საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის შეფასება
ევგენი ბარათაშვილი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ს სრული პროფესორი ჯანდრი ზარანდია. ეკონომიკის დოქტორი, სოხუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კახაბერ ციმინტია. ეკონომიკის დოქტორი, სოხუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
“აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით (გრანტი #GNSF/შთ06/2-067). წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული ნებისმიერი აზრი ეკუთვნით ავტორებს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეხედულებებს”.
ეკონომიკური საქმიანობის გლობალიზაციის პროცესმა გაამწვავა კონკურენცია გასაღების ბაზრებზე, საზღვარგარეთულ ინვესტიციებზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე მსგავსი მახასიათებლების მქონე როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებს შორის. მიუხედავად განვითარების არსებული დონისა, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა არსებული კონკურენტული უპირატესობების საფუძველზე შრომის საერთაშორისო დანაწილებაში ეფექტიანი მონაწილეობით განისაზღვრება. აშკარაა, რომ გლობალიზაციის პროცესი ცალკეული ქვეყნებისთვის მანამდე არნახული შესაძლებლობებისა და პერსპექტივების მატარებელია, თუმცა ამავდროულად იგი სუსტებისთვის იდენტურობის დაკარგვის საფრთხესაც წარმოადგენს. ასეთ პირობებში ცალკეული ქვეყნების წინაშე დგას ამოცანა: განსაზღვრონ მათ წინაშე მდგარი ისტორიული გამოწვევები და საფრთხეები, დროულად უზრუნველყონ განვითარების მისაღები პარამეტრები. ცხადია, რომ სხვა ფაქტორთა გვერდით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული ეკონომიკისა და პროდუქციის კონკურენტუნარიანობის მაღალი დონის უზრუნველყოფას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული ეკონომიკის, ცალკეული რეგიონისა და ფირმის კონკურენტუნარიანობის, მსოფლიო ბაზრის მოთხოვნებისადმი შეთავსებადობის, სოციალურ ორგანიზმზე ნეგატიურად მოქმედი ობიექტურად არსებული შესაძლებლობების პრევენციის, ქვეყნების მიერ სტრატეგიული გარღვევის უზრუნველყოფის შესწავლასა და კონკურენტუნარიანობის მიღწევისა და შენარჩუნების პარადიგმათა ჩამოყალიბებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებაში.
ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა: არსებული მიდგომების ანალიზი. ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და კონკურენტული უპირატესობის მაჩვენებელთა განსაზღვრის მეთოდიკის ჩამოყალიბებისას აქცენტი მათთვის პროგნოზირებადი ხასიათის მინიჭებაზეა გაკეთებული. ამასთანავე, ყველაზე გავრცელებულ მიდგომას წარმოადგენს კონკურენციის კრიტერიუმთა განხილვა ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების განვითარების პოზიტიური შედეგების უზრუნველყოფის მიმართულებით (9. 10). ამ მიდგომის მიხედვით ეკონომიკა მსოფლიოში კონკურენტუნარიანად ითვლება, თუ ეკონომიკური ინსტიტუტები და პოლიტიკა უზრუნველყოფს მდგრად და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის რეიტინგის დანიშნულებად განსაზღვრულია ქვეყნის პერსპექტივების განხილვა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით (10).
მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის იმ განსაკუთრებული ეტაპების (სტადიების) განხილვა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნები თანმიმდევრულად გადიან კონკურენტუნარიანობის ფორმირებისას. მ. პორტერის აზრით, იგი გულისხმობს კონკურენციას წარმოების ფაქტორთა, ინვესტიციების, ინოვაციისა და სიმდიდრის საფუძველზე. ამასთან პირველი სამი უკავშირდება ეკონომიკურ ზრდას, ხოლო მეოთხე, პირიქით – დაცემას (14). ზოგიერთი მეცნიერი აღნიშნულ სტადიებთან ერთად კიდევ ორს – ინფრასტრუქტურულსა და ინფორმაციულს განიხილავს, ამასთან ინფრასტრუქტურული სტადია წარმოდგენილია, როგორც ინოვაციურის წინმსწრები (13).
კონკურენტული უპირატესობის მიღწევის ყველაზე ტიპიურ ნოვაციად ითვლება: ახალი ტექნოლოგიები, მყიდველთა ახალი ან შეცვლილი მოთხოვნა, დარგის ახალი სეგმენტის გამოჩენა, ღირებულებასა და წარმოების კომპონენტთა არსებობის ცვლილება, სახელმწიფო რეგულირების ცვლილება (14).
გარკვეულ დარგებში ქვეყნების საერთაშორისო წარმატებების განხილვისას ფუნდამენტურ მიდგომად ითვლება კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ქვეყნის კონკურენტული წარმატებები დარგის ოთხ მახასიათებელზეა (კონკურენტული უპირატესობის დეტერმინანტებზეა) დამოკიდებული: 1) ფაქტორთა პარამეტრები; 2) მოთხოვნის პარამეტრები; 3) მონათესავე და დამხმარე დარგები; 4) ფირმების სტრატეგია, მათი სტრუქტურა და მეტოქეობა (ეროვნული “რომბი”) (14). ცხადია, რომ მსოფლიო ბაზარზე კონკურენციისას ქვეყნებს წარმატების მიღწევის უფრო დიდი შანსი იმ დარგებშია, რომელშიც კონკურენტული უპირატესობის დეტერმინანტებს უფრო ხელსაყრელი ხასიათი გააჩნიათ. ამასთან, ცალკეული ქვეყნების მიხედვით კონკურენტული უპირატესობების დეტერმინანტთა დახასიათება ქვეყნის მიერ კონკურენტუნარიანობის მიღწევის ტრაექტორიის განსაზღვრის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ასევე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის ფაქტორთა დახასიათება, რომელიც მთავარ (ძირითად) და განვითარებულ ფაქტორებად იყოფა და ფაქტორები, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია კონკურენტული უპირატესობის მიღწევისთვის, ყოველთვის ხელოვნურია, მემკვიდრეობით არ გადმოდის, არამედ ქვეყანაში იქმნება სხვადასხვა პროცესთა ზეგავლენით (14). აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი როლი ენიჭება იმ პროცესთა სტიმულირებას, რომლებიც ხელს უწყობენ კონკურენტული უპირატესობის მიღწევისთვის მნიშვნელოვან ფაქტორთა შექმნას.
ქართულ ეკონომიკურ მეცნიერებაში საქართველოს კონკურენტუნარიანობის, კონკურენტული უპირატესობის დეტერმინანტებისა და ფაქტორების ფორმირების პრობლემები ნაკლებადაა შესწავლილი. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისადმი მიძღვნილ შრომებში კონკურენტუნარიანობის მიღწევა განიხილება არსებული რესურსების ოპტიმალური გამოყენების, მწარმოებლურობის ამაღლების, ფარდობითი უპირატესობების გამოვლენის უმთავრეს პირობად და რეალური კონკურენტუნარიანობის ჩამოყალიბების წინაპირობად ფრიტრედერიზმი განიხილება (6). ასევე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საქართველოს ცალკეული რეგიონების კონკურენტული მახასიათებლების განსაზღვრის, შეფასების მეთოდების ჩამოყალიბებას (1. 3).
ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შეფასების მრავალფეროვან მეთოდიკათა შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა (WEF) და განვითარების მართვის შვეიცარიის საერთაშორისო ინსტიტუტის (IMD) მეთოდიკები. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ქვეყნის კონკურენტუნარიანობის რეიტინგის გათვლა ხორციელდება საერთაშორისო განვითარების ჰარვარდის ინსტიტუტის (CID) მიერ და ყოველწლიურად აისახება “The Global Competitiveness Report”-ში. მას საფუძვლად უდევს ჯ. საქსისა და გ. სტოუნის მიდგომები კონკურენტუნარიანობის გათვლის სფეროში. აღნიშნული რეიტინგის შემუშავებისას გათვალისწინებულია 8 ძირითადი ფაქტორი, რომელთა მდგომარეობაც განსაზღვრავს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს. კონკურენტუნარიანობის თითოეულ კომპლექსურ ფაქტორს გააჩნია ფაქტორული წილი და განისაზღვრება მაჩვენებელთა ჯგუფით: 1. გახსნილობა (13 მაჩვენებელი, წილი 16,7%); 2. სახელმწიფო (22 მაჩვენებელი, წილი 16,7%); 3. ფინანსები (24 მაჩვენებელი, წილი 16,7%); 4. ინფრასტრუქტურა (16 მაჩვენებელი, წილი 11,1%); 5. ტექნოლოგია (23 მაჩვენებელი, წილი 11,1%); 6. მართვა (23 მაჩვენებელი, წილი 5,5%); 7. შრომა (17 მაჩვენებელი, წილი 16,7%); 8. ინსტიტუტები (23 მაჩვენებელი, წილი 5,5%). მთლიანობაში რეიტინგი მოიცავს 161 მაჩვენებელს. “Global Competitiveness Report 2006-2007”-ის მიხედვით ლიდერი სამეული ასე გამოიყურება: შვეიცარია, ფინეთი, შვედეთი. ესტონეთი წარმოდგენილია 25-ე ადგილზე, ლატვია – 36-ზე, ლიტვა – მე-40-ზე, რუსეთის ფედერაცია – 62-ზე, აზერბაიჯანი – 64-ზე, უკრაინა – 78-ზე, სომხეთი – 82-ზე, საქართველო – 85-ზე, მოლდოვა 88-ზე, ტაჯიკეთი – 96-ზე, ყირგიზეთი 107-ზე.
IMD გამოყოფს 314 მაჩვენებელს, მათგან 2/3 წარმოადგენს რაოდენობრივს, 1/3 კი გამოკითხვით მიღებულს. იგი 4 ძირითად ჯგუფად (ეკონომიკის მდგომარეობა, მთავრობის ეფექტიანობა, ბიზნესის ეფექტიანობა და ინფრასტრუქტურა) იყოფა, რომელთაგან თითოეული ხუთ ბლოკს მოიცავს. “IMD ჭორლდ ჩომპეტიტივენესს Yეარბოოკ 2006”-ის მიხედვით, შეფასებული 61 ქვეყნიდან ლიდერობენ აშშ, სინგაპური და ჰონკონგი. ესტონეთი წარმოდგენილია 22-ე ადგილზე, ლიტვა – 31-ზე, რუსეთი – 43-ზე, უკრაინა – 46-ე ადგილზე.
რეგიონული კონკურენტუნარიანობა: არსებული მიდგომების მოკლე მიმოხილვა. რეგიონული კონკურენტუნარიანობა თავისი არსით განსაზღვრული პოლიტიკურ-ეკონომიკური საზღვრების მქონე ტერიტორიული ერთეულის კონკურენტუნარიანობაა, რომელიც აღნიშნულის განსხვავებას აფიქსირებს სხვადასხვა ორგანიზაციული სტრუქტურების კონკურენტუნარიანობასთან შედარებით.
ცალკეული ქვეყნის მიდგომა კონკურენტუნარიანობის მიმართ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მეთოდებსა და საშუალებებს იყენებს ესა თუ ის ქვეყანა ახალ პირობებში რისკის შემცირებისა და არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების დროს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად შეესაბამება მიღებული ეკონომიკური შედეგი ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პოტენციალს.
თანამედროვე პირობებში საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის დროს ტრადიციული მეთოდების გამოყენება საკმარისი არ არის, რადგან იზრდება მსხვილმასშტაბიანი კვლევების რაოდენობა. თავის მხრივ, კვლევის შედეგებით მიღებული ეროვნული კონკურენტუნარიანობის დეტერმინანტები იწვევენ შიგა და გარე სახელმწიფო პოლიტიკის ცალკეული მიმართულებების (განათლება, მეცნიერება და ტექნოლოგიები, სამრეწველო პოლიტიკა, საგარეო ვაჭრობა და საგარეო პოლიტიკური საქმიანობა, რეგიონული პოლიტიკა) კორექტირების აუცილებლობას.
რეგიონის, როგორც მნიშვნელოვანი ტერიტორიულ-ეკონომიკური სუბიექტის კონკურენტუნარიანობის შეფასება საშუალებას იძლევა გამოვლენილ იქნას რეგიონისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური პირობები, განსაზღვრულ იქნას რეგიონის უნარი გამოავლინოს, შექმნას, გამოიყენოს და შეინარჩუნოს კონკურენტული უპირატესობანი.
კონკურენტუნარიანობის შეფასების ამჟამად არსებულ მეთოდიკათა უმრავლესობა გათვალისწინებულია მთლიანად ქვეყნის მასშტაბზე, ხოლო რეგიონის კონკურენტუნარიანობის კვლევისადმი ორი ძირითადი მიდგომა დომინირებს: I. რეგიონს განიხილავენ, როგორც ფირმის კონკურენტუნარიანობაზე ზემოქმედ გარემოს; II. განიხილება თვით რეგიონის, როგორც კონკურენციის სუბიექტის კონკურენტუნარიანობა.
კონკურენტუნარიანობის მეთოდიკის ჩამოყალიბებისას აქცენტი მისთვის პროგნოზირებადი ხასიათის მინიჭებაზეა გაკეთებული. ამასთანავე ყველაზე გავრცელებულ მიდგომას წარმოადგენს კონკურენციის კრიტერიუმთა განხილვა საზოგადოების პროგრესის უზრუნველყოფის მიმართულებით მთლიანად ქვეყნის მასშტაბით (7. 11). რაც შეეხება რეგიონს, იგი განხილულია როგორც ფირმათა კონკურენციის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანი გარემო. მაგალითად, პორტერის რომბში რეგიონი წარმოდგენილია ადგილობრივი პირობების ერთობლიობით, რომელთა შორის მნიშვნელოვანია: მომთხოვნი მომხმარებლები, ძლიერი კონკურენტები, რესურსების ძლიერი მიმწოდებლები და მძლავრი დამხმარე დარგების კომპლექსი (“სამრეწველო კლასტერი”) (14).
პოსტსოციალისტური ქვეყნების ეკონომიკურ ლიტერატურაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი ეკუთვნის რეგიონების, როგორც ფირმის კონკურენტუნარიანობაზე ზემოქმედი გარემოს განხილვას და ამ მიმართულებით მისი ბუნებრივ-რესურსული, სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პირობების ანალიზს. რიგ შრომებში ასევეა ჩამოყალიბებული რეგიონის კონკურენტუნარიანობის შეფასების ცალკეული ასპექტები (16. 17).
საქართველოს სინამდვილეში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონის, როგორც ფირმის კონკურენტუნარიანობაზე ზემოქმედი გარემოს წარმოდგენას და ამ თვალსაზრისით რეგიონის რესურსული პოტენციალის, რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარების, რეგიონის ეკონომიკის განვითარების რაციონალური მიმართულებების განხილვის საკითხებს (2. 4. 5.). რაც შეეხება თვით რეგიონის კონკურენტუნარიანობას, ამ საკითხისადმი მიძღვნილ შრომებში ქართველი ავტორები ერთიან მიდგომას გამოხატავენ და მისი კვლევისას გლობალიზაციის პროცესის მიზეზებისა და მამოძრავებელი ძალების ანალიზს, ტერიტორიულ ერთეულებთან მიმართებაში კონკურენტუნარიანობის არსის განსაზღვრას, რეგიონული კონკურენტუნარიანობის შესწავლის სხვადასხვა მეთოდებისა და მიდგომების შეჯერებას, კლასტერების კონცენტრაციის თეორიული საფუძვლების შემუშავებასა და რეგიონის კონკურენტუნარიანობაში მათი როლის განსაზღვრას ეყრდნობიან. ამასთანავე, ცდილობენ რეგიონის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების საფუძველზე შეაფასონ რეგიონების კონკურენტუნარიანობა (3).
რეგიონების კონკურენტუნარიანობის შეფასების არსებული მეთოდების ანალიზისა და მოდიფიცირების საფუძველზე ჩვენს მიერ შემუშავებულ იქნა რეგიონული კონკურენტუნარიანობის გამოთვლის მეთოდიკა. მეთოდიკის შემუშავებისას აქცენტი გაკეთდა კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლებისთვის რაოდენობრივი ხასიათის მინიჭებასა და გათვლისთვის საჭირო მონაცემების ოფიციალურ სტატისტიკაში არსებობაზე. საბოლოოდ რეგიონების კონკურენტუნარიანობის შეფასების მეთოდიკა შემდეგი სახით იქნა ჩამოყალიბებული;
რეგიონული კონკურენტუნარიანობის გამოთვლის მეთოდიკა. იგი გულისხმობს მაჩვენებლების შერჩევის, მონაცემთა შეგროვების, მონაცემთა შკალირების და კომპლექსური ინდექსის საფუძველზე რეგიონის კონკურენტუნარიანობის შეფასების ეტაპებს;
მაჩვენებლების შერჩევა. მისი მიზანია წარმოდგენილ იქნას მაჩვენებლები, რომლებიც ყველაზე სრულად ახასიათებენ რეგიონის კონკურენტუნარიანობაზე მოქმედ ფაქტორებს, სისტემატიზებულ იქნას ამ მიმართულებით არსებული მეთოდოლოგიური მიდგომები.;
მონაცემთა შეგროვება. იგი გულისხმობს რეგიონების მიხედვით იმ მონაცემთა ბაზის შექმნას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება კონკურენტუნარიანობაზე მოქმედი ფაქტორების რაოდენობრივი შეფასება. აგრეთვე იმ მაჩვენებელთა გათვლა, რომელიც არ არის ოფიციალურ სტატისტიკაში;
მონაცემთა შკალირება. იგი მოიცავს თითოეული ფაქტორისადმი შესაბამისი ბალების მიკუთვნებას და ამ პროცესში ზომის სხვადასხვა ერთეულებში წარმოდგენილი მაჩვენებლების ზომის ერთიან ერთეულში გადაყვანას (0-1 ინტერვალში). იგი ხორციელდება კონკრეტული რეგიონის მაჩვენებლისა და რეგიონებს შორის მინიმალური მაჩვენებლის სხვაობასთან რეგიონებში ამავე მაჩვენებლების მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობების სხვაობის შეფარდებით.
(1)
ან (2)
მიღებული შერჩევა წარმოადგენს ყველა რეგიონისთვის თითოეული არჩეული მაჩვენებლის მიხედვით მიკროინდექსთა ერთობას, რომელთა მნიშვნელობა 0-სა და 1-ს შორისაა. ამ დროს 1 საუკეთესო მაჩვენებელია, 0 – ყველაზე უარესი;
რეგიონის კონკურენტუნარიანობის ინდექსის გამოთვლა. საშედეგო ინდექსი მიკროინდექსთა საშუალო არითმეტიკულის სახითაა წარმოდგენილი, ასევე შესაძლებელია მას მიეცეს უკვე გათვლილი მიკროინდექსების შეწონილი საშუალოს სახე. ამ შემთხვევაში რეგიონის კონკურენტუნარიანობის ინდექსი შემდეგი ფორმულით გამოითვლება:
(3).
რეგიონის კონკურენტუნარიანობის შეფასებისთვის ჩვენს მიერ შემდეგი მაჩვენებლები იქნა წარმოდგენილი: 1) რეგიონის კონკურეტული უპირატესობის მაჩვენებლები;
ვ რეგიონის ფაქტორული (რესურსული) უპირატესობა;
ვ რეგიონის ინვესტიციური უპირატესობა;
ვ რეგიონის ინფრასტრუქტურული უპირატესობა;
ვ რეგიონის ინოვაციური უპირატესობა;
ვ რეგიონის ინფორმაციული უპირატესობა;
ვ რეგიონის ინსტიტუციური უპირატესობა;
ვ რეგიონის დარგობრივი სტრუქტურის პროგრესულობა.
2) რეგიონის კონკურენტუნარიანობის საშედეგო მაჩვენებლები;
ვ მთლიანი რეგიონული პროდუქტის მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე;
ვ მთლიან რეგიონულ პროდუქტში ექსპორტის წილი;
ვ მთლიანი რეგიონული პროდუქტის ზრდის ტემპი.
რეგიონის ფაქტორული უპირატესობის შეფასებისთვის გამოყენებულ იქნა შემდეგი მაჩვენებლები: შრომის ნაყოფიერება, რეგიონის შეფარდებითი უპირატესობა, ძირითადი ფონდების უკუგება.
შრომის ნაყოფიერების ინდექსის გამოთვლისთვის თითოეულ რეგიონში განხორციელდა შრომის ნაყოფიერების გათვლა 4 დარგისთვის (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და მომსახურება). ამ დროს შრომის ნაყოფიერება გათვლილ იქნა, როგორც კონკრეტულ დარგში დეკლარირებული საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქციის ღირებულება გაყოფილი ამავე საწარმოებში დასაქმებულთა რიცხვზე. შემდგომ (1) ფორმულით თითოეულ დარგში განისაზღვრა შრომის ნაყოფიერების მიკროინდექსები. რადგან რეგიონებში დასაქმების დონეები განსხვავებულია, აუცილებელია თითოეულ დარგში დასაქმებულთა წილის მიხედვით მიკროინდექსთა კორექტირება. შრომის ნაყოფიერების საშედეგო ინდექსი გამოითვლება 4-ვე დარგის მიკროინდექსთა საშუალო არითმეტიკულით, შეწონილი რეგიონების თითოეულ დარგში დასაქმებულთა რიცხვთან.
რეგიონის შეფარდებითი უპირატესობის მაჩვენებლად წარმოდგენილია წარმოებულ პროდუქციაში შრომის ანაზღაურების ტევადობა (დარგში საშუალო შრომის ანაზღაურება X დარგში დასაქმებულთა რიცხვზე : დარგში გამოშვებული პროდუქციის ღირებულებაზე) და ამ შემთხვევაშიაც აღებულ იქნა მხოლოდ დეკლარირებული საწარმოების მონაცემები. იგი შრომის ნაყოფიერების ინდექსის ანალოგიურად გაითვლება 4 დარგში. რადგანაც რაც უფრო მეტია შრომის ანაზღაურების ტევადობის მაჩვენებელი, მით ნაკლებია შეფარდებითი უპირატესობა, ამ ინდექსის გათვლისთვის (2) ფორმულა გამოიყენება.
ძირითადი ფონდების უკუგების ინდექსი რეგიონის მოსახლეობის ერთ სულზე ძირითადი ფონდების მოცულობას ახასიათებს და (1) ფორმულით გაითვლება.
რეგიონის ინვესტიციური უპირატესობის მაჩვენებლად რეგიონის მოსახლეობის ერთ სულზე ინვესტიციების მოცულობა იქნა გამოყენებული და მისი ინდექსი ანალოგიურად (1) ფორმულით იქნა გათვლილი.
რეგიონის ინფრასტრუქტურული უპირატესობის მაჩვენებლად გამოყენებულ იქნა საავტომობილო გზების (საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის) სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე, წარმოდგენილი როგორც ინდექსი (1) ფორმულის საშუალებით.
რეგიონის ინოვაციური უპირატესობის შეფასებაც ანალოგიურად მოხდა, მაჩვენებლად კი რეგიონში კვლევებისა და დამუშავებების სფეროში დასაქმებულთა ხვედრითი წილი იქნა გამოყენებული.
რეგიონის ინფორმაციული უპირატესობის მაჩვენებელიც ანალოგიურად იქნა გათვლილი და მის რანგში გამოყენებულია რეგიონში მთლიანად დასაქმებულებში ინფორმაციის დამუშავების სფეროში დასაქმებულთა ხვედრითი წილი.
რეგიონის ინსტიტუციური უპირატესობის მაჩვენებლად აღებულია: რეგიონში საბაზრო ინსტიტუტების განვითარება ( ყოველ 100 000 მოსახლეზე მცირე საწარმოთა რიცხოვნობა); რეგიონის მთავრობის პოზიცია რეგიონთაშორის კონკურენციაში (რეგიონის ბიუჯეტის შემოსავლების დონე ერთ სულზე). უკვე წარმოდგენილი მეთოდით მოხდა თითოეულის მიხედვით ინდექსების გათვლა.
რეგიონის კონკურენტული უპირატესობის საშედეგო მაჩვენებლების ( მთლიანი რეგიონული პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე, მთლიან რეგიონულ პროდუქტში ექსპორტის წილი, მთლიანი რეგიონული პროდუქტის ზრდის ტემპი) ინდექსების გათვლაც ანალოგიურად განხორციელდა.
საბოლოოდ ცალკეული რეგიონის კონკურენტუნარიანობის საშედეგო ინდექსის გათვლა მოხდა ყველა 12-ვე კერძო ინდექსის საშუალო არითმეტიკულის სახით.
საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ანალიზი. წარმოდგენილი მეთოდიკით განხორციელებულმა გათვლებმა 2005 წლისთვის კონკურენტუნარიანობის ინდექსების მიხედვით საქართველოს რეგიონების შემდეგი რანჟირება მოგვცა: ქ. თბილისი – 0.78; აჭარის ავტონომიკური რესპუბლიკა – 0,39; კახეთის მხარე – 0,37; ქვემო ქართლის მხარე – 0,36; სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე- 0,33; გურიის მხარე – 0,32; მცხეთა-მთიანეთის მხარე – 0,31; შიდა ქართლის მხარე – 0,26; იმერეთის მხარე – 0,25; სამცხე-ჯავახეთის მხარე – 0,20; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე – 0,14.1 ამ პერიოდისათვის ლიდერის (ქ. თბილისი) და შემდგომ პოზიციებზე მყოფი რეგიონების კონკურენტუნარიანობის ინდექსთა მკვეთრი განსხვავებულობა მიუთითებს ქ. თბილისსა და
დანარჩენ რეგიონებს შორის არსებულ მკვეთრ დისპროპორციებზე როგორც ცხოვრების დონეში, ისევე იმ ეკონომიკურ პარამეტრებში, რომლებიც განსაზღვრავენ მოსახლეობის ცხოვრების დონესა და ხარისხს.
როგორც მოსალოდნელი იყო, რეგიონის საშედეგო ინდექსის შემადგენელ უმრავლეს მაჩვენებლებში (გარდა მოსახლეობის ერთ სულზე მრპ-ის მოცულობის და მრპ-ის ზრდის ტემპის ინდექსებისა) ქ. თბილისი ლიდერობს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საანალიზო პერიოდისთვის ცალკეული რეგიონების მიხედვით უკიდურესად ნეგატიური მაჩვენებლებითაა წარმოდგენილი რეგიონების ინოვაციური, ინფორმაციული, ინფრასტრუქტურული და ინსტიტუციური უპირატესობის ინდექსები, რაც რეალობას ადეკვატურად ახასიათებს და უჩვენებს საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებისადმი რეგიონების ეკონომიკის ინოვაციურ, ინფორმაციულ, ინფრასტრუქტურულ და ინსტიტუციურ შეუთავსებლობას.
ამავდროულად აღსანიშნავია, რომ მიღებული კონკურენტუნარიანობის ინდექსები რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის არსებულ მნიშვნელოვან რეზერვებზეც მიუთითებს და გვიჩვენებს ეროვნულ ეკონომიკაში არსებულ მაღალ პოტენციალსა და განვითარების ძირითად ვექტორზე: ინოვაციების, ინფორმაციის, ინფრასტრუქტურის სფეროში არსებით პერმუტაციასა და ინსტიტუციური ცვლილებების აუცილებლობაზე მცირე ბიზნესის განვითარების, საშუალო ფენის ფორმირებისა და ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის ოპტიმიზაციის მიმართულებით.