მინერალური წყალი პოზიციებს იბრუნებს
რედაქციისაგან
სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოდან 2007 წლის მეოთხე კვარტალში საზღვარგარეთის ბაზრებზე 6,7 მლნ. დოლარის ღირებულების 15,1 მლნ ლიტრი მინერალური წყლები გავიდა. 2006 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ პროდუქციის ექსპორტმა 3,31 მლნ. დოლარი და 8,1 მლნ ტონა შეადგინა.
მინერალური წყლებისგან განსხვავებით, 2007 წლის მეოთხე კვარტალში, 2006 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია საქართველოდან უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი. თუკი საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 2006 წლის მეოთხე კვარტალში 6,8 მლნ. დოლარის 17,3 მლნ ლიტრი უალკოჰოლო სასმელი გავიდა, 2007 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ პროდუქციის ექსპორტმა მხოლოდ 2,6 მლნ. დოლარი და 7,2 მლნ ლიტრი შეადგინა.
ამ პერიოდში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 10,2 მლნ. დოლარის 5,1 მლნ ლიტრი ღვინო გავიდა, ხოლო 2006 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 7,73 მლნ. დოლარი და 2,3 მლნ ლიტრი შეადგინა. რაც შეეხება სპირტიან სასმელებს, 2007 წლის მეოთხე კვარტალში 19,2 მლნ. დოლარის 8,7 მლნ. ლიტრი პროდუქცია გავიდა ექსპორტზე, 2006 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 7,97 მლნ. დოლარი და 2 მლნ. ლიტრი შეადგინა.
სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2007 წლის მეოთხე კვარტალში, 2006 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასურსათო პროდუქციის ექსპორტი ღირებულებით გამოსახულებაში არ შეცვლილა და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 18% შეადგინა.
როგორც სტატისტიკის დეპარტამენტში განმარტავენ, იმის გამო, რომ 2007 წლის მეოთხე კვარტალში, 2006 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მთლიანი ექსპორტი ნომინალურ ღირებულებით გამოსახულებაში 27%-ით გაიზარდა, ხოლო სასურსათო პროდუქციის ექსპორტის ნომინალური ღირებულება არ შეცვლილა, რის გამოც სურსათის ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 21%-ით შემცირდა.
ქვეყნის მთლიან ექსპორტში სასურსათო პროდუქციის ექსპორტის წილის შემცირება განპირობებულია 2006 წელს რუსეთის მიერ ქართულ პროდუქტებზე (ხილი, მინერალური წყლები, ღვინო) ეკონომიკური ემბარგოს დაწესებით.
როგორც ობსერვატორიაში განმარტავენ, ამ ფონზე 2007 წლის მეოთხე კვარტალში, 2006 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 87%-ით გაიზარდა მინერალური წყლების ექსპორტის მოცულობა და 15,1 ათასი ტონა შეადგინა, 117%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტის მოცულობა და 5,1 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო ხილის ექსპორტის მოცულობა 173%-ით გაიზარდა და უკანასკნელი წლების მეოთხე კვარტლების მდგომარეობით ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 51,8 ათას ტონას მიაღწია.
რაც შეეხება იმპორტს, ამ პერიოდში სასურსათო პროდუქციის იმპორტი ღირებულებით გამოსახულებაში 27%-ით გაიზარდა და ქვეყნის მთლიანი იმპორტის 15% შეადგინა. თუკი 2006 წლის მეოთხე კვარტალში იმპორტმა 200,6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, 2007 წელს ამ მაჩვენებელმა 254 მლნ. დოლარს მიაღწია.
საქართველოში 2007 წლის მეოთხე კვარტალში 4,9 მლნ. დოლარის ღირებულების 12,9 ათასი ტონა ბოსტნეულის იმპორტი განხორციელდა.
სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2006 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებლები 9,4 მლნ. დოლარს და 38 ათას ტონას შეადგენდა.
რაც შეეხება ხილს, ამავე პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებულია 3,7 მლნ. დოლარის ღირებულების 3,7 ათასი ტონა ხილი. 2006 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ამ მაჩვენებელმა 3,5 მლნ. დოლარი და 8 ათასი ტონა შეადგინა. საქართველოდან ამავე პერიოდში ექსპორტირებულია 0,2 მლნ. დოლარის 0,5 ათასი ტონა ბოსტნეული და 36,7 მლნ. დოლარის ღირებულების 51,8 ათასი ტონა ხილი. სტატისტიკური მოანაცემებით, 2006 წლის მეოთხე კვარტალში ქვეყნიდან ექსპორტირებულია 0,29 მლნ. დოლარის 0,6 ათასი ტონა ბოსტნეული და 26,72 მლნ. დოლარის 19 ათასი ტონა ხილი.