ყაზახების სამიზნე
ნინო არველაძე
2006 წლის პირველ სამ მეოთხედში ყაზახმა ინვესტორებმა საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 142 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს და ყაზახეთი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი გახდა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა 2007 წელს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყაზახეთმა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში მთლიანად 300 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
რატომ დაინტერესდა ასე ყაზახეთი საქართველოს ბაზრით? როგორც საქართველოს მთავრობა აცხადებს, ყაზახებს ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა და გამჭვირვალე საგადასახადო სისტემა ხიბლავთ, ეს განსაკუთრებით კომუნიკაციის, ტურიზმის, ფინანსურ სექტორსა და სატრანსპორტო სექტორს ეხება. საქართველოს მთავრობა ტურიზმს პრიორიტეტულ სექტორად აცხადებს და ცდილობს ის ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სფერო გახდეს. ტურიზმის განვითარებისათვის სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად ძვირადღირებული სასტუმროებია საჭირო. ყაზახური უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია საქართველოში 170-ოთახიან Raddison Hotel-ს ააშენებს, ინვესტიცია კი 100 მლნ დოლარი იქნება, დეველოპერი ყაზახურ ბანკ თურანAლემ-ს ეკუთვნის, რომელიც ბათუმში რამდენიმე სასტუმროს გადაკეთებასაც გეგმავს, რაც დაახლოებით 200 მლნ დოლარი ეღირება.
საქართველო და ყაზახეთი მეგობარ ქვეყნებად მოიაზრებიან, საქართველო კი ყაზახეთისთვის ევროპისკენ მიმავალი გზაა.
მეორეს მხრივ, ყაზახეთს აქვს კაპიტალი, რომლის ინვესტირებაც პერსპექტიულ ბაზარზეა შესაძლებელი. 2005 წლის ოქტომბრიდან ყაზახეთმა საქართველოში ინვესტიციების განხორციელება აქტიურად დაიწყო. პრაგმატული თვალსაზრისით, ყაზახეთს საქართველოს დახმარებით 10 ყველაზე განვითარებულ ქვეყანათა სიაში მოხვედრა სურდა.
1990-იანი წლების დასაწყისში დაისახა ყაზახური ბუნებრივი რესურსების საქართველოს გავლით შავ ზღვაში ტრანსპორტირების იდეა, მაგრამ ეს იდეა 1990-იანი წლების ბოლოშივე გაქრა. პროექტის სახელი “სამხრეთ ენერგეტიკული კორიდორი” იყო, მაგრამ საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და ნაზარბაევი რიგ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.
2005 წელს ყაზახეთის უმსხვილესმა bank Turan Alem-მა საქართველოს შილკ ღოად Bანკ-ის საკონტროლო პაკეტის 49% შეიძინა და თბილისში BTA Silk Road Bank-ი ჩამოყალიბდა. ბანკი Turan Alem-ი პირველი ყაზახი ინვეტორი იყო საქართველოში. ყაზახები ძირითადად უძრავი ქონებით, ტელეკომუნიკაციებითა და ტურიზმით დაინტერესდნენ. ყაზახი ინვესტორი Development Solution-ი აჭარის სასტუმროებით ინტერესდება და 200 მლნ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს, მას საქართველოს საკომუნიკაციო სისტემის 80% უჭირავს.
2006 წელს ყაზახურმა კომპანიამ “ყაზსტრანსგაზმა” ტენდერში გაიმარჯვა და თბილისის გაზის დისტრიბუტორი კომპანია 12.5 მლნ დოლარად იყიდა, კომპანიას ახლა “ყაზტრანსგაზთბილისი” ეწოდება. კომპანიამ ქალაქის გაზის სისტემის მოწესრიგებაზე ვალდებულება აიღო, რაც მას 2011 წლისათვის 80 მლნ დოლარი დაუჯდებოდა. მაგრამ ბოლო დროს გავრცელებული ხმების თანახმად, ყაზახებმა გადაწყვიტეს კომპანიის აზერბაიჯანისთვის მიყიდვა, თუმცა ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არავინ ადასტურებს. 2006 წლის დეკემბერში “ყაზტრანსგაზთბილისი” ბათუმის ნავთობტერმინალის 50% ყიდულობს. ყაზახეთი აპირებს აკტაუს პორტიდან (ყაზახეთის დასავლეთ რეგიონი) ნავთობი ბაქოს პორტისა და შავი ზღვის გავლით საქართველოს მეშვეობით ევროპის ბაზარს მიაწოდოს.
საქართველო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობების ფონზე ფიქრობენ თუ არა ყაზახი ინვესტორები, რომ მათი კაპიტალი საფრთხეშია? თუ ისინი ცდილობენ რუსეთს ასიამოვნონ და ნაკლები ინვესტიციები ჩადონ საქართველოში და ჩადებულსაც გადახედონ?
ჯერ კიდევ 2006 წლის ოქტომბერში ანალიტიკოსები აცხადებდნენ, რომ საქართველოს ეკონომიკაში დაბანდებული მნიშვნელოვანი კაპიტალის მიუხედავად, ყაზახეთი იძულებული იქნებოდა რუსეთს მიმხრობოდა. რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობები დსთ-ის ქვეყნებზე აისახა. ყაზახი ანალიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობა ყაზახეთზე უარყოფითად აისახებოდა და მათ მილიონებს საქართველოში საფრთხე დაემუქრებოდა, ისინი განსაკუთრებით ენერგომატარებლებში განხორციელებულ ინვესტიციებზე ღელავდნენ.
ყაზახეთი რუსეთზე სერიოზულადაა დამოკიდებული, მას არ შეუძლია (ან არ სურს) რუსეთის გვერდის ავლით დანიშნულების (ევროპაში) ადგილზე გაზის მიწოდება.
და მაინც, ნუთუ ასე მკვეთრად შეაქცევს ზურგს ნაზარბაევი დასავლეთს, საქართველოს? სად არის აღმოსავლური სიბრძნე და სტატეგიული ხედვა? 2008 წელი საბოლოო სცენარის ჩამოყალიბების წელიწადი იქნება ცენტალურ აზიასა და ევროპასთან მიმართებაში. ვფიქრობთ, ევროპასაც მოუწევს პოლიტიკისა და მიდგომების შეცვლა. შუა აზიის მიმართ ყველას რაღაც შეგვეშალა. ასე როგორ ჩავაბარეთ ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა რუსეთს?! გვინდა ეს ყველაფერი ისტერიკა იყოს და მეტი არაფერი, მაგრამ ფაქტები!!!