2008 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 184 მლნ ლარით, ხოლო ხარჯები 200 მლნ ლარით იზრდება
რედაქციისაგან
მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსავლები 184 მლნ ლარით, ხოლო ხარჯები დაახლოებით 200 მლნ ლარით იზრდება, შესაბამისად, 2008 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 5,2 მლრდ ლარით, ხოლო ხარჯები 4,7 მლრდ ლარით განისაზღვრება.
2008 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში 27 თებერვალს დაიწყო.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის განცხადებით, ცვლილებების ახალი პროექტით საბიუჯეტო ხარჯები ძირითადად სოციალური მიმართულებებით იზრდება. კერძოდ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დამატებით 52,2 მლნ ლარი გამოეყოფა, 1 აპრილიდან მინიმალური პენსიის 55-დან 70 ლარამდე გაზრდისთვის.
29,2 მლნ ლარით გაიზრდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი და იგი მოხმარდება სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების შეძენასა და საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მოსახლეობის დიზელით უზრუნველყოფას.
51,2 მლნ ლარით იზრდება ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსება, რაც პროექტის თანახმად, ქვეყნის გაზმომარაგების სრულყოფისთვის იქნება დახარჯული. კერძოდ, იგეგმება გაზგამანაწილებელ კომპანიებზე შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტების გაცემა, რათა თავიდან იქნას აცილებული გაზის ტარიფის მატება.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტებისათვის საბიუჯეტო ცვლილებებში 29,5 მლნ ლარია გათვალისწინებული.
ამასთან, 1,5 მლნ ლარით იზრდება კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი. დამატებული თანხიდან 1 მლნ ლარი პატრიოტული ბანაკების ორგანიზებას, ხოლო დანარჩენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამას მოხმარდება.
ბიუჯეტის ცვილებების პროექტი ითვალისწინებს ასევე, ახლადჩამოყალიბებული სახელმწიფო მინისტრის აპარატების დაფინანსებასაც. კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეგიონალურ საკითხებში 1,2 მლნ ლარით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორის საკითხებში – 700 ათასი ლარით, ხოლო სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში 1 მლნ ლარით დაფინანსდება.
2008 წლის ბიუჯეტში ცვლილებები პარლამენტმა 12 მარტამდე უნდა დაამტკიცოს.