ამერიკის შეერთებულ შტატებში საექსპორტოდ განკუთვნილი ღვინის წარმოების პროცესზე დასწრება “წინანდლის ძველ მარანსა” და “ვინოტერაში”
რედაქციისაგან
2008 წლის 29 თებერვალს USAID-ის პროექტმა “ეგვენთიჯი” მოაწყო ღვინის ტური კახეთის რეგიონში, რომელიც ამერიკაში ქართული ღვინის პირველ ფართომასშტაბიან ექსპორტს მიეძღვნა. USAID-ის დახმარებით ორმა ქართულმა კომპანიამ – “ვინოტერა” და “წინანდლის ძველი მარანი” – გააფორმეა კონტრაქტი ამერიკაში ქართული ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით, კერძოდ კი, Whole Foods Markets-ში, რომელიც ორგანული საკვების საცალო გაყიდვების ყველაზე დიდი ქსელია მსოფლიოში.
ღონისძიებას დაესწრნენ აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი,USAID-ის მისიის დირექტორი საქართველოში რობერტ უილსონი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკა შარაშიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ბაკურ კვეზერელი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ ლეჟავა, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ლევან ბეჟაშვილი და “სამტრესტის” თავმჯდომარე ვასილ მანაგაძე.
2007 წლიდან USAID-მა აქტიურად დაიწყო ქართული ღვინის კომპანიების დახმარება. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ღვინის, მინერალური წყლებისა და სპეცპროდუქტების მწარმოებელმა 21 ქართულმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო Fancy Food Show-ში, რომელიც გასული წლის ივლისში ნიუ-იურკში ჩატარდა, რის შემდეგაც კონკრეტული ბიზნეს შესაძლებლობების განსახილველად კახეთს, ღვინის წარმოების ძირითად რეგიონს საქართველოში, ვიზიტით ესტუმრა ღვინის მყიდველთა დელეგაცია ამერიკიდან. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დისტრიბუტორ კომპანიას Whole Foods Markets და ქართულ კომპანიებს “ვინოტერასა” და “წინანდლის ძველ მარანს” შორის გაფორმდა კონტრაქტი. პირველი შეკვეთა 10,500 ბოთლის ოდენობით, რომლის საერთო ღირებულებაც 48,000 აშშ დოლარს შეადგენს, დამზადდება და გაიგზავნება სიეტლში. სავარაუდოდ, შეკვეთის რაოდენობა უკვე პირველივე წელს გაორმაგდება.
USAID-ი გააგრძელებს ქართული ღვინის კომპანიების დახმარებას და საშუალებას მისცემს მათ მონაწილეობა მიიღონ რესტორნების ეროვნული ასოციაციის მიერ ღვინის, ალკოჰოლური სასმელებისა და ლუდის საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც 2008 წლის მაისში ჩატარდება. მსგავსი ღონისძიებები USAID-ის სტრატეგიის შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ექსპორტის გაზრდის მეშვეობით ქართული ეკონომიკის სტიმულირებას.