მოსახლეობის დაბერება – გლობალური პრობლემა
თამაზ ზუბიაშვილი
თანამედროვე ეტაპზე მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. თუ დღემდე მოსახლეობის დაბერება ერთი საუკუნის განმავლობაში მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში ხდებოდა, ამჟამად ეს პროცესი დაიწყო თვით ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებშიც. აშშ-ის მოსახლეობის ბიუროს გაანგარიშებით, 2050 წლისათვის მსოფლიოში 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის რაოდენობამ მოსალოდნელია შეადგინოს დაახლოებით 1,5 მილიარდი ადამიანი, აქედან 1,2 მილიარდი მოვა დღეს არსებულ განვითარებად რეგიონებზე, ე.ი. მსოფლიოს მოხუცებული მოსახლეობის 25% იცხოვრებს განვითარებულ ქვეყნებში, ხოლო 75% – განვითარებადში. ეს დემოგრაფიული ტრანსფორმაცია დიდ ზეგავლენას მოახდენს მსოფლიო მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე.
მოსახლეობის დაბერება ერთის მხრივ შეიძლება განვიხილოთ, როგორც კაცობრიობის წარმატება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, მედიცინისა და ეკონომიკის განვითარებაში, მრავალი დაავადებების აღმოფხვრაში, რაც ზღუდავდა ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობას საუკუნეების განმავლობაში. მეორის მხრივ, ეს არის მსოფლიო მოვლენა, რომელიც მრავალ პრობლემას უქმნის ქვეყნების ეროვნულ განვითარებას და ოჯახების მდგრადობას.
როდის ხდება ადამიანი მოხუცებული? არსებობს მრავალი ტერმინი, რომელიც აღწერს ადამიანთა მოხუცებულობას. აშშ-ის მოსახლეობის ბიურო, რომელიც ყოველწლიურად აგროვებს სტატისტიკურ მონაცემებს მსოფლიო მოსახლეობის შესახებ, მოხუცებულ მოსახლეობად მიიჩნევს მათ, ვინც არის 65 წლის და მეტი ასაკის, ხოლო უხუცეს მოსახლეობად მიიჩნევს 80 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობას. ყოველწლიურად იზრდება არა მხოლოდ მოხუცებული ადამიანების რაოდენობა, არამედ იზრდება თვით დაბერების ტემპიც. 2007 წელს მსოფლიოში 65 და უფროსი ასაკის მოსახლეობამ შეადგინა დაახლოებით 465 მილიონი ადამიანი, რაც 40 მილიონით მეტია 2000 წელთან შედარებით. 1990 წელს მსოფლიოს 26 ქვეყანას ჰყავდა მხოლოდ 2 მილიონი მოხუცებული მოსახლეობა. არის პროგნოზი, რომ 2030 წლისათვის მსოფლიოს 60 ქვეყანაზე მეტს ეყოლება თვითეულს 2 მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც იქნება 65 წლის და მეტი ასაკის.
მოსახლეობის დაბერებას ჩვეულებრივ უკავშირებენ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ინდუსტრიულ ქვეყნებს. მართლაც, დღეს ინდუსტრიულ ქვეყნებს აქვთ მოხუცებული მოსახლეობის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი. XXI საუკუნის შუა პერიოდისათვის ამ ქვეყნების მოხუცებული მოსახლეობის რაოდენობა გადააჭარბებს 18 წლამდე ასაკის მოსახლეობას. მოსახლეობის დაბერების პროცესი დაიწყო განვითარებად ქვეყნებში, სადაც სწრაფად იზრდება მოხუცებული ადამიანების რაოდენობა. ამჟამად მსოფლიო მოხუცებული მოსახლეობის 60% ცხოვრობს განვითარებად ქვეყნებში, რაც დაახლოებით 280 მილიონ ადამიანს შეადგენს. პროგნოზით, 2030 წლისათვის ეს მაჩვენებელი გაიზრდება 71%-მდე (690 მილიონი). ამჟამად ბევრი განვითარებადი ქვეყანა განიცდის მოსახლეობის ბუნებრივი მატების მნიშვნელოვან შემცირებას, რომელსაც უფრო ადრე ადგილი ჰქონდა ინდუსტრიულ ქვეყნებში. ვინაიდან ბუნებრივი მატება შენელდება მომავალში, ეს პროცესი აუცილებლად შეცვლის ასაკობრივ სტრუქტურებს და მოხუცებული მოსახლეობის პროპორციული მაჩვენებელი მთელს მოსახლეობაში დიდი იქნება.
მოსახლეობის დაბერება ჩვეულებრივ განისაზღვრება მოცემულ მოსახლეობაში 65 წლის და უფრო ზედა ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წილით. ზოგჯერ მოხუც მოსახლეობად მიიჩნევენ 60 წლის და მის ზედა ასაკის მოსახლეობას. 2007 წლის მონაცემებით, ყველაზე მოხუცებული მოსახლეობა (65 წლის და მასზე უფროსი) მსოფლიოში ჰყავს იაპონიას – 21%. იაპონიის შემდეგ მსოფლიოს მთავარი “მოხუცებული” ქვეყნებია: იტალია (20%), გერმანია (19%), საბერძნეთი (19%), ესპანეთი (17.6%), შვეცია (17.3%), ბელგია (17.3%), ბულგარეთი (17.1%), ხორვატია (17.0%), ავსტრია (17.0%), ლატვია (17.0%), ესტონეთი (17.0%), პორტუგალია (17%), საფრანგეთი (16.4%), დიდი ბრიტანეთი (16.0%), ფინეთი (16.0%), შვეიცარია (16.0%), სლოვენია (16.0%), უნგრეთი (16.0%), უკრაინა (16.0%), საქართველო (15.5%), რუმინეთი (15%), სერბია (15%), რუსეთი (14.0%), ნიდერლანდები (14.0%), ბელარუსი (14.0%), ჩეხეთის რესპუბლიკა (14%), პოლონეთი (13%). აშშ-ის მოსახლეობა შედარებით “ახალგაზრდაა” ევროპული სტანდარტების მიხედვით და მსოფლიო “მოხუცებული” ქვეყნების სიაში 38-ე ადგილი უკავია. აშშ-ის მოხუცებული მოსახლეობის ხვედრითი წილი ზრდას დაიწყებს 2010 წლის შემდეგ, როდესაც 65 წელს მიუახლოვდება ბავშვთა ბუმის დროს დაბადებული თაობა; გაანგარიშებულია, რომ მათი პროცენტული მაჩვენებელი მთელს მოსახლეობაში 2030 წლისათვის მიაღწევს 20%-ს. ევროპა მსოფლიოს მოხუცებულ რეგიონად კვლავაც დარჩება XXI საუკუნის განმავლობაში. მოსალოდნელია, რომ მოხუცებულთა ხვედრითი წილი გაორმაგდება 2030 წლამდე აზიაში, ლათინურ ამერიკაში და კარიბის აუზის რეგიონში. დაბერების პროცესი შედარებით დაბალი იქნება საჰარის სამხრეთ აფრიკის რეგიონში, სადაც შედარებით მაღალი შობადობა ხელს უწყობს რეგიონს “ახალგაზრდა” მოსახლეობის შენარჩუნებაში.
არსებობს მოსახლეობის დაბერების რამდენიმე დემოგრაფიული ინდექსი. მათგან მნიშვნელოვანია: დაბერების ინდექსი, მედიანური ასაკი და სოციალური დახმარების თანაფარდობის მაჩვენებელი. დაბერების ინდექსი ეს არის მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის მაჩვენებელი, რომელიც უჩვენებს თუ 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის რა რაოდენობა მოდის 15 წლამდე ასაკში მყოფ ყოველ 100 ბავშვზე. XXI საუკუნის დასაწყისში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას (იტალია, გერმანია, ბულგარეთი, იაპონია) ჰყავდა 65 წლის და ზედა ასაკის მოსახლეობა უფრო მეტი, ვიდრე 15 წლამდე ასაკის მოსახლეობა. 2007 წელს მათ რიცხვს მიემატა ესპანეთი, პორტუგალია, სლოვენია, ავსტრია, ბელგია, შვეიცარია, უნგრეთი, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, შვეცია, უკრაინა, საქართველო. განვითარებული ქვეყნების დაბერების ინდექსი კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში. დღევანდელი დაბერების ინდექსი განვითარებად ქვეყნებში გაცილებით დაბალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში და მოსალოდნელია, რომ განსხვავება განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების დაბერების ინდექსებს შორის კიდევ უფრო დიდი გახდება მომავალში.
მედიანური ასაკი ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც უჩვენებს თუ ამა თუ იმ ქვეყანას რომელ ასაკში ჰყავს ნახევარი მოსახლეობა. მოსალოდნელია, რომ მედიანური ასაკი გაიზრდება თითქმის ყველა ქვეყანაში. განვითარებული ქვეყნების მედიანური ასაკი შეადგენს 32 წელს, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ეს მაჩვენებელი 25 წელს ქვევითაა. გაანგარიშებულია, რომ 2030 წლისათვის მსოფლიოში ყველაზე მაღალი მედიანური ასაკი ექნება იტალიას და იაპონიას. მათი მოსახლეობის ნახევარი იქნება 52 წლის და მეტი ასაკის.
ბოლოს, სოციალური დახმარების თანაფარდობის მაჩვენებელი უჩვენებს თუ 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის რა რაოდენობა მოდის 20-64 წლის ასაკში მყოფ ყოველ 100 ადამიანზე, ე.ი. სამუშაო ასაკში მყოფ მოსახლეობაზე. მომავალში ათწლეულებში მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება განვითარებულ ქვეყნებში, რადგან მოსახლეობაში შობადობა მცირდება და იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა.
მრავალ ქვეყანაში მოხუცი მოსახლეობა უფრო ბერდება. თვით მოხუც მოსახლეობაში იზრდება უფრო ზედა ასაკობრივი ჯგუფების ხვედრითი წილი. 2005 წელს უხუცესი მოსახლეობის (80 წლის და ზედა ასაკის) ხვედრითმა წილმა შეადგინა 20% მსოფლიოს მთელ მოხუც მოსახლეობაში. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია განვითარებულ ქვეყნებში – 25%. მსოფლიოს მოხუცებული მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს 6 ქვეყანაში: ჩინეთში, აშშ-ში, ინდოეთში, იაპონიაში, გერმანიაში და რუსეთში.
ბევრ ქვეყანაში უხუცესი მოსახლეობა არის ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტი. 1990-ანი წლების შუა პერიოდში მსოფლიოს უხუცესი მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი იყო რამდენადმე დაბალი, ვიდრე მსოფლიოს მოხუცი მოსახლეობისა, რაც გამოწვეული იყო დაბალი შობადობით ბევრ ქვეყანაში პირველი მსოფლიო ომის დროს. 1996-1997 წლებში მსოფლიოს უხუცესი მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელმა შეადგინა მხოლოდ 1.3%. პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მომატებულმა შობადობამ განაპირობა უხუცესი მოსახლეობის ხვედრითი წილის ზრდა. 1999-2000 წლებში 80 წლისა და ზედა ასაკის მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელმა უკვე 3.5% შეადგინა, ხოლო მსოფლიო მოხუცებული მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი კი 2.3%-ის ტოლი იყო. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მომავალ წლებშიც კვლავ გაგრძელდება უხუცესი მოსახლეობის ხვედრითი წილის ზრდა.
დაბერების მაჩვენებლები განსხვავებულია ქვეყნებს შორის. 2006 წელს აშშ-ში უხუცესი მოსახლეობის ხვედრითმა წილმა ქვეყნის მთელ დაბერებულ მოსახლეობაში შეადგინა 28%. ეს მაჩვენებელი განაგრძობს ზრდას 2020 წლამდე, შემდეგ დაიწყებს ისევ კლებას და 2030 წლისათვის ის კვლავ გაუტოლდება 2000 წლის მაჩვენებელს. უხუცესი მოსახლეობის ყველაზე სწრაფი ზრდა მოსალოდნელია იაპონიაში, სადაც 2030 წლისათვის უხუცესი მოსახლეობის ხვედრითი წილი მთელ დაბერებულ მოსახლეობაში იქნება 40%.
რატომ ბერდება მოსახლეობა? ამ კითხვის დასმისას ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ამის მიზეზია ცვლილებები, რომელიც ხდება სიცოცხლის ხანგრძლივობაში. ჩვენ ვიცით, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მაშასადამე ლოგიკურად ჩანს, რომ მოსახლეობის დაბერება ეს არის ადამიანთა ხანგრძლივი სიცოცხლის შედეგი. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დაბერების ყველაზე ცნობილი ისტორიული ფაქტორი არის შობადობის შემცირება. მოსახლეობის დაბერება ეს არის 65 წლის და ზედა ასაკის ადამიანთა ხვედრითი წილის ზრდა მოსახლეობის საერთო რაოდენობაში. როდესაც ბავშვთა შობადობა მცირდება, ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა მოსახლეობის ხვედრითი წილი მცირდება მოსახლეობის საერთო რაოდენობაში, რაც ზრდის უფროსი ასაკის მოსახლეობის პროპორციულ მაჩვენებლებს.
შობადობის შემცირებამ ინდუსტრიულ ქვეყნებში შეამცირა მოსახლეობის მარტივი კვლავწარმოების დონე (2.1 ბავშვი). 2007 წლის მონაცემებით, შობადობის ჯამობრივმა კოეფიციენტმა განვითარებულ ქვეყნებში შეადგინა 1.6 ბავშვი. შობადობის შემცირება განვითარებად სამყაროში უკანასკნელი წლების მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ შობადობის მაჩვენებლები უმეტეს განვითარებად რეგიონებში კლებულობს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი კვლავ მაღალი რჩება აფრიკაში (5.0 ბავშვი), ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ბევრ ქვეყანაში. გაეროს პროგნოზით, 2050 წლისათვის აზიაში ყოველი ოთხი ქვეყნიდან სამს ექნება მარტივ კვლავწარმოებაზე დაბალი მაჩვენებელი. საერთოდ, მაღალი შობადობა იწვევს მოხუცი მოსახლეობის ხვედრითი წილის როგორც ზრდას, ისე კლებას. დემოგრაფიული გადასვლის დროს იწყება პროცესი, როდესაც მაღალი შობადობა და სიკვდილიანობა იცვლება დაბალი შობადობითა და სიკვდილიანობით, ეს კი ცვლის სხვადასხვა თაობის მოსახლეობის პროპორციულ მაჩვენებლებს.
ფიქრობდნენ, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის სწრაფი ზრდა, რომელიც დაიწყო XIX საუკუნის შუა პერიოდში, იყო მედიცინაში მომხდარი პროგრესის შედეგი. სინამდვილეში რაიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მედიცინაში და სანიტარიაში არ მომხდარა XIX საუკუნის დასასრულამდე. ინოვაციებმა სამრეწველო და სოფლის მეურნეობის წარმოებაში დიდად გააუმჯობესა და გაზარდა საკვების მარაგი, რაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სიკვდილიანობის შემცირებაში. 2007 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობამ იაპონიაში შეადგინა 82 წელი, რომელიც ყველაზე უმაღლესი მაჩვენებელია მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს შორის. XX საუკუნის განმავლობაში სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის გაორმაგდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. მაგალითად, აღნიშნული საუკუნის დასაწყისში სიცოცხლის ხანგრძლივობა იაპონიაში და იტალიაში შეადგენდა 43 წელს, ავსტრიაში – 39 წელს, ესპანეთში – 35 წელს, სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა უფრო სწრაფი იყო საუკუნის პირველ ნახევარში, ვიდრე მეორეში. 1900-1950 წლების პერიოდში სიცოცხლის ხანგრძლივობა დასავლეთის ქვეყნებში გაიზარდა საშუალოდ 20 წლით. სარწმუნო ინფორმაცია და შეფასებები განვითარებულ ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ 1950 წლამდე არ მოიპოვება, მაგრამ ცნობილია, რომ ცვლილებები ამ ქვეყნების სიცოცხლის ხანგრძლივობაში მოხდა ამ პერიოდის შემდგომ, როდესაც იგი გაიზარდა მსოფლიოს ყველა განვითარებულ რეგიონში, ყველაზე სწრაფად კი აზიაში. 1950-2007 წლებში სიცოცხლის ხანგრძლივობამ აზიის ბევრ ქვეყანაში გადააჭარბა 72 წელს.
XX საუკუნეში განვითარებული ქვეყნების სიცოცხლის ხანგრძლივობის დამახასიათებელი ნიშანი იყო ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა. სიკვდილიანობაშიც ქალთა მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო, ვიდრე კაცების ყველა ასაკობრივ ჯგუფებში. 1900 წელს ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობა ევროპაში მხოლოდ 2 წლით აჭარბებდა მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობას. 2007 წელს კი ეს განსხვავება 8 წლამდე გაიზარდა, ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ რესპუბლიკაში ეს განსხვავება 13 წელს შეადგენს. განვითარებად ქვეყნებში განსხვავება ქალისა და მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობაში მხოლოდ 3 წელს შეადგენს. სამხრეთ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული ისეთი კულტურული ფაქტორი, როგორიცაა ქალების დაბალი სოციალური სტატუსი, ზემოქმედებს ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
მოსახლეობა დაბერებას იწყებს მაშინ, როდესაც შობადობა მცირდება და უფროს თაობაში სიკვდილიანობის მაჩვენებლები უმჯობესდება. საერთაშორისო მიგრაცია ჩვეულებრივ მთავარ როლს არ თამაშობს დაბერების პროცესში, მაგრამ ის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი იქ, სადაც მოსახლეობის მცირე რაოდენობაა. მაგალითად, კარიბის აუზის ზოგიერთ ქვეყანაში ახალგაზრდა ასაკის შრომისუნარიანი მოსახლეობის ემიგრაცია და უფროსი ასაკის ყოფილი მიგრანტებისა და პენსიონერების უკუმიგრაცია იწვევს მოსახლეობის დაბერებას ამ ქვეყნებში. ბევრი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო მიგრაციას შეუძლია განსაკუთრებულად დადებითი როლი შეასრულოს “მოხუც” ქვეყნებში, სადაც დაბალი შობადობის გამო მოსახლეობის რაოდენობა სტაბილური ან კლებადია.
მოსახლეობის დაბერების პროცესი განსხვავებული ტემპით მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში და ქვეყნებში. მაგალითად, საფრანგეთში 65 წლის და ზედა ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წილი 120 წლის განმავლობაში გაიზარდა 7%-დან 17%-მდე, ხოლო იაპონიაში იგივე ზრდა მოხდა მხოლოდ 26 წლის განმავლობაში. მოსახლეობის სწრაფი დაბერება მიმდინარეობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (განსაკუთრებით ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ტაივანში და ტაილანდში), რისი მიზეზიც არის შობადობის დონის მკვეთრი შემცირება. 1965 წელს ჩინეთში შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი შეადგენდა 6.0, ხოლო 2007 წელს – 1.6. ეს შემცირება დაკავშირებულია გვიან 1970-იან წლებში ჩინეთის მთავრობის მიერ შობადობის დაგეგმარების მკაცრი პოლიტიკის შემოღებასთან. ამის გამო ჩინეთი ბერდება უფრო სწრაფად, ვიდრე უმეტესი განვითარებადი ქვეყნები. გაანგარიშებულია, რომ ჩინეთში 65 წლის და ზედა ასაკის მოსახლეობის რაოდენობა, რომელმაც 2005 წელს შეადგინა 90 მილიონი, 2025 წელს გახდება 200 მილიონი და 2050 წელს – 350 მილიონი. ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი ადმინისტრაცია უკვე აცნობიერებს მოახლოებულ კატასტროფულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ცდილობს გამონახოს საპენსიო უზრუნველყოფის ალტერნატიული ფორმები. ზოგიერთი სპეციალისტი და პოლიტიკოსი მოითხოვს შობადობის შეზღუდვების შერბილებას, რაც შეანელებს დაბერების პროცესს.
მოსახლეობის დაბერების გლობალური მოვლენა პირდაპირ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ფუნდამენტალურ ტრანსფორმაციასთან, რაც სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში. ჯანმრთელობის ტრანსფორმაციას კიდევ ეპიდემიოლოგიურ ტრანსფორმაციასაც უწოდებენ. ჯანმრთელობის ტრანსფორმაცია უკავშირდება მოდერნიზაციას და ურბანიზაციას, როდესაც გაიზარდა ცხოვრების დონე და განათლება. ჯანმრთელობის ტრანსფორმაციის მონაპოვარი შეიძლება დაიკარგოს თუ ქვეყნის ეკონომიკა და საზოგადოებრივი მომსახურება განიცდის სტაგნაციას ან რეგრესს და რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სოციალური, პოლიტიკური ან ეკონომიკური ძვრებით.
ჯანმრთელობის ტრანსფორმაცია დაკავშირებულია დემოგრაფიულ გადასვლასთან, რომელიც დაიწყო განვითარებულ ქვეყნებში XVIII-XIX საუკუნეებში, როდესაც უკეთესი ჯანმრთელობისა და საკვების შედეგად მაღალი სიკვდილიანობა შეიცვალა დაბალი სიკვდილიანობით. მოსახლეობის სწრაფი ზრდა დაიწყო მაშინ, როდესაც სიკვდილიანობის მაჩვენებლები დაეცა. ევროპის უმეტეს ქვეყნებში და აშშ-ში დემოგრაფიულ გადასვლას დასჭირდა დაახლოებით ასი წელი, ხოლო განვითარებად ქვეყნებში ეს გადასვლა ჯერ არ დასრულებულა.
ეპიდემიოლოგიურმა ტრანსფორმაციამ თავდაპირველად გაიარა სამეტაპიანი პროცესი. ბუბონის შავი ჭირისა და შიმშილის პერიოდს მოჰყვა პანდემიური (ინფექციური) დაავადებების პერიოდი, შემდეგ კი დეგენერაციული დაავადებები. უკანასკნელ ათწლეულში კიდევ აღიარებენ მეოთხე ეტაპს, რომელსაც უწოდებენ ჰიბრიდის ეტაპს, რომელშიც ზოგიერთი სოციალური და გეოგრაფიული ფაქტორი ზემოქმედებს მოსახლეობის განსაკუთრებული ჯგუფების ჯანმრთელობაზე. ქცევა და ცხოვრების სტილი აშკარად მოქმედებს ჯანმრთელობის სტატუსზე. ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტები სულ უფრო და უფრო გამოთქვამენ თავიანთ შეშფოთებას ცუდი ჯანმრთელობისა და სიკვდილიანობის ზრდის შესახებ, რასაც ისინი ზოგჯერ უკავშირებენ სოციალურ პათოლოგიას: ცეროზი, სიმსუქნე, თვითმკვლელობა, შიდსი და სხვა ინფექციური დაავადებები. ახლადწარმოშობილი ინფექციური დაავადებები განსაკუთრებით საშიშია მოხუცი მოსახლეობისათვის, რომლებიც ახალგაზრდებთან შედარებით უფრო დაუცველები არიან სასუნთქი ორგანოების დაავადებების წინაშე. ბევრი სპეციალისტი ფიქრობს, რომ მოსახლეობის ზედა ასაკობრივ ჯგუფებში ჯანმრთელობის ცვლილებებს იწვევს გენეტიკური ფაქტორებისა და ცხოვრების სტილის კომბინაცია.
გენდერი და დაბერება. ქალები უმრავლესობას შეადგენენ თითქმის ყველა ქვეყნის მოხუც მოსახლეობაში და მათი უმრავლესობა იზრდება ასაკთან ერთად. გენდერულ დისბალანსს მოხუცებულობის ასაკში აქვს მრავალი შედეგი მოსახლეობისათვის, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია ინდივიდების ოჯახური მდგომარეობა. ოჯახის წევრები წარმოადგენენ სულიერი და ეკონომიური დახმარების მთავარ წყაროს მოხუცი მოსახლეობისათვის განვითარებად ქვეყნებში, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა თავის თავზე იღებს ეკონომიური პასუხისმგებლობის დიდ წილს.
მთავარი მიზეზი ქალთა სიჭარბისა მოხუცებულ ასაკობრივ ჯგუფებში არის ის, რომ კაცების სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველა ასაკობრივ ჯგუფებში ჭარბობს ქალების სიკვდილიანობის მაჩვენებელს, თუმცა დაბადებისას ყოველ 100 გოგონაზე მოდის 105 ვაჟი. ქალების ხვედრითი წილის სიჭარბე იწყება 30-40 წლის ასაკში. შემდგომ ქალების რაოდენობრივი უპირატესობა იზრდება ასაკთან ერთად. თუ რატომ ცოცხლობენ ქალები მეტ ხანს, ამას განაპირობებს ბიოლოგიური, სოციალური და ქცევითი პირობების ურთიერქმედების მთელი კომპლექსი. მამაკაცების მაღალ სიკვდილიანობას განაპირობებს ისეთი რისკფაქტორები, როგორიცაა თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება და პროფესიული საქმიანობა. თუ ეს მართალია, მაშინ მამაკაცებისა და ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობაში განსხვავება უნდა შემცირდეს, რადგან იზრდება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება ქალების მიერ და მათი მონაწილეობა სამუშაო ძალაში. ინდუსტრიული ქვეყნების მონაცემები ჯერჯერობით არ უჩვენებს რაიმე გამოკვეთილ ცვლილებებს ამ მხრივ. გენდერული განსხვავება იზრდება აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ხოლო ის მცირდება უმეტეს სხვა ქვეყანაში. მაგალითად, აშშ-ში 1980-2007 წლებში სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებში გაიზარდა 4,4 წლით, ხოლო ქალებში 2,3 წლით; სიცოცხლის ხანგრძლივობის გენდერული განსხვავება ამ პერიოდში შემცირდა 7,5-დან 5 წლამდე. მაგრამ ზოგიერთ ქვეყნებში, სადაც მაღალია საერთო სიცოცხლის ხანგრძლივობა (მაგალითად, იაპონიაში, საბერძნეთში და ისლანდიაში), ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის ტემპი ჭარბობს მამაკაცების ანალოგიურ მაჩვენებელს.
მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მოსახლეობის უფროს ასაკობრივ ჯგუფებში ქალები ყველგან ჭარბობენ მამაკაცებს. მაგალითად, რუსეთში 65 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობაში ყოველ 100 ქალზე მოდის 46 მამაკაცი. ეს ნაწილობრივ განპირობებულია მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მამაკაცებით. საერთოდ განვითარებული ქვეყნების მოხუცი მოსახლეობის სქესთა თანაფარდობაში უფრო დიდი განსხვავებაა, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში. ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის სქესობრივი თანაფარდობა.
მომავალში მოსალოდნელია, რომ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მოხუცი მოსახლეობის სქესთა თანაფარდობაში მოხდება ცვლილებები. კერძოდ, განვითარებულ ქვეყნებში განსხვავება სქესთა თანაფარდობაში შემცირდება, რადგან აქ მცირდება განსხვავება სქესთა სიცოცხლის ხანგრძლივობაში, ხოლო განვითარებად ქვეყნებში პირიქით მოხდება, გაიზრდება განსხვავება სქესთა თანაფარდობაში, რადგან აქ იცვლება ისტორიული ტენდენციები ქალების მიმართ დამოკიდებულებაში. იზრდება ქალთა განათლების დონე და უმჯობესდება მათი ჯანმრთელობა. გარდა ამისა, ბევრ განვითარებად ქვეყანაში იზრდება ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, სატრანსპორტო და საწარმოო შემთხვევები. ყოველი ეს ტენდენცია უარყოფითად მოქმედებს უფრო მეტად მამაკაცებზე, ვიდრე ქალებზე.
მიუხედავად აღნიშნული ტენდენციებისა, მოსალოდნელია, რომ მთელი XXI საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს მოხუც მოსახლეობაში ქალები შეინარჩუნებენ უმრავლესობის სტატუსს.
თაობათაშორისი ურთიერთობა. მოხუცი მოსახლეობის დიდი ნაწილი განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობს მარტო. მაგალითად, შვეციაში, დიდ ბრიტანეთში, ფინეთში და დანიაში მათი 35-40% ცხოვრობს მარტო. ზოგიერთ საზოგადოებაში მოხუცებულთა განმარტოებით ცხოვრება მიჩნეულია როგორც მათი სოციალური იზოლიაცია ან ოჯახების მიერ მათი მიტოვება. თუმცა განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებული კვლევები უჩვენებს, რომ მოხუცებულ მოსახლეობას ურჩევია იცხოვროს თავიანთ სახლებში და საზოგადოებაში, თუნდაც ეს ნიშნავდეს მათ მარტო ცხოვრებას. ამას ხელს უწყობს სხვადასხვა ფაქტორთა კომბინაცია, როგორიცაა: სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დღეგრძელთა რაოდენობის ზრდა; პენსიებისა და შემწეობების ზრდა; სახლების მესაკუთრეთა რაოდენობის ზრდა; მოხუცებულთა თავშესაფარების ზრდა; მოვლა-ყურადღების ზრდა მოხუცებულთა საზოგადოებებში.
სულ უფრო და უფრო მცირდება მრავალთაობიანი ოჯახები განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა ორ- და სამთაობიანი ოჯახები ჯერ კიდევ ჩვეულებრივ ნორმად ითვლება ბევრ განვითარებად ქვეყანაში. უმეტესი გამოკვლევები განვითარებად ქვეყნებში უჩვენებს, რომ მოხუცებულ ადამიანებს სურთ იცხოვრონ თავიანთ შვილებთან ან მათთან ახლოს. აზიის ქვეყნებში ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, 60 წლის და ზედა ასაკის მოსახლეობის 70-85% ცხოვრობდა თავიანთ შვილებთან, ხოლო ისინი, ვინც ცხოვრობდნენ მარტო ან მეუღლესთან ერთად, შეადგენდნენ 6%-ს ან უფრო ნაკლებს. მოხუცი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, რომლებიც იყვნენ განცალკევებით, შვილებთან ახლოს ცხოვრობდნენ და უხდებოდათ მათი ნახვა ყოველ დღე. ოთხი ქვეყნის (იაპონია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი და ჰონგ-კონგი) გამოკვლევამ ცხადყო, რომ მიუხედავად უზარმაზარი სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებებისა, რომელიც მოხდა რეგიონში უკანასკნელ რამდენიმე ათწლეულში, მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ არ მომხდარა ოჯახური მოწყობის ტრადიციულ ფორმაში. ვიეტნამში მოხუცი მშობლები ძირითადად ცხოვრობენ დაოჯახებულ ვაჟიშვილთან, ვიდრე დაოჯახებულ ქალიშვილთან, ხოლო ფილიპინებში და ტაილანდში პირიქითაა, სადაც მშობლები უპირატესობას ანიჭებენ დაოჯახებულ ქალიშვილთან ცხოვრებას.
დღეს მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება მსოფლიო განვითარების გლობალური საკითხი გახდა. ასაკობრივ სტრუქტურებში მომხდარი ღრმა ცვლილებები ბევრი ქვეყნის ხელისუფლებას კარნახობს გადასინჯოს სტრატეგია და ეკონომიკური აზროვნება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ. ქვეყნები, სადაც მოსახლეობა ნელა იზრდება, ან საერთოდ არ იზრდება, განიცდის ახალგაზრდა მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას. ასეთ ქვეყნებში უკვე მწვავედ დგება შეიარაღებული ძალების შევსებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის პრობლემა, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც მაღალი შობადობაა, არის ახალგაზრდა მოსახლეობის სიჭარბე. ახალგაზრდა მოსახლეობა არის არა მარტო დასაქმების წყარო, არამედ იგი ქვეყნის ეროვნული სიძლიერეა.
მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის მტკიცე და განუხრელი დაბერება მთელს მსოფლიოში XXI საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოგრაფიული მოვლენა იქნება. მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურაში მიმდინარე ცვლილებები მოითხოვს ახალი სოციალური და ინოვაციური პოლიტიკის შემუშავებას, რადგან დემოგრაფიულ დაბერებას მოსდევს მრავალმხრივი შედეგი, იგი მრავალი დისციპლინის კომპლექსური შესწავლის საგანი უნდა გახდეს.