ვინ (არ) იცავს მომხმარებელთა უფლებებს საკომუნიკაციო ბაზარზე?
მაკა ღანიაშვილი
1962 წლის 15 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ კონგრესისადმი გაგზავნილ მიმართვაში პირველად ჩამოაყალიბა მომხმარებელთა ოთხი ძირითადი უფლება, რომლის შესრულებაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს: უსაფრთხოების უფლება, უფლება იყოს ინფორმირებული, არჩევანის უფლება და უფლება მას მოუსმინონ. 1983 წელს მომხმარებლის ამ 4 ფუნდამენტურ უფლებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ოთხი უფლება დაამატა. ესენია: ძირითად საჭიროებათა დაკმაყოფილების უფლება, უფლება ჯანსაღ გარემოში ცხოვრებაზე, ზარალის ანაზღაურების უფლება და სამომხმარებლო განათლების მიღების უფლება. 1983 წლიდან სწორედ 15 მარტს აღინიშნება მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ამ დღესთან დაკავშირებით კავშირმა “21-ე საუკუნე” მოაწყო შეხვედრა, სადაც ისაუბრეს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზეა შექმნილი. აქ არსებული პრობლემები და ხარვეზები, განსაკუთრებით კი სასურსათო საქონელთან დაკავშირებით, საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, რიგ შემთხვევებში სიცოცხლესაც და მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისათვის. პრობლემები, თითქმის ყველა დარგში, მართლაც, რომ ბევრია, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთ კონკრეტულ საკითხზე შევჩერდებით და თვალი გადავავლოთ მომხმარებელთა უფლებების მდგომარეობას საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარზე.
სულ ახალი ფაქტით დავიწყოთ – “გაერთიანებული ტელეკომის” 300 ათასი აბონენტი მარტის თვიდან 4-ლარიანი სააბონენტო გადასახადის ნაცვლად 5 ლარს გადაიხდის. მარეგულირებელ კომისიაში ტარიფების გაზრდამდე აცხადებდნენ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის მიხედვით კომისია აბონენტებს ტარიფების ძალაში შესვლამდე 10 დღით ადრე გააფრთხილებდა, თუმცა გაზრდილი გადასახადი, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ჯერ არც კი განუხილავს, ამოქმედებულია. ტარიფების ახალი სქემა “ტელეკომის” ექსკლუზიური პარტნიორის “ბტა სილქ როუდ ბანკის” ყველა ფილიალში უკვე დაგზავნილია.
რას აკეთებს ამ დროს მარეგულირებელი კომისია?! არაფერს!!! განსახილველ საკითხთა ნუსხას ადგენს და “ჭერში აწყობს” – “გაერთიანებული ტელეკომის” მიერ 27 თებერვალს ფასების გაზრდაზე შეტანილი განაცხადი, რომელიც 7 მარტს უნდა განხილულიყო, კომისიამ თაროზე შემოდო, შემდეგ ეს საკითხი 11 მარტს უნდა განეხილათ, მაგრამ განხილვა გადადეს. მომდევნო ვადა 25 მარტია. “გაერთიანებულ ტელეკომში” კი აცხადებენ, რომ ახალი სატარიფო პოლიტიკის შემუშავება მათი შიდა საქმეა და ეს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის განსახილველი არ არის. საინტერესოა, მაშინ რა უნდა განიხილოს კომისიამ? რა არის მისი უფლება-მოვალეობა, თუ არა მომხმარებელთა უფლებების დაცვა? რაც, ბუნებრივია, მათი მონოპოლიური ფასებისგან დაცვასაც გულისხმობს. თუ ტარიფებს ესა თუ ის კომპანია თვითნებურად ზრდის, რა საჭიროა საერთოდ მარეგულირებელი ორგანო?
სრული განუკითხაობაა ქართულ ინტერნეტ-ბაზარზეც, რაც, პირველ რიგში, ისევ მომხმარებელს აზარალებს.
საქართველოში ინტერნეტის ხარისხი, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ სახარბიელოა, რაც თავისთავად უკვე ნიშნავს მომხმარებელთა უფლებების დარღვევას, მაგრამ სამწუხაროდ ეს უხარისხო ინტერნეტიც კი შეიძლება სანატრელი გაუხდეს კაცს. ქართული საკომუნიკაციო ბაზრის წარმომადგენელ კომპანიებს შორის დავის გამო არაერთხელ დაზარალებულა მომხმარებელი – როგორც ცნობილია, ინტერნეტ-პროვაიდერებს საკუთარი ჭები და სატელეფონო წყვილები არ გააჩნია და სხვადასხვა სატელეფონო ოპერატორის საკაბელო წყვილებით სარგებლობენ, ამის სანაცვლოდ კი მათ საიჯარო თანხას უხდიან. თავად სატელეფონო ოპერატორები კი ხშირად საკუთარი მონოპოლიური მდგომარეობით სარგებლობენ და ინტერნეტ-მომხმარებლებს მრავალ პრობლემას უქმნიან. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფაქტი გასული წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც ყაზახურ-ქართულ ინვესტორთა ჯგუფმა “გაერთიანებული ტელეკომი” შეიძინა. ბაზარზე ახალი ინვესტორის შემოსვლისთანავე “გაერთიანებულმა ტელეკომმა”, რომლის კაბელებითაც ინტერნეტ-პროვაიდერების უმეტესობა სარგებლობს, მათთვის ტარიფის გაძვირება 3.5 ლარიდან 15 ლარამდე გადაწყვიტა, რამაც ინტერნეტ-პროვაიდერების, განსაკუთრებით კი ყველაზე დიდი ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანია “კავკასუს ონლაინის” უკმაყოფილება გამოიწვია. “ჩვენ შეგვეძლო “კავკასუს ონლაინისათვის” ხელშეკრულების შეწყვეტა და მისი აბონენტების ინტერნეტის გარეშე დატოვება, მაგრამ ამას არ გავაკეთებდით, რადგან საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და მოსახლეობისათვის ინტერნეტის მნიშვნელობა კარგად გვესმის. ამიტომ “კავკასუს ონლაინი” თუ არ იხდის, მაშინ ამ თანხის გადახდა აბონენტებს მოვთხოვეთ, ამაში გაუგებარს ვერაფერს ვხედავ” – ასეთი იყო “გაერთიანებული ტელეკომის” პოზიცია. გამოდის, რომ მისთვის პირიქით მადლობა უნდა გვეთქვა ამ “სიკეთისთვის” – გაზრდილ ტარიფს ვინ ჩივის, ინტერნეტის გარეშე დარჩენა ხომ უფრო დიდი უბედურება იქნებოდა?! სანამ საკითხის გარკვევაში მარეგულირებელი კომისია ჩაერთო, რომელმაც ყველა ინტერნეტ-პროვაიდერისათვის ზღვრული ტარიფი – 11.68 ლარი დაადგინა, ამ დავამ მომხმარებელი საკმაოდ დააზარალა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მართალია “კავკასუს ონლაინისათვის” ტარიფმა მოიმატა, მაგრამ ამ ფაქტს მომხმარებლების მომსახურების ფასზე არ უმოქმედია და მათთვის ძველი ტარიფი კვლავ ძალაში დარჩა, გაზრდილ გადასახადს კომპანია საკუთარი სახსრებით ფარავს.
ისე “გაერთიანებულ ტელეკომს” ალბათ მართლაც უნდა ვუმადლოდეთ, რომ ინტერნეტის გარეშე არ დატოვა მომხმარებელი. აი, “ახალმა ქსელებმა” და “ახტელმა” კი საერთოდ ვერ (ან არ) გაითვალისწინა მომხმარებელთა უფლებები და ინტერესი, ის, რომ XXI საუკუნეში ინტერნეტს და ელექტრონულ კომუნიკაციებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ამ კომპანიებმა არაფრად არ ჩააგდეს და იგივე “კავკასუს ონლაინის” ინტერნეტ-მომხმარებლები თებერვლის დასაწყისში ქსელიდან 3 დღით გამორთეს. მოქალაქეებთან ერთად ქსელიდან გამოირთო სახელმწიფო და კერძო კომპანიები, მათ შორის, სტრატეგიული და სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტები. კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელთა თქმით, გამორთვა კანონდარღვევით მოხდა და ის მიზნად კომპანიის დაშინებას და დისკრედიტაციას ისახავდა. ახალი ქსელების” წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გათიშვა აუცილებელი გახდა, რადგან კავკასუს ონლაინს” 3 თვის დავალიანება ჰქონდა და მას პრინციპულად არ იხდიდა.
კავკასუს ონლაინში” კი “ახალი ქსელების” მხრიდან სხვა დარღვევებზე საუბრობდნენ. ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მარეგულირებელ კომისიაში გაირკვა, რომ ახალი ქსელები” მათ 2007 წლის მანძილზე 800-ზე მეტი აბონენტის საფასურს ახდევინებდა, თუმცა ეს აბონენტები “კავკასუსის” ქსელში ჩართულნი არასოდეს ყოფილან. “ახალ ქსელებში” არ უარყოფენ, რომ ზედმეტი ნომრები შეიძლება მართლაც არსებობს, რაც მონაცემებს შორის თავისთავად გულისხმობს გარკვეულ სხვაობას, მაგრამ ამას ობიექტური მიზეზებით ხსნიან – უბრალოდ დასადგენია ეს ნომრები, შეიძლება აბონენტი მოხსნილი იყოს ქსელიდან, მაგრამ “ახალ ქსელებამდე” ეს ინფორმაცია არ მისულა. პერიოდულად 700-800 ნომერი იხსნება და ამდენივე იდგმება, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და გასათიში ნომრების რაოდენობის დადგენა სისტემატურად მიმდინარეობსო. “კავკასუს ონლაინს” პრეტენზია მეხამრიდების მომსახურების გადასახადთან დაკავშირებითაც ჰქონდა. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ მეხამრიდის გადასახადი მათ არ უნდა გადაიხადონ, რადგან ის ახალი ქსელების” შემადგენელი ნაწილია.
დავაში ჩაერთო ისევ მარეგულირებელი კომისია, რომელმაც დაავალდებულა დავის მონაწილე ორივე მხარე, მოეხდინათ გათვლების შედარება ზემოთ მოყვანილ საკითხებზე და დამატებით 177 ნომერზე, რომლის დარიცხვები 2006 წლიდან არასწორად ხორციელდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მოეხდინათ ურთიერთანგარიშწორება.
კომისიის მოთხოვნის მიუხედავად, შპს ახტელისა და ახალი ქსელების” ადმინისტრაციამ ცალმხრივად, მხოლოდ მისი გათვლებით დაანგარიშებული დავალიანების გადახდა მოსთხოვა კავკასუს ონლაინს და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამორთო ინტერნეტ-მომხმარებლები ქსელიდან. როგორ მივიდნენ კომპანიები აქამდე? რატომ დააზარალა მათ შორის ფინანსურმა დავამ მომხმარებელი? მოვლენები ქრონოლოგიურად ასე წარიმართა:
თანხა, რომელსაც “ახალი ქსელები” და “ახტელი” “კავკასუსს” ედავებოდნენ, სოლიდურია. საუბარი იყო 221 ათას ლარზე. მოთხოვნილი თანხა სახაზო საკაბელო წყვილების საიჯარო გადასახადის გარდა, მეხამრიდის მომსახურების გადასახადსაც მოიცავდა. “კავკასუსმა” საკუთარ ბაზაზე დაყრდნობით დათვალა და აღმოაჩინა, რომ რამდენიმე ასეული წყვილი ამ კომპანიების მიერ გამოგზავნილ დავთრებში ზედმეტად იყო მიწერილი. მას მარეგულირებელი კომისიის მონიტორინგის დეპარტამენტიც დაეთანხმა, რომელმაც საქმის შესწავლის შემდეგ 801 ზედმეტი წყვილი აღმოაჩინა. 801 წყვილზე კი “კავკასუსს” მხოლოდ ერთ თვეში 10 ათას ლარამდე გადასახადი ეკისრებოდა. მაგრამ სატელეფონო ოპერატორები ამას არ დასჯერდნენ და “კავკასუსს” მეხამრიდის მომსახურების გადასახადზეც წარუდგინეს ანგარიშფაქტურები, რომლის მიხედვითაც “ახალი ქსელები” 76000 ლარს, ხოლო “ახტელი” 34200 ლარს ითხოვდა. მაგრამ არც ერთს და არც მეორეს, ნამდვილად არ უნდა გადაეხადა ეს ფული და “კავკასუსმა” კვლავ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა. კომისიამ კი იმსჯელა და მოთხოვნილ თანხას კიდევ 100100 ლარი მოაკლო, მაგრამ დარჩა კიდევ ერთი მოთხოვნა – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სადავო იყო 2006 წლიდან “ახალი ქსელების” მიერ შეცდომით დაანგარიშებული 177 სატელეფონო წყვილის საიჯარო თანხა.
ინტერნეტ-პროვაიდერის რეალური დავალიანების დასადგენად მარეგულირებელს ერთი კვირა ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ “ახალი ქსელებისა” და “ახტელის” ხელმძღვანელობა, თუმცა, ისინი კომისიის დასკვნას არ დაელოდნენ და, “კავკასუსის” აბონენტების ქსელიდან გათიშვა ისე დაიწყეს. უფრო მეტიც, ტელეოპერატორები ქსელიდან გათიშულ აბონენტებს “კავკასუსთან” კონტრაქტის გაწყვეტას და ამის სანაცვლოდ საკუთარ ინტერნეტ-მომსახურებას სთავაზობდნენ.
10 მარტს მარეგულირებელმა კომისიამ “კავკასუს ონლაინისა” და “ახალი ქსელების” საქმეზე ახალი დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც “კავკასუსის” მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მას თანხის გადახდა დაეკისრა. როგორც “ახალ ქსელებში” გვითხრეს, “კავკასუსმა” უკვე დაიწყო დავალიანების დაფარვა, ასე, რომ მომხმარებელს ქსელიდან გათიშვა აღარ ემუქრება.
გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში სიმართლე “ახალი ქსელების” მხარეს იყო და კომისიამ “კავკასუსს” ვალის გადახდა დააკისრა, მაგრამ რატომ არ სთოვს მარეგულირებელი კომისია პასუხს “ახალ ქსელებს” იმისათვის, რომ მან ქსელიდან მომხმარებელი 3 დღით უკანონოდ გათიშა? მართალია, თავის დროზე მარეგულირებელი კომისიის ჩარევის შემდეგ, აბონენტების გათიშვები შეწყდა, მაგრამ, მსგავსი შემთხვევების განმეორების საფრთხე კვლავ არსებობს და, ალბათ, ყოველთვის იარსებებს, სანამ ქვეყანაში რეალურად არ ამოქმედდება თავნება კომპანიების დასჯის მექანიზმი. რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს ასეთი ქმედება. საგულისხმოა, რომ თავად სატელეფონო კომპანიებიც აქტიურად ცდილობენ ინტერნეტ-ბაზარზე გასვლას, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათ “კავკასუსთან” ხარისხის ხარჯზე კონკურენცია უჭირთ და ამიტომ კონკურენტ პროვაიდერს საკუთარი თამაშის არაკეთილსინდისიერ წესებს კარნახობენ. სატელეფონო კომპანიები სასურველი შედეგის მისაღებად მონოპოლიური მდგომარეობის გამოყენებას ცდილობენ. ის, ვინც მონოპოლისტია და კორპორატიული დავის გამო მომხმარებელს თიშავს, მომხმარებლის მიმართ პასუხისმგებელია. საბოლოო ჯამში, ეს კვლავ მარეგულირებელი კომისიის უმოქმედობის შედეგია.
ყოველივე ამის შემდეგ “კავკასუს ონლაინში” უკვე დაიწყეს მუშაობა ახალ ალტერნატიულ ქსელზე, რომელიც ოპტიკური კაბელით მალე დაფარავს მთელ ქალაქს, რითაც “ახალი ქსელებისა” და “ელექტროკავშირის” გავლენას თავს დააღწევენ. ეს უზარმაზარ თანხასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამის გარეშე საქართველოში ინტერნეტი მოკვდება. მას, უბრალოდ, მოკლავენ!” – აცხადებენ კომპანიაში.