საქართველოს ბიზნეს კონფედერაცია მსოფლიო ბანკის ნამუშევარს იწუნებს
ეკა გაბადაძე
არსებული და მოუგვარებელი პრობლემების გამო საქართველოში ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება და უცხოური ინვესტორების მოზიდვა თითქმის არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად იცის ამ პროცესების შემაფერხებელი ფაქტორები და კარგად ხედავენ, თუ რა ხდება ქვეყანაში, სიტუაციის “უკეთ” წარმოსაჩენად უცხოელი ექსპერტები თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ჩამოგვყავს და მათ ვთხოვთ მდგომარეობის შეფასებას.
ცოტა ხნის წინ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის ერთობლივი საკონსულტაციო სამსახურის მიერ მომზადდა დოკუმენტი, რომელიც უცხოური ინვესტირების შემაფერხებელ ადმინისტრაციულ ბარიერს ეხება. ეს დოკუმენტი ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატის რეალურ სურათს ასახავს და მასში დეტალური ანალიზია გადმოცემული. სწორედ ამით არის იგი ფასეული – მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის ერთობლივმა საკონსულტაციო სამსახურმა დააფიქსირა ის ხელისშემშლელი ფაქტორები, რომლებიც დღეს ინვესტირების სფეროში არსებობს. ამ ანგარიშში წარმოდგენილია მთელი რიგი ასპექტები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ზოგიერთ პროცედურაში ცვლილებების შეტანა ქვეყნის ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. თუმცა, სპეციალისტთა აზრით, მომზადებულ დოკუმენტს ხარვეზებიც გააჩნია და ამ მომენტების გათვალიწინების გარეშე წარმოუდგენელი იქნება უცხოური ინვესტირებისა და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება.
საქართველოს ბიზნეს ფედერაციამ მოამზადა სერიოზული შენიშვნები, “საქართველოში უცხოური ინვესტირების შემაფერხებელი ადმინისტრაციული ბარიერების” დოკუმენტთან დაკავშირებით. ცნობისათვის: საქართველოს ბიზნეს კონფედერაცია სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა გადამხდელთა კავშირის მიერ. ამ უკანასკნელის გარდა კონფედერაციაში ამერიკის სავაჭრო პალატა, საერთაშორისო სავაჭრო პალატა და ინვესტიციების ფონდია გაერთიანებული.
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს კონფედერაციის წარმომადგენელთა თქმით, ეს ანგარიში საუკეთესოა იმ დოკუმენტთა შორის, რომლებიც ხსენებული საკითხის ირგვლივ ოდესმე მომზადებულა, კონფედერაციის წევრები გარკვეულ პრეტენზიებს გამოთქვამენ. კონფედერაციის პრეზიდენტის, ნიკო ლეკიშვილის განცხადებით, “თუ ქვეყნის საინვესტიციო გარემო არ გაუმჯობესდება და შემოსული უცხოური კაპიტალის მოძრაობას ხელი არ შევუწყვეთ, დავიღუპებით”.
ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა: – დოკუმენტი კონკრეტული მიზნისათვის არის ჩაფიქრებული, დეტალურად შეისწავლის სიტუაციას, თუ რა ბიუროკრატიული ბარიერები არსებობს. თავად დოკუმენტის ფასეულობა სწორედ ამ მიზეზთა დასახელებაშია. თუმცა, ჩვენც კარგად ვიცით, რა მდგომარეობაცაა ქვეყანაში. თუ არ გამოსწორდება ბიზნეს გარემო, არც ბიზნესი განვითარდება.
მართლაც, შექმნილ სიტუაციაში “ჩვენც” კარგად ვერკვევით, მაგრამ პრობლემის მოგვარება არ ხერხდება. როგორც ჩანს, ხელისუფლებისა და მთავრობის მხრიდან საკმარისი ძალისხმევა და ნება არ არის გამოხატული. სწორედ ამას საყვედურობს საქართველოს უმაღლეს ეშელონებს ამერიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, ფადი ასლი. მისი თქმით, ის დოკუმენტიც, რომელიც მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის ერთობლივი საკონსულტაციო სამსახურის მუშაობის შედეგია, მხოლოდ ადმინისტრაციულ ბარიერებს ეხება და არა ზოგადად ქვეყნის საივესტიციო პოლიტიკას.
ფადი ასლი: – ანგარიშში არ არის ნახსენები ქვეყნის ეკონომიკური პრიორიტეტები. თუკი მთავრობას სურს ინვესტიციების მოზიდვა, მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ამ ინვესტიციების განთავსების სფერო. ჩვენი აზრით, საგადასახადო პოლიტიკა ეკონომიკურ არჩევანს უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით, როგორც ეს ხდება დღეს. ინვესტირების ხელის შესაწყობად შემოსულ კაპიტალზე შეღავათები უნდა დაწესდეს. უცხოური ინვესტიციების დაბალი პროცენტი საქართველოში იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანა მსოფლიო კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისით ნაკლებ კონკურენტუნარიანია. ჩემი აზრით, სჯობს ქვეყანაში მრავალი მცირე ინვესტორი შემოვიდეს, ვიდრე ერთი – დიდი.
საქართველოს ბიზნეს კონფედერაციის წარმომადგენელთა აზრით, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის ერთობლივი საკონსულტაციო სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში საერთოდ არ არის ნახსენები ქვეყნის ეკონომიკური პრიორიტეტების განსაზღვრის აუცილებლობა, რომლებიც საქართველოს მიანიჭებენ ფარდობით უპირატესობას რეგიონის მასშტაბით. თუკი ქვეყანას უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სურს, მთავრობამ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს მათი განთავსების სფერო. სამწუხაროდ, ანგარიშში არც იმ შეღავათების დაშვებაზეა საუბარი, რომელიც შემოსულ კაპიტალზე უნდა დაწესდეს. დოკუმენტი დაკარგავს მნიშვნელობას, თუკი ეს საპასუხისმგებლო საკითხი საქართველოს მთავრობის ყურადღების მიღმა დარჩება.
ბიზნეს კონფედერაციის წევრები ის სერიოზული ინვესტორები გახლავთ, რომლითაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ინვესტირების პრაქტიკა გააჩნიათ. მათი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ინვესტიციების მოზიდვის ერთადერთ ფაქტორს ფისკალური შეღავათები წარმოადგენს. ანგარიშის საგადასახადო ნაწილში ავტორები აღნიშნავენ, რომ “უცხოური ინვესტირების დაბალი პროცენტი საქართველოში მაჩვენებელია იმის, რომ საქართველო ვერ არის კონკურენტუნარიანი მსოფლიო კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისით”. ავტორები (მსოფლიო ბანკი) გვიჩვენებენ, რომ მიღებულ უნდა იქნას ფინანსთა სამინისტროს მიერ საგადასახადო კოდექსისათვის შემუშავებული ცვლილებები. “გაკვირვებულნი დავრჩით, როცა შევიტყვეთ, რომ შემოთავაზებულ ცვლილებებს არაფერი აქვთ საერთო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან, არამედ მიმართულია ქვეყანაში მცირე ბიზნესის განვითარებისკენ. ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ გადასახადებისა და ფისკალური შეღავათების საკითხზე მუშაობისას ანგარიშის ავტორები “მართვადნი” იყვნენ, – აცხადებენ ბიზნეს კონფედერაციაში. “საქართველოში მომუშავე ბიზნესმენები წლების განმავლობაში ადევნებდნენ თვალყურს იმ უცხოელი ექსპერტების არმიას, რომელნიც კორუფციის კონტროლის ჯადოსნური ფორმულის ძიებაში რეგულარულად, მაგრამ წარუმატებლად ხარჯავდნენ დროს საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტში. არ არსებობს არავითარი მაგიური ფორმულა. საკმარისია ხელფასები მისაღებ დონემდე ავწიოთ და ამოცანის ძირითადი ნაწილი დაძლეული იქნება”.
ფადი ასლი: კორუფციის ორი ძირითადი მიზეზია – ეკონომიკური სიდუხჭირე და სიხარბე. მინიმალური ხელფასების გაზრდა სიხარბის ზღვრის მოშლას გამოიწვევს. ხელფასების გაზრდით სიხარბეს მთლიანად ვერ მოერევი. მისი აღმოფხვრის ერთადერთი საშუალება სახელმწიფო ადმინისტრაციული, დასჯითი ქმედებებია.
რა თქმა უნდა, ამგვარი პოლიტიკა სახელმწიფო სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც აღუძრავს სურვილს, მიიღონ იგივე დონის ხელფასი. უდავოდ, მომავალში ასეც უნდა მოხდეს, მაგრამ, დღეისათვის, საქართველომ უნდა შესძლოს ჩაკეტილი წრის გარღვევა. “ვფიქრობთ, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული პრივილეგიები მათთვის, ვინც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის შემოსავლების აკრეფაზეა პასუხისმგებელი. როგორც კი სახელმწიფო შემოსავლების დონე აიწევს, რაც საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების წარმატებული მუშაობის შედეგი უნდა იყოს, შესაბამისად, უნდა აიწიოს სხვა სახელმწიფო მოხელეთა ხელფასებიც.
ბიზნეს კონფედერაციის წევრთა განცხადებით, “კორუფციის აღმოფხვრის ჭეშმარიტი ნება არსებობს უმაღლეს სამთავრობო ეშელონებში, თუმცა, ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა არ იძლევა სახელმწიფო მოხელეთათვის სათანადო ხელფასის გადახდის და კორუფციის შეჩერების საშუალებას. . . დროა, პასუხისმგებელმა პირებმა დასახონ კონკრეტული ღონისძიებები, რათა მოიძიონ თანხები ხელფასებისათვის და შეწყვიტონ პოლიტიკური ნების არარსებობის მომიზეზება! საქართველოს ბიზნეს კონფედერაცია ამუშავებს ინიციატივებს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკასთან მიმართებაში, რაც საქართველოს მთავრობას რეალურად დაეხმარება პოზიტიური ცვლილებებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაში.
ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ბიზნეს კონფედერანტების აზრით, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის ერთობლივი საკონსულტაციო სამსახურის მიერ შექმნილ დოკუმენტში არასაკმარისი ყურადღება დაეთმო, უსაფრთხოების პრობლემაა. უცხოელი ინვესტორი არ ჩამოვა ქვეყანაში, სადაც ბიზნესმენებზე მიმართული დანაშაულებრივი ქმედებანი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, სადაც ხშირია ადამიანის გატაცება თუ ჯგუფური თავდასხმები, სადაც ადამიანის უსაფრთხოება მუდმივი რისკის ქვეშ იმყოფება. ანგარიშში საკითხი არა მხოლოდ მეტად ზედაპირულად არის წარმოდგენილი, არამედ იგი საერთოდ არ არის დასახელებული საქართველოში ინვესტირების ხელისშემშლელ ფაქტორად. თუკი რადიკალური ზომები არ იქნა მიღებული უცხოელი ინვესტორის უსაფრთხოების დასაცავად, საქართველო უგულებელყოფილ იქნება, როგორც ადგილი, სადაც შეიძლება ბიზნესის წარმოება. სამართალდამცავებს, პროკურატურასა და სასამართლოებს უნდა მიეთითოთ, რომ სერიოზული ყურადღება მიაქციონ უცხოელების წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის გამოძიებას.
ბიზნეს კონფედერაცია “ულტიმატუმს” უყენებს საქართველოს მთავრობას: “პატივსაცემია ის ხალხი, ვინც ცდილობს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, უნდა აღვნიშნოთ, რომ არავინ არის ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ რა გადააწყვეტინებს უცხოელ ინვესტორს იმუშაოს საქართველოში თვითონ ამ ინვესტორზე უკეთესად. ვფიქრობთ, რომ საკითხები, რომელზეც დღეს საუბარი იყო, უეჭველად უნდა იქნას თანდართული პროექტის განხორციელების გეგმაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმიანი წრეების წარმომადგენლებს გაუჭირდებათ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, მივმართავთ პასუხისმგებელ პირებს, სერიოზულად გაითვალისწინონ ჩვენ მიერ აქ წამოჭრილი საკითხები”.
სხვათა შორის, ამერიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, ფადი ასლი ზემოჩამოთვლილი პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში შიმშილობას და შემდეგ ქვეყნის დატოვებასაც აპირებს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა, სახუმაროდ საქმე სულაც არ არის, რადგან საქართველოს დატოვებას, აქ მოღვაწე ბიზნესმენთა დიდი ნაწილი ფიქრობს.
ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებაზე მთავრობა სპეციალურ გეგმას ამზადებს. ამასთანავე, მზადდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი, რომელიც უცხოელ ინვესტორთა პრობლემებს ეხება.
თემურ ბასილია (პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, საინვესტიციო საბჭოსთან მომუშავე კომისიის თავმჯდომარე): – სულ მალე შესაძლებელი იქნება ვისაუბროთ პროექტზე, რომელიც პრეზიდენტს წარედგინება. ეს იქნება იმის სპეციალური გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ საქართველოში ბიზნეს კლიმატის გასაუმჯობესებლად. მარტო პრობლემის დაფიქსირება არ კმარა, უნდა მოინახოს მისი გადაჭრის გზებიც. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გათვალისწინებული იყოს ბიზნესმენთა წინადადებები და შენიშვნები. ხელშეწყობა სჭირდება ბიზნესს და არა მთავრობის რომელიმე წევრს.
თემურ ბასილიას განცხადებით, სულ მოკლე ხანში საზოგადოების “სამსჯავროზე” საგადასახადო კოდექსის ახალი ვარიანტი გამოვა. მასზე ექსპერტთა სამი ჯგუფი მუშაობს. როგორც ჩანს, ბიზნეს გარემოსა და მისი განვითარებისათვის პირველი ნაბიჯები მალე გადაიდგმება, და მთავარი, უპირველესი პრობლემა სწორედ საგადასახადო კოდექსი ყოფილა. “ჩემი აზრით, კოდექსი (მოქმედი) არის აბსოლუტურად უვარგისი და გამოუსადეგარი. იგი ხელს არ უწყობს არც ბიზნესის განვითარებას და არც ბიუჯეტში გადასახადების მობილიზებას!” – აცხადებს ბასილია.
ბიზნეს კონფედერაციის, მთავრობის და სხვა შესაბამის ორგანიზაცია-დაწესებულებებათა წარმომადგენლები საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების გზებზე კიდევ ერთხელ ისაუბრებენ ერთობლივ შეხვედრაზე, რომელიც აპრილის დასაწყისში შედგება. მანამდე კი ექსპერტები შექმნილი დოკუმენტის კიდევ რამდენიმე ნაკლზე საუბრობენ.
კენედის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი, დიმიტრი ჯაფარიძე: “საინტერესო ის არის, დოკუმენტი მხოლოდ პრობლემათა ინვენტარიზაციაა, თუ მათი გადაჭრის სარეკომენდაციო პოლიტიკა. უკანასკნელ წლებში ჩატარებულია სერიოზული კვლევები, სადაც პრობლემებს ასახელებენ, მაგრამ მათი გადაჭრის უშუალო გზებს ვერ ხედავენ. დავუშვათ, რაიმე კონკრეტულ, ადმინისტრაციულ დარღვევას დააფიქსირებ, შემდეგ დაარტყამ ამ მიმართულებით, მოკლე დროში, რაღაც პერიოდით აღმოიფხვრება ეს პრობლემა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, გაძლიერებული, იმუნიტეტშეძენილი თავიდან წარმოჩინდება. აქედან გამომდინარე, ეს არის სისტემური კორუფციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მდგომარეობის გამოსწორებას საკითხებისადმი კომპლექსური მიდგომა სჭირდება.
ქართველებს ვისიმე ან რისიმე გაფეტიშება გვახასიათებს. დაახლოებით, ასეთი სიტუაცია შეიქმნა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის ერთობლივი საკონსულტაციო სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტის გარშემო. თუმცა, თავად მსოფლიო ბანკის მუდმივი წარმომადგენელი, ტევფიკ იაპრაკი აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტი მხოლოდ პროექტია და არ არის ბიბლია, სახელმძღვანელო, მის უპირობო შესრულებას არავინ ითხოვს! “როდესაც საუბარია უცხოურ ინვესტიციაზე, წინააღმდეგობის ზღვარი სცდება დადგენილ, ჩვეულ ნორმებს. ამ ანგარიშს შეზღუდული ზღვარი აქვს – ეხება მარტო ადმინისტრაციულ ბარიერებს. წარმატება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუკი ხელისუფლება და მეწარმე-ბიზნესმენები ერთობლივად, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებენ”.
და კიდევ, ბიზნეს კონფედერაციის წევრები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უსაფრთხოების პრობლემათა მოგვარებაზეც საუბრობენ, რომლის გარეშეც უცხოური ინვესტიციების მოზიდვა რთულდება. თუმცა, ტერორიზმმა და მასთან ბრძოლის სურვილმა მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოები ააფორიაქა. საქართველოში ინვესტირების მსურველებს, ალბათ, გარკვეული წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, სად მიდიან და როგორ აპირებენ საკუთარი ბიზნესის “აწყობას”. ისიც უნდა იცოდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ოაზისს და თანაც ეკონომიკურ ოაზისს არ უნდა ელოდნენ. ჯერჯერობით, ასეა!