კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობამ 4.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა
რედაქციისაგან
2008 წლის თებერვლის ბოლოს, 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტება 1.9 მლრდ ლარით (69.3 პროცენტით) გაიზარდა და 4.7 მლრდ ლარს გადააჭარბა. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.2-ჯერ გაიზარდა და 1.5 მლრდ ლარს აღემატება, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების ზრდა 53.1 პროცენტით განისაზღვრა და 3.2 მლრდ ლარი შეადგინა.
ამასთან, სესხების სტრუქტურა ეროვნული და უცხოური ვალუტების მიხედვით იმავე პერიოდში რამდენადმე შეიცვალა და, შესაბამისად, 33 და 67 პროცენტს გაუტოლდა (ნაცვლად 26 და 74 პროცენტისა).
უკანასკნელ ერთ წელიწადში წინმსწრები ტემპით იზრდებოდა გრძელვადიანი სესხების მოცულობა (70.3 პროცენტით, 67.1 პროცენტთან შედარებით, მოკლევადიანი სესხების მიხედვით) და ამ მაჩვენებელმა ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების საერთო მოცულობაში 69.9 პროცენტი შეადგინა, გასული წლის თებერვლის ბოლოს დაფიქსირებული 69.5 პროცენტის ნაცვლად.
რაც შეეხება სესხების სტრუქტურას ეკონომიკის დარგების მიხედვით, იურიდიული პირებისათვის 2008 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 868.4 მლნ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 94.6 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.1 მლრდ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37.9 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.
საანგარიშო პერიოდში დაკრედიტების მოცულობის მნიშვნელოვან ზრდას ჰქონდა ადგილი სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სექტორებში, სადაც ეს მაჩვენებელი 2.8-ჯერ გაიზარდა და 61.1 მლნ ლარი შეადგინა; 1.7-ჯერ გაიზარდა დაკრედიტების მოცულობა განათლების სფეროში და 8.7 მლნ ლარს გაუტოლდა. თუმცა ამ დარგების წილი დაკრედიტების საერთო მოცულობაში კვლავ უმნიშვნელოა, შესაბამისად, 2.1 და 0.3 პროცენტის დონეზე რჩება.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი ვაჭრობის სექტორზე მოდის – 48.2 პროცენტი. უკანასკნელ ერთ წელიწადში ვაჭრობისათვის გაცემული სესხების მოცულობა 59.0 პროცენტით გაიზარდა და 1.4 მლრდ ლარს გადააჭარბა.
მრეწველობის დარგებისათვის გაცემული სესხების წილი იურიდიული პირების სესხების საერთო მოცულობაში 17.9 პროცენტს შეადგენს, რაც 2008 წლის 1 მარტისათვის 532.1 მლნ ლარით განისაზღვრებოდა (31.3 პროცენტით მეტი 2007 წლის ანალოგიურ თარიღთან შედარებით); 12.6 პროცენტი მშენებლობის სექტორისათვის გაიცა, რაც 374.1 მლნ ლარია (შესაბამისად, 77.7 პროცენტით მეტი). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 78.7 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად – 2.1-ჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2008 წლის 1 მარტისათვის 1.7 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც ინდივიდუალური მეწარმეობის გააქტიურებაზე მიუთითებს.