იმერეთსა და ქალაქ ქუთაისში საინვესტიციო, საბანკო საქმიანობის მიმოხილვა (2007 წლის შედეგები)
რეზო რობაქიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალის მმართველი
2007 წელი იმერეთის მხარეში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოსა და კერძო ბიზნეს-სტრუქტურების მიერ განხორციელებული საინვესტიციო პროგრამების თვალსაზრისით. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა რეგიონში 82,5 მილიონი ლარი შეადგინა. საბიუჯეტო ხარჯების 47,5% მხარის ქალაქებსა და რაიონებში ინფრასტრუქტურის, კერძოდ, საკომუნიკაციო სისტემების მოწესრიგებას მოხმარდა და ამისათვის სულ 43,2 მილიონი ლარი დაიხარჯა.
2007 წელს მხარის ნაერთ ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 50,8 მილიონი ლარი. საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის ტემპმა, წინა წელთან შედარებით, 133% შეადგინა, რაც რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგია.
აღსანიშნავია ქუთაისში 2007 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, შვეციის განვითარების ფონდისა და მილენიუმის პროგრამის დაფინანსებით ქალაქის წყალსადენის რეაბილიტაციის პროგრამის დაწყება, რაზედაც დაიხარჯა 1,65 მილიონი ლარი, დამატებით 2008-2009 წლებში ამ პროგრამაზე 29 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაც ასეულობით ადამიანის დასაქმების წინაპირობაა.
2007 წლის მეორე ნახევარში ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან დაიწყო ქუთაისის ისტორიული ზონის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი 2008 წლის მაისის თვისთვის დასრულდება. გათვალისწინებულია ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე თეთრი ხიდის, კლასიკური და წმინდა ნინოს გიმნაზიების რესტავრაცია,თეთრი ხიდიდან რუსთაველის ხიდამდე ფეხით სავალი სანაპიროს მოწყობა (რაც აქამდე არ არსებობდა), 120-ნომრიანი სასტუმრო ქუთაისის” რეკონსტრუქცია და სამი ახალი სასტუმროს აგება, დანგრეული კინოთეატრ რადიუმის” საუკუნოვანი შენობის პირვანდელი ისტორიული პროექტით აღდგენა, მის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე არქიტექტურული პროექტების მიხედვით საოფისე, სამუზეუმო შენობებისა და თანამედროვე ტიპის ლუდსახარში წარმოების აგება თავისი ღია და დახურული კვების ობიექტებით. რეკონსტრუქცია პირველ ეტაპზე შეეხება ტერიტორიას, რომლის ფართი 6,7 ჰექტარს შეადგენს. ყველა შენობა მოპირკეთდება ეკლარის ქვით, რომელიც ქუთაისის მახლობლად მოიპოვება, ხოლო სავალ გზებზე დაიგება ადგილობრივი ქვის საწარმოებში წარმოებული ფილები. მარტო სახელმწიფოს მხრიდან პროექტის პირველ ეტაპზე 15 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო კერძო ინვესტიციები ათეულობით მილიონი ლარით განისაზღვრება.
2007 წელს იმერეთის მხარის ქალაქებსა და რაიონებში ძირითადად შემდეგი ინვესტიციები განახორციელეს:
ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზმა” 16.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით აამოქმედა “ჭიათურმანგანუმის” ძირითადი წარმოება.
ზესტაფონში ამავე კომპანიის მიერ 80 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით ფეროშენადნობ ქარხანაში 2500 კაცი დასაქმდა. პირველად ამოქმედდა ცნობილი საქკაბელის ქარხანა, სადაც 150 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. შ.პ.ს. ეკომეტალმა” 582 ათასი აშშ დოლარის ინვესტიციით დამატებით 50 კაცი დაასაქმა.
ტყიბულში შპს საქინვესტმა” აღადგინა და დაიწყო ქვანახშირის მოპოვება-რეალიზაცია, რისთვისაც 8,8 მილიონი ლარი დაიხარჯა, საქართველოს რკინიგზამ” ტყიბული-ქუთაისის სარკინიგზო ქსელის რეაბილიტაციისათვის 3,6 მილიონი ლარის სამუშაოები ჩაატარა.
თერჯოლის რაიონში ჰაიდელბერგ ცემენტმა” განახორციელა 28 მილიონი დოლარის ინვესტიცია. შპს. გამმა-ვუდის” საავეჯე მასალის წარმოებაში 1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. რაიონში ამუშავდა ყველისა და სულუგუნის დამამზადებელი საწარმო, სადაც 50 კაცი დასაქმდა.
ქ. ქუთაისში სასტუმროების, სავაჭრო და ბიზნეს-ცენტრების მშენებლობაზე 16 მილიონი ლარი დაიხარჯა, ბინათმშენებლობაში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საავტომობილო ქარხანაში 4 მილიონი ლარის ინვესტიციით დამატებით 100 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
საჩხერის რაიონში ამუშავდა თანამედროვე ტიპის გადასახურავი მასალებისა და მეტალოპლასტმასის მცირე საწარმო.
ხარაგაულის რაიონში 200 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ბაღდათის რაიონში სავაჭრო მომსახურების სახლის განახლებაზე 120 ათასი ლარის სამუშაოები შესრულდა.
ხონის რაიონში დადიანისეული ტყე-პარკისა და სამხედრო ბაზის გაფართოებაზე დამატებით 200 ათასი ლარი გამოიყო. ამუშავდა 2 ახალი ავეჯის დეტალების მწარმოებელი მცირე საწარმო.
ვანის ცენტრში ფასადების მოწესრიგებასა და არქეოლოგიური კომპლექსის მოწყობაზე 150 ათასი ლარის სამუშაოები ჩატარდა. ამუშავდა პურისა და ლიმონათის ორი მცირე საწარმო.
სამტრედიაში დაიწყო ყოფილი ნავთობბაზისა და ხის დამამუშავებელი კომბინატის განახლების პროექტების განხორციელება. ამუშავდა ძეხვისა და ლიმონათის მცირე საწარმოები.
2007 წელს კერძო ბიზნესმა ძალიან აქტიურად დაიწყო წყალტუბოს საინვესტიციო პოტენციალის ათვისება. სასათბურე მეურნეობის აღსადგენად, მწვანილისა და ბოსტნეულის დაფასოებისთვის 1,6 მილიონი ლარი დაიხარჯა. წყალტუბოს რაიონის სოფელ რიონში კერძო ინვესტორმა დაიწყო ჩაის მინი-ფაბრიკის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს. 2007 წელს დაიწყო კერძო ინვესტორების მიერ სასტუმროების ოაზისის”, რიონის”, სამკურნალო აბაზანის, დასასვენებელი და გასართობი კომპლექსების მშენებლობა, რაც მიმდინარე წელს დასრულდება და ამისთვის 13.760 მილიონი ლარი დაიხარჯება. წყალტუბოს რაიონში ასფალტ-ბეტონის ქარხნის განახლებაზე 70 ათასი ლარი დაიხარჯა.
იმერეთის მხარის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ინვესტორების პარალელურად რეგიონის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი აქტიურობით საბანკო სექტორი გამოირჩეოდა.
დაკრედიტება და ახალი საბანკო პროდუქტები
2007 წლის მანძილზე იმერეთში მოქმედი კომერციული ბანკების ფილიალებისა და სერვის-ცენტრების (“საქართველოს ბანკი”, “თი-ბი-სი” ბანკი, “პროკრედიტბანკი”, “სახალხო ბანკი”, ბანკი “ქართუ”, “ვი-თი-ბი”, “სტანდარტბანკი” ტაოპრივატბანკი” და ბანკი “რესპუბლიკა”) მიერ ეკონომიკისთვის გაცემულმა სესხებმა 191,176 მლნ ლარი შეადგინა, რაც 59,38%-ით აღემატება 2006 წელს გაცემული კრედიტების მოცულობას (119,95 მლნ. ლარი) (იხ გრაფიკი N1). ამ მონაცემებით რეგიონს ქვეყნის მასშტაბით 2007 წელს გაცემულ მთლიან საბანკო სესხებში დაახლოებით 6,26%-იანი სეგმენტი უკავია. ამასთან იმერეთში ერთ სულ მოსახლეზე 2007 წელს საშუალოდ გაცემულია 382,35 ლარი, მაშინ როცა 2006 წელს გაცემული იყო 240 ლარი. ქუთაისში ეს მაჩვენებელი 711 ლარს შეადგენს, 2006 წელს ქუთაისში ერთ სულ მოსახლეზე 515 ლარის საბანკო სესხი გაიცა.
სესხების ზრდის პარალელურად უმჯობესდებოდა დაკრედიტების პირობები და ახალი საბანკო პროდუქტების დანერგვა. “თი-ბი-სი” ბანკის ქუთაისის ფილიალში დაინერგა საცალო გაყიდვებისა და მოქნილი საპროცენტო განაკვეთის იპოთეკური კრედიტები, სამომხმარებლო სესხი – “ბიზნესის განვითარებისთვის”. აღსანიშნავია ბანკი რესპუბლიკას” ქუთაისის ფილიალის წარმატებული შემოსვლა რეგიონის საკრედიტო ბაზარზე, სულ რაღაც 8-თვიანი საქმიანობით ეს ფილიალი თავისი საკრედიტო პორტფელით რეგიონის საბანკო დაწესებულებებს შორის ლიდერთა ოთხეულში აღმოჩნდა. გასული წლის ბოლოს მრავალი ახალი საბანკო პროდუქტი დანერგა სახალხო ბანკმა იმერეთის რეგიონში, მათ შორის, “სახალხო კრედიტისა” და ექსპრეს სესხის” სახით, რომლის გაცემა ერთ დღეში ხდება; აღსანიშნავია ექსპრეს განვადების” და სახელფასო სესხების პროგრამების დანერგვა, რომელიც პირველად გაიცა თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათის, ხარაგაულის, ვანის რაიონებში, რის შედეგადაც პარალელურად მოხდა მილიონობით გაცემული სესხების ხარჯზე შიდა მოხმარების ზრდა.
აღსანიშნავია, რომ 2007 წელს ქუთაისის გარდა იმერეთის დანარჩენ თერთმეტ რაიონსა და ქალაქში ბანკებმა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაცემული სესხების მოცულობა თითქმის 3-ჯერ გაზარდა და მან 36,4 მილიონ ლარს მიაღწია.
რეგიონში საკრედიტო რესურსების ძირითადი ნაკადები მიმართულია ვაჭრობა-მომსახურებისა და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე, რამაც შესაბამისად მთლიანი სესხების 33% (62,8 მლნ. ლარი) და 49,4% (94,3 მლნ. ლარი) შეადგინა (იხ. გრაფიკი N2).
მრეწველობაში 2006 წელს გაიცა 3,11 მლნ ლარი კრედიტი, 2007 წელს კი – 6 მლნ ლარი (გაიზარდა 93%-ით).
მრეწველობაში 2007 წელს ძირითადად დაკრედიტდა:
იმერეთში მოქმედი ქვის გადამამუშავებელი მცირე საწარმოები;
საავტომობილო გზებსა და ტროტუარებზე დასაგები სპეციალური ფილების მწარმოებელი საწარმოები;
კვების მრეწველობის ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი ინდმეწარმეები;
მცირე სამკერვალო, საავეჯო და ფეხსაცმლის მწარმოებელი ინდმეწარმეები;
ბოსტნეულისა და მწვანილის დამამზადებელი მცირე საწარმოები;
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი ფერმერები;
პურისა და ლიმონათის მცირე საწარმოები.
სოფლის მეურნეობის სექტორი
დაკრედიტების მხრივ ჯერ კიდევ აუთვისებელი და დიდი რეზერვებია სოფლის მეურნეობაში. ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალი ეკონომიკური მონიტორინგის პროექტის ფარგლებში რეგულარულად ახდენს დაკვირვებას მწვანილის ბიზნესში არსებულ სიტუაციაზე. მარტო წყალტუბოს რაიონის სოფლებში (გეგუთი, პატრიგეთი, ტყაჩირი, ოფშკვითი, მუხიანი, ქვიტირი, მესხეთი, ფარცხანაყანები) მწვანილის ინდუსტრია, სადაც 5500 მცირე და საშუალო ფერმერს 25000 ტონამდე მწვანილი მოჰყავს, 25-30 მილიონი აშშ დოლარის საექსპორტო პროდუქციას ქმნის. მიუხედავად რუსეთის ბლოკადის და 2006 წელს ბრუნვის გარკვეული შემცირებისა, 2007 წელს მეწარმეებმა მონახეს პროდუქციის გასაღების ახალი ბაზრები ბელორუსიაში, უკრაინასა და პოლონეთში. მარტო უკრაინაში ქართულმა მწვანილმა ბაზრის 70% დაიკავა. ამ სოფლებში უკვე მოქმედებს მწვანილის მიმღები და შესაფუთი რამდენიმე ცენტრი. მაგალითად წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მოქმედებს პუნქტი “ქართული მწვანილი”, რომელმაც მოსახლეობისგან 2007 წლის სეზონზე 1400 ტონა მწვანილი ჩაიბარა, ხოლო რუსული ემბარგოს შესუსტების შემთხვევაში ამ სოფლებში წარმოებული ბოსტნეულის საექსპორტო პოტენციალი წლიურად მინიმუმ 50 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ამ სოფლებში მცირეა მოსახლეობის მიგრაცია, უფრო მეტიც: ეს სოფლები ასეულობით ადამიანს ტყიბულის, ხარაგაულის, ჭიათურისა და ხონის რაიონებიდან აძლევს სამუშაოს სასათბურე მეურნეობებში. სოფლებში გაჩნდა კერძო სასტუმროები, სადაც სხვა რაიონებიდან სამუშაოდ ჩამოსულები ცხოვრობენ. ჩვენი დაკვირვებით, მწვანილის ბიზნესში ჩართული ერთი ოჯახის წლიურმა შემოსავალმა შეიძლება 40-50 ათასი ლარი შეადგინოს. რეალურად ჩამოთვლილ სოფლებში ყალიბდება ახალი, თანამედრივე ტიპის ფერმერები, რომელსაც ხვალ აგროკრედიტების გარდა სხვა მოთხოვნილებაც (ავტო და იპოთეკური სესხების) გაუჩნდება. საინტერესოა რომ ამ სექტორით დღემდე მხოლოდ ერთი-ორი ბანკი თუ დაინტერესდა. ჩამოთვლილ სოფლებში, სადაც 15 ათასი კაცი ცხოვრობს და რომლებსაც მარტო გზავნილობების სახით (საკუთარი პროდუქციის ექსპორტიდან) მილიონობით აშშ დოლარი ერიცხებათ, ერთი საბანკო სერვის-ცენტრიც არ ფუნქციონირებს. მათ ტრანზაქციების, ბანკომატებიდან თანხების ასაღებად წასვლა ქუთაისში, წყალტუბოსა და სამტრედიაში უწევთ. ვფიქრობთ, გაზრდილი საბანკო მომსახურების მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად ბანკებმა უნდა იზრუნონ, კერძოდ, ქუთაისის გარშემო მდებარე სოფლებში გახსნან სერვის-ცენტრები.
2007 წელს გრძელვადიანი სესხების მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 78,3%-ით გაიზარდა და 102 მილიონ ლარს მიაღწია. მისი წილი მთლიან სესხებში 53%-ს შეადგენს. რაც შეეხება სესხების სავალუტო სტრუქტურას, ეროვნულ ვალუტაში გაიცა 84,74 მილიონი ლარის სესხი, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 106,4 მილიონი ლარის, ანუ მთლიანი სესხების 56% (იხ. გრაფიკი N3).
გზავნილობები და დეპოზიტები
საბანკო საქმიანობის მდგრადი განვითარების მაჩვენებელია რეგიონში მოქმედი კომერციული ბანკების ფილიალებში მთლიანი დეპოზიტების რაოდენობის ზრდა. 2007 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, მათი მოცულობა 2006 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 71%-ით გაიზარდა და 86,33 მლნ. ლარი შეადგინა. ერთ სულ მოსახლეზე იმერეთში საშუალოდ დეპოზიტებმა 173 ლარი შეადგინა, ხოლო ქუთაისში – 439 ლარი. 2007 წელს 144%-ით გაიზარდა დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში. ამის შედეგად შემცირდა დოლარიზაციის კოეფიციენტი, რომელიც ამჟამად 46%-ს შეადგენს (იხ. გრაფიკი N4), მაშინ როცა 2006 წლის ბოლოს დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 62%-ს შეადგენდა. ეს ტენდენცია ლარისადმი ნდობის უდაო დადასტურებაა.
რაც შეეხება საქართველოს ფარგლებს გარედან იმერეთსა და ქუთაისში ჩარიცხულ უცხოურ ვალუტას, აღსანიშნავია რამდენიმე მომენტი:
პირველი: ჩარიცხული ვალუტის მოცულობამ 253,23 მლნ. ლარი შეადგინა, ანუ თითქმის 158 მილიონი აშშ დოლარი, რაც საქართველოში უცხოეთიდან ჩარიცხული თანხების 18%-ს შეადგენს. ერთ სულ მოსახლეზე იმერეთში 2007 წელს საშუალოდ 506 ლარის ფულადი გზავნილობა მოვიდა, ხოლო ქუთაისში ეს მაჩვენებელი 1397 ლარს შეადგენს, ანუ თვეში 116 ლარს.
მეორე: გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გზავნილობების მოცულობა 28,4%-ით გაიზარდა. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ ქუთაისის გარდა იმერეთის რაიონების საბანკო დაწესებულებებში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გზავნილობები 2,5-ჯერ გაიზარდა და 43,7 მილიონ ლარს მიაღწია, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რაიონებში ეკონომიკის გამოცოცხლებას.
ფულადი გზავნილობების სტრუქტურაში “ვესტერ-უნიონის”, “ანელიკი”-სა და “მანიგრამი”-ს პარალელურად სწრაფად განვითარდა ახალი ტიპის ისეთი გზავნილობები, როგორებიცაა “ინტელ-ექსპრესი”, “კონტაქტი”, “იუნისტრიმი” და სხვა. (იხ. გრაფიკი N 5)
გზავნილობების ასეთმა მასშტაბურმა შემოდინებამ გაზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებასა და კერძო მშენებლობებზე. ის, რომ დღეს ქუთაისში მშენებლობის ბუმია და უძრავმა ქონებამ მაღალი ფასი დაიდო, ფულად გზავნილობებთან არის დაკავშირებული. ჩვენი ინფორმაციით, ქუთაისში მშენებარე ორ მასშტაბურ და სოლიდურ სავაჭრო ცენტრში (ერთ-ერთია ქარვასლა”) კვადრატული მეტრის ფასმა 3 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. არადა, სულ ერთი წლის წინ, როცა მათი მშენებლობა დაიწყო, კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით 1000 აშშ დოლარს შეადგენდა. ფართების ძირითადი მყიდველები სწორედ ემიგრაციაში წასულები არიან. ამითაც აიხსნება ის ფაქტი, რომ მიუხედავად მთლიანი დეპოზიტების 71%-იანი ზრდისა, გზავნილობების საკმაო ნაწილი სწორედ უძრავ ქონებაში ბანდდება. ფულადი გზავნილობების ზრდამ პარალელურად გაზარდა საქონელბრუნვა და ნაღდი ფულის მოძრაობის მასშტაბები. მარტო ქუთაისში 2007 წლის ბოლოს სავაჭრო ბრენდი “პოპულის” საკმაოდ დიდი ობიექტის გახსნით, სადაც სასურსათო პროდუქციაზე ფასი აგრარულ ბაზართან შედარებით 10-15%-ით მაღალია, საქონელბრუნვამ საახალწლო დღეებში 240 ათასი ლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბაზრობების საქონელბრუნვასთან შედარებით.
ნაღდი ფულის მოძრაობა რეგიონში
იმერეთის რეგიონში ნაღდი ფულის მოძრაობა 2007 წელს თითქმის 100%-ით გაიზარდა. აღნიშნული ტენდენცია ობიექტურ ხასიათს ატარებს, რაც განპირობებულია რეგიონში ეკონომიკური აქტივობისა და აქედან გამომდინარე საქონელბრუნვის ზრდით, ასევე სამომხმარებლო პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების გაზრდით.
ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში, ნაღდი ფულის მოძრაობის მატება პირდაპირ კავშირშია ბანკომატების ქსელის გაფართოებასთან, რომლითაც 24-საათიან რეჟიმში ხდება მოსახლეობის უზრუნველყოფა ნაღდი ფულით. 2007 წლის მანძილზე ქუთაისსა და იმერეთში დამატებით 21 ახალი ბანკომატია დადგმული, მაშინ როცა 2006 წელს 30 ბანკომატი მოქმედებდა. პლასტიკური ბარათების მფლობელთა რაოდენობა რეგიონში ერთ წელიწადში 2-ჯერ გაიზარდა და 155 ათას კაცს მიაღწია, რაც ჩვენი ინფორმაციით ქვეყნის მთლიანი მაჩვენებლის 7.7%-ს შეადგენს.
2007 წლის მანძილზე კომერციული ბანკების ფილიალებისა და სერვის-ცენტრების მხრიდან ბანკომატებში ჩატვირთული და განაღდებული იქნა 127,5 მილიონი ლარი, რაც 2006 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 96,4%-ით აღემატება. იგი ქვეყნის მთლიანი მაჩვენებლის 4.25%-ს შეადგენს.
რეგიონში კომერციული ბანკების ფილიალები მართალია, აქტიურად მუშაობენ პლასტიკური ბარათების მომხმარებელთა რაოდენობრივ ზრდაზე, მაგრამ ანალოგიური აქტიურობა ნაკლებად იგრძნობა მსხვილ სავაჭრო ობიექტებში პლასტიკური ბარათებით ვაჭრობის ტექნოლოგიური სისტემების გამოყენებაზე. რეზერვები აქ დიდია და ამ პროდუქტით მომსახურეობა აუთვისებელია, რის გამოც აუცილებელია ბანკებმა იზრუნონ მოსახლეობის მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეგიონში მსხვილი სავაჭრო ბრენდების (მაგალითად, პოპული”, ქარვასლა” და სხვები) შემოსვლის შემდეგ პლასტიკური ბარათების გამოყენება საცალო ვაჭრობაში გაფართოვდება. ასევე გაიზრდება ერთ სულ მოსახლეზე პლასტიკური ბარათებით შესრულებული ოპერაციების მოცულობა, რამაც 2007 წლის მანძილზე იმერეთში 255 ლარი შეადგინა, ხოლო ქუთაისში – 548,6 ლარი (იხ. გრაფიკი #7).
იმერეთის საბანკო სტატისტიკის ძირითადი მიმართულებებისა და ასევე რეგიონის ზოგიერთ რაიონში ეკონომიკისა და საბანკო საქმიანობის პერსპექტივების განხილვის შემდეგ სტატისტიკური მასალებისა და ეკონომიკური მონიტორინგის მასალების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ:
1. საბანკო საქმიანობა ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში დინამიურად ვითარდება (იხ. გრაფიკი N8) და იგი რეგიონში ეკონომიკის განვითარების ძირითადი ფაქტორი გახდა, ბანკებს საქმიანობის მზარდი ტემპების შესანარჩუნებლად მოუწევთ ახალი საბანკო პროდუქტების დანერგვა და კლიენტთა მომსახურების სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესება. დადებით მოვლენად მივიჩნევთ 2007 წელს ბანკი “რესპუბლიკის” ქუთაისის ფილიალის გახსნას, ჭიათურასა და ქუთაისში – “ტაოპრივატბანკის” სერვის-ცენტრების ამოქმედებას, ასევე საქართველოს ბანკის ჭიათურის სერვის-ცენტრის ახალი თანამედროვე ოფისის გახსნას. ჩვენ გასული წლის კვარტალური ანალიზების მომზადებისას რეკომენდაციას ვუწევდით ბანკებს აეთვისებინათ ზესტაფონისა და სამტრედიის მზარდი ბაზრები. უკვე 2008 წელს “საქართველოს ბანკი” და “პროკრედიტბანკი” აპირებს სერვის-ცენტრების გახსნას სამტრედიასა და ზესტაფონში. ტაოპრივატბანკი” გეგმავს ახალი ფილიალების გახსნას ზესტაფონსა და სამტრედიაში. ასევე რეგიონული ქსელის გაფართოებას ფიქრობს “თი-ბი-სი” ბანკი. ჩვენი ანალიზით, იმერეთის რეგიონში რეალურად არის მოთხოვნილება, რომ ფუნქციონირებდეს არანაკლებ 80 სერვის-ცენტრი და ბანკის ფილიალი, არადა, მათი რიცხვი მხოლოდ 30-ს არ აღემატება.
2. ვფიქრობთ, ბანკებმა აქედანვე უნდა დაგეგმონ საქმიანობის გაფართოება ტყიბულის რაიონში, ვინაიდან აქ უკვე 2 დიდი მაღაროს ამუშავებით “საქინვესტმა” შეძლო 8,8 მილიონი ლარის ინვესტირება და 600 სამუშაო ადგილის შექმნა და ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზება. უახლოეს პერიოდში იგეგმება სამუშაო ადგილების გაორმაგება და მუშა-მოსამსახურეთა საშუალო ხელფასი საკმაოდ მაღალი იქნება. ფულად გზავნილობებთან ერთად ტყიბულში გაჩნდება მნიშვნელოვანი რაოდენობის ადგილზე შექმნილი თანხა, რომელიც ასევე დაიხარჯება ადგილობრივ სავაჭრო და მომსახურეობის ობიექტებში, ასევე უძრავ ქონებაში. მნიშვნელოვანია წყალტუბოს საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალი, სადაც ბანკებს ეძლევათ შესაძლებლობა, დაიწყონ წყალტუბოს, როგორც საკურორტო ზონისა და დასვენების რეგიონული ცენტრის, დროული ათვისება.
3. გასაუმჯობესებელია ბანკების სალაროებთან და საოპერაციო დარბაზებში კლიენტთა მომსახურეობა, სადაც კვლავ დიდია რიგები ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურეობისას და ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა ქუთაისში მოქმედი ყველა კომერციული ბანკის ფილიალებსა და სერვის-ცენტრებში. ეს კლიენტურის უკმაყოფილებას იწვევს, რაც ჩვენს მიერ ჩატარებული ეკონომიკის მონიტორინგის მასალებითაც დასტურდება. თუკი ბანკები გაიზიარებენ რეკომენდაციებს და ქუთაისში იზრუნებენ სერვის-ცენტრების ქსელის გაფართოებაზე, უახლოეს მომავალში ქუთაისი გადაიქცევა ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საბანკო ცენტრად და ერთ დროს სამრეწველო ქალაქი საბანკო და სავაჭრო-საფინანსო მომსახურების ცენტრი გახდება.
4. 2008 წელს იმერეთის რაიონებში ქუთაისის გარდა გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან 57 მილიონი ლარის საინვესტიციო და კაპიტალური სამუშაოების განხორციელება. რაც შეეხება ქუთაისს, აქ დაგეგმილია ქალაქის ცენტრის რეაბილიტაციის პირველი რიგის სამუშაოების დასრულება და მეორე ეტაპის დაწყება. გაგრძელდება წყალსადენის რეაბილიტაცია და მოსალოდნელი ეკონომიკური აქტივობის შედეგად შესაძლებელია ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.
5. რეგიონის ეკონომიკის მონიტორინგის ჩატარება საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ ბანკისადმი ნდობა იზრდება, სულ უფრო მეტ მეწარმესა და ფიზიკურ პირს აქვს სურვილი იყოს ბანკის კლიენტი. შესაბამისად ისინი ბანკისგან ელოდებიან თანამედროვე სერვისს, სწრაფ მომსახურებასა და შესაფერის გარემოს.