ტყის მიწების გამოყენების ეკონომიკურ-ეკოლოგიური ეფექტიანობის ამაღლების გზები
მიხეილ ჩიქოვანი, თბილისის მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში ხარისხის მაძიებელი
ტყე და საერთოდ მწვანე საფარი, რაც ტყის მიწების ძირითადი რესურსია და ტერიტორიის 40% შეადგენს, არა მარტო მერქნით სარგებლობის, არამედ უდიდესი ეკოლოგიური ფუნქციის მატარებელია და თვალნათლივ სჩანს, თუ რა გავლენას ახდენს გარემოს კლიმატური პირობების რეგულირების საქმეზე.
ტყე დღეს საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფართოდ გამოიყენება როგორც რეკრეაციული, ისე ტურისტული საქმიანობის განვითარებაში. ამ მეტად მრავალმხრივი ინტეგრალური შესაძლებლობების ტყის მიწების რესურსების ეფექტურად ათვისებისა და გამოყენებისათვის უნდა ჩატარდეს საკმაოდ სერიოზული სამუშაოები. მისი ხელმისაწვდომობის გაიოლების თვალსაზრისით, პირველ რიგში, საჭიროა საგზაო ქსელის ინტენსივობის უზრუნველყოფა, ტყეების პროდუქტიულობის ერთდროულად ამაღლება და სხვა მრავალი ღონისძიება. თუმცა ყოველივე ეს უაღრესად შრომატევად სამუშაოთა ჩატარებასა და სერიოზულ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს.
საქართველო დღეს საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრების აქტიურ ფაზაშია, რაც უდავოდ წინა პლანზე აყენებს ქვეყანაში არსებული ყველა სახის ბუნებრივი რესურსის და მათ შორის ტყის მიწების და მისი რესურსების ეფექტიანად ათვისებისა და გამოყენების საკითხსაც.
საქართველოს ტყის ფონდი, აღრიცხვის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით (1996 წ.) 3 მლნ პა-ს შეადგენს. აქედან 2 მლნ. 752 ათასი ჰა ტყით დაფარულია. ამასთან განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ამ ფართობების ძირითადი ნაწილი – 98% მთის ფერდობებზეა გავრცელებული, ხოლო დანარჩენი 2% ძირითადად კოლხეთის დაბლობის ტყეებს უკავიათ. [9]
ტყეების აღრიცხვის იმავე მასალების მონაცემებით, ტყეები ფარდობის დაქანების სიმკვრივის მიხედვით პროცენტულად განლაგებულია შემდეგნაირად:
– 0-100-მდე დაქანების ფერდობებზე განლაგებულია ტყეების 5,5%;
– 110-დან 200-მდე – 16,5%.
– 210-დან 350-მდე – 54,4%;
– 360 და მეტი – 23,6%.
როგორც ვხედავთ, საქართველოს ტყეების დიდი ნაწილი (78%) ციცაბო (210-350) და ძლიერ ციცაბო (360 და მეტი) დაქანების მთის ფერდობზეა განლაგებული. [5] რელიეფის სირთულე და მოსაჭრელი მარაგების სიმცირე და გაფანტულობა არ იძლევა საშუალებას, რომ შეიქმნას ტყის მასივების ათვისების მუდმივმოქმედი უბნები, რაც თავის მხრივ საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ დღეს საქართველოში ტყის მიწებზე არსებული როგორც მერქნული, ისე არამერქნული რესურსების ათვისება და გამოყენება არა მარტო ეკოლოგიურად, არამედ ეკონომიურადაც მიუღებელია. ამდენად მიზანშეწონილია ტყის მიწების სხვა ალტერნატიული პოტენციური რესურსების გამოყენების წინა პლანზე წამოწევა. მხედველობაში გვაქვს ტყეების რეკრეაციულ-ტურისტული თვალსაზრისით გამოყენების მასშტაბების გაზრდა. ასევე დადგენილია, რომ სწორედ რელიეფი წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს არა მარტო ტყე-მცენარეულობის თავისებურებათა ჩამოყალიბებაში, არამედ იგი ასევე ძირითადი ფაქტორია ტყეების კატეგორიების განსაზღვრისა და მასში მეურნეობის წარმოების ეფექტური ფორმების დადგენისათვის.
ცნობილია, რომ ტყეში მეურნეობის წარმოების მოწესრიგებისა და მოვლა-პატრონობის გაუმჯობესების მიზნით ტყეები დაყოფილია სამ ჯგუფად. პირველი ჯგუფის ტყეებს მიეკუთვნება ძირითადად მთის ტყეები, რომლებიც ასრულებენ დაცვით, კლიმატის რეგულირების, წყალშენახვით, სანიტარულ-ჰიგიენურ და რეკრეაციულ ფუნქციებს, მათ მიეკუთვნება აგრეთვე მწვანე ზონის ტყეებიც. ამ ტყეებში მერქნით სარგებლობა მკვეთრად განსაზღვრულია. მეორე ჯგუფის ტყეებს მიეკუთვნება ისეთი ტყეები, რომელთაც აქვთ არა მარტო დაცვითი ფუნქციები, არამედ ექსპლუატაციის ობიექტსაც წარმოადგენს. მესამე ჯგუფის ტყეებს მიეკუთვნება ვაკის ტყეები, სადაც დასაშვებია ექსპლუატაცია ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.
ტყეების ასეთ კატეგორიებად დაყოფის მიხედვით თავის დროზე საქართველოს ტყეების 98% მიკუთვნებულია პირველ ჯგუფთან. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პირობებში საქართველო ტყის მერქნული რესურსების მხრივ დეფიციტურ ქვეყნად ითვლებოდა და სახელმწიფოსა და მოსახლეობის მოთხოვნილება როგორც მერქანზე, ისე საწვავ შეშაზე რუსეთიდან შემოზიდული რესურსების ხარჯზე ხდებოდა, ხოლო 1990 წლიდან ქვეყნის დამოუკიდებლობასთან ერთად, ეს კავშირი დაირღვა და ქვეყანა პირისპირ აღმოჩნდა თავისი ტყისა და რესურსების იმედზე. შემდგომ რა განუკითხაობაც სუფევდა ტყეში ეს არა მარტო სპეციალისტების, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც ნათელია. იმ დროს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ენერგეტიკული კრიზისისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო მოსახლეობა ტყეს შეესია და უმოწყალოდ დაიწყო მისი ჩეხვა, თუმცა ესეც არ იკმარეს და საზღვარგარეთაც დაიწყეს მრგვალი მორების გაზიდვა. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება მრგვალი მორების საზღვარგარეთ გატანის აკრძალვის თაობაზე, მაგრამ მთავრობამ ვეტო დაადო დადგენილებას იმ მოტივით, რომ ქვეყანას ხელი ჰქონდა მოწერილი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე. ეს კი რაც თავისთავად არ იძლეოდა რაიმე აკრძალვის დაწესების საშუალებას ნებისმიერ რესურსზე ან პროდუქციაზე. თუმცა ქვეყანას უფლება ჰქონდა ეწარმოებინა მრგვალი მორების გატანის რეგულირება ფასების რეგულირებით, რასაც სახელმწიფო პოლიტიკის რეგულირება სჭირდებოდა. [1] დღეს ეს პრობლემა გარკვეულწილად დარეგულირდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი. წინა პერიოდში ჩადენილი დარღვევების გამოსწორება ტყეში ასე იოლად, მოკლე პერიოდში შეუძლებელია, რადგანაც ტყეში დღეს სწორად ჩატარებული სამეურნეო ღონისძიებების საბოლოო შედეგების ეფექტურობის განსაზღვრას არანაკლები ასი წელი მაინც სჭირდება. სწორედ ასი წლის შემდეგ გამოჩნდება, თუ რამდენად სწორად იქნა ჩატარებული ესა თუ ის სამეურნეო ღონისძიება. ამდენად, ცხადია, უდიდესი სიფრთხილეა გამოსაჩენი ტყეში ნებისმიერი სამეურნეო ღონისძიებათა ჩატარების დროს, მაგრამ აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს არც თუ იოლი საქმეა ისეთ პირობებში, როცა მოთხოვნილება მერქანზე და განსაკუთრებით საწვავ შეშაზე, შეიძლება ითქვას, თითქმის ათჯერ აღემატება ერთმანეთს. [6]
მონაცემების მიხედვით, საქართველოს მთის რეგიონებში ცხოვრობს 500000-600000 კომლი. რომ ვიანგარიშოთ თითოეულ კომლს წლის განმავლობაში სჭირდება საწვავი შეშისათვის სულ ცოტა 5 მ3, რაც მინიმუმია, რადგანაც მთაში მცხოვრებ მოსახლეობას 5 მ3 მარტო ზამთრის პირობებში არ ეყოფა, მაშინ მარტო საწვავ შეშად 5-6 მლნ მ3-ია საჭირო, არა და 5-6 მლნ მ3 მოჭრა საქართველოს ტყეებში ნამდვილად ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასია. მაგრამ შეიძლება ისიც აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ტყეების ყოველწლიური მატება ხომ არის დაახლოებით 5-6 მლნ მ3, მაშინ რატომ გვემუქრება ეკოლოგიური კატასტროფა? [3] როდესაც შემატების ანგარიში ხდება, იგი მთელ ტერიტორიაზე ნაწილდება, ანუ 3 მლნ ჰა-ზე, მაგრამ ჭრა ხომ 3 მლნ ჰა-ზე არ ხდება, ჭრები შეიძლება უკეთეს შემთხვევაში 1,5 ჰა-ზე ვაწარმოოთ, სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გათვალისწინებით (უგზობა, ნაკრძალი ტერიტორიები, ეროვნული პარკები და სხვა). 1,5 მლნ ჰა-ზე 5-6 მლნ მ3 დამზადება ყოვლად დაუშვებელია, რადგან იგი 2-ჯერ და მეტად აღემატება მეცნიერულად დადგენილ დაშვებული ჭრის ნორმებს. [4] მაშ რა ვქნათ, ერთის მხრივ მოსახლეობა, ხოლო მეორეს მხრივ ტყე, ორივეს მდგომარეობა უდავოდ გასათვალისწინებელია. მაგრამ შედეგი რასაც ჭარბი ჭრები იწვევს სახეზეა, ამ უკანასკნელ პერიოდში მკაფიოდ გამოხატული კლიმატური პირობების ცვალებადობის გამო (წყალდიდობები, ღვარცოფები, დიდთოვლიანობა და სხვა), ყოველივე ეს აისახა ქვეყნის ეკონომიკაზეც, რადგანაც დადგენილია, რომ ეკოლოგია და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.
ისმის კითხვა, იციან კი ტყის კერძო მესაკუთრეებმა ყოველივე ეს, რომ საქართველოს ტყეების ძირითადი ფუნქცია არის მდგრადი ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება, რომლის უზრუნველყოფასაც სათანადო თანხები სჭირდება და დღეს აუცილებელია ტყის მეურნეობის წარმოების გზების მშენებლობით დაწყება და რომ ტყეში ჩადებული კაპიტალის ამოღებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება და მერქნით სარგებლობა შეზღუდულია? თუ იციან და მაინც ყიდულობენ ტყეებს, ხომ არ აქვთ სახელმწიფოდან ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის შესუსტების იმედი, რაც, ცხადია, არასწორია, რადგან ტყეში ვის საკუთრებაშიც არ უნდა იყოს, აუცილებელია მხოლოდ კანონით დადგენილ ღონისძიებათა ჩატარება. ცხადია, ყოველივე აღნიშნული აუცილებელ პირობად უნდა იქნეს მიჩნეული ტყეების კერძო საკუთრებაში გადაცემის დროს. აქვე გასარკვევია მესაკუთრის მიერ კანონიერად მოპოვებული მერქნული რესურსების განკარგვის უფლების საკითხიც. კერძოდ, აქ ვგულისხმობთ მოსახლეობის მოთხოვნილების პირველ რიგში დაკმაყოფილების საკითხს. [7].
როგორც ვხედავთ, საქართველოს ტყის მიწების ათვისების ეფექტურობა ტყიდან მოპოვებულ მერქნულ მასაზეა ორიენტირებული, რაც რა თქმა უნდა, მცდარია, რადგან გარდა ამ რესურსების ათვისებისათვის საჭირო სამუშაოთა შრომატევადობისა, დღეს ტყეების ნახევარზე მეტი დაბალპროდუქტიულია, სადაც მხოლოდ რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩატარებაა შესაძლებელი, რაც თავის მხრივ დიდ კაპიტალდაბანდებებს მოითხოვს და ცხადია ასევე პრობლემაა. [8] აქედან გამოსავალი ძირითადად ორი მიმართულებით გვესახება: 1. გაიცეს ტყეები სოფლებსა და ქალაქების მიმდებარე ტერიტორიაზე – კერძო საკუთრებაში სახელმწიფო მონიტორინგის დაწესებით და 2. ფართოდ გაიშალოს სარეკრეაციო და ტურისტული თვალსაზრისით ტყეების გამოყენების ეფექტური სამუშაოები [1].
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტყეებს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღებისა და სხვადასხვა წყაროებიდან საწყისი დაფინანსების პირობების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია როგორც რეკრეაციული, ისე ეკოლოგიურ-ეკონომიკური სარგებლობის და შემოსავლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
საქართველოს ტყეების, რეკრეაციული და ტურიზმისათვის ეფექტურად გამოყენების ღონისძიებათა დასახვა და განხორციელება იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს მოსახლეობა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს ტყეების, როგორც მერქნით, ისე არამერქნული რესურსებისაგან, რაც გამოხატული იქნება არა მხოლოდ შემოსავლების ზრდაში, არამედ ქვეყანაში ეკოლოგიური ფონის გაუმჯობესებაში და სოციალური დაძაბულობის შემცირებაში, უპირველესად სოფლად სიღარიბის დაძლევაში.
ყოველივე ამისათვის კი უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სატყეო დარგმა მიიღოს ტყეების რეკრეაციული და ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელი დაფინანსება (სახელმწიფო ბიუჯეტი, შეღავათიანი კრედიტები, საკუთარი რესურსების მობილიზაცია, შემოსავლების დარგთაშორისი გადანაწილება და სხვა), რომელიც უზრუნველყოფს ტყეების ეკოლოგიურ-რეკრეაციულ შესაძლებლობათა გამოვლენას და ეფექტურად გამოყენების გზების დასახვას. ეს თავის მხრივ გაზრდის სატყეო დარგის აღორძინებასა და განვითარებას.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს დაფინანსებას, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გამოცხადდეს ტენდერი სარეკრეაციო და ტურიზმისათვის განკუთვნილი უბნების განკერძოების შესახებ, ტურიზმით დაინტერესებული კერძო ფირმებისა და სპონსორების მოძიების მიზნით.
უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე საქართველოს თავისებურებათა გათვალისწინებით დადგენილი არაა სარეკრეაციო-საკურორტო-ტურიზმისათვის საინტერესო ტყეების და ეროვნული პარკების გამოყოფისათვის ფუნქციონალური და ეკონომიკური შეფასების კრიტერიუმები, პარამეტრები, რომლებიც განსაზღვრავენ აღნიშნული კატეგორიის ტყეების სამკურნალო, გამაჯანსაღებელი, რეკრეაციული ვარგისიანობისა და ესთეტიურობის ხარისხს, რაც არ იძლევა ამ ტყეების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მით უმეტეს, რომ ამ უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში იდგმება პირველი ნაბიჯები და დაიწყო ტურიზმის განვითარების ფართომასშტაბიანი პროგრამების შემუშავება. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ ქვეყნის ბიუჯეტი ვერ უზრუნველყოფს ტყეებში რეკრეაციულ-ტურისტულ ღონისძიებათა ჩატარების დაფინანსებას, ეს სამუშაოები შეიძლება ჩატარებულ იქნეს სატყეო ფონდის მფლობელების მიერ, რომლებიც თავის მხრივ ხელშეკრულებას დადებენ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც თავის მხრივ დაინტერესებული არიან დასვენებითა და ტურიზმით, დამზადებული ხე-ტყის გამოყენებითა და ტყის სხვა სასარგებლო სასიცოცხლო ფუნქციებით, მდგრადი ეკოლოგიური გარემოს შექმნით და სხვა.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში ტყე-პარკების მშენებლობის მასშტაბებს საფუძვლად უნდა დაედოს მათი გამოყენების მობილურობა და ეფექტურობა; საწყის გარდამავალ ეტაპზე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, უარი ვთქვათ დიდი ზომის ტყე-პარკებისა და სარეკრეაციო უბნების მშენებლობაზე, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია დიდ კაპიტალურ დაბანდებასთან.
ტყეების რეკრეაციულ-ტურისტული თვალსაზრისით გამოყენება პირდაპირ კავშირშია ამ ტყეების პროდუქტიულობის ამაღლებასთან. დადგენილია, რომ საქართველოს ტყეების ნახევარზე მეტი დაბალპროდუქტიულია, ამდენად ტყეების პროდუქტიულობის ამაღლებაზე ზრუნვა არა მარტო ამ დარგის მეცნიერებისა და პრაქტიკოსების, არამედ მთელი საზოგადოების საზრუნავია.
ამასთან სახალხო მეურნეობისა და მოსახლეობის მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, დასვენებისა და ჯანმრთელობის დაცვის საუკეთესო პირობების შექმნაზე ზრუნვა, ამავე დროს ტყის მიწების სიმდიდრეთა კვლავწარმოება და მისი მრავალმიზნობრივ და რაციონალურ გამოყენებაზე ზრუნვა მოითხოვს შემუშავდეს და განხორციელდეს სატყეო-სამეურნეო და რეკრეაციული ღონისძიებები, რისთვისაც საჭიროა შეიქმნას სათანადო პროფესიული სამსახურები სატყეო დეპარტამენტის სტრუქტურის დაქვემდებარებაში.