საბანკო სექტორი საქართველოში
რედაქციისაგან
უკვე ზედიზედ მესამე წელია საბანკო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ლიდერ დარგად ჩამოყალიბდა. ამ ხნის მანძილზე საბანკო სექტორის აქტივების საშუალო ზრდის ტემპი 60 პროცენტს აღემატება, ხოლო დეპოზიტებისა – ბოლო ორი წლის განმავლობაში 55 პროცენტია, რაც საზოგადოების მხრიდან საბანკო სექტორისადმი ნდობის ამაღლებაზე მიუთითებს. ასეთი მაღალი ზრდის შედეგად საბანკო აქტივების წილმა მშპ-თან მიმართებაში 2007 წლის ბოლოს 43 პროცენტს მიაღწია და მოსალოდნელია, რომ 2009 წლის ბოლოს იგი 60 პროცენტს გადააჭარბებს, რითაც საქართველო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეს მიუახლოვდება.
საქართველოს საბანკო სექტორში დინამიკური ზრდა 2007 წელსაც გაგრძელდა და მხოლოდ 2007 წელს 1.9 მლრდ ლარის მოცულობის ახალი სესხები იქნა გაცემული. წლის ბოლოსათვის საბანკო სექტორის მთლიანმა აქტივებმა 7.2 მლრდ ლარს მიაღწია, რაც უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში. რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდასთან ერთად საბანკო სექტორი ხარისხობრივადაც საგრძნობლად განვითარდა და დღეს საქართველოში, პრაქტიკულად ყველა სახის საბანკო მომსახურებაა შესაძლებელი. ამჟამად ქვეყანაში ფუნქციონერებს ისეთი კომერციული ბანკები, რომელთაც მაღალი რეპუტაცია და ნდობა აქვთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო არენაზეც. საბანკო სექტორი, როგორც უმთავრესი საფინანსო შუამავალი საქართველოში, უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების საქმეში განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა.
2007 წელს ეკონომიკაზე გაცემული სესხები 76.2 პროცენტით გაიზარდა და 4.6 მლრდ ლარი შეადგენდა, რაც მშპ-ის 27 პროცენტია. განსაკუთრებით გაიზარდა დაკრედიტება (113 პროცენტი) ეროვნული ვალუტით. დეპოზიტები ეროვნული ვალუტით ასევე წინმსწრები ტემპით იზრდებოდა, რის შედეგადაც დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 2007 წლის განმავლობაში 69.2 პროცენტიდან 65.1 პროცენტამდე შემცირდა, რაც საქართველოს მოსახლეობის მხრიდან ლარში დანაზოგების გაკეთების გაზრდილ სურვილზე მიუთითებს.
აღსანიშნავია, რომ ქართული საბანკო სექტორისათვის კვლავაც დამახასიათებელია მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები. მთლიანად დარგის მიერ მიღებულმა წმინდა მოგებამ 2007 წელს 126 მლნ ლარი შეადგინა. წინა წლების მსგავსად, აქტივებსა და კაპიტალზე უკუგების მაჩვენებლები კვლავაც მაღალი რჩება, რაც ქართულ საბანკო სექტორს უცხოური ბანკებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
საბანკო მომსახურება სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება მოსახლეობის ფართო ფენებისათვის, რაზეც მეტყველებს 2007 წლის განმავლობაში 120 ერთეულით გაზრდილი ფილიალებისა და სერვის-ცენტრების, ასევე გაორმაგებული ბანკომატებისა (321-დან 662-მდე) და 60 პროცენტით გაზრდილი პლასტიკური ბარათების რაოდენობა, რის შედეგადაც ყოველ 100 ათას ადამიანზე 12 საბანკო ფილიალი და 15 ბანკომატი მოდის და საშუალოდ ყოველი ხუთი ადამიანიდან ორს პლასტიკური ბარათი აქვს.
საბანკო სექტორის ასეთ სწრაფ განვითარებას უმთავრესად გაზრდილმა კონკურენციამ და უცხოური ინვესტიციების შემოსვლამ შეუწყო ხელი. მხოლოდ 2007 წლის განმავლობაში ქართულ საბანკო სექტორში ხუთი ახალი ბანკი შემოვიდა და პირველი სამი კვარტალის მონაცემებით, საბანკო სექტორში განხორციელდა 118 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.