ამარტია სენი – სამუშაო სანახევროდ არის შესრულებული
მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა
XX საუკუნე და მასთან ერთად მეორე ათასწლეული დასრულდა. ბუნებრივია, ასეთ დროს ბევრ მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდა მოთხოვნილება იმისა, რომ ერთგვარად შეაჯამოს განვლილი პერიოდი და გარკვეული შეხედულებები გამოთქვას მომავალთან დაკავშირებით. ამიტომაა, დასავლეთის პრესაში ამ სახის სტატიების ასეთი მოზღვავება.
წარსულს აანალიზებენ და მომავლის პროგნოზებს გამოთქვავენ პოლიტიკოსები, პუბლიცისტები, ეკონომისტები და ა.შ. ერთ-ერთი მათგანი, ვინც პოპულარულ გაზეთ “los Anjeles Times Syndicate-ში მომავალში მსოფლიო საზოგადოების უკეთ მოწყობის შესახებ აღნიშნული სათაურით თავისი შეხედულებები გამოაქვეყნა, არის მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, ეკონომისტი, 1998 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, კემბრიჯის (დიდი ბრიტანეთი) Trinity College-ის რექტორი ამარტია სენი. გთავაზობთ ამ წერილს მცირეოდენი შემოკლებით.
გასულ საუკუნეში ბევრი რამ მოხდა, კარგი, ცუდი და ისეთიც, რომელიც ყურადღების გამახვილების ღირსიც კი არ არის. მაინც რა იყო გასულ საუკუნეში ღირსშესანიშნავი? პირადად მე დაფნის გვირგვინს, უპირველეს ყოვლისა, მივანიჭებდი დემოკრატიას, როგორც მმართველობის საყოველთაოდ აღიარებულ ფორმას. მართალია კვლავაც მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს არადემოკრატიულ ქვეყნებში (როგორც ამ ბოლო დროს გამოქვეყნებული ცნობებიდან ხდება ნათელი, იმ ქვეყნების რიცხოვნობა, სადაც მრავალპარტიული არჩევნები ტარდება მსოფლიოს ორასი ქვეყნიდან ორმოცს არ აღემატება. ა.გ.), მაგრამ დემოკრატიამ გაიმარჯვა ყველა კონტინენტზე და სახელმწიფოს მართვის ნორმის ხასიათი შეიძინა. ეს, გასული საუკუნის დასაწყისშიც კი, ძნელად წარმოსადგენი ამბავი იყო. მხოლოდ XX საუკუნეში გახდა დემოკრატია მმართველობის ფორმა, რისი უფლებაც აქვს ერებს ევროპაში, იქნებიან ისინი, ამერიკაში, აზიასა თუ აფრიკაში. ბოლო ხანებში დაიწყო დისკუსია იმის თაობაზე, შეეფერება თუ არა ყველა ქვეყანა დემოკრატიას და არის თუ არა ყველა მათგანი ამისთვის მზად. მე მიმაჩნია, რომ პრობლემის ამგვარად დასმა სწორი არ არის. საკითხი ასე კი არ უნდა დავსვათ, მომწიფდა თუ არა ქვეყანა დემოკრატიისათვის, არამედ ასე: მომწიფდა თუ არა ქვეყანა დემოკრატიის წყალობით. უკვე საკამათო აღარ არის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ჩილე კამბოჯა თუ კონგო, მზად არიან თუ არა დემოკრატიისათვის. ეს უკვე ცნობილია. ეს, ჩემი აზრით, ეპოქალური ცვლილებების მომასწავებელია. დემოკრატიის მნიშვნელობა რამდენიმე კრიტერიუმით უნდა შეფასდეს. დემოკრატია და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური თავისუფლება, უწინარეს ყოვლისა, ადამიანის თავისუფლების აუცილებელი კატეგორიებია. ნორმალური ცხოვრება კი თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია. თავისუფლების წართმევას ნიშნავს ადამიანისათვის. ამას გარდა, დემოკრატია საზოგადოების სუსტი წევრებისათვის პოლიტიკური ყურადღების აღმოჩენას ნიშნავს. აუცილებელია, რომ მმართველი კლასი ითვალისწინებდეს მათ მოთხოვნებს, მათ ჩივილს, უსიამოვნებას და ა.შ. სახელდობრ დემოკრატია, არჩევნების საშუალებით, ღია პოლიტიკური დიკუსიის საშუალებით, თავისუფალი მედიის გამოყენებით, უზრუნველყოფს საზოგადოების ყოველი ფენის მოთხოვნილებების მმართველ წრეებამდე მიტანას. ზუსტად ამ გარემოებების გამო, დემოკრატიულ ქვეყანაში, მდიდარი იქნება იგი თუ ღარიბი, ამას მნიშვნელობა არა აქვს, არასოდეს ექნება ადგილი დიდ შიმშილობას. მასობრივი შიმშილობის დროს პარლამენტი თუ მედია კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებს ქვეყნის მმართველობას და გადადგომასაც კი აიძულებს მას. მასობრივ შიმშილობას ადგილი მხოლოდ კოლონიურ ქვეყანაში შეიძლება ჰქონდეს, ისეთში, როგორიც იყო ინდოეთი, როდესაც იგი ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა (თავად ამარტია სენი წარმოშობით ინდოეთიდან არის), ან ისეთ ქვეყანაში, სადაც მმართველობის ერთპარტიული რეჟიმია (საბჭოთა კავშირი ოცდაათიან წლებში, კამბოჯა 70-იან წლებში ჩრდილოეთ აფრიკა დღეს და ა.შ.) მასობრივ შიმშილს შეიძლება ადგილი ჰქონდეს, მაგრამ იქ, სადაც სამხედრო ხუნტა მმართველობს (ეთიოპია, სომალი, სუდანი და ა.შ.) ყველა ქვეყანაში ღია პოლიტიკური კამათისა და მართვაში მონაწილეობის გზით ხელი შეეწყო ღირებულებებისა და პრიორიტეტების ფორმირებას. მისი დახმარებით მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ ერთმანეთს გააცნონ საკუთარი შეხედულებები, სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის გზები და ა.შ. შეხედულება, რომლის მიხედვითაც ბედნიერია ის ოჯახი, რომელიც დამძიმებული არ არის დიდი რაოდენობის ბავშვებით, მტკიცედ იკიდებს ფეხს სხვადასხვა საზოგადოებაში, რის შედეგადაც შობადობის რიცხვი იკლებს. შობადობის მაღალი მაჩვენებელი ხელს ვერ შეუწყობს განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალების, ცხოვრების დონის ამაღლებას. მრავალშვილიან ოჯახში ბავშვები და მათი მოვლის აუცილებლობა მნიშვნელოვნად ზღუდავს ახალგაზრდა დედების თავისუფლებას და ამცირებს მათი ყოფა-ცხოვრების ხარისხს. ბოლო ორასი წლის განმავლობაში ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იყო ევროპაში და ახლა იგი საკმაოდ სერიოზული საკითხია აზიისა და აფრიკის ქვეყნებისათვის. სტატისტიკური კვლევების მიხედვით ცხადი ხდება, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი დემოკრატიასა და შობადობის შემცირებას შორის. აქ კი ვინმე შეიძლება შეგვედავოს და გვითხრას, რომ ამ საკითხში გაცილებით მეტი პროგრესი შეინიშნება კომუნისტურ ჩინეთში, ვიდრე დემოკრატიულ ინდოეთში. ერთი შეხედვით, პრობლემის ამდაგვარად დასმას საფუძველი მართლაც გააჩნია, მაგრამ თუ საკითხს უფრო ღრმად გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ საკითხის ასე დასმა არამც და არამც არ შეიძლება. ინდოეთის იმ პროვინციებში, სადაც ქალებს შეუძლიათ სათანადო განათლების მიღება და არც სამსახურის დაწყებაში ეშლებათ რაიმეთი ხელი, მკვეთრად არის დაცემული შობადობის რიცხოვნობა. თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ ჩინეთშიც საკმაო პროგრესია მიღწეული ქალების განათლებისა და დასაქმების საქმეში, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი დებულება უფრო სწორია, ვიდრე მცდარი. თავად ჩინეთშიც შობადობის შემცირება უფრო მეტად მიღწეულია საზოგადოებრივი პროგრესით, ვიდრე შობადობაზე კონტროლის დამყარებით. თუმცა, შობადობის საშუალო მაჩვენებელი ინდოეთში გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩინეთში, მაგრამ იმ პროვინციებში, სადაც ქალთა განათლების დონე და მათი დასაქმების ხარისხი მაღალი შობადობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე ჩინეთში. დემოკრატიის გამარჯვება უცილობლად XX საუკუნის დამსახურებაა. მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პერიოდში დემოკრატიის ქება უფრო სწრაფი ტემპებით იზრდებოდა, ვიდრე მისი პრაქტიკული გამოყენება. ახლა თანდათან უფრო ხშირად იხმარება ტერმინი “დემოკრატია?? არადემოკრატიულ საზოგადოებაშიც. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ სამუშაო დემოკრატიის საყოველთაოდ გავრცელებისა და მყარად დამკვიდრებისთვის ჯერჯერობით სანახევროდ არის შესრულებული. მისი დასრულება მიმდინარე საუკუნის საპატიო მოვალეობა და საქმეა. იმედი მაქვს, რომ დემოკრატია XXI საუკუნის უმთავრესი პრობლემა გახდება