებობდეს მოთხოვნის შესაბამისი მიწოდება, მითუმეტეს მაშინ, თუ ქვეყანაში არსებული სურსათის მარაგი ამის საშულებას იძლევა, მაგრამ ეს ჯერჯერობით ვერ ხერხდება. გლეხს საკუთარი პროდუქტი ხშირად თბილისამდეც კი ვერ მოაქვს, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არაა, თუ გლეხმა მოახერხა და საკუთარი ხარჯებით გასაყიდი პროდუქტი თბილისამდე ჩამოიტანა აქ უკვე შეიძლება პროდუქტის გასაყიდი ფართის პრობლემა შეექმნას, ამ ეტაპზე დედაქალაქში არ არის საკმარისი ფართობები, სადაც გლეხი და მწარმოებელი საკუთარ ნაწარმს გაყიდის, ხალხს თავისუფლად მიეცემა წინასაახალწლო ვაჭრობის საშუალება. არაორგანიზებულობის ბრალია ის, რომ საქონელი სპეკულაციური ფასებით იყიდება და ინფლაციის პროცენტული მაჩვენებელი სულ უფრო იზრდება. ეს ყველაფერი კი ხელს უშლის, როგორც ოპტიმალური ფასების წარმოქმნას, ისე მცირე და საშუალო, ასევე აგრობიზნესის განვითარებას.
საქართველოში არ არსებობს ორგანიზებული წინასაახალწლო ვაჭრობის ტრადიცია, ის რაც საზღვარგარეთ მიღებული და დამკვიდრებულია ჩვენი ქვეყნისთვის ჯერ კიდევ უცხოა. პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია მთავრობის ერთიანი კომპლექსური პოლიტიკის შემუშავება და გატარება – გლეხებისათვის ხელშეწყობა საკუთარი პროდუქტის დედაქალაქამდე მოსატანად, ასევე მეტი სარეალიზაციო პუნქტის არსებობა.
თბილისის მერიის საახალწლო პროგრამაში ძირითადად კონცერტები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება დომინირებს, მაგრამ არის ერთი სიახლე – “ახალწლობა 2008”-ს ფარგლებში თბილისის 4 ადგილას – ზოოპარკში, პარლამენტის შენობის წინ, გლდანის “ვარდების რევოლუციის პარკსა” და ვარკეთილის პარკში იქნება საახალწლო სოფლები, რომლებიც 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ყოველდღე 10-დან 23 საათამდე ღია იქნება. სოფლებში იქნება საახალწლო დიზაინის ჯიხურები, სადაც მსურველ კერძო კომპანიებსა თუ ინდივიდუალურ მეწარმეებს საშუალება ეძლევათ გაყიდონ თავისი პროდუქცია. მათ მხოლოდ საორგანიზაციო ჯგუფთან ხელშეკრულების წინასწარ გაფორმება მოეთხოვებათ. საშობაო სოფლებში სავაჭრო ადგილის გამოყოფა უფასოა.
რამდენად გაამართლებს ეს წამოწყება, მიიღებს თუ არა ის მასშტაბურ სახეს და გახდება თუ არა პერმანენტული, მომავალში გამოჩნდება.