ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის პრიორიტეტები საქართველოში
დემნა კვარაცხელია, ასოცირებული პროფესორი, გლობალიზაციის და რეგიონული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა მიზნად უნდა ისახავდეს არა მხოლოდ ინფლაციური პროცესებისა და სავალუტო კურსების რეგულირებას, არამედ სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასაც.
გარდამავალ პერიოდში საქართველოში განხორციელებული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის მიზნების განხილვამდე მოკლედ მიმოვიხილოთ ბოლო წლებში ინფლაციის გამომწვევი მიზეზები ჩვენს ქვეყანაში.
2004 წელს ინფლაციის მიზეზებში შეზღუდული როლი ჰქონდა:
1. მონეტარულ ფაქტორებს, ვინაიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა რეალურ ფულად ნარჩენზე მოთხოვნა;
2. გაცვლით კურსს, ვინაიდან ფასების დონის ამაღლება აღინიშნებოდა ეროვნული ვალუტის ნომინალური და რეალური გაცვლითი კურსების ამაღლების პირობებში. ეს ტენდენცია შენარჩუნებულია დღემდე.
აღნიშნულ წელს ინფლაციური პროცესების ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა:
1. კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაძვირებამ;
2. კონტრაბანდის გარკვეულ ზომამდე შემცირებამ (რაც, რა თქმა უნდა, დადებითი პროგრესული მოვლენაა), რამაც გამოიწვია იმპორტული საქონლის გაძვირება. თუმცა წესით კონტრაბანდის აღმოფხვრის შედეგად იმპორტული საქონლის გაძვირების კომპენსაცია უნდა მოეხდინა ეროვნული ვალუტის კურსის ამაღლებას, რადგან იგი ხელს უწყობს იმპორტის გაიაფებას;
3. ენერგეტიკული რესურსების გაძვირებამ და პროდუქციის საწარმოებლად აუცილებელი დანახარჯების ზრდამ;
4. საგადასახადო ადმინისტრირების სფეროში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრამ, რის შედეგადაც გარკვეულწილად შემცირდა გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების შესაძლებლობები, რამაც განაპირობა პროდუქციის გაძვირება. თუმცა ამ ღონისძიებების განხორციელება ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზების მიზნით აუცილებელი იყო.
2005-2006 წლებში, ინფლაციის გაღრმავებაში ზემოაღნიშნული მიზეზებიდან კვლავ მნიშვნელოვანი იყო სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ენერგეტიკული რესურსების გაძვირება და შესაბამისად, პროდუქციის წარმოებისათვის აუცილებელი დანახარჯების ზრდა. ამასთან, წინა პლანზე წამოიწია მონეტარულმა ფაქტორებმა, რაც უარყოფითად აისახა ფულზე მოთხოვნის სიდიდეზე და თავის მხრივ გამოიწვია ინფლაციის გაღრმავება. 2005-2006 წლებისთვის ფულზე მოთხოვნის ზრდის ტემპების შემცირება, რაც გამოიხატა M0, M2, M3 ფულადი აგრეგატების მიხედვით გაანგარიშებული მონეტიზაციის კოეფიციენტების მნიშვნელობების ზრდის ტემპების არსებით შემცირებაში, გამოიწვია როგორც 2004 წლისათვის განხორციელებულმა ფულის მიწოდების მნიშვნელოვანმა ზრდამ, აგრეთვე, მართალია არა 2004 წლის მასშტაბებში, მაგრამ ფულადი აგრეგატების ზრდის მაინც მაღალმა ტემპებმა თვით 2005-2006 წლებშიც. შესაბამისად, 2006 წლისათვის აღინიშნა ბანკებს გარეთ მიმოქცევაში მყოფ ნაღდ ფულზე მოთხოვნის შემცირება, კერძოდ, 2006 წლისათვის, 2005 წელთან შედარებით, K0 მონეტიზაციის კოეფიციენტი შემცირდა 5,4%-ით.
მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასის არსებით ზრდაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ, საბანკო-საკრედიტო ექსპანსიის არნახულმა გაფართოებამ და პუი-ის მზარდმა შემოდინებამ. ყოველივე ამან ბიძგი მისცა ინფლაციური პროცესების გაღრმავებას. შესაბამისად, 2005-2006 წლებში აღინიშნა K2 დაK3 მონეტიზაციის კოეფიციენტების ამაღლება 2004 წელთან შედარებით უფრო დაბალი ტემპებით, ანუ M2 და M2 ფულზე მოთხოვნა გაიზარდა სასურველთან შედარებით უფრო დაბალი ტემპებით, ხოლო, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, M0 ფულზე მოთხოვნა 2006 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირდა კიდევაც (იხ. ცხრილი 4)
ეს რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლებში (2005-2007წწ.) ინფლაციისა და შესაბამისად, ნომინალური მშპ-ის ფაქტიური დონეები, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მათ ოფიციალურ დონეებთან შედარებით რეალურად ბევრად უფრო მაღალია, მაშინ სრულიად შესაძლებელია, რომ მონეტიზაციის კოეფიციენტები 2005-2006 წლებში შემცირებული იყოს არა მხოლოდ M0 ფულადი აგრეგატის, არამედ M2 აგრეგატის მიხედვითაც.
ამასთან, თუკი ვენდობით ინფლაციისა და ნომინალური მშპ-ის ფაქტიური დონეების შესახებ ოფიციალურ მონაცემებს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2004-2006 წლებში აღინიშნა ფულზე მოთხოვნის გარკვეული ზრდა, რასაც ადასტურებს დროის მითითებულ მონაკვეთში ეკონომიკის მონეტიზაციის K2 და K3 კოეფიციენტების ამაღლება წინა პერიოდთან შედარებით. მიუხედავად ამისა, ფულზე მოთხოვნისა და ეკონომიკის მონეტიზაციის კოეფიციენტების აღნიშნული მნიშვნელობები ჯერჯერობით ბევრად შორსაა სასურველი ოპტიმალური დონისაგან. მათი დონე მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსოფლიო პრაქტიკაში ჩამოყალიბებულ სტანდარტებს. თანაც მეტ ყურადღებას მოითხოვსK0 მონეტიზაციის კოეფიციენტის შემცირება 2006 წლისათვის. ასეთ მოკლევადიან პერიოდში მისი შემცირება, თანაც საქართველოს პირობებში, სადაც ფულის მიმოქცევის სიჩქარის ამაღლების სხვა მიზეზებზეა საუბარი, გარდა ინფლაციისა, ზედმეტია, მიუთითებს ნაღდ ფულზე მოთხოვნის არსებით შემცირებაზე ფასების დონის მნიშვნელოვანი ამაღლების შედეგად. ფასების დონის ამაღლების მიზეზს M0 ფულის მიწოდების გადიდებასთან ერთად წარმოადგენს განვადებით (კრედიტით) განხორციელებული გაყიდვის ოპერაციების არნახული გაფართოება.
საქართველოში ფულზე მოთხოვნის დაბალი დონე მრავალმა მიზეზმა განაპირობა.
ფულზე ერთობლივი მოთხოვნა, როგორც ცნობილია, ყალიბდება ორი კომპონენტისაგან: გარიგებისათვის ფულზე მოთხოვნა (რომელიც ძირითადად დამოკიდებულია ტრანსაქციათა მოცულობაზე) და დანაზოგების ფორმით ფულზე მოთხოვნა.
ფულზე მოთხოვნა აქტივების სახით თავის მხრივ დამოკიდებულია შემოსავლების მოცულობაზე, პროცენტის ნომინალურ განაკვეთზე, ინფლაციის წარსულში არსებულ და მომავალში მოსალოდნელ დონეებზე და ნომინალურ გაცვლით კურსზე. ეს უკანასკნელი ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოსტსაბჭოურ ქვეყნებში [1, გვ. 346-347], მათ შორის საქართველოში.
შემოსავლების განსაზღვრულ დონემდე ამაღლების დროს იზრდება ფულზე მოთხოვნა როგორც ტრანსაქციათა განხორციელებისათვის, აგრეთვე დანაზოგების ფორმით, ვინაიდან მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა თავისი შემოსავლების მეტი ნაწილი გადაინახოს აქტივების სახით ფულად ფორმაში. სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის შემოსავლების ერთობლივი დონე ჯერჯერობით მკვეთრად დაბალია. შესაბამისად, დაბალია ფულზე მოთხოვნა აქტივების სახით. მოსახლეობის შემოსავლების ამაღლების მიზნით აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ღონისძიებების განხორციელება ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი ტემპების მისაღწევად, აგრეთვე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აუცილებელია ეკონომიკური ზრდის ხარისხის გაუმჯობესება.
თუ პროცენტის ნომინალური განაკვეთი მაღალია, მაშინ აქტივების ფორმით ფულზე მოთხოვნა და შესაბამისად ფულზე ერთობლივი მოთხოვნა დაბალია. აქტივების სახით ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის შემცირებას განსაკუთრებით განაპირობებს მოსალოდნელი ინფლაციის მაღალი ტემპით გამოწვეული პროცენტის ნომინალური განაკვეთის ამაღლება, ანუ ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის შემცირებას განაპირობებს არა თავისთავად პროცენტის ნომინალური განაკვეთის ამაღლება, არამედ ისიც, თუ მის ამაღლებაში რა წვლილი მიუძღვის მოსალოდნელი ინფლაციის ტემპის ცვლილებას. ეს იმითაა გამოწვეული, რომ როცა ინფლაციის მოსალოდნელი ტემპი მაღალია, მაშინ მაღალია დანაზოგების სახით ფულის შენახვის ხარჯები. საქართველოში ამ მიზეზით, ანუ მოსალოდნელი ინფლაციის მაღალი დონის შედეგად, აქტივების სახით ფულზე, კერძოდ კი ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა დაბალია. ამ ფორმით ფულზე მოთხოვნა ძირითადად წარმოდგენილია უცხოური ვალუტის, კერძოდ კი, დოლარის სახით. ამას ადასტურებს, როგორც დეპოზიტებზე განთავსებული დანაზოგების დოლარიზაციის მაღალი კოეფიციენტი, აგრეთვე ისიც, რომ ჩვენთან უძრავი ქონებისა და საბითუმო საქონლის შეძენა ძირითადად ხდება უცხოურ ვალუტაში, რომელიც ლარისადმი უნდობლობის შედეგად დაზოგილი ფულის ძირითადი კომპონენტია.
ლარისადმი გარკვეული უნდობლობის, მასზე მოთხოვნის დაბალი დონის გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორია კუპონის ერაში განვითარებული ჰიპერინფლაციური პროცესები, რომლის უარყოფითი შედეგებიც ხალხის მეხსიერებაში დაილექა და დიდი ხნით შეარყია ნდობა ეროვნული ვალუტისადმი. ამიტომ იმ პერიოდიდან ხალხი ინერციით უპირატესობას მყარ უცხოურ ვალუტას ანიჭებს, უპირველეს ყოვლისა, კი დოლარს, რომელმაც მთელ რიგ ზემოაღნიშნულ ოპერაციებში პრაქტიკულად ჩაანაცვლა ლარი, რითაც შეზღუდა მისი ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სასიცოცხლო ეკონომიკური სივრცე. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სამეწარმეო საქმიანობის შემდგომ ლეგალიზებას და, რაც მთავარია, საბითუმო გარიგებების განხორციელების და უძრავი ქონებით ვაჭრობის დროს ლარით უნაღდო ანგარიშსწორების გაფართოებას (რადგან ნაღდი ანგარიშსწორება ძირითადად ხორციელდება დოლარებში). ნაღდი ანგარიშსწორების განხორციელებისას კი მოთხოვნილ უნდა იქნას სათანადოდ დადასტურებული დოკუმენტი აღნიშნული ანგარიშსწორების ლარის მეშვეობით განხორციელების შესახებ.
ფულზე მოთხოვნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა საფონდო ბაზრები, რომლებიც ჩვენთან არ არის განვითარებული, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მონეტიზაციის შედარებით დაბალ დონეს.
დღეისთვის საქართველოში როგორც ფულად-საკრედიტო სფეროში, ასეე სავალუტო ბაზარზე არსებული სიტუაცია მიმართულია სამამულო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის საწინააღმდეგოდ. ინფლაციის მაღალი დონის პარალელურად, დოლართან მიმართებაში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ამაღლება განაპირობებს რეალური გაცვლითი კურსის ზრდას. ეს ხელს უშლის არა მხოლოდ სამამულო წარმოების აღორძინება-განვითარებას, არამედ აგრეთვე ეკონომიკური ინტერესების მქონე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ექსპორტზე ორიენტირებულ დარგებში. რეალური გაცვლითი კურსის ამაღლება ზრდის უცხოელი ინვესტორების მიერ ქართული პროდუქციის ერთეულის წარმოებაზე გაწეულ დანახარჯებს დოლარებში და შესაბამისად აძვირებს საბოლოო პროდუქციას, რაც თავის მხრივ ნაწილობრივ ანეიტრალებს საქართველოში შრომაზე, მასალებზე, ნედლეულზე, ელექტროენერგიაზე და ა. შ. გაწეულ დაბალ დანახარჯებს ლარებში და ამიტომ წარმოშობს პრობლემებს აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციის დროს მსოფლიო ბაზარზე.
ნომინალური და რეალური გაცვლითი კურსების ამაღლება ცხადყოფს, რომ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა გარკვეულ წინააღმდეგობაშია სამამულო წარმოების აღორძინება-განვითარების მოთხოვნებთან, რაც გამოწვეულია საქართველოში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამის დაწყების პერიოდიდან უკიდურესად და გადაჭარბებულად პოპულარული თეორიულ-მეთოდოლოგიური შეხედულებების ცალმხრივობით, რომლის თანახმადაც ეკონომიკის განვითარებისათვის საჭიროა, ერთის მხრივ, ინფლაციის დაბალ დონეზე, კერძოდ, მცოცავი ინფლაციის, ან უკიდურეს შემთხვევაში “ჯადოსნური” ერთნიშნა რიცხვის ფარგლებში შენარჩუნება, ხოლო მეორეს მხრივ, კი ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მაღალი დონის უზრუნველყოფა.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია სამამულო წარმოების, უპირველეს ყოვლისა კი, მატერიალური წარმოების დარგების აღორძინება, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების მიღწევა, ეკონომიკური ზრდის ხარისხის გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინფლაციის ოპტიმალური ტემპის უზრუნველყოფას, ანუ ფასების დონის მოძრაობის ისეთი ტრაექტორიის მიღწევას, რომელიც პროდუქციის გამოშვების გადიდებისას უზრუნველყოფს პროდუქციის ერთეულის წარმოებაზე გაწეული საშუალო დანახარჯების ზრდის ანაზღაურებას – მოგების საშუალო ნორმის შემცირების გარეშე.
მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამა ამოქმედდა ჰიპერინფლაციის პირობებში, რომელიც აუცილებელი იყო ამ უკანასკნელის აღმოსაფხვრელად. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმდინარე ეტაპზე, რომლისთვისაც დამახასიათებელია მეტნაკლებად სრულყოფილი სამართლებრივი ბაზისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის არსებობა, აუცილებელია ეკონომიკურ პოლიტიკაში შეტანილ იქნას გარკვეული კორექტივები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამეწარმეო აქტივობის შემდგომ წახალისებას და სამამულო წარმოების, უპირველეს ყოვლისა კი, პრიორიტეტული დარგების აღორძინებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მიღწევის შემდგომ პერიოდში ფასების დონეზე მოქმედ ფაქტორებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროდუქციის გამოშვების გადიდების პარალელურად პროდუქციის ერთეულის წარმოებაზე გაწეული საშუალო დანახარჯების ზრდა, რაც გამოწვეულია თავისუფალი რესურსების ამოწურვით, სათბობ-ენერგეტიკული რესურსების გაძვირებითა და სხვადასხვა სახის მომსახურებაზე დანახარჯების ამაღლებით, აგრეთვე მოძველებული მანქანა-მოწყობილობების ექსპლუატაციისა და ახალი ტექნიკის დანერგვის ხარჯების გადიდებით.
ამიტომ მიმდინარე ეტაპზე ინფლაციის ტემპის რეგულირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც ფულადი ფაქტორები, აგრეთვე ერთობლივ მიწოდებაზე ზემომქმედი ეგრეთწოდებული ფასწარმომქმნელი” ფაქტორებიც. ამის აუცილებლობას განაპირობებს ის, რომ გრძელვადიანი პერიოდისათვის ნებისმიერი მაკროეკონომიკური პოლიტიკა (მონეტარულ თუ ფისკალურ სფეროებში) განწირულია კრახისთვის ადექვატური მიკროეკონომიკური პოლიტიკის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე ინფლაციის ტემპის შემცირება ზემოთ აღნიშნულ მინიმალურ დონემდე, საითკენაც ჩვენთან ბოლო წლების განმავლობაში კურსია აღებული, არ შეესაბამება ადგილობრივი საქონელწარმოების აღორძინების ინტერესებს. ინფლაციის ასეთი დაბალი დონე ვერ უზრუნველყოფს პროდუქციის გამოშვების გადიდების დროს წარმოქმნილ დამატებითი დანახარჯების ანაზღაურებას – მოგების საშუალო ნორმის არსებული დონის მკვეთრი შემცირების გარეშე.
განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში, რომლებშიც მშპ-ის ფაქტობრივი მოცულობა პოტენციურს მაქსიმალურად უახლოვდება, ან მისი ტოლია, 1-3%-იანი წლიური ინფლაცია სრულიად საკმარისია ეკონომიკური ზრდის მაქსიმალური ტემპის უზრუნველსაყოფად. ჩვენთან კი ინფლაციის ასეთი დაბალი ტემპი, მათ შორის ხშირად 10%-ის ფარგლებშიც კი, ვერ უზრუნველყოფს ფასების დონის მოძრაობის ისეთ ტრაექტორიას, რომელიც საჭიროა ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად და სამეწარმეო საქმიანობის წასახალისებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია ჩვენთან ბოლო 9-10 წლის მანძილზე ჩამოყალიბებული ტენდენცია, რომელიც მდგომარეობს ინფლაციის ტემპის მინიმალურ დონემდე შემცირების გადაჭარბებულად გაპიარებული იდეის სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად დეკლარირებაში, რასაც ეწირება ქართული საქონლის კონკურენტუნარიანობა. ამასთან, აღნიშნული იდეა რეალურ ცხოვრებაში პრაქტიკულად მიუღწევადი აღმოჩნდა, რაზეც მიუთითებს ფასების რეალური და არა ოფიციალური დონის მკვეთრი ამაღლება,2 რაც ნებისმიერი ფენისათვის საგრძნობია.
სავალუტო პოლიტიკა, ნომინალური და რეალური გაცვლითი კურსების ამაღლება და მათი მაღალ დონეზე შენარჩუნება მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პოლიტიკის დაწყებიდან დღემდე ემსახურება ინფლაციის ტემპის მინიმალური დონის მიღწევას (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში გაცვლითი კურსების ამაღლება მნიშვნელოვანწილად განპირობებულია სხვა, სავალუტო პოლიტიკისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. სავალუტო პოლიტიკამ კი ვერ შეძლო წინ აღდგომოდა მათ ამაღლებას). ლარის მაღალი და სტაბილური გაცვლითი კურსის პირობებში ინფლაციის ზეწოლა ვლინდება იმპორტის სასარგებლო საგარეო დისბალანსში, აგრეთვე ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად და ეროვნული ვალუტის კურსის განსამტკიცებლად უცხოური სესხებისა და დახმარებების გაუმართლებელ მოზიდვაში. ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ამაღლების გზით ინფლაციის მოთოკვა მართალია იწვევს ინფლაციის ტემპის მინიმალურ დონემდე შემცირებას (ჩვენთან ესეც პრაქტიკულად მიუღწეველი აღმოჩნდა), მაგრამ ამავე დროს ლარის რეალური გაცვლითი კურსის ამაღლების შედეგად განაპირობებს სამამულო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შემცირებას, მისი დარგობრივი სტრუქტურის დეფორმაციას, რაც გამოიხატება მრეწველობის დარგების პარალიზებაში, რითაც ხელს უშლის ეკონომიკის დაბალანსებულ განვითარებას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ-ეკონომიკურ უსაფრთხოებას და საფუძველს ქმნის მომავალში გაცვლითი კურსების მკვეთრი მერყეობისათვის.
არასწორმა სავალუტო პოლიტიკამ, ანუ ბოლო წლებში ლარის ნომინალური და რეალური გაცვლითი კურსის მკვეთრმა ამაღლებამ, მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა სამამულო პროდუქციის კონკურენტუნარიანობას, რაც აისახა ექსპორტთან შედარებით იმპორტის უფრო სწრაფ ზრდაში, რის შედეგადაც მოგებულნი დარჩნენ იმპორტიორები და სავალუტო კურსების მკვეთრი რყევებით დაინტერესებული ფინანსური ჯგუფები.
თუ ეროვნული ვალუტის რეალური გაცვლითი კურსის ამაღლება გამოწვეულია სამამულო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებითა და მასზე მოთხოვნის გადიდებით, მაშინ ეს ნორმალური სიტუაციაა, მაგრამ როცა იგი გამოწვეულია სხვა ფაქტორებით, მაშინ იგი იწვევს სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობის დაცემას, ექსპორტის შეზღუდვასა და იმპორტის წახალისებას. ეს იმითაა გამოწვეული, რომ როცა ეროვნული ვალუტის რეალური გაცვლითი კურსი მაღალია, მაშინ უცხოური საქონლები შედარებით იაფია, ხოლო სამამულო ნაწარმი შედარებით ძვირია და ეს ეკონომიკურ ლიტერატურაში საყოველთაოდ აღიარებული აქსიომაა [2, გვ. 306].
ამგვარად, მცირე ღია ეკონომიკისათვის საშიშია არა შედარებით მაღალი ინფლაცია (ზომიერი ტემპის ფარგლებში), არამედ ინფლაცია ეროვნული ვალუტის საგარეო ბაზარზე ერთდროული გაძვირების პირობებში, რასაც სამწუხაროდ ადგილი აქვს საქართველოში.
ამიტომ ეკონომიკური განვითარების მიმდინარე ეტაპზე უპირველეს ამოცანად მიგვაჩნია რეალური გაცვლითი კურსის შემცირება. ამ მიზნით საჭიროა დოლართან მიმართებაში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის გეგმაზომიერი შემცირება მინიმალურ კონტროლირებად ფარგლებში – ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე დოლარის შესაძენად განხორციელებული სავალუტო ინტერვენციის გზით. იმისათვის, რომ ამან არ გამოიწვიოს ფასების დონის შესაბამისი ტემპით ამაღლება, საჭიროა ერთდროულად გონივრულ ფარგლებში შეიზღუდოს სახელმწიფო ხარჯები და შიდა კრედიტების გაცემა.3 ამ შემთხვევაში აღნიშნული სავალუტო პოლიტიკა ძირითადად ზემოქმედებას მოახდენს იმპორტული საქონლის ფასზე, ხოლო სამამულო პროდუქციაზე ფასები ამაღლდება შედარებით უმნიშვნელოდ, ვინაიდან ადგილობრივი წარმოება, სავალუტო ბაზარზე მომხდარ ასეთ ცვლილებებს ფასების ამაღლებასთან ერთად უპასუხებს საქონლის მიწოდების გადიდებით.
ამგვარად, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის მეშვეობით მიზანშეწონილად მიგვაჩნია უზრუნველყოფილ იქნას რეალური გაცვლითი კურსის ყოველწლიური შემცირება, თუნდაც 1%-ის ფარგლებში (უკიდურეს შემთხვევაში აუცილებელია რეალური გაცვლითი კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფა, რათა დაძლეულ იქნას მისი შემცირებისა და სამამულო პროდუქციის გაძვირების ტენდენცია). რეალური გაცვლითი კურსის შემცირება გამოიწვევს სამამულო და იმპორტულ საქონელს შორის შეფარდებითი ფასების ისეთ ცვლილებას, რომელიც იმპორტულთან შედარებით გააიაფებს ქართულ საქონელს და წაახალისებს სამამულო საქონელწარმოებას, აგრეთვე სასაქონლო ექსპორტს, რაც საბოლოო ანგარიშით ხელს შეუწყობს საგარეო ვაჭრობის დეფიციტის შემცირებას.
რეალური გაცვლითი კურსის შემცირების უზრუნველსაყოფად აუცილებელია დოლართან მიმართებაში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ყოველწლიურად გაუფასურდეს: საქართველოში და აშშ-ში ფასების დონეების თანაფარდობის ზრდის ტემპთან შედარებით უფრო მაღალი ტემპით (ხოლო რეალური გაცვლითი კურსის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საჭიროა ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ყოველწლიურად გაიაფდეს, ან გაძვირდეს ფასების დონეების ზემოაღნიშნული თანაფარდობის ამაღლების, ან შემცირების ტემპის შესაბამისი სიდიდით). იგივე პოლიტიკა უნდა განხორციელდეს იმ ქვეყნების ვალუტების მიმართაც, რომლებიც საგარეო ვაჭრობის სფეროში წარმოადგენენ საქართველოს მთავარ პარტნიორებს (ძირითადად საუბარია რუსულ რუბლზე და თურქულ ლირაზე).
რეალური გაცვლითი კურსის შემცირება სამომხმარებლო პროდუქციის იმპორტთან ერთად გააძვირებს მანქანა-მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების იმპორტსაც, მაგრამ ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, მაგალითად, იმპორტირებულ მანქანა-მოწყობილობებზე და ტექნოლოგიებზე დღგ-ის შემცირების ან გაუქმების, ან მათი იმპორტის სუბსიდირების გზით.
გაცვლითი კურსების რეგულირებისას, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, რომ პუი-ის, უცხოური დახმარებებისა და უცხოეთში დასაქმებული ჩვენი თანამემამულეების ფულადი გზავნილების მოცულობების გადიდება განაპირობებს ლარზე მოთხოვნის ზრდას, რაც თავის მხრივ იწვევს ნომინალური და რეალური გაცვლითი კურსების ამაღლებას. უცხოური ვალუტის ბაზარზე ლარზე მოთხოვნა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნომინალური და რეალური გაცვლითი კურსების ამაღლების პროცესი მიმდინარეობს მიმოქცევაში მყოფი ლარის მასის ზრდისა და ფასების დონის ამაღლების პირობებში, რაც ართულებს გაცვლითი კურსების ცვლილებას სასურველი მიმართულებით. გაცვლითი კურსებისა და ინფლაციის რეგულირებისას ძირითადი პრობლემაა ინფლაციის ტემპის ეკონომიკურად მიზანშეწონილი დიაპაზონის შერჩევა. ჩვენთან, როგორც აღვნიშნეთ ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ ინფლაციის ტემპმა არ გადააჭარბოს დასაშვებ “ჯადოსნურ” ერთნიშნა ნიშნულს, ანუ მისი მაქსიმალური დასაშვები ზღვარი 10%-ზე ნაკლებია. თუმცა ეკონომიკური განვითარების მიმდინარე ეტაპის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ინფლაციის ტემპის დასაშვები დონე ამაღლდეს 15-20 %-მდე. სწორედ ამ დონემდეა დასაშვები ინფლაციის ტემპის ამაღლება, ნომინალური და რეალური გაცვლითი კურსების ჩვენს მიერ ზემოთ მითითებულ მინიმალურ ფარგლებში შემცირებისას და მიმოქცევაში მყოფი ლარის მასის შესაბამისი ცვლილებისას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოპტიმალური ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის გატარება, რომლის ფარგლებშიც ინფლაციის ტემპისა და სავალუტო კურსების რეგულირება მიმართული იქნება არა მხოლოდ მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის უზრუნველყოფად, არამედ აგრეთვე სამამულო წარმოების, უწინარეს ყოვლისა კი მატერიალური წარმოების სფეროების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და ასაღორძინებლად, მოითხოვს ძლიერი და დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკის არსებობას. დღეისთვის საუბარია ეროვნული ბანკის ფუნქციების შეკვეცაზე, მონეტარული პოლიტიკის სფეროში მისი როლის შესუსტებაზე, უფრო მეტიც მის სრულ გაუქმებაზეც, რაც ამ სფეროში ყველაზე აბსურდული და გაუმართლებელი გადაწყვეტილება იქნება. უნდა გვახსოვდეს, რომ ეროვნული ბანკი (მიუხედავად მის მიერ დაშვებული გარკვეული შეცდომებისა, რომლებიც მნიშვნელოვანწილად გარე ფაქტორებითაც იყო გამოწვეული) და საერთოდ ორსაფეხურიანი საბანკო სისტემა დამოუკიდებელი საქართველოს მნიშვნელოვანი მონაპოვარია და მას გაფრთხილება სჭირდება. სათანადო საკანონმდებლო ბაზისა და სათანადო გარემოს (პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური) პირობებში ეროვნული ბანკი ქართული ეკონომიკური სივრცის ნორმალური ფუნქციონირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა.