“კალა კაპიტალი” საქართველოშია
რედაქციისაგან
ძველი სახეები ახალ ჩარჩოში: “პროგრესბანკი, ნავთობმოპოვებითი საქმიანობა და ენერგოობიექტების და მრავალფუნქციური კომპლექს “არსენალის მშენებლობა – ეს ის პირველი პროექტებია, რომელთა განხორციელებას ქართველი ლეგიონერის კახი კალაძის კუთვნილი კომპანია “კალა კაპიტალი იწყებს.
უკრაინის, იტალიის და ყაზახეთის შემდეგ კახი კალაძეს ბიზნესინტერესები საქართველოშიც გაუჩნდა. მისი კაპიტალის სამიზნე საბანკო სექტორი, ენერგეტიკა და უძრავი ქონება გახდა. ეს სამივე სექტორი საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში დინამიკურად ვითარდება. ამიტომ, ჩადებული კაპიტალის ამოღებას ლეგიონერი ბიზნესმენი ასევე სწრაფად შეძლებს. ბუნებრივია, მისი პროექტის წარმატების გარანტი ის გუნდია, რომელიც კალაძის ინვესტიციების რენტაბელურობაზე იზრუნებს. ექსპრემიერი ზურაბ ნოღაიდელი და ფინანსთა ექსმინისტრი ალექსანდრე ალექსიშვილი საკმაოდ სოლიდური შენაძენია. ზურაბ ნოღაიდელს კარგი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის, ხოლო ალექსიშვილს საბანკო და ფისკალურ საკითხებში.
შპს “კალა კაპიტალის 100%-იანი წილი ამჟამად კახი კალაძის საკუთრებაა. როგორც მან “ბიზნესს განუცხადა, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში კომპანიის წილები ბრიტანულმა და ამერიკულმა კომპანიებმა შეიძინონ, რაც “კალა კაპიტალს უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების საშუალებას მისცემს.
როგორც ორშაბათს გამართულ პრეზენტაციაზე “კალა კაპიტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, კომპანია უცხოური და ადგილობრივი კაპიტალით დაფინანსდება და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს. ზურაბ ნოღაიდელის განმარტებით, კომპანიამ განსახორციელებელი პროექტები სწორად შეარჩია და წარმატების იმედი გვაქვს.
“ეს ის მიმართულებებია, რომელზეც მოთხოვნა დიდია. “არსენალის პროექტს რეგიონში ანალოგი არ ექნება. ელექტროენერგიაზე და ენერგომატარებლებზე მოთხოვნა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში იზრდება. “პროგრესბანკი კი ყველა ამ ამბიციური პროექტის მთავარი ქვაკუთხედი და მომსახურე ფინანსური ინსტიტუტი იქნება, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
ამჟამად “კალა კაპიტალის საკუთრებაშია თბილისში, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, 80 ჰა მიწის ფართობზე განთავსებული კომპლექსი “არსენალი, რომელიც “კალა კაპიტალმა 36 მლნ. აშშ დოლარად სახელმწიფოსაგან საპრივატიზაციო აუქციონზე შეიძინა.
“კალა კაპიტალის გეგმებში შედის ნავთობის სალიცენზიო ბლოკების საპრივატიზაციო ტენდერში მონაწილეობა და ასევე ინტერესის გამოხატვა ჰესების მშენებლობაზე, ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა.
“პროგრესბანკი ოპერირებას მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს. ბანკი უნივერსალური ტიპის იქნება და კლიენტებს სრულ, მაღალხარისხიან საბანკო მომსახურებას შესთავაზებს. როგორც ალექსანდრე ალექსიშვილმა “ბიზნესს განუცხადა, ბანკის საწესდებო კაპიტალი კანონმდებლობით სავალდებულო 12 მილიონი ლარი იქნება, ხოლო ვინ იქნებიან პოტენციური ინვესტორები და რა პროდუქტებს და საპროცენტო განაკვეთებს შესთავაზებს ბანკი მომხმარებელს, კონფიდენციალური რჩება. ჰიდროენერგეტიკაში “კალა კაპიტალი მუშაობას რამდენიმე მიმართულებით აპირებს. კომპანიის გეგმებში შედის ჰესების მშენებლობა, ნავთობმოპოვებითი საქმიანობა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისება. ამ გეგმების განსახორციელებლად “კალა კაპიტალმა უკვე შეიძინა უმსხვილესი კომპანია – საქჰიდროენერგომშენი, რომელსაც ენერგეტიკულ სექტორში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება გააჩნია.
“კალა კაპიტალის ყველაზე მასშტაბური პროექტია “არსენალი, რომელიც 10 წელიწადში სამების საკათედრო ტაძართან ახლოს, 80 ჰექტარ მიწის ფართობზე მინი-ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელებისთვის “კალა კაპიტალი 1,5 მლრდ. აშშ დოლარ ინვესტიციას მოიზიდავს. სამშენებლო კომპლექსი მოიცავს – სამთავრობო და საცხოვრებელ კომპლექსებს, საკონფერენციო ცენტრებს, ვილებს, “ა კლასის ოფისებს და კომერციულ ფართებს, ასევე სკოლებს, საავადმყოფოებს, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებსა და გასართობი ტიპის დაწესებულებებს. “კალა კაპიტალის წარმომადგენელთა წინასწარი პროგნოზით, პროექტი “არსენალი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-იან ზრდას და პირველ ეტაპზე 25 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნას განაპირობებს. თბილისში გამართული პრეზენტაციის ანალოგიური ღონისძიების გამართვას კახი კალაძე და “კალა კაპიტალი 3 აპრილს იტალიაში გეგმავს.