რამდენად საშიშია ქვეყნისთვის საგარეო ვალის არსებობა
რედაქციისაგან
ქვეყნისთვის საგარეო ვალის არსებობა საშიში არ არის, მთავარია მან მიღებულ საერთაშორისო სტანდარტს – მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს არ გადააჭარბოს, – ამის შესახებ, ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის დეპუტატმა ლადო პაპავამ განაცხადა.
ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა მთალიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებაში ყოველწლიურად მცირებდა. 2003 წელს ეს მაჩვენებელი 44.9 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2007 წელს – 16.8 პროცენტზე დაფიქსირდა, 2008 წლისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, იგი 12 პროცენტი იქნება.
გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში სტატისტიკისადმი ნდობა საკმაოდ დაბალია, ლადო პაპავას აღნიშნული მაჩვენებლები საეჭვოდ მიაჩნია.
იმის გამო, რომ საქართველოში სტატისტიკა ძალზედ არადამაკმაყოფილებლად მუშაობს, მთლიანი შიდა პროდუქტი რეალურად რამდენია არავინ იცის, მშპ-ს მაჩვენებლები ხელოვნურად არის გაბერილი. ამიტომ, როცა მშპ-ს გაბერავ, ვალის თანაფარდობა მასთან ნაკლები გამოდის, – განაცხადა ლადო პაპავამ.
მისი თქმით, როდესაც პარამეტრების ხელოვნურად ზრდა ხდება, შესაძლოა, დადგეს დრო, როცა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები 2004 წლიდან მოყოლებული მთალიანად გადაასანგარიშებელი იქნება.
რაც შეეხება უშუალოდ საგარეო ვალის მოცულობას, რომელიც 2007 წლის 31 დეკემებრის მდგომარეობით, 1 მლრდ 790 მლნ 049 ათას აშშ დოლარს შეადგენს, 92 მლნ 565 ათასი აშშ დოარით მეტია 2006 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დაფიქსირებულ მაჩვენებელზე. (2006 წელს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების საერთო ოდენობა 1 მლრდ 697 მლნ 484 ათას აშშ დოლარს შეადგენდა).
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, აშშ დოლარში გამოხატული საგარეო ვალის მოცულობის ზრდა 2007 წლის განმავლობაში ევროსა და შDღ -ის კურსის დოლართან მიმართებაში მკვეთრად გამყარებამ გამოიწვია. აღნიშნული მიზეზი სრულიად მისაღებად მიაჩნია ლადო პაპავასაც. იგი მიიჩნევს, რომ საგარეო ვალის შემცირება ქვეყნისთვის თვითმიზანი არ უნდა იყოს.
მე არ ვიტყოდი, რომ საგარეო ვალის შემცირება თვითმიზანი უნდა იყოს. საგარეო ვალი უნდა იყოს ისეთი სტრუქტურის, ისეთი ფუნქციონალური დანიშნულების, როგორიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას სჭირდება. ის, რომ ქვეყნას საგარეო ვალი აქვს სულაც არ არის საშიში, – აცხადებს დეპუტატი.
მისი თქმით, საქართველოში შიდა პროდუქტთან მიმართებაში საგარეო ვალის მაჩვენებელს 60 პროცენტს ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდშიც კი არ გადაუჭარბებია.