რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წინააღმდეგობები თანამედროვე ეტაპზე
მაია დანელია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასწავლებელი
წარსულიდან გადმოსულმა რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ამოცანებმა ტრანსფორმაცია განიცადა თანამედროვე პირობების გათვალისწინებით და მათი განხორციელებისათვის ახალი მიდგომებია საჭირო. ეს დაკავშირებულია საქართველოსა და მისი რეგიონების როგორც გეოპოლიტიკური მდგომარეობით განპირობებულ ცვლილებებთან, ასევე სახელმწიფოებრივი მართვის სისტემის ცვლილებებთანაც, უპირატესად საბაზრო რეგულირების ურთიერთობებზე გადასვლის პირობებში.
რეგიონული პოლიტიკის ახალი შინაარსი დაკავშირებულია ახალი რეგიონების ათვისებაზე ყურადღების გადანაცვლებით, მათი სტაბილურობისა და ძველი რეგიონების დეპრესიული მდგომარეობის დაძლევის, დიდი ქალაქების ზრდის შეზღუდვიდან – პატარა ქალაქებისა და სასოფლო დასახლებების აღმოცენებაზე. თანამედროვე რეგიონული პოლიტიკის მთავარი მიზანია ყველა რეგიონის, ქვეყნის მთელი მოსახლეობის აქტიურ საბაზრო გარდაქმნებში ჩართვა, მოქალაქეთა და საწარმოთა მიზნობრივ შესაძლებლობათა გაფართოება და განვითარება ტერიტორიული სპეციფიკის გათვალისწინებით.
რეგიონული პოლიტიკის აქტუალური ამოცანების შესახებ პუბლიკაციების მიმოხილვამ გვიჩვენა, რომ მათი ნაწილი შეიცავს სახელმწიფოებრივი მართვის ორგანოების მოღვაწეობის მიმართულებების დასაბუთებასა და ფორმულირებას კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით, რაც დაკავშირებულია ტერიტორიული განვითარების გამოთანაბრების პრობლემასთან. გარკვეულ ალტერნატივას წარმოადგენს პუბლიკაციები, რომლებშიც განხილული და შემუშავებულია რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტები რეგიონული ეკონომიკის თანამედროვე კონცეფციებისა და პარადიგმების განვითარების საფუძველზე. ბოლო დროს, როგორც პუბლიცისტურ და საერთო პოლიტიკურ, ასევე სამეცნიერო შრომებში სულ უფრო ფართო აღიარებას პოულობს რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაგება. ამასთან მოცემული ტერმინი გამოიყენება განსხვავებული (სხვადასხვა) ასპექტებით. ეკონომიკური გარდაქმნების განხორციელების უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს მათი წარმატებულებათა კრიტერიუმები, რომლის ერთ-ერთ სახედ შემოთავაზებულია გამოყენებულ იქნეს ტერმინი “კონკურენტუნარიანობა”, როგორც რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ინტეგრალური შეფასების სინონიმი სხვა რეგიონებთან შედარების დროს. ამავე დროს, რეგიონის კონკურენტუნარიანობის კვლევა წარმოადგენს მოცემული რეგიონის ეკონომიკურ მოწინააღმდეგეებთან წარმატების მიღწევის შესაძლებლობას.
რეგიონების შედარებით ანალიზს, როგორც ეკონომიკური აგენტისა და კონკურენტული ურთიერთქმედების სუბიექტისა, მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ თანამედროვე პირობებში ქვეყნის რეგიონებს შეუძლიათ განახორციელონ დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკა, გამოიყენონ რიგი ეკონომიკური ინსტრუმენტები თავიანთი კონკურენტული პოზიციების გასაძლიერებლად, როგორც მსოფლიო კონკურენტული პროცესების მონაწილის სახით მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად.
რეგიონული სტრუქტურული პოლიტიკა, თავის მხრივ, მოწოდებულია ტერიტორიის ფარგლებში უზრუნველყოს დამატებითი ეფექტი ეკონომიკური ზრდის სტრუქტურული ფაქტორების მობილიზაციისათვის. აქ მთავარია გვესმოდეს, რომ საქართველოს რეგიონების სპეციალიზაცია, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი არა საბაზრო საფუძვლებზე ჩამოყალიბდა, არამედ ისტორიულად. რეგიონების სპეციალიზაცია და მრეწველობაში სტრუქტურული ცვლილებები რიგ გამოკვლევებში წარმოდგენილია რეგიონების ყველა დარგის ანალიზისა და რეგიონების სპეციალიზაციის, მათი დინამიკის ტრანსფორმაციული პერიოდის ანალიზის საფუძველზე. რეგიონულ ეკონომიკაში სტრუქტურული გარდაქმნების როლი, როგორც რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ჰარმონიზაციის შესაძლო ინსტრუმენტისა, მათი ეკონომიკური გარდაქმნების მსვლელობა და პრობლემები ყოფილი სსრ კავშირის სახალხო მეურნეობაში ხორციელებოდა კონსერვატიულ-სტრუქტურული ცვლილებების საფუძველზე, რაც აფერხებდა წარმოების რეფორმირებას. ეს უდიდესი უარყოფით პოტენციალით დაგროვილი ინერციულობა აგრძელებს წარმოების სტრუქტურაში რეგრესის წარმოქმნას, რაც გამოიხატება: პოზიტიურობის ცვლილების მიმართ მოსახლეობის უნდობლობაში; შეგნების მასობრივად გაღატაკებასა და კრიმინალიზაციაში; საწარმოთა ტექნოლოგიურ დეგრადაციაში, მოწყობილობის დაძველებაში, საბრუნავი სახსრების უკმარისობაში, გადახდისუუნარობაში; დარგობრივი და რეგიონული ეკონომიკური სტრუქტურის გაუარესებაში, მონოპოლიზაციის მაღალ დონეში; მოხმარების სტრუქტურაში მაკროპროპორციების, დაგროვებისა და ინვესტიციების, ექსპორტისა და იმპორტის გაუარესებაში და ა.შ. სიტუაციის რამდენადმე გაუმჯობესების მიუხედავად, თანამედროვე პირობებში პროგრესული ძვრების პოტენციალი კვლავ მეტად დაბალია.
ეკონომიკის განვითარების გარდამავალ პერიოდში ძლიერდება სტრუქტურული ცვლილებების მიმართულებათა გაურკვევლობა ეკონომიკის განვითარების კონცეფციების რაოდენობათა ზრდის პარალელურად. ეს განპირობებულია რიგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების მოქმედებით, რომელთაგან თითოეული შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი და წარმოების განვითარება შემოაბრუნოს თავის სასარგებლოდ. სტრუქტურული გარდაქმნების ხარისხისა და ეფექტიანობის ანალიზის მიზნით აუცილებელია, ურთიერთდაკავშირებულ მაჩვენებელთა სისტემის შემუშავება. წარმოების სტრუქტურის პროგრესული განვითარების მიზანსა და კრიტერიუმს წარმოადგენს მისი ეფექტიანობის ზრდა. დროის გარკვეულ მომენტში ეკონომიკური მოღვაწეობის თითოეული სახისათვის არსებობს სამეურნეო ორგანიზაციისა და მასშტაბების ოპტიმალური ელემენტები, აგრეთვე მეურნეობათაშორისი კავშირების, ფინანსური და მატერიალური ნაკადების ოპტიმალური მოცულობები. ეკონომიკური სისტემის ეფექტიანობის კრიტერიუმი უნდა იყოს შრომის ნაყოფიერებისა და ფონდუკუგების ზრდა, მასალატევადობის შემცირება.
სტრუქტურული ცვლილებების საბოლოო მიზანია ინდივიდუალური და საზოგადოებრივი მოთხოვნებისა და ინტერესების დაკმაყოფილება, მაგრამ მოთხოვნები არ არის ერთი სახის, არამედ სპეციფიურია, რაც განაპირობებს კიდევაც მათ ადგილს ეკონომიკურ სისტემაში როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი ასპექტებით. ფულად-სასაქონლო ურთიერთობისას მოთხოვნების დაკმაყოფილების ხარისხი დამოკიდებულია ისეთ შუალედურ მაჩვენებლებზე, როგორიცაა: ქვეყნის ხვედრითი წილის ზრდა მსოფლიო ეკონომიკაში, მთლიანი შიგა პროდუქტისა და ეროვნული შემოსავლის ზრდის ტემპების ამაღლება, მათი განაწილების, მოხმარების და დაგროვების ოპტიმიზაცია, ძირითადი სახალხო-მეურნეობრივი პროპორციების ოპტიმალური კვლავ-წარმოების ფორმირება; ეკონომიკის დარგობრივი და რეგიონული სტრუქტურების რაციონალიზაცია დისპროპორციის აღმოსაფხვრელად, რაც წარმოშობს დეზინტეგრაციულ პროცესებს; საწარმოთა მომგებიანობისა და რენტაბელობის გაზრდა, მათი საწარმოო, ორგანიზაციული, ტექნოლოგიური და მმართველობითი სფეროების ოპტიმიზაცია.
საქართველოში ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნების ეფექტიანობის შეფასების შესაძლებლობა გართულებულია იმით, რომ წარმოების სტრუქტურების არცერთი პარამეტრი არ ექვემდებარება რაოდენობრივ გაზომვას და მაშასადამე, ურთიერთშეუსაბამონი არიან. მაგალითად, არ არის მაჩვენებლები, რომლებიც განსაზღვრავენ შრომის ხარისხსა და რაოდენობას, პროდუქციის ხარისხს, საზოგადოებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების ხარისხს. ამის გარდა, სტრუქტურულ ცვლილებათა არა ყველა ეფექტი გამოვლინდება და წარმოჩინდება დაუყოვნებლივ, არც თუ იშვიათია დროში გარღვევა ასეთ ძვრებსა და მათ შედეგებს შორის. ჩვენი მოსაზრებით, შესაძლოა ჩავატაროთ დარგობრივი ძვრების კლასიფიკაცია წარმოების ტექნოლოგიასთან ურთიერთკავშირში. ამისათვის საჭიროა განისაზღვროს, რომელ ტექნოლოგიურ ბაზაზე დაყრდნობით ვითარდება ეკონომიკის ესა თუ ის დარგი. მაგალითად, სოფლის მეურნეობა ხელით ან დაბალმექანიზებული ტექნოლოგიით განვითარებისას შეიძლება მიკუთვნებულ იქნეს პირველ ტექნოლოგიურ წყობას, ანუ რელიქტურ წყობას. უახლესი კომპიუტერული ტექნიკისა და ბიოტექნოლოგიის, აგრეთვე გენური ინჟინერიის გამოყენება აღნიშნულ დარგს გადაანაცვლებს მეხუთე-მეექვსე წყობაში.
ტექნოლოგიურ წყობაში იგულისხმება შრომის საშუალებებისა და საგნების ურთიერთდაკავშირებული მთლიანი ერთობობლიობა, რაც წარმოადგენს საზოგადოების მეცნიერულ-ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და საწარმოო ბაზის ბირთვს განვითარების გარკვეულ ეტაპზე. ჩატარებული გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ რელიქტური წყობის წილი ეკონომიკაში 1990 წლიდან დღემდე გაიზარდა 48%-ით, ხოლო ძალიან პროგრესული ტექნოლოგიური წყობის წილი (მეხუთე და მეექვსე) – შემცირდა 30%-ით, ტექნოლოგიური კონსერვატიზმის გაზრდამ გამოიწვია ის, რომ 90-იან წლებში განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოს მეხუთე-მეექვსე ტექნიკური წყობის ათვისებაში ჩამორჩენის ტენდენციამ შეიძინა ეკონომიკის ტექნოლოგიური დეგრადაციის ხასიათი. ყველაზე უფრო დიდი ნეგატიური ძვრა მოხდა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, სადაც რელიქტური წყობის წილი გაიზარდა 30%-ით და ამდენითვე შემცირდა მეოთხე ტექნიკური წყობის წილი, არასასურველი მდგომარეობა იკვეთება მრეწველობის თითქმის ყველა დარგში, იგი განსაკუთრებით საშიშია მანქანათმშენებლობაში, სადაც მეხუთე ტექნოლოგიური წყობის წილი შემცირდა 20%-ით და ამდენითვე გაიზარდა მესამე და მეოთხე ტექნოლოგიური წყობის წილი, მანქანათმშენებლობის კომპლექსის წარმოების საერთო მოცულობის მკვეთრად შემცირებასთან ერთად ეს ნიშნავს ეკონომიკის ინვესტიციური პოტენციალის მნიშვნელოვან შესუსტებას და სამამულო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის დაქვეითებას.
ეკონომიკის დარგობრივ სტრუქტურაში გამოვლენილი ძვრების შედეგს წარმოადგენს: მთლიანი შიგა პროდუქტის მოცულობის და ძირითადი ფონდების ტექნიკური დონისა და სამამულო პროდუქციის კრიტიკული დაცემა; პრობლემატურობა რესურსდამზოგავ, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებზე გადასვლაში; უკვე ათვისებული პოზიციების დაკარგვა როგორც შიგა, ასევე გარე ბაზრებზე; მაღალკვალიფიციური სამეცნიერო, საინჟინრო-საკონსტრუქტორო და მუშათა პერსონალის ნაწილობრივი დაკარგვა; საბრუნავი პოტენციალის მკვეთრი დაქვეითება.
ეკონომიკას დარგობრივ და ტექნოლოგიურ სტრუქტურაში ძვრების არაკეთილსასურველი დინამიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია კაპიტალურ დაბანდებათა თავისუფალი განაწილების შეუძლებლობა ცალკეულ სექტორებს შორის მონოპოლიზმის გამო, უპირველეს ყოვლისა, სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში და სარკინიგზო ტრანსპორტზე. ხელოვნურად შექმნილი მონოპოლიზმი ბევრად უშლის ხელს ეროვნული მეურნეობის სტრუქტურის ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობას.
როგორც უკვე აღინიშნა, რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიზანია რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გამოთანაბრება. არსებობს რეგიონული განვითარების ანალიზისადმი და დისპროპორციების გაზომვისადმი სხვადასხვაგვარი მიდგომები. გვთავაზობთ რეგიონული დისპროპორციების გამოკვლევის ჩატარებას რეგიონების ტიპოლოგიის საფუძველზე, სოციალური პრობლემების სიმწვავის მიხედვით შემდეგი მაჩვენებლების გამოყენებით: სულადობრივი შიგა რეგიონული პროდუქტი, სულადობრივი ფულადი შემოსავალი, შემოსავლებისა და სასიცოცხლო მინიმუმის შეფარდება სასიცოცხლო მინიმუმზე ქვევით მყოფი მოსახლეობის შემოსავალთა ხვედრით წილთან, უმუშევართა ხვედრით წილთან, რომელიც გამოთვლილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიით.
ძირითად მეთოდოლოგიურ გზავნილებს, რომლებსაც იცავენ ასიმეტრიული რეგიონული განვითარების გაზომვისას, განეკუთვნება შემდეგი დასკვნები: ასიმეტრიული ანუ დისჰარმონიული, რომელიც ეწოდება რეგიონული განვითარების ისეთ სახეს (დროის გარკვეულ პერიოდში), რომლის დროსაც რეგიონები, რომლებიც კონკრეტული მაჩვენებლით პერიოდის დასაწყისში ხასიათდება შედარებითი უპირატესობით, შემდგომ აღნიშნულს კიდევ უფრო ზრდიან, ხოლო შედარებით ჩამორჩენილი რეგიონები – მას აძლიერებენ; ჰარმონიულად (სიმეტრიული) იწოდება რეგიონული განვითარების ისეთი ტიპი, რომლის დროსაც გარღვევა რეგიონული მაჩვენებლების დონეში მცირდება. რეგიონული განვითარების ორივე ტიპისათვის დამახასიათებელია არათანაბრობა. რეგიონული განვითარების ტიპი განისაზღვრება მხოლოდ დინამიკაში და მხოლოდ კონკრეტული მაჩვენებლის მიმართ. ასიმეტრიული განვითარება კი იწვევს რეგიონთშორისო განსხვავების გაღრმავებას, მაშინ როდესაც ჰარმონიული განვითარება, პირიქით, განაპირობებს რეგიონული მაჩვენებლების ურთიერთდაახლოებას და მეტ რეგიონულ (სოციალურ) სამართლიანობას. რეგიონული განვითარების არც ერთი და არც მეორე ტიპი არ შეიძლება აპრიორად გამოვაცხადოთ კარგ ან ცუდ ტიპად, ვიტყვით, რომ ასიმეტრიული განვითარების შედეგად შეიძლება მოხდეს შესაბამისი სოციალური მაჩვენებლის გაუმჯობესება ყველა რეგიონში და პირიქით, რეგიონული მაჩვენებლების დაახლოებას შეიძლება თან ახლდეს მათი საერთოდ გაუარესება.
დსთ-ს სივრცეში ჩატარდა რეგიონული ასიმეტრიული განვითარების გაზომვა ვარიაციის კოეფიციენტის გამოყენებით, რომლის მნიშვნელობაც დროში ახასიათებს რეგიონული სუბიექტების მაჩვენებლების გაფანტულობის გაზრდას ან შემცირებას ქვეყნის საშუალო მაჩვენებლის მიმართ.
ამგვარად, რეგიონული განვითარების ტიპი, ზემოთ განხილული ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით შესაძლებელია ცალსახად დახასიათებულ იქნეს, როგორც ასიმეტრიული. რეგიონულ ფენებად დაყოფის ტემპების ინტენსიურობა საშუალო წლიური გამოსახულებით შესაძლებელია შეფასებულ იქნეს 10%-დან 30%-მდე.
ეკონომიკურისაგან განსხვავებით რეგიონების სოციალური დიფერენციაციის პროცესი გამოიყურება არა ისე ცალსახად, სადაც სოციალური მაჩვენებლები გაერთიანებულია სამ ჯგუფში: საცხოვრებლითა და ხანგრძლივი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფადობა (ტელეფონებით, მსუბუქი ავტომანქანებით და სხვა); კვების უმნიშვნელოვანესი პროდუქტების მოხმარება; ცხოვრების დონის “ფულადი” მაჩვენებელი.
სოციალური მაჩვენებლების მეორე ჯგუფი დაკავშირებულია კვების პროდუქტებთან. როგორც ცნობილია, კვების მნიშვნელოვანი პროდუქტების მოხმარება 90-იანი წლების პირველ ნახევარში საქართველოში არსებითად შემცირდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ პური და კარტოფილი, რომელთა მოხმარება რეგიონების მიხედვით იცვლებოდა მეტ-ნაკლებად თანაბრად, ასიმეტრიული განვითარება მყარად შეინიშნებოდა პროდუქტების სხვა სახეობათა (ხორცის, ბოსტნეულის, ბახჩეულის, შაქრის, რძის პროდუქტების) მოხმარებაში.
სოციალური პარამეტრების ჯგუფში – “ფულადი მაჩვენებლები, ცხოვრების დონისა და ცხოვრების ხანგრძლივობა” ჩართულია საშუალოთვიური შემოსავლის საქონელბრუნვის მაჩვენებლები, აგრეთვე მოსახლეობის დანაზოგები ბანკში. 90-იანი წლების პირველ ნახევარში ყველა მითითებული მაჩვენებელი და მახასიათებელი რეალური გამოხატულებით არსებითად შემცირდა.
მაჩვენებელთა ბოლო ჯგუფში გამოიყოფა ერთი, რომელიც შეიძლება განხილული იქნეს როგორც წარმოებული სოციალური პროცესების ერთიანობა და გარკვეულწილად მათი შედეგი – სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის სიდიდე.
რეგიონების შეფარდებითი სიახლოვე ეკონომიკური და სოციალური პარამეტრების მიხედვით საქართველოში 80-იანი წლების ბოლოს შეიცვალა მათი სულ უფრო გაღრმავებული განსხვავებით. 90-იან წლებში ტერიტორიულ განვითარებაში დომინირებადი ტენდენცია (განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრიით) გახდა რეგიონთაშორისი დისპროპორციების გაძლიერება, ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია რეგიონული განვითარების ასიმეტრიული ტიპი.
ადაპტაციურ შესაძლებლობათა გამოვლენილი კანონზომიერებანი და ინდუსტრიული ფაქტორების მოქმედება რეგიონულ დონეზე შემდეგი დასკვნების საშუალებას გვაძლევს: ზრდის უფრო მაღალი ტემპები ჰქონდათ დივერსიფიცირებული ეკონომიკის მქონე როგორც საექსპორტო, ისე იმპორტშემცვლელი ტიპის რეგიონ-დონორებს.
განსხვავებული დონის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარების მონიტორინგის პრობლემები აისახება მეცნიერულ კვლევებში, სადაც ამ მონაცემების საფუძველზე გაანგარიშების შემდეგ აღნიშნულია, რომ სუბიექტებისათვის სხვადასხვა სტატუსის მიკუთვნებას არა აქვს სერიოზული ეკონომიკური საფუძველი და მხოლოდ საბჭოური დროის პრაქტიკის სამემკვიდრეო ფენომენია. განსხვავება საქართველოს ერთი და იგივე სტატუსის მქონე სუბიექტების ეკონომიკურ განვითარებაში შესადარია მთლიანად არსებული განსხვავების სუბიექტებს შორის, რეგიონების თითოეულ ჯგუფში არის როგორც დაბალი, ასევე მაღალი განვითარების დონის სუბიექტები. თუკი მხარეებს შორის ძალიან ცოტაა რეგიონები ეკონომიკური განვითარების ძალიან დაბალი დონით, სამაგიეროდ სუბიექტების აბსოლუტურ უმრავლესობას განასხვავებს ეკონომიკის არცთუ სახარბიელო მდგომარეობა.
რეგიონები სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით ზოგჯერ შერჩეულია საკმაოდ დაუსაბუთებლად. იგულისხმება, რომ მაჩვენებლების შემადგენლობა საშუალებას იძლევა მოცულ იქნას რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვადასხვა მხარე. რეგიონების რანგების საფუძველზე თითოეული მაჩვენებლის მიხედვით შედგენილია რეგიონების შედეგობრივი რეიტინგი, გამოყოფილია რეგიონების 5 ჯგუფი – განვითარების მაღალი დონის რეგიონები; განვითარების საშუალო დონის რეგიონები; საშუალოზე დაბალი განვითარების დონის რეგიონები; განვითარების დაბალი და უაღრესად დაბალი დონის რეგიონები.
მაჩვენებლები, რომლებიც განსაზღვრავენ რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ინტეგრალურ შეფასებას, შეადგენენ სამ ბლოკს – საწარმოოს, რესურსულ-ინფრასტრუქტურულს და სოციალურს. აღსანიშნავია, რომ კანონზომიერება, რომელიც გამოვლინდა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შენარჩუნებულია ამჟამადაც: უმეტესობა იმყოფება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინტეგრალური მაჩვენებლის უფრო დაბალი ნიშნულის ჯგუფში.
დისპროპორციის თვითგაძლიერებადი ხასიათის მიზეზების ანალიზის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ პროცესში წამყვანი როლი განეკუთვნება სამრეწველო წარმოების დისპროპორციებს დინამიკაში. დინამიკა განისაზღვრება, ერთის მხრივ, რეგიონებში სამრეწველო წარმოების სტრუქტურაში ცვლილებებით, მეორეს მხრივ, მაკროეკონომიკური ფაქტორების გავლენით. რეგიონების თვითგაძლიერებადი დიფერენციაცია უკავშირდება, უპირველეს ყოვლისა, ისეთი ფაქტორების მოქმედებას, როგორიცაა:
– რეგიონების ან ტერიტორიის ისტორიულად ჩამოყალიბებული სპეციალიზაცია;
– თანამედროვე პირობებში ბუნებრივ-რესურსული პოტენციალისა და რეგიონების სპეციალიზაციის ადეკვატურობა;
– რეგიონებში სტრუქტურული გარდაქმნების კანონზომიერებანი;
– საწარმოო ძალების განლაგების პრინციპებისადმი შესაბამისობა;
– კუმულიაციური და აგლომერაციული ეფექტების მოქმედება.
სხვადასხვა რეგიონებისა და ტერიტორიების საადაპტაციო შესაძლებლობებმა არსებითი გავლენა მოახდინა რეგიონული განვითარების ეკონომიკური მექანიზმების წარმატებით რეფორმირებაზე. ამ მრავალფეროვანი პროცესის ანალიზში ჩაუღრმავებლადაც შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნა: საბაზრო მექანიზმის თვითორგანიზაციის შესაძლებლობები მონოპროდუქტიული ტერიტორიული წარმონაქმნებისას, მწარმოებლური ძალების პროპორციული განლაგების პრინციპის დარღვევის პირობებს არსებითად ამცირებს, ვიდრე სხვა ტიპის ტერიტორიებსა და რეგიონებში. ინსტიტუციური და მაკროეკონომიკური პირობების ცვლილებების გავლენა განსხვავებული განვითარების დონის რეგიონებისათვის არაერთგვაროვნად შედეგობრივია.
სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ახდენდეს თავისი რეალიზაციის პროგნოზირებას სახელმწიფოს ძირითადი მისიისა და პასუხისმგებლობის პოზიციებიდან, რომელთაც განეკუთვნება: განვითარების მდგრადობა; ტერიტორიული მთლიანობა; ეროვნული უსაფრთხოება; ჰუმანურობა; მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონე და სხვა. სამწუხაროდ, ქვეყნის მმართველობის პრაქტიკაში ხშირად იფარგლებიან ექსპერტულ შეფასებათა პროგნოზებით, უკეთეს შემთხვევაში, ინერციული პროგნოზით. ჩვენი აზრით, სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების პროგრამაში რეგიონული პოლიტიკის ამოცანების, ფორმების, მეთოდების მასში ჩართვა აძლიერებს ისეთ პრინციპებს, როგორიცაა გრძელვადიანობა (რამდენადაც რეგიონული პოლიტიკის ძირითადი ამოცანები თავისი რეალიზაციისათვის საჭიროებს ხანგრძლივ დროს), აქტიური სახელმწიფოებრივი რეგულირება, სოციალური პრიორიტეტულობა.
რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემების აღწერისას უნდა შევჩერდეთ ეკოლოგიურ თემატიკაზე. ეკოლოგიური პოლიტიკის შედარებით ანალიზს (1990-იან წლებსა და XXI საუკუნის დასაწყისში) მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ რესურსულ-ეკოლოგიური სფეროს მართვაში დაგროვილი პრობლემების სიმწვავე განპირობებულია სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ძალისხმევით.
საქართველოში კრიზისის შემდეგ ეკოლოგიური სიტუაცია და ეკოლოგიური მართვის სისტემა (როგორც ადასტურებენ უცხოელი კოლეგებიც), საჭიროებდა აქტიურ გადაუდებელ ყურადღებას მკვლევარებისა და პოლიტიკოსების მხრიდან, რამაც ხელი შეუწყო ძალიან მწვავე, იდენტიფიცირებული პრობლემების მთელი კომპლექის შექმნას. მათ რიცხვშია: ბუნებრივი რესურსების დეგრადაცია და სახსრების უკმარისობა ბუნებათაღდგენით ღონისძიებათა დაფინანსებისათვის; მთლიანი შიგა პროდუქტის მაღალ ზარალშემცველობისა და ენერგოტევადობის დონე არა მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, არამედ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან შედარებითაც; ეკოლოგიური მოდერნიზაციის პრობლემებისადმი, ეკოლოგიური და რესურსდამზოგველი სტრატეგიისადმი საწარმოებისა და რეგიონულ ხელისუფალთა მხრიდან უყურადღებობა (ან ნაკლები ყურადღება). ასეთ პირობებში ეკოლოგიური პოლიტიკის გაძლიერება და განვითარება განხილულ უნდა იქნეს იმ ამოცანის სახითა და რანგში, რომელსაც ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მთლიანობაში 90-იანი წლების ბოლოს საქართველოს გარემომცველი გარემოს დაცვის სისტემა ფასდებოდა როგორც ის სფერო, რომელიც განიცდიდა მრავალასპექტიანი ტრანსფორმაციული პროცესის მნიშვნელოვან გავლენას ძლიერი ფინანსური შეზღუდვებითა და გადაუწყვეტელი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ფართო შლეიფით. ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში რადიკალური ინსტიტუციონალური რეფორმების ამოცანებისა და საზოგადოებრივ ფასეულობათა სისტემა უნდა განვიხილოთ აუცილებელი პირობის რანგში, ინსტრიტუციონალური ინერციის დაძლევისათვის, ბიზნეს-ელიტის, ბიუროკრატიის დაძლევისა და ფართოდ გავრცელებული კორუფციის დამარცხებისათვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველო პირდაპირ დგას სერიოზული ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე, რომელთა დაძლევაც აუცილებელია სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის (ხანგრძლივვადიან პერიოდში) და საქართველოს მოქალაქეებისათვის ცხოვრების დონის ასამაღლებლად და, რაც მთავარია, თანამედროვე საერთაშორისო ეკოლოგიურ-ეკონომიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის. მნიშვნელოვანი ამოცანები დგას ეკოლოგიური პოლიტიკის ახალი თაობის ინსტრუმენტების ათვისების სფეროშიც, რომლებიც სულ უფრო ფართოდ ვრცელდება ჩვენს უცხოელ პარტნიორ ქვეყნებს (განვითარებულ) შორის. ასეთი ინსტრუმენტების რიცხვს განეკუთვნება: მეწარმეობის ეკოლოგიური პასუხისმგებლობის რეალიზაციის თანამედროვე წესები და ინსტრუმენტები, ნებაყოფლობით ეკოლოგიურ შეთანხმებათა განვითარება და ეკოლოგიური პოლიტიკის საინფორმაციო ინსტრუმენტების მთელი კომპლექსის აქტიური გამოყენება.
აშკარაა, რომ რეგიონული პოლიტიკის ისეთი სტრატეგიული ამოცანა, როგორიც თანამედროვე საქართველოს ერთიანი ეკონომიკური სივრცის ფორმირებაა, არ შეიძლება გადაწყვეტილ იქნეს ისეთი აქტიური პოლიტიკის გარეშე, რომელიც მიმართულია რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური დიფერენციაციისა და დეზინტეგრაციის დაძლევაზე. ამასთან ერთად, თანამედროვე პირობებში რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასებისას უნდა აღინიშნოს მისი არათანამიმდევრობა, დაუბალანსებლობა, სუბიექტურობა და არაეფექტიანობა. საჭიროა ყურადღება მიექცეს იმ გარემოებას, რომ დეზინტეგრაციის აღნიშნული კანონზომიერებანი, ასიმეტრიულობანი და ჩამორჩენის ზონების განვითარება დამახასიათებელია არა მარტო რეგიონთაშორისი შედარებისას, არამედ აგრეთვე შიგარეგიონული პროცესების ანალიზის დროსაც.
აქტუალური ამოცანების ძალიან მოკლე მიმოხილვაც კი საშუალებას იძლევა განისაზღვროს რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი როლი ეროვნულ ეკონომიკურ სივრცეში არსებული დისპროპორციების დაძლევის საქმეში, რთული რეგიონული პრობლემების დაძლევისათვის, ყველა რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის მყარი განვითარებისათვის პირობების შესაქმნელად, ამასთან საქართველოს თავისებურებები – მისი მასშტაბები, რეგიონული მრავალფეროვნება, ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის არათანაბარი განაწილება საჭიროებს უფრო აქტიურ სახელმწიფოებრივ ჩარევას, ტიპიურ მსოფლიო პრაქტიკასთან შედარებით. საერთო სახელმწიფოებრივი პოლიტიკის მხოლოდ ასეთი სპეციალიზებული პოლიტიკის განვითარება, როგორიცაა რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, საშუალებას მოგვცემს შევქმნათ თანამედროვე ქვეყნის სტრატეგიული მიზნების რეალური მიღწევები: დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა, მოსახლეობის სიღარიბის დაძლევა, დივერსიფიკაციის განხორციელების საფუძველზე ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, დემოგრაფიულ და სოციალურ სფეროებში კრიზისული მოვლენების დაძლევა.
რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება გარდამავალ პერიოდში, როდესაც ეკონომიკური განვითარების ტრადიციულ საკითხებს უერთდება საბაზრო ინფრასტრუქტურის ფორმირების, განვითარებისა და კრიზისული მოვლენების დაძლევის საკითხები, რომლებიც თან ახლავს ეკონომიკის ერთი მდგომარეობიადან მეორეში გადასვლას. კრიზისიდან გამოსვლა შეიძლება საკმაოდ ძნელი და რთული პროცესი გახდეს, თუ ეკონომიკური პროცესები მიშვებულია თვითდინებაზე, ამავე დროს ის შეიძლება იყოს უფრო ნათელი და გამჭვირვალე, თუ რეგიონული ადმინისტრაცია აქტიურ ზემოქმედებას განახორციელებს ეკონომიკური განვითარების პროცესებზე, თუ კი ამ დროს გამოყენებულიც იქნება, როგორც არსებული ადგილობრივი უპირატესობანი და ახლის შექმნის მცდელობაც. რეგიონული პოლიტიკის სტრატეგიული მართვა მიმართული უნდა იქნეს სტრუქტურულ გარდაქმნებზე როგორც რეგიონებში, ასევე სხვადასხვა ტიპის ტერიტორიებზე. აუცილებელია რეგიონების მართვის სტრატეგიის შემუშავება, ტერიტორიის განვითარების დონის გათვალისწინებით ერთიანი ეკონომიკური სივრცის შენარჩუნების მიზნით, რესურსების ერთიანი ბაზრის შესაქმნელად, საცხოვრებლისა და შრომის უზრუნველსაყოფად, ცხოვრებისათვის ვარგისიანობის პირობებში ტერიტორიის დასახლების შესანარჩუნებლად.
გლობალური ბაზრის ფორმირების პირობებში საქართველოს რეგიონები ცდილობენ მსოფლიო ეკონომიკაში აქტიურად ინტეგრირებას და ამდენად ერთმანეთს კონკურენციას უწევენ ინვესტიციური რესურსებისათვის, რომელთაც შეუძლიათ არა მარტო მათი ეკონომიკის მოდერნიზება განახორციელოს, არამედ შექმნას მძლავრი კონკურენციული უპირატესობა. მაგრამ იმის იმედი, რომ რეგიონული განვითარების პოტენციალი შეიძლება აქტიურად გამოვლინდეს ბაზრის თვითმარეგულირებელი მექანიზმების საფუძველზე, არ გამართლდა. უპირატესად ტრანსფერული მექანიზმების გამოყენება რეგიონებში სოციალური ცხოვრების გამოთანაბრებისათვის პირველყოვლისა არ წყვეტს ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის საკითხს და მეორეც, ის ატარებს წინააღმდეგობრივ ხასიათს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის რეფორმირებისას უფლებამოსილებათა ცვლილებებისა და სახარჯო მანდატების გადანაწილების დროს.
ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის აქტუალური ამოცანები განპირობებულია, ერთის მხრივ, წინააღმდეგობებითა და დისპროპორციებით, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ისტორიულად ჩამოყალიბდა სივრცის არაერთგვაროვნებით, მეორეს მხრივ, უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების დროს რეგიონული განვითარებისათვის სათანადო ყურადღების მიუქცევლობით. აღწერილი წინააღმდეგობები ახალ სახესა და ხარისხს, ახალ ჟღერადობას იძენს მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის ასპექტში. ამ პროცესების ანალიზი წარმოდგენილი იქნება ეკონომიკის გლობალიზაციის ისეთი მიმართულების განხილვის დროს, როგორიცაა რეგიონალიზაცია.
მთლიანად რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის ამოცანების მიმოხილვამ გამოავლინა მათი მეთოდოლოგიური ურთიერთკავშირი და ურთიერთგანპიროვნებულობა, რაც განსაზღვრულია მსოფლიო გლობალური კანონზომიერებებით. მაშასადამე, რეგიონული განვითარების ამოცანების გადაწყვეტა მოითხოვს ერთიანი კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავებას.