თანამედროვე მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი თავისებურებები
თამარ როსტიაშვილი
“მცირე ბიზნესი”, როგორც ტერმინი, ძირითადად ფართოდ გავრცელდა ინგლისურენოვან ქვეყნებში. სხვა დასავლეთ ევროპულ ქვეყნებსა და იაპონიაში უფრო ხშირად სარგებლობენ ტერმინით – “მცირე და საშუალო საწარმოები”. ცნება “მცირე” ბიზნესთან მიმართებაში პირობითია. გაერო-ს კლასიფიკაციით, საწარმო, ფირმა, რომელშიც დასაქმებულია 500-ზე ნაკლები მუშაკი, მიეკუთვნება მცირე ბიზნესის კატეგორიას (1), თუმცა გაყიდვების მოცულობის მიხედვით ზოგიერთი ფირმა, რომლებიც მიკუთვნებული არიან მცირე საწარმოს, სრულიად შეესიტყვება მსხვილ საწარმოებს.
იმ კლასიფიკაციის მიხედვით, რომლითაც სარგებლობს ამერიკის შეერთებული შტატების მცირე ბიზნესის საქმეთა ადმინისტრაცია, “მცირე ბიზნესი” – ის საწარმოებია, რომლებიც იმყოფებიან დამოუკიდებელ მფლობელობაში და მმართველობაში, არ უკავიათ დარგში გაბატონებული მდგომარეობა და იქ მუშაობს არა უმეტეს 500 ადამიანი. სხვა ქვეყნებში, რასაკვირველია, კრიტერიუმები უფრო განსხვავებულია. მაგალითად, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში მცირე საწარმოებში მომუშავეთა რიცხოვნობის უმაღლესი ზღვარი დადგენილია დაახლოვებით 500 კაცამდე, იაპონიაში – 300-მდე, დიდ ბრიტანეთში – 200-მდე, ნიდერლანდებში – 100-მდე, ბელგიასა და დანიაში – 70.
არსებითი განსხვავებაა აგრეთვე დარგების მიხედვითაც. საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, მომსახურების სფეროში, საფინანსო და სადაზღვევო ბიზნესში ეს მაჩვენებელი საშუალოდ ორჯერ დაბალია. გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში დამატებითი კრიტერიუმების სახით გამოყენებულია კაპიტალის ბრუნვის მაჩვენებელი, იტალიასა და ირლანდიაში – უძრავი ქონების მოცულობა.
მთლიანად ევროკავშირის ქვეყნებში მცირე და საშუალო ფორმებს აკუთვნებენ საწარმოებს, სადაც 500 კაცზე ნაკლებია დასაქმებული.
აღნიშნული განსხვავებები ეროვნულ თავისებურებათა შედეგია ინდუსტრიალიზაციის დონეში, ასევე შედეგია შრომის საერთაშორისო დანაწილებაში ქვეყნების ადგილისა და როლის მიხედვით. ამრიგად, დღემდე მცირე და საშუალო ბიზნესის განსაზღვრის ერთიანი საერთაშორისო კრიტერიუმები არ არსებობს. (4)
ევროპის ბევრ ქვეყანაში არსებობს აგრეთვე კანონმდებლობა, რომელიც მცირე მეწარმეებთან ერთად აწესებს სახელოსნო საწარმოს სტატუსს. საფრანგეთში მაგალითად, ხელოსანი ეს ის ადამიანია, რომელიც თავის ხარჯებით ორგანიზებას უკეთებს საწარმოს ხელმძღვანელობას და პირადად მონაწილეობს მის მუშაობაში. ამასთან ასეთ საწარმოში მომუშავეთა რიცხოვნობამ არ უნდა გადააჭარბოს ათს, მათ შორის მფლობელის, მისთვის მომხმარე ოჯახის წევრების, დაქირავებული მუშაკებისა და მოწაფეების ჩათვლით. სახელმწიფო ასეთი სახის საწარმოებს სამეწარმეო საქმიანობის სხვა ფორმებთან შედარებით უფრო მნიშვნელოვან შეღავათებს ანიჭებს.
მსხვილ ფირმებთან კონკურენტულ ბრძოლაში მცირე ბიზნესი, უპირველეს ყოვლისა, იყენებს თავის უმთავრეს უპირატესობებს – მოქნილობას, მობილურობას, ტერიტორიული მანევრირების შესაძლებლობას. ამასთან დაკავშირებით შეიძლება გამოვყოთ მცირე ფირმების 4 ძირითადი სტრატეგია, რომელთა მიზანიც ისაა, რომ მსხვილ ფირმებთან კონკურენციის სიმძაფრე მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი და საუკეთესოდ იქნეს გამოყენებული საკუთარი უპირატესობანი. პირველი ორი სტრატეგია განეკუთვნება ფირმის დამოუკიდებელ განვითარებას, შემდეგი ორი კი დაკავშირებულია მცირე ფირმის მსხვილი ფირმის მოღვაწეობაში ჩართვასთან, ჩაშენებასთან.
1. კოპირების სტრატეგია, რაც გულისხმობს ან ლიცენზიით გამოუშვას დიდი ფორმის სამარკო პროდუქტი ან აითვისოს და გამოუშვას “კოპიო”, რომლის სახეობაც რაიმე ორიგინალური პროდუქტია.
2. ოპტიმალური სიდიდის სტრატეგია. ეს სტრატეგია, წვრილმასშტაბიანი და სპეციალიზებული ბაზრების ათვისებაში მდგომარეობს, საქმიანობის იმ სფეროების ათვისებაში, რომლებშიც მსხვილი წარმოება არაეფექტურია, ხოლო ოპტიმალურად ითვლება მცირე საწარმო. საქმიანობის ამ სფეროში მსხვილ ფირმებს უძნელდებათ საქმიანობა არასაკმაო მომგებიანობის, ხელფასებზე მაღალი დანახარჯების, მაღალი რისკიანობის დონის, არატექნოლოგიურობის გამო.
3. მსხვილი ფირმის პროდუქტში მონაწილეობის სტრატეგია. მსხვილ ფირმებს ხშირად ურჩევნიათ უარი თქვან ზოგიერთი სახის სამუშაოზე და მოახდინონ საჭირო ცალკეული დეტალებისა და მაკომპლექტებელი ნაწილების შესყიდვა. თავის მხრივ მცირე ფირმა იღებს გარანტირებული სუბსაიჯარო შეკვეთის შესაძლებლობას. მცირე საწარმოები აქტიურად თანამშრომლობენ ზოგიერთ მსხვილ ფირმას და ამით ისინი ესადაგებიან მათ ორგანიზაციულ და ტექნიკურ მოთხოვნებს, მიწოდების დისციპლინასა და ხარისხის დონეს, საბაზრო კონიუქტურის მერყეობას და ინოვაციურ პროცესებს. ამრიგად, მსხვილ საწარმოთა შეკვეთებისათვის კონკურენციულ ბრძოლაში ისინი ქმნიან სუბსაიჯარო ბაზრის დინამიურ გარემოს, რომლითაც მსხვილ ფირმებს სტიმულს აძლევენ საკუთარი შიდა დანახარჯების შემცირებისათვის.
4. მსხვილი ფირმების გასაღების სისტემაში მონაწილეობის სტრატეგია. იყენებენ რა ამ სტრატეგიას პატარა ფირმებში, გამოდიან როგორც მსხვილ ფირმათა ავტორიზებული წარმომადგენლები, ამასთან მონაწილეობენ მათ გამსაღებელ ქსელში.
მცირე და მსხვილი ფირმების წარმატებული თანამშრომლობის ფორმას ვაჭრობაში და მომსახურების სფეროში წარმოადგენს “ფრანჩაიზინგი”. ამ ტიპის კონტრაქტის საფუძველზე მცირე ფირმა იღებს შესაძლებლობებს გამოიყენოს ცნობილი სავაჭრო მარკა, საქონლები, ფინანსური დახმარება, ბიზნესის დამუშავებული ტექნოლოგია, მონაწილეობა ერთობლივ რეკლამაში. ამის გარდა, მსხვილი ფირმა უზრუნველყოფს საბუღალტრო და კომერციული ანგარიშსწორების ცენტრალიზებულად წარმართვას. როგორც წესი, მცირე ფირმა უხდის მსხვილ ფირმას საწყის შენატანს, ხოლო შემდეგ ურიცხავს გაყიდვების მოცულობის გარკვეულ პროცენტს. აკრძალულია კონკურენტი ფირმის საქონლების გაყიდვა, დგინდება ბაზარზე საკმაოდ მკაცრი ქცევის წესები (5).
სტრატეგიულ დაგეგმვაში მცირე ბიზნესი იყენებს აგრეთვე საშუალო ფირმების თავისებურებებსაც, რომლებიც მცირე ფირმებთან შედარებით უფრო ინერციულები არიან. ეს გარემოება მათ აქცევთ სტრატეგიულად ნიშნობრივ სპეციალიზაციაზე ორიენტირებულად.
შეიძლება გამოვყოთ საშუალო ფირმების განვითარების შემდეგი სტრატეგიები:
– პოზიციების მობილიზაცია და განმტკიცება;
– ბიზნესის სიმყარის უზრუნველსაყოფად კოოპერირება;
(ვერტიკალური ან ჰორიზონტალური);
– საშუალო ფირმის მსხვილ ფირმად განვითარება;
– პერეპროფილირება, სხვა ნიშანში გადასვლა.
საფრანგეთის მცირე და საშუალო საწარმოთა სრულიად საფრანგეთის კონფედერაცია გამოჰყოფს მცირე და საშუალო საწარმოების შემდეგ ძლიერ მხარეებს:
– ინიციატივისა და დინამიზმის სულისკვეთება – მცირე და საშუალო საწარმო ჩნდება ტექნიკური ინიციატივის საფუძველზე ან მისი შემქმნელის ახალი იდეის შედეგად;
– სპეციალიზაცია, საწარმოო ფორმირებისადმი შეთვისება-მორიგება;
– საწარმოს მოქნილობა, რაც გამოიხატება მარტივ სტრუქტურაში, სწრაფ სიტყვიერ კომუნიკაციაში როგორც შიგა, ასევე გარე ურთიერთობებში;
– საწარმოს შემქმნელი, რომელიც რისკავს თავისი კაპიტალით, თავისი ფანტაზიით, ნოვაციური მოქმედებით, რისკითა და მუდმივი ინიციატივით და მუდმივად ამტკიცებს უფლებას არსებობაზე. ამიტომაცაა, რომ მცირე და საშუალო საწარმოები საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
მცირე საწარმოები განსაკუთრებული “სამუშაო ლაბორატორიაა”, მსხვილი ბიზნესის საწარმოების გამოსაცდელი პოლიგონია. მცირე საწარმოები უფრო ადვილად ეგუებიან და ეთვისებიან ახალ იდეებს. აქ ერთ თანამშრომელზე მოდის 2.5-ჯერ მეტი ინოვაციები, ვიდრე მსხვილი საწარმოს მუშაკზე. (6). მცირე საწარმოები უფრო მოქნილები არიან, სწრაფად ახერხებენ ახალ დამუშავებაზე გადართვას, ახალი პროდუქციის აპრობაციასა და წარმოებას, ასეთებზე დიდი ბიზნესი ხშირად თავს იკავებს და უარს ამბობს ერთი უმთავრესი მიზეზის გამო – რისკის მაღალი ხარისხის მიზეზით (3). ნაწარმის ახალი სახეობების ათვისების ან მომსახურების ახალი სახეობების ათვისების ტემპი მცირე საწარმოებს 30%-ით მაღალი აქვთ, ხოლო ეფექტიანობა 8-ჯერ მაღალი, მსხვილ საწარმოებთან შედარებით.
მცირე ბიზნესის პროდუქცია და მომსახურება, როგორც წესი, მსხვილ ფირმებთან შედარებით არ არის უარესი ხარისხის, ხოლო ნაწარმის თვითღირებულება უფრო დაბალია. მცირე საწარმოებს რიგი უპირატესობა აქვთ მართვაშიც, რასაც განაპირობებს საქმიანი ურთიერთობის ორგანიზაციის სიმარტივე, მეწარმეთა სრული დამოუკიდებლობა კონტრაგენტების წინაშე ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფის ნაწილში (2). მცირე საწარმოები თავის თავზე იღებენ გარკვეულ რისკს და მთელი შესაძლებლობების ძალისხმევას ახდენენ ახალი პროდუქციის შემუშავებაზე ან არსებული პროდუქტების და ტექნოლოგიების მოდერნიზაციაზე. არსებითად მხოლოდ სიახლეთა რეალიზაციის გზით შეუძლიათ მათ გაუძლონ და გაუმკლავდნენ საქონლებისა და მომსახურების ბაზარზე თანამედროვე მძაფრ კონკურენციას.
თავის მხრივ მსხვილი კომპანიები უფრო ახალის და პერსპექტიულის არჩევის შესაძლებლობას იღებს, ისეთების, რომლებმაც უკვე გაიარეს საბაზრო აპრობაცია:
ამრიგად, მოქმედების თავისუფლება, გადაწყვეტილებებში მოქნილობა და ოპერატიულობა; ადგილობრივ მცირემაშტაბიან, არარეგულირებულ, სპეციფიურ და პერსონალური მოთხოვნისადმი გორდება; მეწარმეობრივი შემართება, თავისი მიზნების პრაქტიკულად რეალიზების შესაძლებლობა; უფრო დაბალი მმართველობითი და საექსპლუატაციო დანახარჯები, კაპიტალის უფრო მაღალი ბრუნვადობა; საზოგადოებრივი სიმპათია და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა-აი ყველა ის პრაქტიკულად მნიშვნელოვანი გარემოებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ მცირე ბიზნესის კონკურენტუნარიანობასა და სიცოცხლისუნარიანობას, ბოლო ათწლეულებში უცხოეთის ქვეყნებში მის მძლავრ განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ამასთან ერთად მცირე ბიზნესს აქვს აგრეთვე სუსტი მხარეებიც, რომლებსაც აუცილებლად ანგარიში უნდა გაეწიოს, სახელდობრ:
– დაფინანსების სიძნელეები;
– ეკონომიკური ცვლილებისადმი ამაღლებული მგრძნობიარობა;
– პირადი სახის პრობლემების სიმრავლე;
– სპეციალიზაციის დაბალი დონე და მენეჯერების არაკომპეტენტურობა, საექსპორტო პოტენციალის უკმარისობა და აუცილებელი საინფორმაციო უზრუნველყოფის უქონლობა;
– თავისი ბიზნესისათვის მეწარმის ერთპიროვნული პასუხისმგებლობა.
მცირე ფირმების კრახის ერთპიროვნული პასუხისმგებლობის, ნახევარი მოდის გაყიდვების უმნიშვნელო მოცულობების წილად, 25% კი – კონკურენციის, 15% – ძალიან მაღალ საექსლუატაციო ხარჯებზე. ამის გარდა, საწარმოო და საცალო ფირმები მიუთითებენ დებიტორული დავალიანებების ამოღების სიძნელეებზე. საცალო ფირმების წარუმატებლობა ხშირად ასევე უკავშირდება მათ გაუმართლებელ და არახელსაყრელ განლაგებას, სასაწყობო მარაგების მართვის პრობლემებს.
ამრიგად, მცირე და საშუალო ბიზნესი სპეციფიური ბიზნესია. რიგ შემთხვევაში მისი არსებობა აუცილებლად გულისხმობს სახელმწიფოს მხარდაჭერას. როგორც მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, სახელმწიფოს მასტიმულირებელი მხარდაჭერა მიმართული უნდა იყოს იმისაკენ, რომ მცირე ბიზნესმა სხვადასხვა დარგებში აქტიური ზეგავლენა იქონიოს წარმოების დემონოპოლიზაციის პროცესზე, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ეროვნული და საგარეო ბაზრების გაჯერება საქონლით, მომსახურებით, ახალი ტექნოლოგიებით.
ბაზრის განვითარებული ინფრასტრუქტურის პირობებში განსაკუთრებით დიდია მომსახურების სფეროს როლი. მის წილად მოდის ამერიკული ბიზნესის გაყიდვების მოცულობის 1/3, 90-იანი წლების დასაწყისში ამ სფეროში დასაქმებული იყო 80,5 მლნ ადამიანი, ანუ მთელი სამუშაო ძალის 70%. მაგალითად, ბოლო ათწლეულში მოსახლეობის მომსახურების სფეროს მცირე ბიზნესში შეიქმნა ყველა ახალი სამუშაო ადგილების 50%-ზე მეტი. აშშ-ში მომსახურების სფერო მოიცავს საკონსტიტუციო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო, ფინანსურ მომსახურებას, ვაჭრობას, სერვისს და ა. შ.
მცირე ბიზნესის განვითარება ვაჭრობაში და მომსახურების სფეროში, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება ამ დარგებში წამოწყებათა საწყის დაბალ კაპიტალშემცველობას. პატარა სავაჭრო მაღაზიის ორგანიზებისათვის საკმარისია რამდენიმე ათასი დოლარი, ამასთან საჭირო არ არის განსაკუთრებული პროფესიონალური მომზადება. მომსახურების სფეროში მცირე საწარმოთა შექმნა არც თუ იშვიათად უკავშირდება მსხვილი ბიზნესის ნაწილობრივ დივერსიფიკაციას. საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, როდესაც მსხვილი ფირმის მაღალკვალიფიციურმა მუშაკმა სახსრები დააგროვა და გახსნა თავისი საკუთარი. (სარემონტო სახელოსნოები, ავტოფარეხები, კომუნალური მომსახურების საწარმოები, პატარა სასტუმროები და ა.შ.).
მრეწველობის რომელიმე დარგისათვის უპირატესობის მინიჭება თანამედროვე მცირე და საშუალო ბიზნესის თვალთახედვით ძალიან ძნელია – პატარა მოცულობის ფირმები მოქმედებენ ყველა დარგში. პატარა კომპანიები თავიანთ მინიქარხნებში თანაბარი წარმატებით ადნობენ სხვადასხვა საგნებს მაღალი ხარისხის ფოლადისაგან, უშვებენ მაღალხარისხოვან სამეცნიერო აპარატურას. საერთო ხასიათის მანქანათმშენებლობა, საფეიქრო მრეწველობა და მიკროელექტრონიკა, ტყავ-ფეხსაცმლის წარმოება და სამუშაო ტექნიკა – ყველგან არის და ფუნქციონირებს მცირე ბიზნესი. პატარა მოცულობის დინამიურ კომპანიებს უკავშირდება ბევრ ინდუსტრიულ სახელმწიფოში პერსპექტიული წარმოების სახეების დაჩქარებული განვითარების იმედები. პატარა კომპანიები, რომლებიც მოწინავე დარგებში ინერგებიან, ისწრაფვიან წარმოება აღჭურვონ ყველაზე უფრო სრულყოფილი ტექნიკითა და აპარატურით. ამიტომ არც თუ იშვიათია ისეთი შემთხვევები, როდესაც პატარა მოცულობის სამრეწველო ფირმა ფლობს თანამედროვე კომპიუტერებს, მრავალფუნქციონალურ მოწყობილობებს, დამუშავებულ ცენტრებს.
მცირე ბიზნესი გამოდის მსხვილი კორპორაციების პარტნიორის როლში და იღებს ინფორმაციას, საწარმოო საიდუმლოებათა დაცვის პირობებში მათი პერსპექტიული გეგმების შესახებ უახლესი 5-6 წლის პერიოდისათვის, რაც (მოიჯარეებს) მოიჯარადეებსა და მომწოდებლებს ეხმარება იმაში, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ მათთვის შეკვეთილი დეტალების, მაკომპლექსებელი ნაწარმის შემუშავებაში, გასცენ რეკომენდაციები თავიანთი საწარმოო კომპეტენციის ფარგლებში. მთლიანობაში სუბსაიჯარო სამუშაოების მთელი სისტემა იმყოფება განუწყვეტელ მოძრაობაში და განახლებაში.
მცირე და საშუალო ბიზნესი, მიუხედავად რესურსების შეზღუდულობისა, ტრადიციულად დიდ როლს თამაშობს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ბევრი მიმართულების რეალიზაციაში. ახალი საქონლის კონკურენციის პირობებში, როდესაც გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტის განახლების ტემპი, მცირე ფირმები ავლენენ განსაცვიფრებელ მობილურობას და მოქნილობას. როგორც წესი, ასეთი ფირმების პრეროგატივაა სიახლეთა შემოტანის საწყისი სტილი, ხოლო მსხვილი ფირმების წილად კი რჩება ახალი ნაწარმოებების გაშლა-გაფართოების ყველაზე უფრო მეტად კაპიტალშემცველი სტადიების განხორციელება.
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდის მონაცემებით, სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში ჩატარებულ ერთ დოლარზე გაანგარიშებით, მცირე ფირმებმა (500 კაცამდე) მისცა ოთხჯერ მეტი სიახლე, ვიდრე საშუალო მოცულობის კომპანიებმა (1000 კაცამდე) და 24-ჯერ მეტი, ვიდრე მსხვილმა კორპორაციებმა (100 ათასზე მეტი). მიზეზად განიხილება არა მარტო პატარა ფირმების შესაძლებლობები – ეკონომია გასწიონ წარმოების მცირე მასშტაბებზე, არამედ მთავარ მათ უნარში და შესაძლებლობებში “საქმის წარმოების დანახარჯების” მკვეთრად შემცირების შესახებ, ანუ იმ დანახარჯებში, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციებით უზრუნველყოფასთან და გაცვლასთან, მოქმედებათა საუკეთესო კოორდინირებასთან და გადაწყვეტილებების უფრო ოპერატიულად მიღებასთან.