რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის არსი, მიზნები და ამოცანები
ნ. ორჯონიკიძე, ეკ. მეცნ. კანდიდატი, ც. დურული, ეკ. მეცნ. კანდიდატი
ნებისმიერი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონულ თავისებურებათა და შესაძლებლობათა გათვალისწინებით შემუშავებული პოლიტიკის წარმართვა. გააზრებული რეგიონული პოლიტიკის გატარება სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და საზოგადოების განვითარების მნიშვნელობანი ქვაკუთხედია.
რეგიონული პოლიტიკის მნიშვნელობაზე საუბრისას, ნ. ჭითანავა სამართლიანად აღნიშნავს: “სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა წარმატებით ვერ განხორციელდება, თუ რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონე, ტენდენციები, მათი რესურსული პოტენციალი ობიექტურად შესწავლილ-შეფასებული არ იქნა, თუ ქვეყნის ეკონომიკის ერთი თვისობრივიდან მეორეში გადასვლის სახელმწიფო კონცეფცია, მიმართულებანი, ეტაპები არ იქნა დიფერენცირებული და გააზრებული ტერიტორიულ ჭრილში, ადგილობრივი თავისებურებებისა და ინტერესების გათვალისწინებით”.
უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონული პოლიტიკის მნიშვნელობაზე და მის განსაკუთრებულ ადგილზე ქვეყნის პოლიტიკაში, მეცნიერებსა და პრაქტიკოსებში თითქმის სრული კონსენსუსია მიღწეული, რასაც ვერ ვიტყვით რეგიონული პოლიტიკის ამოცანებისა და არსის, თეორიისა და მისი რეალიზაციის პრაქტიკული გზების თაობაზე, რაც ძირითადად განპირობებულია თვით რეგიონული პოლიტიკის ობიექტის, მისი მიზნებისა და განხორციელების საშუალებების არაცალსახა გაგებით.2
უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი – “რეგიონული ეკონომიკა”, შემოთავაზებულია რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის ცნობილი მკვლევრის, ვ. პავლენკოს მიერ. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში მან ჩამოაყალიბა “რეგიონული ეკონომიკის” შესწავლის საგანი – ეს არის კონკრეტული რეგიონების ეკონომიკა, მისი ზოგადი კანონზომიერებით, ფაქტორებითა და განვითარების პრობლემებით”. ის რეგიონულ ეკონომიკურ პრობლემებს იკვლევდა რეგიონულ გეოგრაფიასთან და რეგიონულ სოციოლოგიასთან კომპლექსში.3
ჯერ კიდევ საბჭოურ სამეცნიერო-პრაქტიკულ ლიტერატურაში ჩამოყალიბებული იყო რეგიონული პოლიტიკის განსაზღვრის სხვადასხვა მიდგომები, ცენტრალიზებული მართვის სისტემის პირობებში რეგიონული პოლიტიკა ძირითადად ასოცირდებოდა საწარმოო ძალების ოპტიმალურად, ქვეყნის სამხედრო და უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, განთავსების გლობალური ამოცანების გადაწყვეტასთან. მაგალითად, სსრკ-ს აღმოსავლეთის რაიონების დაჩქარებულ განვითარებასთან, ჩრდილოეთის მხარეების ათვისებასთან, საბჭოთა რესპუბლიკების ეკონომიკური განვითარების გათანაბრებასთან და სხვა ამგვარი პრობლემების გადაჭრასთან.
საბჭოური პერიოდის ცნობილი რეგიონალისტი, აკადემიკოსი ნ. ნეკრასოვი თვლიდა, რომ “საბჭოთა კავშირის რეგიონული პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა მთელი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის გეგმური განვითარება, რომელიც უნდა პასუხობდეს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ამოცანებს, მთლიანობაში საბჭოთა რესპუბლიკების ინტერესების გათვალისწინებით”.4
განსხვავებულად განმარტავს რეგიონული პოლიტიკის არსს პროფესორი ე. ალაევი: “სახელმწიფოს რეგიონული პოლიტიკა, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარება, განვრცობილი რეგიონულ ასპექტებში, ანუ კავშირში და ურთიერთდამოკიდებულება სახელმწიფოსა და მის რეგიონებს შორის, ასევე რეგიონებს შორისაც”. 5
ამ მიმართულების მკვლევარი თანამედროვე მეცნიერები ნ. კეტოვა და ვ. ოვჩინიკოვი რეგიონულ ეკონომიკას განსაზღვრავენ, როგორც ეროვნულ-ეკონომიკურ სისტემაში ტერიტორიულ-საწარმოო კომპლექსის სამეურნეო ორგანიზაციის წესს, ხოლო მეორეს მხრივ, როგორც მეცნიერების იმ დარგს, რომელიც შეისწავლის ეკონომიკურ ურთიერთობათა ტერიტორიულ-ფუნქციონალურ ასპექტებს.6
რეგიონული პრობლემის გამოჩენილი რუსი მკვლევარი, აკადემიკოსი ალ. გრანბერგი ეკონომიკური საქმიანობის რეგიონულ ასპექტებში აერთიანებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: წარმოება, ინვესტიციური პროცესები, სამუშაო ძალები, ცხოვრების დონე, ფინანსები და ა.შ.7
ამგვარად, რეგიონული ეკონომიკა მოიცავს ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროსა და მიმართულებას. ასევე პირიქით, ეკონომიკის ყველა დარგი და სფერო ასახვას პოვებს რეგიონული ეკონომიკის პრობლემებზე.
პროფესორები – ე. ბარათაშვილი და შ. ვეშაპიძე მონოგრაფიაში – “რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა” – მიუთითებენ, რომ “რეგიონული ეკონომიკის საგანს წარმოადგენს ქვეყნის საწარმოო ძალების განლაგების, რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი ტენდენციების, ეკონომიკის დარგების განლაგების, უმნიშვნელოვანესი ბუნებრივ-ეკონომიკური, დემოგრაფიული და რეგიონების ეკოლოგიურ განსაკუთრებულებათა შესწავლა, აგრეთვე რეგიონთაშორისი, შიდარეგიონული და სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური კავშირების შესწავლა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეგიონული ეკონომიკის გამოკვლევისა და შესწავლის მნიშვნელოვანი საგანია საზოგადოებრივი კვლავწარმოების სივრცობრივი ასპექტები”.8
როგორც რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის არსისა და შესწავლის საგნის თაობაზე ავტორიტეტული მეცნიერებისა და მკვლევრების მიერ გამოთქმული ზემოხსენებული მოსაზრებებისა და შეხედულებების ანალიზიდან ირკვევა, რეგიონული პოლიტიკის საგანი საკმაოდ მნიშვნელოვან ტრანსფორმირებას განიცდის და ფართოვდება საზოგადოების განვითარების კვალობაზე.
ახალი ათასწლეულის დასაწყისში კაცობრიობის განვითარება უდიდესი მნიშვნელობის ტრანსფორმაციული პროცესებით ხასიათდება. დაჩქარებულად ფართოვდება თანამედროვე, მეცნიერულ-ტექნოლოგიური რევოლუცია, ძლიერდება საყოველთაო გლობალიზაციისა და ლოკალიზაციის პროცესი. ამ მოვლენების ადეკვატურად რეგიონული პოლიტიკის შინაარსიც სერიოზულ სახეცვლილებას განიცდის. თუ 90-იან წლებამდე, ინდუსტრიული საზოგადოებისა და ორპოლუსიანი მსოფლიოს პირობებში, ძირითადი აქცენტი კეთდებოდა (ყოველ შემთხვევაში ყოფილ სსრკ-ში მაინც) სამხედრო და საგარეო-პოლიტიკური მიმართულებით, პოსტინდუსტრიული ეპოქის დაწყებასა და სსრკ-ს დაშლის კვალობაზე ამ მიდგომებმა არსებითი ტრანსფორმირება განიცადა და ორიენტირებული გახდა ინტელექტუალური, მეცნიერულ-ტექნოლოგიური პოტენციალის განვითარებაზე, ეკონომიკური სიძლიერისა და ინტეგრაციული პროცესების განმტკიცებაზე.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რეგიონულმა პოლიტიკამ კომპლექსში უნდა მოიცვას საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ხასიათის ღონისძიებები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უნდა განახორციელონ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ამავე დროს, პრაქტიკა ადასტურებს, რომ ცალკეული რეგიონებისა და ცენტრალური ხელისუფლების ინტერესები ხშირად არ ემთხვევიან ერთმანეთს, უფრო მეტიც, უმეტეს შემთხვევებში მათ შორის სერიოზული დაპირისპირებები წარმოიშვება. ამდენად, ამ მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია თვით რეგიონებს შორის და მათი სახელმწიფოსთან მიმართებაში ინტერესების ჰარმონიულობის მიღწევის კვალობაზე უნდა მიმდინარეობდეს, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ კომპრომისებზე წასვლას ითვალისწინებს.
თანამედროვე პირობებში სახელმწიფოს რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს თითოეული რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის თანაბარი პირობების შექმნაზე, რის შესაბამისადაც ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, განურჩევლად დაბადებისა და საცხოვრებელი ადგილისა, მიეცემა შრომითი საქმიანობის თავისუფლად ამორჩევის საშუალება. აღსანიშნავია, რომ რეგიონებს შორის არსებული მკვეთრი კონტრასტები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავლსაზრისით, დიდ საშიშროებას უქმნის ქვეყნის აღმშენებლობას.
ამგვარად, რეგიონული პოლიტიკის ძირითადი დანიშნულებაა რეგიონებში სოციალური დაძაბულობის შემსუბუქება, მათთვის სათანადო პირობების შექმნა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და სხვა ღონისძიებების გატარება, რაც საბოლოო ჯამში სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაზე უნდა აისახოს.
რეგიონული პოლიტიკის მიზნები შეიძლება დავყოთ სამ ძირითად ჯგუფად,9 რომლებიც მოიცავენ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ასპექტებს:
სოციალური მიზნები:
– რეგიონებში კერძო მესაკუთრეთა ფენის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებასა და რეგიონული ბაზრების განვითარებას;
– მოსახლეობის სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერება და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარება.
ეკონომიკური მიზნები:
– რეგიონული მეურნეობრიობის მდგრადობის გაძლიერების მიზნით, ტერიტორიულ თავისებურებებზე ორიენტირებული ტემპებითა და ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, პრივატიზაციის პროცესის მიზნობრივი წარმართვა (აღსანიშნავია, რომ ამ მიზნის განხორციელებისათვის გზების ძიება საქართველოში შეიძლება დაგვიანებულიც იყო);
– რეგიონებში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა;
– მეურნეობის დემონოპოლიზაციის ხელშეწყობა;
– მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კვალობაზე, ბუნებრივი რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება;
– რეგიონების საექსპერტო პოტენციალის ამაღლების ხელშეწყობა;
– უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელსაყრელი გარემო პირობების შექმნა, სადაც პრიორიტეტად მიჩნეულია, როგორც მთლიანად ქვეყნის, ასევე განსაკუთრებით მისი რეგიონების სასიცოცხლო ინტერესების რეალიზაცია;
– რეგიონული ინფრასტრუქტურის სისტემის განვითარებაში კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და სხვა;
ეკოლოგიური მიზნები:
– მეწარმეთა სტიმულირება და მათი საქმიანობის წახალისება ბუნებრივი რესურსების დაზოგვისა და განახლებისაკენ მიმართულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის;
– არგანახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების ოპტიმალური დონის მისაღწევად შესაბამისი ღონისძიებების გატარება და სხვა.
რა თქმა უნდა, რეგიონული პოლიტიკის ზემოთ ჩამოთვლილი მიზნები სრულად ვერ ასახავს იმ პრობლემატიკას, რაც ამ კუთხით შეიძლება არსებობდეს. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ნებისმიერი სახელმწიფო რეგიონული პოლიტიკის შემუშავებისას ხელმძღვანელობს იმ ორიენტირებით, რაც ამ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, სამხედრო-პოლიტიკური, საგარეო და სხვა სტრატეგიული ინტერესების ფარგლებში “ჯდება”. ამდენად, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს შესაძლოა უფრო ფართო სპექტრის გრძელვადიანი ინტერესები ჰქონდეთ, ვიდრე საქართველოს ტიპის გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს.
რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკით განსაზღვრული მიზნების რეალიზაცია, როგორც წესი, ხორციელდება კონკრეტული ამოცანების დასახვისა და გადაწყვეტის გზით. ამ მიმართულებით რუსი მკვლევარი ვ. კოტილკო განსაზღვრავს შემდეგ ძირითად ამოცანებს:10
სოციალური ამოცანები:
– ქვეყნის რეგიონების მოსახლეობის ცხოვრების ღირსეული დონის მიღწევისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, განსაკუთრებულად კონტრასტული რეგიონების კონტროლი, ვინაიდან უთანაბრობის გაღრმავებამ (მომსახურების სფეროში კერძო სექტორის მონაწილეობამ) შეიძლება სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვიოს;
– სოფლებისა და მცირე ქალაქების აღორძინება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მეშვეობით;
– მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობით, რეგიონებში უმუშებრობის დონის შემცირება;
– საკურორტო ზონებში მომსახურეობის სფეროს განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გათვალისწინებით და სხვა.
ეკონომიკური ამოცანები:
– ქვეყნის ერთიან სივრცეში, რეგიონებში ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა;
– ეფექტიანი რეგიონთაშორისი კავშირების ჩამოყალიბება;
– თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვის ხელშეწყობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მეშვეობით;
– ეკონომიკურად არასტაბილურად განვითარებადი რეგიონებისათვის, მათი კრიზისებიდან მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების მინიმიზაციის მიზნით, შესაბამისი ორგანიზაციულ-ეკონომიკური ბაზის შექმნა და სხვა.
ეკოლოგიური ამოცანები:
– ეკოლოგიური და ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგების ლიკვიდაცია;
– კრიზისული სიტუაციების პრევენციისათვის წინასწარი ზომების მიღება.&ლოწასტ;
ამასთან, ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს “საქართველოს ტერიტორიული ერთეულის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამის შემუშავებისა და რეალიზაციის მეთოდური რეკომენდაციების შესახებ” დოკუმენტის პროექტში დაფიქსირებული “პროგრამების ძირითადი ამოცანები”:11
1. ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა ადგილობრივი ბუნებრივი, მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსების სრული და ეფექტიანი გამოყენების საფუძველზე;
2. ეკონომიკურად არასტაბილურად განვითარებად ტერიტორიულ ერთეულებში შექმნილი კრიზისული ვითარების დაძლევა და მათი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტიმულირება;
3. ეკონომიკის ოპტიმალური ტერიტორიული და დარგობრივი სტრუქტურის ფორმირება;
4. საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირება;
5. სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება;
6. გარემოს დაცვა, ეკოლოგიური წონასწორობის დაცვა, აღდგენა და შენარჩუნება.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს გარდამავალ პერიოდში, რეგიონული თვალსაზრისით განვითარებული ნეგატიური მოვლენები გვაძლევენ დასკვნის საფუძველს, რომ ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტში საქართველოს რეგიონებში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები უფრო ფართოდ და კონკრეტულად უნდა იყოს ასახული. მით უმეტეს, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტი ფაქტობრივად გამოკვეთილად არ განზასღვრავს იმ მიზნებს, რის მიღწევასაც უნდა ემსახურებოდეს იგი. მხოლოდ პრიორიტეტული მიზნების დასახვა განაპირობებს მისი რეალიზაციისათვის აუცილებელი, კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტის დღის წესრიგში დაყენებას. უფრო მეტიც, ჩვენი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი “ამოცანებიდან” 1, 2, 3, 5 და 6 შეიძლება მივაკუთნოთ რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიზნებს.
ჩვენი თვითმიზანი არ არის ზემოაღნიშნული დოკუმენტის კრიტიკა, მაგრამ როგორც პრაქტიკა ადასტურებს, ამ ტიპის დოკუმენტში მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული მიზნები და ამოცანები, ასახული უნდა იყოს რეალობაში არსებული იმ პრობლემების ფართო სპექტრი, რის გადაწყვეტასაც ეს დოკუმენტი ითვალისწინებს. მით უმეტეს, საქართველოში არსებული პრობლემების ფონზე, ხელისუფლება მეტი სერიოზულობით უნდა მოეკიდოს ამ საქმეს და ზერელე გადაწყვეტილებების მიღებისაგან თავი შეიკავოს.
როგორც პრაქტიკა ადასტურებს, სახელმწიფოს წინაშე მდგარი სხვადასხვა რეგიონული პრობლემის გადაწყვეტა აუცილებელია ერთიანი რეგიონული პოლიტიკის შემუშავებითა და გატარებით. აღნიშნული კი მოიცავს შემდეგ მნიშვნელოვან კომპონენტებს:
1. სახელმწიფოებრივ მოწყობასა და რეგიონების როლს;
2. რეგულირების ინსტიტუტებს;
3. მათ სამართლებრივ საფუძველს;
4. ეკონომიკური რეგულირების ინსტრუმენტებს;
5. განსაკუთრებულ რეგიონულ ფორმებს.12
პროფესორი გ. ჩუბინიძე აღნიშნავს, რომ საკმაოდ პრობლემატურია და გასარკვევია ცენტრისა და რეგიონის მმართველობის ორგანოების ფუნქციები ეკონომიკური რეფორმების, წარმოების, სოციალური დაცვის, განათლების, ჯანმრთელობის, კულტურისა და ხელოვნების რეგულირებასა და მართვაში. კონფლიქტურ სიტუაციებს ზოგჯერ ეკონომიკური სეპარატიზმის მიმდევრობაც წარმოშობს.13 ამასთან დაკავშირებით იგი გვთავაზობს მეტად საინტერესო სქემას.
როგორც სქემის ანალიზიდან ირკვევა, სახელმწიფოს რეგიონული პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ცენტრისა და რეგიონის ინტერესების შეწონასწორების, დაბალანსების საფუძველზე, შესაბამისი ორიენტირების განსაზღვრასა და ღონისძიებების შემუშავებას.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაგროვილი მდიდარი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რეგიონულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეკონომიკურ მიმართულებებს. სწორედ ამიტომ, არაერთი მეცნიერის გამოკვლევის ობიექტი გახდა რეგიონული ეკონომიკა. აქედან გამომდინარე კი რეგიონული ეკონომიკური თეორია და პრაქტიკა საკმაოდ მდიდარია სხვადასხვა კონცეფციებითა და წარმატებული გამოცდილებებით.
აკადემიკოსი ა. გრანბერგი სამართლიანად აღნიშნავს, რომ რეგიონული ეკონომიკის ადგილის დამკვიდრება ეკონომიკურ თეორიაში, პერსპექტივაში დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ადგილს დაიკავებს იგი ეკონომიკური თეორიის ისეთ ფუძემდებლურ განშტოებებთან მიმართებაში, როგორიცაა “მაკროეკონომიკა” და “მიკროეკონომიკა”. რეგიონული ეკონომიკა არ არის “მეზოეკონომიკა” და არც “მაკროეკონომიკისა” და “მიკროეკონომიკის” შესწავლის საგნებშია მოქცეული, არამედ იგი ეკონომიკური მეცნიერების დამოუკიდებელი მიმართულებაა. ამდენად, ეკონომიკური მეცნიერება უნდა ვითარდებოდეს სამი უმნიშვნელოვანესი სისტემის მეშვეობით: “მაკროეკონომიკა”, “მიკროეკონომიკა” და “რეგიონული (სივრცობრივი) ეკონომიკა”.