ფინანსური სპეკულაციები ეკონომიკის ლოკომოტივი ხდება
ლევან ასათიანი
წლევანდელი წელი შეიძლება ამერიკისა და ამერიკული დოლარის წელი გახდეს. წლის დასაწყისში აშშ-ის მთავრობამ ბაზარზე წარმატებით განათავსა 3 და 10-წლიანი ობლიგაციები, რომლის 40% უცხოელებმა შეიძინეს. გამოდის, რომ უცხოელი ინვესტორები თვალს ხუჭავენ აშშ-ის კატასტროფულად დიდ სახელმწიფო ვალზე. მათ სხვა გზა არც აქვთ. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და განსაკუთრებით ევროპაში კრიზისი მძვინვარებს. შიდა პრობლემებით დამფრთხალი ინვესტორები კი აშშ-ს აწყდებიან. “მომავალი 2 წლის განმავლობაში აშშ ისევ ზენიტში იქნება, მაგრამ რა მოხდება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში, ჯერ ბუნდოვანია” – მიიჩნევენ ექსპერტები.
ამერიკული დოლარი სულ უფრო მეტ კოზირს ფლობს და ვალუტებს შორის ჰეგემონობას განაგრძობს. ერთადერთი რეალური ვალუტა, რომელსაც შეეძლო დოლარისთვის კონკურენცია გაეწია, ევრო იყო, მაგრამ ევროპაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
კრიზისთან ბრძოლის დროს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ 2,3 ტრილიონი დოლარის ბონდები, უძრავი ქონების სააგენტოების ობლიგაციები და იპოთეკური ფასიანი ქაღალდები შეიძინა. ყველაფერს თავის სახელი რომ დავარქვათ, ფედმა ეს თანხა კრიზისის დროს “აჩუქა” ფინანსურ ინსტიტუტებს. ნაყიდი ფინანსური ქაღლდების ნაწილი ამ დროისათვის ემიტენტების მიერ უკვე განაღდებულია, თუმცა კვლავ აქტუალურია ფედ-ის ყბადადებული ბალანსის თემა, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის იანვრის დასაწყისიათვის მისი მოცულობა 2,9 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდა, კრიზისამდე ეს მაჩვენებელი 800 მილიარდი იყო.
მთავარი კრიტიკა ფედის ამ “სამაშველო ოპერაციებთან” დაკავშირებით იმას ეხებოდა, რომ უოლ სტრიტიდან ეს ფული აღარ გადაიქაჩება უკან, რეალურ ეკონომიკაში. ბანკების “მკვდარმა აქტივებმა” (ფული, რომელსაც ისინი ფედში პრაქტიკულად ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით ინახავენ) 2011 წლის შუა პერიოდისთვის 1,6 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
მაგრამ ბოლო პერიოდში ეს ტენდენციაც შეიცვალა. 2011 წლის დასაწყისიდან უკვე დაიწყო ფულის გადაქაჩვა ეკონომიკის რეალურ სექტორში. გასული წლის ნოემბერში სამომხმარებლო კრედიტების მოცულობა ბანკების ბალანსებში 3.2%-ით გაიზარდა 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ნოემბერში ზრდამ 0.8% შეადგინა, რაც 2004 წლის შემდეგ ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ნოემბერში ბიზნეს სესხების მოცულობა აშშ-ში 9.5%-ით გაიზარდა. ამის გათვალისწინებით, ევროპული კრიზისის მიუხედავად, 2011 წლის შემოდგომაზე სამშენებლო სექტორის მოცულობა ქვეყანაში 4%-ით გაიზარდა.
მაგრამ მთავარი ის არ არის, რომ აშშ ბოლოს და ბოლოს გამოდის კრიზისიდან. მით უმეტეს, რომ დასაქმებისა და უძრავი ქონების ბაზარზე სიტუაცია უკეთესობისაკენ ძალიან ნელა იცვლება. გრძელვადიანი პერსპექტივები ბუნდოვანია: გაუგებარია, როგორ გაუმკლავდება აშშ უზარმაზარ სახელმწიფო ვალს. ბიუჯეტის გადატვირთვისათვის მათ მოეთხოვებათ ნაკლები ენთუზიაზმით მოეკიდონ მსოფლიო ჟანდარმის როლის შესრულებას. დღეს მარტო ამერიკაზე მოდის მსოფლიოში მიმდინარე საომარი დანახარჯების თითქმის ნახევარი, მაშინ როცა მისი მშპ გლობალური მშპ-ის მე-ოთხედზე ნაკლებია.
რითი აპირებს ამერიკა ფონს გასვლას? დღეს ამ კითხვაზე პასუხი უკვე ნათელია: ეკონომისტებმა უკვე იწინასწარმეტყველეს მომავალი ინფლაციის სწრაფი ტემპები. აშშ ინფლაციურ ეკონომიკას აშენებს, რომელიც მომავალი 3 წლის მანძილზე ეკონომიკის ლოკომოტივი გახდება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იქნება დაკრედიტების ზრდის ხარჯზე ფულადი მასის მკვეთრი ზრდა. 2011 წლის ბოლო თვეებში ფულადი მასის ზრდის ტემპებმა თითქმის 10% შეადგინა. რამაც განაპირობა ინფლაციის ზრდა. გარდა ამისა, შემოდგომაზე სამომხმარებლო ფასების ინდექსის საშუალოწლიურმა ზრდამ 3.6% შეადგინა. ყოველთვის, როცა ფედი დოლარის რაოდენობის გაზრდას იწყებდა, გლობალური ინვესტორები დოლარს “სჯიდნენ” და სხვა ვალუტებში ახდენდნენ რეზერვირებას. მაგრამ ახლა ამისათვის უბრალოდ არ არსებობს საბაბი. შეიძლება ითქვას, რომ ინვესტორებს დო-ლარს იქით გზა არ აქვთ.
დოლარის პოზიციების გამყარების კვალდაკვალ, სულ უფრო სუსტდება ევრო. და საქმე მხოლოდ ევროზონის მიმართ ინვესტორების ნდობის დაკარგვაში არ არის. ექსპერტების შეფასებით, ევროზონის მარეგულირებლებმა ფინანსური სისტემის გადარჩენის ძველი მეთოდი აირჩიეს და ბენ ბერნანკეს პროგრამა გაიმეორეს. 2011 წლის 21 დეკემბერს “სამაშველო” აუქციონზე ევროპის ცენტრალურმა ბანკმა 523 ადგილობრივ ბანკს წლიური 1%-იანი განაკვეთით ჯამში 500 მილიარდი ევროს ღირებულების კრედიტები შესთავაზა. ექსპერტთა შეფასებით, ევროზონა უკვე რეცესიაში იმყოფება. პროგნოზი არცთუ საიმედოა: წლის უმეტეს ნაწილს ევროზონა მინუსებში გაატარებს და მხოლოდ ბოლო თვეებში შეიმჩნევა მცირედი გამოცოცხლება. ექსპერტთა შეფასებით, საინტერესოა ის გარემოება, რომ ევრო უფასურდება მხოლოდ იმ ტენდენციით, რაც აშშ-სა და დოლარს აძლევთ ხელს, რადგან ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრის გათვალისწინებით, ევრო დღეს ბევრად უფრო გაუფასურებული უნდა იყოს. ამიტომ იქმნება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ევროს კურსი ხელოვ-ნურად იმართება აშშ-დან და ამასთანავე, შეიძლება აშშ-ს მიუძღვის წვლილი იმაში, რომ ევროპა დღეს კრიზისულ მდგომარეობაშია. შეიძლება ითქვას, რომ ფინანსური სპეკულანტები თავის სათქმელს ამბობენ. მათი როლი ეკონომიკაში განვითარებულ მოვლენებში დღითიდღე იზრდება. მაშინ როცა საბერძნეთის მთავრობა გადასარჩენად მილიონებს იხვეწება, ფინანსური სპეკულანტები მილიარდობით დოლარით მდიდრდებიან.
ჯონ პოულსონის სასწაული
თანამედროვე სამყაროში ფინანსური სპეკულაციები და მაქინაციები სასიცოცხლო მნიშვნელობის ხდება, ის ვინც ვაბანკზე წასვლას არ ერიდება, საჩუქრად მილიარდებს იღებს. მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს ბევრი ფინანსისტი “გაჩერდა” და მოვლენათა მსვლელობის განვითარებას დაელოდა. მათი უმეტესობა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობდა, მაგრამ იყვნენ გამონაკლისებიც.
უძრავი ქონების ბროკერებმა მილიარდობით დოლარი დაკარგეს. მაგრამ ჯონ პოულსონი მათ რი-ცხვში არ შედიოდა. ის ფინანსური კრიზისის მიუხედავად, 3.5 მილიარდი აშშ დოლარით გამდიდრდა. ეს ამერიკელი მილიარდელის პირველი “სასწაული” არ ყოფილა. 2010 წელს პოულსონს ოქროში ინვესტიციამ 5 მილიარდი აშშ დოლარი მოუტანა. 2009 წელს კომპანიაRaulson&Co ხელმძღვანელმა პოულსონმა, პირადი კაპიტალიდან 250 მილიონი აშშ დოლარი ჩადო ოქროს ფონდში. მაშინ ბევრმა ეს გიჟურ ნაბიჯად შეაფასა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ პოულსონის ინვესტიციას, მაშინ როცა ოქრო თავის ღირებულების პიკზე იყო, მომავალი არ ჰქონდა. მაგრამ პოულსონის ინტუიციამ გაამართლა, ოქროს ფასი 1100 დოლარიდან მალე 1900 აშშ დოლარს მიუახლოვდა და მანაც მილიონები იშოვა.
პოულსონმა კომპანია 17 წლის წინ დააარსა. დღეისათვის მისი ღირებულება 38 მილიარდი დოლარია. ფინანსური ინსტიტუტები და ნედლეულის კომპანიების ფასიანი ქაღალდები – პოულსონის ინვესტიციების მთავარი დარგებია. მისი კომპანიის აქტივების 55% სწორედ ამ კომპანიების ფასიან ქაღალდებზე მოდის. მაშინ როცა სხვა ფინანსისტები და ტრეიდერები მსგავსი ტიპის აქციებს ყველაზე სარისკოდ მიიჩნევენ და ამიტომაც საერთო პორტფელში მათი წილის შემცირებას ცდილობენ. მსგავსი აქტივების მთავარი რისკი მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დამოკიდებულების ძალიან მაღალი ხარისხია. პოულსონის საქმიანობა და წარმატება ეკონომიკის დაუწერელ კანონს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს: მეტი რისკი მეტ მოგებას ნიშნავს.
პირველი მილიონები მომავალ მილიარდელს ღამის კლუბმა და რამდენიმე პატარა უძრავი ქონების სააგენტოში ჩადებულმა ინვესტიციებმა მოუტანა. პოულსონმა 2 მილიონი დოლარით ნულიდან დაიწყო. ამასთანავე, ახალგაზრდა ბიზნესმენი აღრმავებდა კავშირებს საინვესტიციო ინსტიტუტებთან. რაც ყველაზე საინტერესოა, 1994 წელს, როდესაც პოულსონმა ღაულსონ&ამპ;ჩო დაარსა, უოლ-სტრიტზე მას პრობლემები ჰქონდა, გამოუცდელ და ახალდაარსებულ საინვესტიციო ჰეჯ-ფონდს არავინ ენდობოდა. მისმა პირველმა კლიენტმა პოულსონს მხოლოდ 500 000 აშშ დოლარი ანდო. უკვე 2007 წლისათვის კი პოულსონის შემოსავლებმა უძრავ ქონების სფეროდან მილიარდები შეადგინა. ყველა გაკვირებული იყო, რადგან პოულსონი ექსპერტიც კი არ იყო ამ სფეროში.
პოულსონის მთავარი ფილოსოფია: “იფრთხილეთ იმისთვის, რომ არ გქონდეთ ზარალი, მოგება კი თვითონ იზრუნებს საკუთარ თავზე. ჩვენი მთავარი მიზანია – შევინარჩუნოთ კაპიტალი და არ გადავიდეთ მინუსებში. ინვესტორები მშვიდად იქნებიან მანამ სანამ თქვენი ფონდების შემოსავლების დინამიკა არ ჩამორჩება S&P-ის ინდექსის ზრდას. რისკების მართვის მეცნიერება ის კი არ არის, რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღოთ, არამედ ის, რომ ფული არ დაკარგოთ”. სანამ ამ ფილოსოფიით ხელმძღვანელობდა პოულსონი, ყველაფერი კარგად იყო. 2011 წლის მესამე კვარტალში კი ამერიკული ჰეჯ-ფონდების 80%-მა ზარალი განიცადა, მაშინ როცა მეორე კვარტალში ზარალიანი ჰეჯ-ფონდების მხოლოდ 55% იყო. პოულსონის ბედის ჩარხიც უკუღმა დატრიალდა. თუმცა მალე პოულსონს ფორტუნამ ზურგი აქცია. 2011 წლის მესამე კვარტალში მისი ფონდების საერთო ღირებულება 40%-ით შემცირდა. როგორც პოულსონი მოელოდა, 2011 წელს უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა აშშ-ში არ მომხდარა. გადა ამისა, პოულსონმა სხვა არასწორი ქმედებებიც განახორციელა: იგნორირება გაუკეთა მაღალშემოსავლინ აქციებს, არ განახორციელა ინევსტიციები ისეთ სწრაფად მზარდ სექტორებში, როგორიც არის საინფორმაციო ტექნოლოგიები, ფარმაცევტიკა და სხვა. შედეგად, პოულსონის ერთ-ერთი მთავარი ჰეჯ-ფონდის Paulson Advantage Plus Fund-ის აქტივების ღირებულება 47%-ით დაეცა, Advantage da Recovery-ის კი შესაბამისად, 32 და 31%-ით. დრო გვიჩვენებს შეძლებს თუ არა ფინანსური გურუ ამ პრობლემებისგან თავის დაღწევას.
XXI საუკუნის ერთი ტენდენცია ნათელია – ფულს ბანკები და სპეკულანტები შოულობენ, ქვეყნები კი რეცესიაში არიან, ხალხს პრობლემები აქვს. ლობირება ეკონომიკაში იზრდება და პოლიტიკა და ეკონომიკა ერთიანდებიან ღიად და აშკარად. საფინანსო სექტორი გაცილებით მომგებიანი ხდება, ვიდრე ეკონომიკის რეალური სექტორი. ნავთობისა და გაზის სექტორთან შედარებითაც კი. ამიტომაც, წარმოების სექტორს მთელ მსოფლიოში ექმნება პრობლემა.
რეალური ეკონომიკის განვითარება მისი სამი ძირითადი სექტორის თანაფარდობაზეა დამოკიდებული. რეალური ეკონომიკის პირველადი სექტორი ისეთ დარგებს მოიცავს, რომელიც დაკავშირებულია ნედლეულის მოპოვებასა და გადამუშავებასთან, მას მიეკუთვნება სოფლის მეურნეობა, თევზჭერა, მეტყევეობა, ნადირობა, ბუნებრივი რესურსების მოპოვება და ა.შ. ეს სექტორი კაცობრიობის ისტორიაში პირველყოფილი ადამიანების ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისთანავე წარმოიშვა და სამრეწველო რევოლუციამდე მსოფლიო ეკონომიკაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებდა. ახლა კი ამ სექტორის სიჭარბე, როგორც წესი, რეგიონის ან სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების დაბალ მაჩენებელზე მეტყველებს. ამის ნათელი მაგალითია აფრიკის ქვეყნები, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დღესაც სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს – ნავთობის მოპოვება ბევრი ქვეყნის ეკონომიკური სიმძლავრის საფუძველია.
რეალური ეკონომიკის მეორადი სექტორი გადამამუშავებელ მრეწველობასა და მშენებლობას აერთიანებს. XIX საუკუნის პირველ ნახევარში სამრეწველო რევოლუციის დაწყებიდან მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე დასავლეთ ევროპაში ეს სექტორი ბატონობდა.
რეალური ეკონომიკის მესამე სექტორს მიეკუთვნება მომსახურების სფერო. მრეწველობაში შრომის ნაყოფიერების ზრდის გამო სწორედ ეს მესამე სექტორი გაბატონდა, რომელსაც განეკუთვნება ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ვაჭრობა, ტურიზმი, ჯანდაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, განათლება, სამეცნიერი კვლევები და ა.შ.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში მესამე სექტორიდან აღმოცენდა არაფრისმწარმოებელი დარგი საბანკო და საფინანსო მომსახურების სახით, რომელიც დაკავშირებულია ფასიანი ქაღალდებისა და ვალუტის გადაყიდვებთან. სფერო, რომელიც ფულს შოულობდა და შოულობს ვალუტის კურსის სხვაობით, ნაკლებშეძლებული მოსახლეობისთვის ნაკლებად უზრუნველყოფილი კრედიტების გაცემით და სხვა.
ამ სფეროში არ არსებობს რეალური ეკონომიკის რეალური მოთხოვნები. პიროვნებას, რომელიც ამ ოპერაციებს ატარებს, არ მოეთხოვება არანაირი ძალისხმევა, კომპიუტერზე რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერის გარდა.
ჯერ კიდევ დიმიტრი მენდელეევი ამბობდა, რომ ქონება შეიძლება მორალური იყოს, თუ იგი მემკვიდრეობით არის მიღებული. მისი აზრით, კაპიტალი არის სიმდიდრის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მიმართულია მრეწველობასა და წარმოებაზე და არავითარ შემთხვევაში გადაყიდვასა და სპეკულაციაზე.