საქართველოს ეკონომიკის პრობლემები – 2007 მეცნიერული ხედვა
რედაქციისაგან
2007 წლის 27 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალ “საქართველოს ეკონომიკის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ევროპული მენეჯმენტის სკოლის, ილია ჭავჭავაძის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 170 წლისთავისა და სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალ “საქართველოს ეკონომიკის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – საქართველოს ეკონომიკის პრობლემები – 2007 – მეცნიერული ხედვა.
კონფერენციის ფარგლებში მოხდა ჟურნალ საქართველოს ეკონომიკისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგების შეჯამება და დაჯილდოვება შემდეგ ნომინაციებში:
I. 2007 წლის საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი ეკონომიკაში;
II. საუკეთესო სახელმძღვანელო ეკონომიკაში;
III. საუკეთესო პუბლიკაცია ეკონომიკაში;
IV. საუკეთესო პუბლიკაცია ბიზნესში;
V. საუკეთესო ინტერვიუ ეკონომიკაში;
VI. საუკეთესო უცხოური სახელმძღვანელოს თარგმანი.
საკონკურსო კომისიის წევრები იყვნენ გია კაკაბაძე, ემზარ ჯგერენაია, ჯამლეტ ჯანჯღავა, თემურ ხომერიკი (საქართველოს უნივერსიტეტი), დიმა ჯაფარიძე (ი. ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტი), შალვა მაჭავარიანი.
ჟურნალ “საქართველოს ეკონომიკისა და საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგების შეჯამებისას მომხსენებელმა პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ აღნიშნა, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შემოვიდა 9 განაცხადი. საკონკურსო ნაშრომები დაიგზავნა სარეცენზიოდ. რეცენზიის დასკვნების შესაბამისად და კომისიის წევრთა მოსაზრების გათვალისწინებით გამოვლინდა კონკურსში გამარჯვებულნი. კონკურსის ფარგლებში ყველა გამარჯვებულს გადაეცა დიპლომი, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასულ ნომინანტებს – დიპლომი ფულად ჯილდოსთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის კონკურსი პირველად ჩატარდა და ამდენად იგი არ იყო დაზღვეული ხარვეზებისგან, თუმცა, ცხადია, რომ კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, სამეცნიერო სფეროში ინფორმაციის გაცვლის, ქართული სამეცნიერო შრომების დამუშავების, კვლევების განვითარებისა და სხვა თვალსაზრისით.
კონკურსის შესახებ აზრი გამოთქვეს პროფესორებმა თ. ხომერიკმა, შ. მაჭავარიანმა, დ. ჯაფარიძემ და ჯ. ჯანჯღავამ.
თ.ხომერიკმა აღნიშნა, რომ ეკონომიკაში საუკეთესო პუბლიკაციის ნომინაციაზე წარდგენილ სახელმძღვანელოში – “მიკროეკონომიკა (ავტორები: ე. ხარაიშვილი, ი. გაგნიძე, მ. ჩავლეიშვილი, ი. ნაცვლიშვილი, მ. ნაცვალაძე) სერიოზული შეცდომებია დაშვებული, რაც გარკვეულწილად მიუღებელია. ასევე, მიზანშეწონილად მიიჩნია ახალი ნომინაციის დაწესება “კორპორატიული პრობლემატიკის საუკეთესო კვლევისათვის, რაც წაახალისებს ბიზნესისა და მეცნიერების წარმომადგენელთა დაახლოვებას.
შ. მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ კავკასიის ბიზნესის სკოლის (კავკასიის უნივერსიტეტი) წარმომადგენელთა მიერ ავტორის ნებართვის საფუძველზე ითარგმნა ფ. კოტლერის და გ. ამსტრონგის “მარკეტინგის საფუძვლები. მისი აზრით, საყურადღებოა ის, რომ სახელმძღვანელოში მოცემულია მასალა გამართული ქართული ტერმინოლოგიის გამოყენებით.
დ. ჯაფარიძის აზრით, რომ ეკონომიკაში საუკეთესო სახელმძღვანელოს ნომინაციაზე წარდგენილი სახელმძღვანელო “ბიზნესი (ავტორები: რ. ვაჩნაძე, გ. თურქია, პ. ლომსაძე) თავდაპირველად ლექციების კურსის სახით იყო გამოცემული. მომდევნო გამოცემები დაიხვეწა და სახელმძღვანელოს სახე მიიღო.
ჯ. ჯანჯღავას წინადადების საფუძველზე დიპლომით დაჯილდოვდნენ ეკონომიკის ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტები და შემოღებულ იქნა ნომინაცია – ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ კონკურსანტებს, რომელთაც ვერ მოიპოვეს საპრიზო ადგილები, მაგრამ გაიმარჯვეს კონკურსში, გადაცემოდათ დიპლომი, მათ შორის გულნაზ ერქომაიშვილს, ლამარა ქოქიაურს, გელა ხანიშვილს, ასევე კონფერენციაში მონაწილეებს – მაია მინდორაშვილს, თემურ ტორონჯაძეს, ქეთი ბურდულს, ედვარდ რაუპის, ინეზა გაგნიძეს; ჟურნალ “საქართველოს ეკონომიკის თანამშრომლებს ნინო არველაძეს, ეკატერინე წირღვავას და გიორგი რუაძეს; ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა პროფესორი გედეონ ხელაია;
კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულებად გამოცხადდნენ და გამარჯვებულის დიპლომთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცათ:
I. 2007 წლის საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი ეკონომიკაში.
1. ბ. გაბიძაშვილის “სტატისტიკა ყველასათვის, სახელმძღვანელო, თბ. 2007, (200 ლარი);
2. ლ. ბახტაძეს, რ. კაკულიას, მ. ჩიკვილაძეს “საგადასახადო საქმე, სახელმძღვანელო, თბილისი, 2007, (200 ლარი);
II. საუკეთესო სახელმძღვანელო ეკონომიკაში
1. რ. ვაჩნაძეს, გ. თურქიას, პ. ლომსაძეს “ბიზნესი, სახელმძღვანელო, თბ., 2007, (200 ლარი).
III. საუკეთესო პუბლიკაცია ეკონომიკაში.
ე.ხარაიშვილის, ი. გაგნიძის, მ. ჩავლეიშვილის, მ. ნაცვალაძის “მიკროეკონომიკა, სახელმძღვანელო, თბ. 2007, (200 ლარი);
IV. საუკეთესო პუბლიკაცია ბიზნესში
1. თ. შენგელიას “თანამედროვე ბიზნესის საფუძვლები, მონოგრაფია, თბ. 2007, (150 ლარი);
2. უ. სამადაშვილის “ბიზნესის საფუძვლები, თბ. 2007, (150 ლარი).
V. საუკეთესო ინტერვიუ ეკონომიკაში
1. დ. ჯაფარიძე, “რა ემუქრება საქართველოს იპოთეკურ ბაზარს და ბინათმშენებლობას, ჟურნალი “საქართველოს ეკონომიკა, #10 (119) 2007, (200 ლარი).
VI. საუკეთესო უცხოური სახელმძღვანელოს თარგმანი
1. ფილიპ კოტლერი, გარი ამსტრონგი – “მარკეტინგის საფუძვლები, სახელმძღვანელო, თარგმანი, შპს “კავკასიის უნივერსიტეტი, თბ., 2007, (200 ლარი).
კონფერენციაზე ასევე მოხსენებებით გამოვიდნენ: მაია მინდორაშვილი, რომლის მოხსენების თემა იყო “ინფლაციის გაზომვა საქართველოში: მეთოდოლოგია და პრაქტიკა (იხ. #12, 2007წ); თემურ ტორონჯაძე – მოხსენების თემა, “საბანკო რისკები; ედვარდ რაუპი, რომლის მოხსენების თემა იყო The Georgia Forecast and Three Imperatives for Economic Growth (იხ. #12, 2007წ) ; რევაზ კაკულიას მოხსენების თემა – “გლობალიზაცია და ფინანსური სისტემის სრულყოფის პრობლემები საქართველოში; დიმიტრი ჯაფარიძის მოხსენების თემა – “საბანკო კრედიტი – იპოთეკა; ინესა გაგნიძის, მოხსენების თემა – “საქართველოს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის შესახებ (იხ. ჟურნ. “საქართველოს ეკონომიკა”, #12, 2007წ).
ჟურნალ “საქართველოს ეკონომიკის ამ ნომერში შემოგთავაზებთ კონფერენციაზე გამოსულთა მოხსენებებს.