ლიბერალურ ვაჭრობას გლობალური ბალანსის რღვევა ემუქრება
ნინო არველაძე
მსოფლიო კრედიტის აღების მსურველებს უარით ისტუმრებს. დასავლეთის საფინანსო სისტემის აშკარა კრახი დიდი ფაქტის დამადასტურებელი სიმპტომია. მოკლევადიან პერსპექტივაში მთავრობები კერძო სექტორებს მსესხებლების სახით ჩაენაცვლებიან, მაგრამ ეს ტენდენცია სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. გრძელვადიან პერსპექტივაში გლობალურ ეკონომიკას ხელახალი დაბალანსება დასჭირდება. თუ დადებითი ბალანსის მქონე ქვეყნები შიდა მოთხოვნას პოტენციურ წარმოებას არ შეუხამებენ, გაჩნდება ღია მსოფლიო ეკონომიკის მოშლის საშიშროება, როგორც ეს 1930-იან წლებში მოხდა.
ამ მოსაზრების გასათვითცნობიერებლად, საჭიროა თვალი გადავავლოთ, თუ როგორი იყო მსოფლიო ეკონომიკა გასულ დეკადაში. მთავარი როლი ითამაშა გიგანტურმა დაგროვებებმა მსოფლიოს მასშტაბებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების თანახმად, 2008 წელს ნამატიან ქვეყნებში ინვესტიციების თანხა მხოლოდ 2 000 მლრდ დოლარს შეადგენს.
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები კი 813 მლრდ დოლარს დააგროვებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის იმპორტიორი ქვეყნები უზარმაზარ ნამატს მიიღებენ. მათ შორის, ყველაზე დიდი წილი მოდის ჩინეთზე (399 მლრდ დოალრი), გერმანიაზე (279 მლრდ დოლარი) და იაპონიაზე (194 მლრდ დოლარი). მშპ-ის წილის მიხედვით, ჩინეთის მიმდინარე ანგარიშის ნამატი 9.5% იქნება, გერმანიის – 7.3%, იაპონიისა კი – 4%. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები და დამატებით ეს სამი ქვეყანა, პროგნოზების მიხედვით მთლიანი მსოფლიო ნამატის 83%-ს გაინაწილებენ.
ნამატის მქონე ქვეყნები ხშირად მომგებიან პოზიციაზე წინდახედულობის გამო აღმოჩნდებიან. მაგრამ ზოგიერთი ქვეყნისთვის შეუძლებელია შემოსავალზე ნაკლები დახარჯოს, თუ სხვები არ ხარჯავენ მეტს. გამსესხებელს მსესხებელი სჭირდება, ამ უკანასკნელის გარეშე კი ბიზნესის წარმოება შეუძლებელია.
2008 წელს დიდი დეფიციტი აქვს აშშ-ს, ესპანეთს, გაერთიანებული სამეფოს, იტალიასა და ავსტრალიას. მათ შორის, აშშ ყველაზე მსხვილი მსესხებელია. ამ ექვს ქვეყანაზე მსოფლიო დეფიციტის თითქმის 70% მოდის (ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ნამატი 350 მლნ დოლარი იქნება).
შეიძლება გამოჩნდნენ მოწინააღმდეგეები, რომლებიც დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია მარტივად ჩაანაცვლებენ გერმანიის ნამატს ევროზონაში. მაგრამ ისიც მართალია, რომ ექსპერტები ევროზონას მცირე დეფიციტს უწინასწარმეტყველებენ – 66 მლრდ დოლარს. ეს არ გამორიცხავს გერმანიის დიდი ნამატის გავლენას გლობალურ მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე. მსოფლიოს მეორე უმსხვილეს ეკონომიკურ სივრცედ ყოფნის მიუხედავად, ევროზონა ვერც ერთი ადგილის ნამატს ვერ ჩაანაცვლებს მსოფლიოში. უფრო მეტიც, იზრდება ევროზონის წევრი ქვეყნების დეფიციტი და მასში წვლილი იშვიათ შემთხვევაში მიუძღვის ფისკალურ კრიზისს. გლობალური ბალანსის პრობლემები აისახება შიდა ფინანსური ბალანსის პრობლემების მოდელებში. უცხოური სესხების შემოსავლები (მთლიანი დანაზოგი, ნაკლები შიდა ინვესტიცია) და მთავრობის და კერძო სექტორის ფინანსური ბალანსი (კორპორატიული და საოჯახო ბალანსების ბოლო თანხა) უნდა იყოს ნულის ტოლი. აშშ-ის შემთხვევაში უცხოური სესხების შემოსავლის ასლი ამ დეკადაში იყო უმეტესად ფისკალური დეფიციტი, მთავრობისა და საოჯახო დანაზოგების დეფიციტი. რეცესიების დროს იკვეცება კერძო სექტორის დეფიციტი და იზრდება მთავრობის დეფიციტი. იგივე მოდელი აქვს სხვა მაღალშემოსავლიან ქვეყნებსაც, განსაკუთრებით კი გაერთიანებულ სამეფოს. ახლა კი ბიზნესი არ არის დაინტერესებული დანახარჯები ინვესტიციებისკენ მიმართოს და ის უფრო შემოსავლების შენახვას ცდილობს, მცირდება საოჯახო დანაზოგები და იზრდება ფისკალური დეფიციტის მოცულობა.
დგება გლობალური ბალანსის რღვევის დასასრული. ერთ მხარეს არიან ნამატიანი ქვეყნები, მეორე მხარეს კი უზარმაზარი ფისკალური დეფიციტის მქონე ქვეყნები. ამრიგად, დეფიციტის მქონე ქვეყნების მესვეურნი ფიქრობენ, რომ შესუსტებული მოთხოვნა საბანკო სისტემების გაკოტრებისათვის გამოყოფილ ფისკალურ ღირებულებებზე აისახება, რაც ბიძგს მისცემს კრედიტის გადახდის უნარმოკლებული მოსახლეობის დანახარჯების ზრდას, ამ გზით კი დაცული იქნება სახლებზე გაცემული სესხები. ეს მიდგომა ვერ გაუძლებს დროს და გლობალური მოთხოვნის გამოწვევებს. ადრე თუ გვიან – ადრე გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში, გვიან კი აშშ-ის შემთხვევაში, ცენტრალური ბანკების დავალიანებამ დადგენილ ნიშნულს მიაღწიოს. სწორედ ამიტომ გარდაუვალია კრიზისი. საზარელი შედეგის თავიდან ასაცილებლად ამ ეკონომიკების კერძო სექტორებმა არ უნდა დაკარგონ სესხის აღების სურვილი, ან უნდა მოხდეს ეკონომიკის ხელახალი დაბალანსება, უფრო ძლიერი გარე ბალანსებით მცირე შიდა დეფიციტების აღმოსაფხრვრელად.
ნორმალურ პირობებში, ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის ნამატი ჩვეულებრისამებრ წარმოადგენს წარმოების ქრონიკულ სიჭარბეს დანახარჯებთან მიმართებაში, გერმანიასა და იაპონიას ერთნაირი სავაჭრო პოლიტიკა აქვთ – უცხოური ვალუტის დიდი ნაკადის შემოდინების დროს ისინი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს დაბლა სწევენ, იგივე პოლიტიკის მიმდევარია ჩინეთიც. სუსტი მოთხოვნის პირობებში ეს ქვეყნები ვალებში ჩაძირვის საშიშროების წინაშე დგებიან.
მსხვილი საგარეო ნამატის მქონე ქვეყნები მოთხოვნის იმპორტს დანარჩენი მსოფლიოდან აწარმოებენ. ღრმა რეცესიის პირობებში ამ მიდგომას “სამეზობლო მათხოვრობის” პოლიტიკა ჰქვია. შეუძლებელი ხდება აუცილებელი გლობალური ხელახალი დაბალანსება მომატებული მოთხოვნის საშუალებით. ამ საკითხზე კამათი II მსოფლიო ომის შემდეგ ჯონ მეინარდ კეინსსაც უწევდა.
ერთი სიტყვით, თუ მსოფლიო ეკონომიკას სურს ზომიერი ფორმებით გაიაროს არსებულ კრიზისი, ნამატიანმა ქვეყნებმა უნდა გააფართოვონ შიდა მოთხოვნა და გაუთანაბრონ ის პოტენციურ წარმოებას. თუ როგორ გაართმევენ თავს ამ მიდგომას ეს მხოლოდ მათზეა და მოკიდებული. მაგრამ მხოლოდ ამ გზით შეძლებენ დეფიციტის მქონე ქვეყნები გაკოტრებისგან გადარჩენას.
ზოგიერთი ექსპერტი დაობს, რომ საგარეო დეფიციტის ქვეყნების მცდელობა – ხელი შეუწყონ ექსპორტზე დამყარებული დანაზოგის ზრდას ვალუტის გაცვლითი კურსის შესუსტების გზით, სხვა არაფერია, თუ არა “სამეზობლო მათხოვრობის” პოლიტიკა. ამ პოლიტიკით ქვეყნები ცდილობენ ბალანსი არ დაარღვიონ. “სამეზობლო მათხოვრობის” პოლიტიკა იმ ქვეყნებისთვისაა, რომლებსაც უზარმაზარი საგარეო ვალი აქვთ და პრობლემები შიდა მოთხოვნის ნაკლებობის გამო უჩნდება, ამ შემთხვევაში ისინი უმუშევრობის ექსპორტს ეწევიან. თუ დიდი ნამატის მქონე ქვეყნები დაუშვებენ ამ ფაქტს, მაშინ მათ აღარ უნდა გაუკვირდეთ, თუ დეფიციტის მქონე ქვეყნები პროტექციონისტურ ზომებს მიმართავენ.
ყველა ქვეყანა მსოფლიო ეკონომიკაშია ჩართული. ნამატის მქონე ქვეყნებმა საკუთარი ნებით უნდა მოახდინონ დეფიციტის მქონე ქვეყნების რეგულირება. ხოლო თუ ისინი გულხელდაკრეფილნი განაგრძობენ მტკიცებას, რომ დეფიციტის მქონე ქვეყნები დამსახურებისამებრ ისჯებიან, მაშინ ჯერ-ჯერობით წარმატებული ქვეყნებიც საკუთარი სურვილით გასწირავენ თავიანთი ეკონომიკების ბედს შავი მომავლისაკენ.