როგორ გავლენას ახდენს მონოპოლიური ფასები ტურიზმის განვითარებაზე
მაკა ღანიაშვილი
“მსოფლიოში არსებული გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საერთაშორისო ტურიზმი სწრაფი ტემპით ვითარდება” – ასე შეაფასეს 2008 წლის 21 იანვარს დუბაიში ტურიზმის სფეროში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ქვეყნებმა.
ეკონომიკური, სოციალური, კულტურული მნიშვნელობისა და საერთოდ ზრდის მაღალი ტემპების გამო ტურიზმი XX საუკუნის აღმოჩენადაა მიჩნეული. ტურიზმი კატალიზატორის როლს ასრულებს უამრავი სხვა მომიჯნავე და არამომიჯნავე დარგების განვითარებაში – ერთი სამუშაო ადგილის შექმნა უშუალოდ ტურიზმში მომიჯნავე დარგებში (ტრანსპორტი, მომსახურება, ვაჭრობა და სხვა) ქმნის 3 ახალ სამუშაო ადგილს. აღიარებულია, რომ თუ ქვეყანაში კვირის განმავლობაში ერთი ტურისტი იმყოფება, იგი საშუალოდ 1000 აშშ დოლარს ხარჯავს, ამიტომ ძალიან დიდია ქვეყნისათვის ტურიზმის მნიშვნელობა შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით.
მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოსა (World Travel & Tourism Council – WTTC) და ოქსფორდის უნივერსიტეტის ეკონომიკურ (Oxford Economics) ექსპერტთა მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2007 წელს საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 6%-ით გაიზარდა და დაახლოებით 900 მილიონს მიაღწია. 9%-ით გაიზარდა საერთაშორისო მგზავრთა რაოდენობაც. მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლის დასაწყისშივე გლობალურმა ტურიზმმა მაღალი სტარტი აიღო, ექსპერტები ასეთ ზრდას მაინც არ ელოდნენ.
თუ განვიხილავთ როგორც ერთიან ბაზარს, ევროკავშირი ყველაზე დიდი ტურისტული ბაზარია მსოფლიოში, სადაც ტურიზმის წილი მშპ-ში 10.9%-ია. ამ სფეროში დასაქმებულია 25.7 მილიონი ადამიანი, რაც მთლიანად დასაქმებულთა დაახლოებით 11.8%-ს შეადგენს. ყველაზე მსხვილი ტურისტული ბაზარი შემოსავლების მხრივ, 2007 წლის მონაცემებით, აშშ-ია, იგი კვლავ პირველია 1,689.3 ბილიონი აშშ დოლარით. დუბაიში შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ტურიზმი განსაკუთრებით სწრაფად განვითარებად ქვეყნებში ვითარდება, სადაც გააცნობიერეს ტურიზმის უდიდესი მნიშვნელობა და დაიწყო მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება, ინფრასტრუქტურის განახლება. ტურისტთა მიღების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მზარდი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშია.
მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭო, რომელიც ტურიზმის განვითარებას 176-ზე მეტ ქვეყანაში აკვირდება, ინდივიდუალური, ბიზნეს თუ სამთავრობო დანახარჯების, კაპიტალდაბანდებების, მშპ და დასაქმების მაჩვენებლების მიხედვით გლობალური ტურიზმის განვითარების 10-წლიან პროგნოზებს აკეთებს – თუ 2007 წელს მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროს შემოსავლები 7,060 ბილიონი აშშ დოლარი იყო, 2017 წლისათვის ექსპერტები ამ მაჩვენებლის 13,231 ბილიონ აშშ დოლარამდე გაზრდას ვარაუდობენ. 2007 წელს ამ სფეროში დასაქმებული იყო 231.2 მილიონი ადამიანი, მთლიან დასაქმებულთა 8,3% (1 კაცი ყოველი 12 ადამიანიდან). 2017 წლისათვის კი ეს რიცხვი სავარაუდოდ 262.6 მილიონს მიაღწევს.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO) ასევე გამოაქვეყნა ტურიზმის განვითარების 25-წლიანი ტენდენციები 1995 წლიდან 2020 წლამდე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ არის პერიოდები, როცა ზრდა ნაკლებია. ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 1995, 1996, 2000 წლებში, რასაც ტურისტთა ნაკადის შედარებით შემცირება მოყვა 2001-2003 წლებში. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ექსპერტთა პროგნოზებით, 2020 წლისათვის საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 1.6 ბილიონს მიაღწევს, მათგან 1.2 ბილიონი კონტინენტებს შიგნით ტურისტები იქნებიან, 380 მილიონამდე კი – ინტერკონტინენტური ტურისტები.
პირველი სამი რეგიონი ტურისტების მიღების მაჩვენებლით 2020 წლისთვის იქნება ევროპა (717 მილიონი ტურისტი), აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკეანის აუზი (397 მლნ) და ამერიკა (282 მლნ), შემდეგ – აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი და სამხრეთ აზია.
ტურისტთა რაოდენობის რეკორდული ზრდით (საშუალოდ 5%) ხასიათდება აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკეანის აუზი, აზია, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2020 წლისათვის ეს მაჩვენებელი 4% იქნება. პარალელურად კი ტურისტული ნაკადის საშუალო პროცენტული ზრდა მცირდება ამერიკასა და ევროპაში. თუ ევროპაში ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა 1995 წელს მსოფლიო ტურისტების 60%-ს შეადგენდა, 2020 წლისათვის ეს მაჩვენებელი 46%-მდე შემცირდება.
აღსანიშნავია კიდევ ერთი ტენდენცია – გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება ინტერკონტინენტური ტურისტების რაოდენობა – 5.4%-ით ყოველ წელს, კონტინენტს შიგნით ტურისტების რაოდენობა კი – მხოლოდ 3.8%-ით. შესაბამისად იცვლება თანაფარდობა მათ რაოდენობას შორისაც. თუ 1995 წელს თანაფარდობა ინტრაკონტინენტალურ და ინტერკონტინენტალურ ტურისტებს შორის იყო 82:18, 2020 წლისათვის ეს თანაფარდობა შეიცვლება 76:24.
ტურიზმი საქართველოში
ჯერ კიდევ 1998 წელს საქართველოს მთავრობამ განიხილა ტურიზმის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში 1 მილიონი ტურისტის მიღებას. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა ნახევარ მილიონს 2005 წელს გადააჭარბა, როდესაც საქართველოში 560021 უცხოელი ვიზიტორი იმყოფებოდა, 2006 წელს მათი რიცხვი 76%-ით გაიზარდა და 983114-ს მიაღწია, მილიონიან ზღვარს კი 2007 წელს გადააბიჯა.
ისეთი მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა აუცილებელია გამოიკვეთოს ტურიზმის პრიორიტეტულობის კრიტერიუმები:
ტურიზმის ექსპორტაბელურობის მაღალი დონე და აქედან გამომდინარე, ქვეყნის შემოსავლების ზრდაში მისი დიდი პოტენციალი;
მოსახლეობის დასაქმების მასშტაბური შესაძლებლობა;
ტურისტული პოტენციალის ბუნებრივ-გეოგრაფიული განლაგება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაც რეგიონული ეკონომიკური განვითარების დონის გათანაბრების საშუალებას იძლევა;
ეკონომიკის სხვა დარგების (ტრანსპორტისა და კომუნიკაციის საშუალებები, ვაჭრობა და მომსახურება, დაზღვევა და საბანკო საქმე, აგრარული სექტორი, კვების მრეწველობა, მშენებლობა და სხვა) განვითარების მაღალი სტიმულირება.
არსებობს უამრავი საშუალება, რომელთა მეშვეობითაც მთავრობა ხელს უწყობს ქვეყნაში ტურიზმის განვითარებას. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, ესპანეთი და სხვ., დარგის განვითარებისათვის სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. კერძოდ, ესაა: სამთავრობო გრანტები, დახმარება პროექტის დაფინანსებაში, სესხის გარანტიები, სამუშაო ნებართვის გაცემის ლიბერალური პოლიტიკა, ვალუტის გადაცვლის შეუზღუდავი მოდელი, საიმპორტო საბაჟო გადასახადების გაუქმება, გადასახადების შემცირება, ინვესტორთა დამხმარე ორგანიზაციის ჩამოყალიბება და სხვა.
საქართველოშიც მოქმედებს რამდენიმე შეღავათი ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად, მაგალითად, ვალუტის გადაცვლის შეუზღუდავი მოდელი. პრაქტიკა ადასტურებს, რომ უცხოელი ინვესტორისათვის განსაკუთრებით მიმზიდველია ისეთი გარემო, როდესაც სხვადასხვა ტიპის სახსრები და თანხა ქვეყნებს შორის თავისუფლად მოძრაობს, ინვესტორისათვის ადვილი მისაწვდომი უნდა იყოს უცხოური ვალუტა. ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით, 2003 წლიდან საქართველოში ძალაში შევიდა კანონი “საგასადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, რომლის მიხედვითაც სასტუმროების მშენებლობის მიზნით გაწეულ ინვესტიციებზე დაწესდა გარკვეული საგადასახადო შეღავათები – სასტუმრო, რომლის მშენებლობისათვის განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა შეადგენს არანაკლებ 3 მილიონ აშშ დოლარს, ან 0,25 მილიონს, თუკი ეს ინვესტიცია ხოერციელდება მაღალ მთაში, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ინვესტორი თავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადისგან 4 წლის განმავლობაში მთლიანად, ხოლო შემდეგი 2 წელი – 50%-ით, მშენებლობის პროცესი კი თავისუფალია დღგ-სგან. ქვეყანაში გატარდა სხვა რეფორმები, რომლებმაც ტურისტების მოზიდვაზე დადებითი ზეგავლენა იქონიეს, სახელდობრ, გამარტივდა სავიზო და საბაჟო ფორმალობები – დღეისათვის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებისათვის სავიზო რეჟიმი არ არსებობს.
გარდა ამისა, საქართველო ყოველწლიურად მსოფლიოს 20-მდე უმნიშვნელოვანეს ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობს, სადაც კერძო სექტორთან ერთად სხვადასხვა ტურისტულ პროდუქტებს წარმოადგენენ. ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მარკეტინგული პოლიტიკის წარმოებაც: აუცილებელია რაც შეიძლება მეტმა უცხოელმა გაიგოს ქვეყნის შესახებ, დაინტერესდეს და გაუჩნდეს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი. ამისათვის საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ყოველ წელს უცხოელი ჟურნალისტების 15-მდე ჯგუფს მასპინძლობს. ამის შედეგად საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ასეულობით სტატია ქვეყნდება დასავლეთის წამყვან გაზეთებსა და ჟურნალებში. დამზადდა რამდენიმე სატელევიზიო ფილმი ისეთი ცნობილი ტელეარხების მიერ, როგორიცაა ბრიტანული თჰე თრაველ ჩჰანნელ, ნიდერლანდური ღთ და ა.შ.
“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” მონაცემებით, დღეისთვის საქართველოს ტურისტული ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია მსოფლიოში. 2006 წელს საქართველო ტურისტების რაოდენობის პროცენტული ზრდის მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე იყო. 2005-2006 წლებში საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაში დაახლოებით 650 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, ძირითადად სასტუმროების მშენებლობასა და რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციაში. უახლოეს მომავალში თბილისში მსოფლიოს წამყვანი ქსელების – Hyatt, Hilton, Intercontinental, SAS Radisson, Marriott და Kempinski-ს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები გაიხსნება. საგულისხმოა, რომ ყაზახურმა კომპანია Silk Road-მა აჭარის ზღვისპირა კურორტებზე შეისყიდა 24 ძველი სასტუმრო და სანატორიუმი 150 მლნ აშშ დოლარად და ისინი თანამედროვე, მაღალი კლასის სასტუმროებად გადაკეთდება.
ტურისტული ინფრასტრუქტურა არ გულისხმობს მხოლოდ სასტუმროებს, სანატორიუმებს, დასასვენებელ სახლებსა და ტურისტთა განთავსების სხვა საშუალებებს, მნიშვნელოვანია გზები, კომუნიკაციები, აეროპორტები, ვაგზლები, საზღვაო პორტები, ტრანსპორტის შესაბამისი სიმძლავრეები, მათ შორის წყლის ტრანსპორტიც. არსებობს ბევრი სხვა პრობლემაც, რომელთა შესახებაც ჩვენ ტურისტული კომპანია “ასა-ს” დირექტორს ამირან არჩვაძეს ვესაუბრეთ:
– იზრდება თუ არა ბოლო წლებში ტურისტთა ნაკადი საქართველოში?
– ტურისტთა რაოდენობა ბოლო წლებში ნამდვილად მომატებულია და ეს ბუნებრივი პროცესია, მაშინ როცა ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა. კაცი რომ ჩამოდის და დაინახავს აქ რა და როგორ არის, შეიძლება ეძვიროს სასტუმროს ან ავიაბილეთის ფასი, მაგრამ მაინც ხალხის ბუნებაა ისეთი, რომ იზიდავს მათ საქართველოში მეორედ ჩამოსვლისკენ. შემდეგ კმაყოფილი ტურისტი ჩავა თავის ქვეყანაში და ურჩევს მეგობარს, ახლობელს და ა.შ. ჩამოვიდეს და ნახოს საქართველო, შემდეგ ის თავისთავად ეტყვის სხვას იგივეს და ასე პროგრესიით იზრდება ტურისტთა რაოდენობა – რამდენ კმაყოფილ ადამიანსაც აქედან გაუშვებ, იმდენი იქ რეკლამას გიკეთებს.
– რა ეტაპზეა საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება?
– მართალია, ინფრასტრუქტურა უმჯობესდება, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ ევროპული სტანდარტებისგან, ბევრი რამეა შესაცვლელი და გასაახლებელი. სასტუმროების ფასი ძვირია და გასაგებია რატომ, კერძოდ, ცოტა სასტუმროა და მესაკუთრეს შეუძლიათ ძვირად ნომრის გაყიდვა. ძვირია ფრენაც. დღეს პრაქტიკულად საქართველოში ძირითადად საქმიანი ვიზიტებით ჩამოდის ის ხალხი, ვისაც სურს ბიზნესის კეთება. რაც შეეხება ტურისტს, რომელსაც დასვენება და ქვეყნის დათვალიერება სურს, ასეთი კატეგორიის ტურისტი ჩვენთან მართალია ჩამოდის, მაგრამ ნაკლებად. ეს სფერო არ არის ჯერ სათანადოდ განვითარებული. უცხოელების წარმოდგენაში საქართველო ჯერ კიდევ არ არის, ტურიზმის ქვეყანა.
– ეს, ალბათ იმის ბრალიცაა, რომ ჯერ კიდევ ვერ ხდება ქართული კურორტების სათანადო რეკლამა საერთაშორისო დონეზე?
– თავისთავად, ჩვენ შორს ვართ ისეთი რეკლამებისგან, როგორიც საჭიროა. მაგრამ როგორ უკვე აღვნიშნე, არის მეორე პრობლემაც – მაღალი ფასები. მნიშვნელოვანია ფასების დარეგულირება. თუ შემცირდება სასტუმროებისა თუ ბილეთის ფასი, დაიწყება ტურისტული სფეროს უფრო ინტენსიური განვითარება. მოდით პატარა შედარება გავაკეთოთ – ერთკვირიანი დასვენება საფრანგეთში სრული პაკეტით, ვგულისხმობ ბილეთებს, დახვედრა-გაცილებას, საშუალო დონის სასტუმროს, დაზღვევას, საექსკურსიო პროგრამებს, ჯდება დაახლოებით 1000 ევრო ერთ კაცზე, საქართველოში კი იგივე პირობებით დასვენება, იგივე დონის სასტუმროში ტურისტს უჯდება 1200 ევრომდე.
თუმცა ეს არ არის ერთადერთი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც ტუროპერატორების აზრით საქართველოში ტურიზმის დარგში არსებულ პრობლემებს უკავშირდება. Aმნიშვნელოვანია გზების გაუმართაობისა და ტუალეტებით კეთილმოწყობის პრობლემა.
გვესაუბრება ტურისტული კომპანია FreshTravel-ის წარმომადგენელი არჩილ დათაშიძე:
– როგორია ტურისტების მოთხოვნა სასტუმროებთან და მომსახურების სერვისთან დაკავშირებით?
– არის შემთხვევები, როცა სტუმრად ოჯახი ან ინდივიდუალური ტურისტი ჩამოდის, მათ აინტერესებთ გლეხის ყოფა და ითხოვენ კიდეც ოჯახში, კერძო სახლში ცხოვრებას. ამ შემთხვევაში ტურისტებს არ აინტერესებთ ზედმეტი კომფორტი, არც ინტერნეტს ითხოვენ, არც სხვა სახის კომუნიკაციებს. პრეტენზიები აქვთ სისუფთავეზე, ცივ და ცხელ წყალზე და საკვებზე. მაგრამ თუ ტურისტი სასტუმროს ირჩევს, აუცილებლად კომფორტსაც მოითხოვს. დიდია მითხოვნა სასტუმროებზე, რომელთაც გასართობი ცენტრები ან დარბაზები აქვთ. ფაქტიურად საღამოს ტურისტები სასტუმროებში ატარებენ და დიდი მოთხოვნაა გასართობ საშუალებებზე, სპორტულ დარბაზებსა და სათამაშო მოწყობილობებზე, აუზზე, საუნას თუ წყლის საპროცედურო სხვადასხვა საშუალებებზე.
– სასტუმროებისა და იქ არსებული პრობლემების გარდა კიდევ რას უჩივის საქართველოში ჩამოსული ტურისტი ხშირად?
– მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ გზებზე არ არის ტუალეტები, სადაც არის, იქაც გაუმართავია, რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდ უხერხულობას ქმნის. რამდენიმე ტურისტულ რეგიონში პრობლემაა არა სასტუმროში მომსახურების დაბალი ხარისხი, არამედ ის, რომ იქ საერთოდ არ არის სასტუმრო და ტურისტებს ღამის გათევა ძირითადად კერძო სახლებში უწევთ. ცალკე უნდა გამოიყოს სვანეთი. მიუხედავად იმისა, რომ ეს კუთხე ტურისტებს ძალიან მოსწონთ და ის დიდი პოპულარობით სარგებლობს, გზების გაუმართაობის პრობლემა სვანეთამდე მისვლას ხშირ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის. სვანეთში ტურისტებს ავტობუსით ვერ წაიყვან. მიდის მხოლოდ ჯიპ-ტურები პატარა მანქანებით, რაც დამატებით პრობლემებთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამის გამო ჩვენს ტურისტულ მარშუტებში სვანეთი ხშირად ვერ ხვდება.
როგორც გავარკვიეთ, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს განსაკუთრებული პრეტენზიები მომსახურებასთან დაკავშირებით აქვთ. სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურე პერსონალი მოუმზადებელია. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების მოთხოვნები მინიმალურია, თვალში მოსახვედრი წვრილმანები საბოლოო წარმოდგენას უქნის მათ – მიმტანი პირდაპირ ხელში აწვდის თეფშს ან ჭიქას, რასაც მაშინვე გაოცებით აღნიშნავს უცხოელი, მომსახურე პერსონალმა არ იცის ენა, არ იღიმება, გვის მაშინ, როცა ტურისტი დერეფანშია და ა.შ. არაკვალიფიციური მომსახურე პერსონალის გამო ჩნდება უამრავი პრობლემა, მაგალითად, ნომრის დაჯავშნის შემთხვევაში, ხშირად დაჯავშნული ნომერი დაკავებულია, მიზეზი კი შეიძლება იყოს ათასგვარი: “სხვა მუშაობდა და მე საქმის კურსში არ ჩამაყენა”, “სტუმარი დიდხანს დარჩა” და ა.შ. ასეთ მიზეზს, როგორც ტუროპერატორები აღნიშნავენ, ტურისტი ვერ იგებს და ამის გამო მათ დამატებითი პრობლემები ექმნებათ. გამოსავალი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს კვალიფიციური მომსახურე პერსონალის აღზრდა. ამ მხრივ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია 2007 წლის სექტემბერში თბილისში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელშეწყობით ტურიზმის პროფესიული განათლების ცენტრ “იკაროსის” გახსნა. პროექტი განხორციელდა საბერძნეთის მთავრობის ტექნიკური დახმარების ფარგლებში. სასწავლებელი ყოველწლიურად ტურიზმის ქვედა და საშუალო საფეხურის (მიმტანი, ბარმენი, მზარეული, მიღება-განთავსების და დაჯავშნის სპეციალისტი, დამლაგებელი და ა.შ) 400 სპეციალისტს მოამზადებს, რომლებიც ეროვნულ და ტრანსნაციონალურ კორპორაციებში დასაქმდებიან. მსგავსი სასწავლებელი არსებობს ქობულეთსა და კაჭრეთში.
მიუხედავად პრობლემებისა, ფაქტია, რომ საქართველოში ყოველ წელს სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის და დარგი შეუქცევადად ვითარდება. ყველაზე მნიშვნელოვანი და მიმზიდველი ფაქტორი საქართველოს ტურიზმში გლეხის ყოფა, ქართული სამზარეულო და ღვინისა და კულტურული ტურიზმია. საქართველოს ტურისტული ბაზარი 14 სამოგზაურო სეგმენტად შეიძლება დაიყოს. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით, უცხოელი ტურისტების მოთხოვნა ძირითადად კულტურულ და სათავგადასავლო ტურიზმზეა (86,5%), ხოლო შიდა ტურისტებისა კი – კურორტებზე დასვენება (72,8%). თუ სამკურნალო ტურიზმი უცხოელი ტურისტებისათვის არცთუ მიმზიდველია (1,6%), საქართველოს მოქალაქეების 37% სტაბილურად სტუმრობს კლიმატურ და ბალნეოლგიურ კურორტებს წელიწადის სხვადასხვა დროს მკურნალობის და გაჯანსაღების მიზნით. დღეისათვის სამკურნალო ტურიზმის სეგმენტი ყველაზე კონკურენტუნარიანი შეიძლება იყოს მსოფლიო მასშტაბით ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სათანადო ტექნოლოგიების არსებობის შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოში წამოდგენილია მსოფლიოში არსებული ყველა სამკურნალო პროფილის კურორტი. ქვეყანაში 103 კურორტი და 182 საკურორტო ადგილია. ვითარდება ეკოტურიზმიც. ყოველწლიურად იზრდება დაცული ტერიტორიების ვიზიტორების რაოდენობა. საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტების 63% საქმიანი და პროფესიული მიზნით (სემინარებში, კონფერენციებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილეობა) სტუმრობს ქვეყანას, 25% – დასვენებისა და რეკრეაციული ანუ ძალების აღდგენის მიზნით, ხოლო 13% – ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად. ყველაზე მეტად, რაც ტურისტებს მოსწონთ – ხალხის მათ მიმართ დამოკიდებულება, სტუმართმოყვარეობა და ტრადიციებია. საკუთარი შთაბეჭდილებების გადმოცემას ტურისტები ხალხზე საუბრით იწყებენ და მხოლოდ შემდეგ ასახელებენ ისტორიულ ძეგლებს და კულტურის სხვა ნიმუშებს.
ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოს ევროპის რეგიონიდან სტუმრობს, განსაკუთრებით დიდია ტურისტთა ნაკადი გერმანიიდან და ისრაელიდან. ყველაზე მეტი ვიზიტორი კი სომხეთიდან ჩამოდის – მათი უმეტესობა ზაფხულში აჭარის ზღვისპირა კურორტებზე ისვენებს. სომეხი ტურისტების რაოდენობა 144%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, ისინი ასევე ზღვისპირეთში დასვენებას ამჯობინებენ. ზოგადად, აჭარის რეგიონში 2007 წელს უცხოელ ტურისტთა რაოდენობა 67%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ხვედრითი წილი საქართველოს ტურისტულ ბაზარზე 135%-ით გაიზარდა. მათ განსაკუთრებით იზიდავს კულტურული და სამთო-სათხილამურო ტურები ბაკურიანსა და გუდაურში. საქართველოს ტურისტულ ბაზარზე სტაბილურად იზრდება ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხვედრითი წილი, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ბალტიის ქვეყნები, ბულგარეთი, ჩეხეთი და პოლონეთი. ევროპის რეგიონის ამგვარი ხვედრითი წილი გამოწვეულია სხვდასხვა ფაქტორით: საქართველოს, როგორც ტურისტული ბაზრის გეოპოლიტიკური სიახლოვე, ევროსაბჭოს წევრობა, ქრისტიანული კულტურა და ა.შ. ევროპის შემდეგ მეორე ადგილზე ამერიკაა.
საქართველოში ყოფნის პერიოდში, ერთი უცხოელი ტურისტი საშუალოდ 1160 აშშ დოლარს ხარჯავს, ძირითადად განთავსებასა და კვებაზე. ყველაზე პოპულარული კურორტებია: ქობულეთი და ბათუმი, სადაც ქართველი ტურისტების 60% ისვენებს, მათ შემდეგ ყველაზე რეიტინგულია ბორჯომი და ბაკურიანი, ასევე ურეკი და სურამი.
აჭარის ზღვისპირა კურორტებზე 2007 წელს 228,541 შიდა ტურისტი ისვენებდა, რაც 28%-ით მეტია ზაფხულის წინა სეზონთან შედარებით. კურორტ ბაკურიანში 2007 წლის ზამთრის სეზონზე 40000 ვიზიტორი ისვენებდა, ექსპერტთა ვარაუდით კი, წელს მათი რიცხვი 30-40%-ით გაიზრდება.