ნიკა გილაური საფინანსო რეზერვის დიდ მოცულობაზე საუბრობს

რედაქციისაგან

საქართველოს ხაზინაში 2008 წლის პირველი იანვრისთვის არსებული რეზერვი 330 მლნ 779 ათას ლარს შეადგენს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ინფორმაცია ხაზინის სიცარიელის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, პირიქით, მსგავსი სიდიდის საფინანსო რეზერვი მთავრობას არასოდეს ჰქონია. 2007 წლის პირველი იანვრისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 235 მლნ 426 ათას ლარს შეადგენდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებში რეგიონული და მუნიციპალური ბიუჯეტების ნაშთები და სავალუტო ანგარიშები შესული არ არის.
ამაზე მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური პარამეტრია ეროვნული ბანკის რეზერვები და სარეზერვო ანგარიშები, სადაც სერიოზული ზრდა ფიქსირდება. თუ 2007 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, ეროვნული ბანკის რეზერვები 881 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის ანალოგიური პერიოდისთვის ეს ციფრი 1 მლრდ 361 მლნ აშშ დოლარზე დაფიქსირდა, – აღნიშნა გილაურმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი სერიოზული მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტიაა.
გარდა ამისა, გილაურმა ბრიფინგზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებლის ზრდაზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2005 წელს მშპ-ს ზრდა 9,6 პროცენტი იყო, 2006 წელს – 9,4 პროცენტი, ხოლო უკვე 2007 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 12 პროცენტი შეადგენა. მშპ-მ კი ერთ სულ მოსახლეზე, გილაურის განმარტებით, 2007 წელს 2 300 აშშ დოლარს მიაღწია.
მაკროეკონომიკამ ყველა მაჩვენებლით სერიოზული წინსვლა განიცადა 2007 წლის განმავლობაში, როგორც სარეზერვო თანხების ზრდის, ასევე შემოსავლების ზრდის კუთხითაც, – აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

რამდენი პროცენტით გაიზარდა თბილისში ფასების საერთო დონე
ფასების საერთო დონე თბილისში 2007 წლის 27 დეკემბრიდან 2008 წლის 9 იანვრამდე 1.10 პროცენტით გაიზარდა.
სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, სასურსათო საქონელზე ფასები 1.98 პროცენტით გაიზარდა, ხოლო არასასურსათო საქონელზე 0.15 პროცენტით შემცირდა, მომსახურებაზე კი ფასები უცვლელი დარჩა.
გასულ კვირასთან შედარებით ფასები მწვანილზე 51.1 პროცენტით გაიზარდა, ფოთლოვან კომბოსტოზე – 20.7 პროცენტით, ვაშლზე – 12.4 პროცენტით, სტაფილოზე – 11.3 პროცენტით, ჩაიზე – 8.0 პროცენტით, კიტრზე – 8.0 პროცენტით, ხახვზე – 7.0 პროცენტით, ყველზე – 6.7 პროცენტით, კვერცხზე – 5.5 პროცენტით, ღორის ხორცზე – 4.4 პროცენტით, პომიდორზე – 3.3 პროცენტით და კარტოფილზე – 2.3 პროცენტით, ხოლო ფასი შაქარზე 2.6 პროცენტით შემცირდა.
რაც შეეხება არასასურსათო საქონელს, წინა კვირასთან შედარებით ფასები დიზელის საწვავზე 1.2 პროცენტით და ბენზინ რეგულარზე 0.6 პროცენტით შემცირდა.
თბილისში სამომხმარებლო ფასების ინდექსმა (სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილების მაჩვენებელი) 2007 წლის 27 დეკემბრიდან 2008 წლის 9 იანვრამდე 101.10 პროცენტი შეადგინა. ეს ინდექსი 49 დასახელების საქონლისა და მომსახურებისაგან შედგენილი კალათის ფასების ცვლილებას ასახავს.