რედაქტორის სვეტი
ჯემალ ინაიშვილი
დაიწყო მსოფლიო ეკონომიკის სტაგნაციური ხანა. დოლარი განუწყვეტლივ კარგავს სიმაღლეებს და საწვავსა თუ პროდუქტებზე ფასები იზრდება. სერიოზული ვარდნაა საფონდო ბაზარზეც. ყველაზე მნიშვნელოვანი თებერვლის ბოლო სესიები იყო, სადაც ვარდნამ ბოლო პერიოდის მაქსიმუმს მიაღწია. მსოფლიოს ბოლო საფინანსო კრიზისიდან ზუსტად მეათე წელია (თუ არ ჩავთვლით 2001 წელს).
1998 წლის მსოფლიოს კრიზისი განსაკუთრებით აზიის ქვეყნების საფინანსო ბაზარს და მათ შორის ჩვენც და ბევრ დსთ-ის ქვეყანას მწვავედ შეეხო. სხვათა შორის, კრიზისი მაშინაც საბანკო-საფინანსო სექტორში ლიკვიდურობის დეფიციტით დაიწყო. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ჩვენი მზადყოფნა ამ კრიზისის საქართველოზე ზეგავლენის შესამცირებლად და სპეციალური სამოქმედო გეგმის შესაქმნელად. სხვათა შორის, მაშინაც იყვნენ და ახლაც არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს კრიზისი ჩვენზე ზეგავლენას არ მოახდენს, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ საქართველო დიდიხანია მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია და საფინანსო ბაზრების სრულმასშტაბიანი ფუნქციონალური ასპარეზის არარსებობის მიუხედავად, ჩვენ ეს აუცილებლად შეგვეხება. რამდენად იქნება ამ პროგრამის ნაწილი ე.წ. რევოლუციური პაკეტი, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ დავუბრუნდით ეროვნული ბანკის თემას და მიგვაჩნია, რომ ეს მეტად ფაქიზი თემაა და კიდევ ერთხელ მოითხოვს განსჯას (გვ.8).
თებერვალში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ტრადიციულად გამოავლინა მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურსში 2007 წლის გამარჯვებულები, რომლებიც უშუალოდ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “შერატონ მეტეხი პალასში დააჯილდოვა. ბიზნესის ეს სექტორი განსაკუთრებულად მოითხოვს გვერდში დგომას და დაფასებას. ათასობით ფერმერი თუ მცირე მეწარმე ჭიანჭველასავით ფუსფუსებს და ქვეყნის ეკონომიკას აშენებს. ვრცელ რეპორტაჟს გთავაზობთ ამ ბიზნეს-ფორუმიდან (გვ.51).
არც მეზობელი რუსეთის პოლიტიკური პერსონალიების ცვლილება დავტოვეთ უყურადღებოდ, რადგან ეს ქვეყანა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია და მნიშვნელოვანია, თუ რა ეკონომიკურ მემკვიდრეობას ჩაიბარებს და როგორ ეკონომიკურ კურსს გაატარებს ამ ქვეყნის ახალი ლიდერი საერთაშორისო ბაზარზე. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ის პუტინის ხაზს გააგრძელებს, მაგრამ ნუ ვიჩქარებთ, ერთი წლის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ საით წავა რუსეთი. პრეზიდენტის სავარძელი ისეთი რამაა, რაც დიამეტრალურად ცვლის ადამიანს და არა მგონია მედვედევი გამონაკლისი იყოს. რუსეთს სხვა გზა არ აქვს, გარდა საქართველოსთან კეთილგანწყობილი ურთიერთობისა. იცვლება მსოფლიო და რუსეთის იმპერიულ ზრახვებს ახდომა არ უწერია. თუ საქართველო უახლოეს ხანებში ევროგაერთიანების წევრი არ გახდება, აუცილებლად იქნება საფრანგეთის უნგრელი პრეზიდენტ სარკოზისა და ანჟელა მერკელის მიერ მოწონებული ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების გაერთიანების წევრი. მართალია, ჩვენ ბარსელონაში ამ ქვეყნების სამიტზე არ მიგვიწვიეს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ შავი ზღვა ხმელთაშუა ზღვის ორგანული ნაწილია და ჩვენც გვაქვს შანსი ახალი გაერთიანების წევრი ვიყოთ ევროგაერთიანებასთან ერთად. თუ რა დაუტოვა პუტინმა მედვედევს ეკონომიკაში, ამის შესახებ გთავაზობთ ჩვენი ჟურნალისტის სპეციალურ მიმოხილვას (გვ.56).
სპეციალურად მოვიწვიეთ ცნობილი ექსპერტები ფარმაცევტული ბიზნესის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის განსახილველად. ეს ურთულესი ბიზნესია, თითოეული წამლის დასანერგად საჭიროა 20 მილიონამდე დოლარი და 5-წლიანი ვადა. ასევე რთულია მისი დისტრიბუცია, მით უმეტეს, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ამ პერიოდში აღორძინდა საექსპორტო ფარმაცევტული წარმოება, მეორეს მხრივ, წამალზე ფასმა საგრძნობლად იმატა. თუ რა ხდება ამ ბაზარზე, ამის შესახებ გთავაზობთ ექსკლუზიურ მიმოხილვას (გვ.38).
მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ნომერში მსოფლიო ბაზრის ტენდენციებს მიუძღვენით და ვფიქრობთ, ეს კანონზომიერია, რადგან ყველა ჩვენგანი და ასევე ბიზნეს-სტრუქტურები, როგორც არასდროს, ისე ვართ მიმართული დასავლეთისაკენ – თუ რა დოზით იქნება რეცესია, ამიტომ გადავწყვიტეთ ამის თაობაზე ვრცელი მასალა და ანალიზი შემოგვეთავაზებინა.
სპეციალური კვლევა მოვამზადეთ საქართველოში ბიზნესის განვითარების ხელისშემშლელ პირობებზე. თებერვალში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამგეობის წევრების შეკრებაზე დაგვესწრო პრემიერ-მინისტრი ბატონი ლადო გურგენიძე და ჩვენ ერთგვარი ანგარიში ჩავაბარეთ გასულ წელს გაწეულ საქმეებთან დაკავშირებით. ამასთან ბიზნესის წარმომადგენლებმა გულღიად ისაუბრეს აქტუალურ პრობლემებზე, მათ შორის ერთ-ერთი იყო ადმინისტრაციულ კოდექსში ჩადებული ჯარიმების თემა, რომელიც აშკარა ლობირების შედეგია და ხელს არ უწყობს ბიზნესის განვითარებას. იმედია, უახლოეს ხანებში კოდექსი, აუცილებლად დაზუსტდება, დაიხვეწება, ყოველ შემთხვევაში პრემიერმა მოგვცა პირობა, რომ განიხილავდა ამ საკითხს. გთავაზობთ წერილს ამ პრობლემაზე, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის (გვ.23).
ამ ნომრის სამეცნიერო ნაწილში მეტად უხვი მასალაა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს თქვენთვის საინტერესო იქნება, რადგან ბევრი მეტად თამამი და საინტერესო მსჯელობებია, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პროფესორ რეზო გველესიანის სტატია განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის, სტრატეგიისა და პრობლემების შესახებ, თამაზ ზუბიაშვილის მიერ გაანალიზებული მოსახლეობის დაბერების პრობლემა და სხვა.
ტრადიციულად გთავაზობთ მსოფლიო და შიდა ბაზრის მიმოხილვას და იმედი გვაქვს, რომ თქვენთვის კვლავ საჭირო ვიქნებით.