ერთი პოლიტეკონომიკური მითის შესახებ
იოსებ არჩვაძე
ბოლო წლების დაძაბულ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს თან ახლდა რუსულ მედიაში ისეთი თემების სპეკულაციური ექსპლუატაცია, როგორებიცაა ქართველი შრომითი მიგრანტების რაოდენობა რუსეთში და მათ მიერ გამომუშავებული თანხების რეპატრიაცია სამშობლოში. რუსეთის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები პერიოდულად “ამუნათებენ” ქართველ ხალხს, რომ თითქოს რუსეთში მილიონამდე ქართველმა ჰპოვა თავშესაფარი და მათ მიერ სამშობლოში ყოველწლიურად თურმე არც მეტი, არც ნაკლები, 1 მილიარდი აშშ დოლარი იგზავნება.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსულ მედიაში აღნიშნული ტონალობა განსაკუთრებით გაძლიერდა 1999 წლის ბოლოდან, ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვ. პუტინის მოსვლის შემდეგ.
უდავოა, რომ რუსეთში მრავალათასიანი ქართული დიასპორა იმყოფება; ამ უკანასკნელის დიდი ნაწილის იქ ყოფნის მოტივაცია წმინდა ეკონომიკურია. იქ მიღებული შემოსავლებით მათ თავიც გააქვთ და საქართველოში დარჩენილ ოჯახებსაც ინახავენ. მათ მიერ განხორციელებული თანხების რეპატრიაცია დიდ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის ღონისძიებებში. ჩვენი შეფასებით, 1996-2007 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის 1/5 შრომითი მიგრანტების მიერ სამშობლოში რეპატრირებული ფულადი ხარჯების წილად მოდიოდა. შრომითი მიგრანტების მიერ თანხების რეპატრიაცია სერიოზულ “კონკურენციას” უწევს აგრეთვე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, “ცდილობს” რა არ ჩამორჩეს ამ უკანასკნელის ზრდის ტემპებს1.
სამწუხაროდ, ქართველთა (საქართველოს მოქალაქეთა) რაოდენობაზე რუსეთში სხვადასხვა წყაროები განსხვავებულ ციფრებს ასახელებს. ამაზე ზუსტი პასუხი ვერ გასცა 2002 წელს საქართველოსა და რუსეთში (იანვარი, ოქტომბერი) ჩატარებულმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერებმაც2.
1991 წლის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 5464.0 ათას კაცს, 2007 წლის დასაწყისში კი – მხოლოდ 4394.7 კაცს, ანუ შემცირდა თითქმის 1.1 მლნ კაცით.
სინამდვილეში უფრო დეტალური ანალიზის შედეგად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობა აღნიშნულ ციფრზე გაცილებით ნაკლებია – მისი რაოდენობა 2007 წლის დასაწყისისთვის 4.0 მილიონ კაცს არ უნდა აღემატებოდეს.3 შესაბამისად, 1990-იანი წლების დასაწყისთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა შემცირებულა დაახლოებით 1.5 მლნ ადამიანით (1464 ათასით).
მაგრამ ამ რიცხვში (თითქმის 1.5 მლნ. კაცი) შედის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე (აფხაზეთი, ყოფილი სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის არაკონტროლირებადი ნაწილი) ჩარჩენილთა რაოდენობა (0.2 მლნ. კაცზე მეტი), სსრკ დაშლის შემდეგ საქართველოდან გასული საბჭოთა არმიისა და სსრკ უშიშროების კომიტეტის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და მათი ოფიცრობა (თითქმის 0.08 მლნ. კაცი), აგრეთვე საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური დიასპორების წარმომადგენლების (პირველ რიგში, რუსების, უკრაინელების, ბერძნებისა და ებრაელების, ნაწილობრივ – ოსების, სომხებისა და აზერბაიჯანელების) ეთნიკური მიგრაცია მათ ისტორიულ სამშობლოში (0.38 მლნ. კაცი). დანარჩენი (770 ათასი კაცი), სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ 1998-2002 წლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, თითქმის 3/4 მოდიოდა შრომით მიგრანტებზე, ხოლო ამ უკანასკნელთაგან 60 პროცენტი, 3/4 – რუსეთის ფედერაციაზე4. უმუშევრობის დონე კი შრომით მიგრანტებში დაახლოებით 15 პროცენტია. ამიტომ, ჩვენი შეფასებით, დღეისათვის რუსეთზე უნდა მოდიოდეს არა უმეტეს 350 ათასი შრომითი მიგრანტი5 საქართველოდან, მათ შორის არაუმეტეს 300 ათასი – მომუშავე, დასაქმებული შრომითი მიგრანტი6. ეს ციფრი მნიშვნელოვნად აღემატება ზოგიერთი რუსული წყაროს მიერ დასახელებულ ამ ქვეყანაში ქართველ შრომით მიგრანტთა რაოდენობას7.
რამდენს აგზავნიან სამშობლოში საქართველოდან რუსეთში გადახვეწილი შრომითი მიგრანტები?
სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემდეთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ციფრის დასადგენად ვერ გამოდგება ოფიციალური ელექტროგადარიცხვების მონაცემები, რადგან გადარიცხვებს ახორციელებენ არა მხოლოდ შრომითი მიგრანტები, არამედ გამგზავნი ქვეყნის რეზიდენტებიც, ამასთან არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ იურიდიული პირებიც; თანხების რეპატრიაცია სამშობლოში ხორციელდება არა მარტო ელექტროგადარიცხვებით, არამედ “ტრადიციული” მეთოდითაც – ჯიბით… საიდუმლო არ არის, რომ რუსეთიდან საქართველოში განხორციელებული ტრანსფერტების საგრძნობი ნაწილი ბოლო დრომდე “შავი სამყაროს” წარმომადგენლების მიერ ხორციელდებოდა.8 ამიტომ უნდა შევთანხმდეთ რამდენიმე პრინციპულ მეთოდოლოგიურ საკითხზე:
1. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ანგარიშთა შედგენის მეთოდოლოგიით, შრომით მიგრანტებად ითვლებიან ქვეყნიდან არა უმეტეს ერთი წლის ვადით გასულნი, ჩვენ აქ ასეთად (“შრომით მიგრანტებად”) მივიჩნევთ საქართველოდან რუსეთში სამუშაოდ გადახვეწილ ყველა ადამიანს, მიუხედავად მათი ამ ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობისა, ე.ი. შემდეგ სამ კატეგორიას: ა) ისინი, ვინც იმყოფებიან რუსეთში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში; ბ) ისინი, ვინც იმყოფებიან ერთ წლამდე ხნით დროებით სეზონურ სამუშაოზე; გ) ისინი, ვისაც სამშობლოში დაბრუნებისას თან მოაქვს ფულადი სახსრები ან ლიკვიდური აქტივების ფულადი ექვივალენტი;
2. გამომდინარე იქიდან, რომ შრომითი მიგრანტების ხელფასები არც ერთ ქვეყანაში იმაზე მაღალი არ არის, ვიდრე ამ ქვეყნის მოქალაქეებისა, საქართველოდან შრომითი მიგრანტების საშუალო გამომუშავება ვერ იქნება რუსეთში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურების 50%-ზე მეტი 9;
3. რუსეთში მყოფი ქართველი შრომითი მიგრანტები ახერხებენ სამშობლოში გამოგზავნონ თავიანთი მიმდინარე შემოსავლების არაუმეტეს 1/2-3/510.
რუსეთში შრომით საქმიანობას ეწევა, როგორც ზემოთ ითქვა, დაახლოებით 300 ათასი ჩვენი თანამემამულე. ამ ქვეყანაში საშუალო ხელფასი 2007 წლისთვის 500 აშშ დოლარი იყო, შესაბამისად, ზემოთ განხორციელებული დაშვებების გათვალისწინებით, ჩვენი თანამემამულე შრომითი მიგრანტების სამშობლოში გადმოგზავნილი საერთო თანხა (ელექტროგზავნილებით და ჯიბით) 2007 წელს უნდა იყოს:
300.0 (ათასი კაცი) &ლოწასტ; 500 (აშშ დოლარი) &ლოწასტ; 50(%) &ლოწასტ; 50/60(%) &ლოწასტ; 12 (თვე) = 450.0/540 (მლნ. აშშ დოლარი).
გამოდის, რომ რუსეთიდან საქართველოში 2007 წელს ჩვენმა შრომითმა მიგრანტებმა გადმოგზავნეს 450-540 მლნ. აშშ დოლარი, საშუალოდ დაახლოებით 500 მლნ. აშშ დოლარი.
აღნიშნული მონაცემის მართლზომიერება დასტურდება სხვა წყაროებიდანაც.
რუსეთის მიგრაციული ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, რუსეთში შრომითი მიგრანტები ქმნიან არანაკლებ 50 მლრდ. აშშ დოლარის მთლიან შიდა პროდუქტს და გამოიმუშავებენ 20 მილიარდ აშშ დოლარს11 (ანუ ხელფასის წილი შექმნილ დამატებულ ღირებულებაში დაახლოებით 40 პროცენტია).
რუსეთიდან საქართველოში განხორციელებული სწრაფი ფულადი საბანკო გზავნილების მოცულობა 2007 წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 544.6 მლნ. აშშ დოლარია. მაგრამ ეს თანხა მხოლოდ შრომითი მიგრანტების მიერ ვერ იქნებოდა განხორციელებული. მათ გარდა, გადმორიცხვებს ახორციელებდნენ რუსეთის მოქალაქეებიც, აგრეთვე იურიდიული პირები, მათ შორის საქართველოში სხვადასხვა სამეურნეო ობიექტების პრივატიზაციაში მონაწილე რუსული ფირმები.
რუსეთიდან “სამუშაო ძალის ექსპორტიორ” ქვეყნებში განხორციელებულ ჩარიცხვებში უშუალოდ შრომითი მიგრანტების წილი დაახლოებით 55%-ია12, თუმცა საქართველოსათვის ეს მაჩვენებელი, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების სპეციფიკურობისა და შეზღუდულობის გამო, არანაკლებ 90 პროცენტია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, რუსეთიდან საქართველოში შრომითი მიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხა 2007 წელს დაახლოებით 490 მლნ. აშშ დოლარი უნდა იყოს (= 545&ლოწასტ;90%).
რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოში ნაღდი და უნაღდო ფორმით ფულის შემოტანის თანაფარდობას, აქ ვერ გამოდგება საშუალო რუსეთის მაჩვენებელი (პროპორციები – 75/25), რადგან, ჯერ ერთი, საქართველოში საბანკო სექტორი საკმარისადაა განვითარებული- გაცილებით მეტად, ვიდრე ზოგიერთ იმ ქვეყანაში, ვისაც რუსეთში გასტარბაიტერების ჩვენსაზე გაცილებით დიდი დიასპორები ყავთ და სადაც ფულის გადარიცხვაზე მეტად თანხების ხელზე გატანაა გავრცელებული (ტაჯიკეთი, მოლდოვა, უზბეკეთი…), მეორეც, პირდაპირი სატრანსპორტო კავშირები რუსეთსა და საქართველოს შორის შეზღუდულია (ბოლო 1.5 წელი კი – საერთოდ გაუქმებულია) და ელექტროგზავნილებით თანხის შემოტანა საქართველოში გაცილებით უსაფრთხო და უდანაკარგოა. უცხოეთიდან საქართველოში ელექტროგზავნილების საერთო მოცულობა 2007 წელს, 2000 წელთან შედარებით, გაიზარდა 13-ჯერ, მათ შორის რუსეთიდან – 35-ჯერ და დანარჩენი ქვეყნებიდან – მხოლოდ 6.5-ჯერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, შრომითი მიგრანტების მიერ რუსეთიდან საქართველოში რეპატრირებული თანხებიდან არაუმეტეს 5-10 პროცენტი უნდა შემოდიოდეს ხელით; დანარჩენი (90-95%) – ელექტროგზავნილებით. შესაბამისად, შრომითი მიგრანტების ხელზე შემოტანილი თანხა 10-30 მლნ. აშშ დოლარი უნდა იყოს, მთლიანი თანხა კი – არაუმეტეს 500-520 მლნ. აშშ დოლარი.
გამოდის, რომ მეორე, განსხვავებული მეთოდიკითაც შრომითი მიგრანტების მიერ რუსეთიდან საქართველოში ნაღდი და უნაღდო ანგარიშწორებით გადმოგზავნილი თანხა 2007 წლის მდგომარეობით, 520 მლნ. აშშ დოლარს არ უნდა აღემატებოდეს13. ეს თანხა კი საქართველოში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის ხუთ პროცენტზე ოდნავ მეტია და არა 20-30 პროცენტი, როგორც ამას რუსული პრესის და ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე მრავალი წელია გვამადლიან.
აღნიშნული მონაცემით, საბოლოოდ ესმება წერტილი 1999 წლიდან მოყოლებულ რუსულ პროპაგანდისტულ მითს რუსეთიდან საქართველოში შრომითი მიგრანტების მიერ 1 მლრდ. აშშ დოლარის რეპატრიაციის შესახებ. 2007 წელს, რუსეთიდან საქართველოში შრომითი მიგრანტების მიერ ყველა წყაროთი გადმოგზავნილი თანხის 520 მლნ. აშშ დოლარამდე მიღწევისას, ხელფასები ამ ქვეყანაში 1999 წლის დონესთან შედარებით აშშ დოლარებში, სულ ცოტა, 6-ჯერ გაიზარდა14. 2007 წელს, მიუხედავად გართულებული ურთიერთობებისა, ქართველ შრომით მიგრანტთა რაოდენობა რუსეთის ფედერაციაში 1999 წლის დონეზე გაცილებით მეტია. ამიტომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის გარემოება, რომ 1999 წელს საქართველოში შრომითი მიგრანტების მიერ რეპატრირებული თანხა 2007 წლის დონეზე, სულ ცოტა, 6-ჯერ ნაკლები იქნებოდა, ანუ არაუმეტეს 90 მლნ. აშშ დოლარი. ეს კი ზემოხსენებულ ყბადაღებულ 1 მილიარდ დოლარზე 11-ჯერ მაინცაა ნაკლები.
საქართველოში ჩვენი თანამემამულე შრომითი მიგრანტები რუსეთიდან რომ მართლა 1 მილიარდ აშშ დოლარს აგზავნიდნენ, მაშინ ისინი ამ ქვეყანაში უნდა გამოიმუშავებდნენ 2 მილიარდს და ქმნიდნენ 5 მილიარდ აშშ დოლარის დამატებულ ღირებულებას. მაგრამ თავად რუსული წყაროების მიხედვით, შრომითი მიგრანტები ჯამში რუსეთში ქმნიან მხოლოდ 50 მლრდ. დოლარის დამატებულ ღირებულებას. “რუსული ვერსიით” კი, ქართველებზე უნდა მოსულიყო უცხოელების მიერ რუსეთში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტი (?!). არადა, რუსეთში შრომითი მიგრანტების ჩვენზე გაცილებით დიდი დიასპორა აქვთ ჩინელებს, უკრაინელებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, ტაჯიკებს, უზბეკებს, მოლდოველებს, ყირგიზებს… ბოლო ინფორმაციით, რუსეთში მუდმივად ცხოვრობს ისრაელის 100 ათასზე მეტი მოქალაქეც… მეორეს მხრივ, რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების მიხედვით, ამ ქვეყანაში დაახლოებით 15 მლნ. შრომითი მიგრანტია, რომელთაგან უკრაინელთა, ჩინელებისა და აზერბაიჯანელების რაოდენობა მილიონ კაცს მნიშვნელოვნად აღემატება (თითოეული). შრომითი მიგრანტების რაოდენობა საქართველოდან კი, რუსული წყაროების მიხედვით, ამ ქვეყნის გასტარბაიტერების 2.3 პროცენტს არ აღემატება15.
ასე რომ, რუსეთიდან საქართველოში ჩვენებური შრომითი მიგრანტების მილიარდი აშშ დოლარის რეპატრიაციის საკითხი ჯერაც “მიუღწეველი რჩება”. ქართველ მიგრანტთა ახალი ტალღა რუსეთს, ცნობილი მიზეზების გამო, უახლოეს მომავალში არ ემუქრება. ამიტომ “მთელი იმედი” რუსეთში უკვე დამკვიდრებული ჩვენი თანამოქალაქეების “მარიფათზე” და რუსეთის სახელმწიფო ბანკზეა დამოკიდებული. ვინძლო, რუბლი ისე გამყარდეს აშშ დოლართან, რომ იგივე ხელფასის პირობებში უახლოეს მომავალში ქართველმა მიგრანტებმა ერთი კი არა, რატომ ორი და მეტი მილიარდი დოლარის რეპატრიაცია არ შეძლონ სამშობლოში…