დიდი ნავთობი წარმმართველია
რედაქციისაგან
ჟურნალ Fortune-ის მსხვილი კომპანიების რეიტინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რა მართავს გლობალურ ეკონომიკას და XXI საუკუნეში რომელი პროფილის კომპანიები არიან წარმატებულნი.
უმსხვილესი კორპორაციების საქმიანობაზე თვალის ერთი გადავლებითაც კი მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: გლობალურ ეკონომიკას ისე მართავენ ბუნებრივი რესურსები, როგორც არასდროს.
ჟურნალმა Fortune-მა გამოაქვეყნა 2006 წლის წარმატებული 500 კომპანიის რეიტინგი, სადაც 10-დან 5 ნავთობკომპანიაა, რაც 2005 წლის მონაცემებს თითქმის ორჯერ აღემატება, შემდეგ მოდის ავტომწარმოებელი კომპანიები, რომელთა მუშტრებიც უსაზღვრო რაოდენობის საწვავს მოიხმარენ.
დიდი ნავთობის დომინაცია ინდუსტრიული კონსოლიდაციის, ნავთობზე ზედმეტად მაღალი ფასებისა და გლობალური მოთხოვნის ზრდის შედეგია. ExxonMobil-ის შემოსავალი 26%-ით გაიზარდა, მოგებამ კი 36 მლრდ დოლარი შეადგინა, ამგვარად მან თავისივე დამყარებული რეკორდი მოხსნა.
კიდევ ორმა ამერიკულმა ნავთობკომპანიამ (Chevron, ConocoPhilips) პირველ ათეულში გადაინაცვლა, რაც მათთვის სიახლეა. ყოველივე ეს ეკონომიკის ზრდის თითქმის შეუჩერებელ ტემპზე მეტყველებს.
500 კომპანიის რეიტინგში მოსახვედრად კომპანიის შემოსავალი 13,7 მლრდ დოლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 500 წარმატებული კომპანიის მთლიანი შემოსავალი 2006 წელს 18.9 ტრილიონი დოლარია, რაც მსოფლიო მშპ-ის 1/3 შეადგენს.
კოსმოსური სისწრაფე
ძველი ეკონომიკის წარმომადგენელი კომპანიების, რომლებიც ფართო მოხმარების საგნებს და ნავთობს აწარმოებდნენ, მოგება კოსმოსური სისწრაფით იზრდება. მაღაროებისა და გადაუმუშავებელი ნავთობის სექტორში მოგების 77%-იანი ზრდაა. თუ ამ ჯგუფს გადამამუშავებელ კომპანიებს დავუმატებთ, მათი საერთო შემოსავალი 2.8 ტრილიონ დოლარს აღემატება, რაც წინა წელთან შედარებით, 27%-ით მაღალია. ამ დონემდე მიღწევა მხოლოდ ფინანსურმა სექტორმა შეძლო: მისი უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფის შემოსავალი 47%-ით გაიზარდა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ 90-იან წლებში ეკონომიკის წარმმართველი სექტორები კომპიუტერული ტექნიკა, მედია, ჯანდაცვა და საცალო გაყიდვების ინდუსტრიები იყვნენ. მაგრამ ახალი ეკონომიკური ბაზრების გამო, რომელთაც მაღალი მოთხოვნა რესურსებსა და ნედლეულზე აქვთ, ტენდენციები შეიცვალა. ის, რაც ადრე ბევრს სასაცილოდ ეჩვენებოდა, ახლა რეალობა გახდა – ავსტრალიის გიგანტი მაღაროს მოგება 89%-ით გაიზარდა და დღევანდელ ბაზარზე Intel-ზე მოთხოვნადი გახდა.
ზღვის გაღმაც ნავთობი იმარჯვებს
500 მსოფლიო კომპანიის რეიტინგში ღოყალ Duch Shell-ისა და BP-ის ურთიერთმონაცვლეობა უფრო Royal Duch Shell-ის მოკრძალებულმა 14%-იანმა შემოსავალმა გამოიწვია და არა BP-ის ანგარიშებში ცვლილებებმა.
“როსნეფტ ოილი”, რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი რეზერვის მფლობელია და მისი მოგებაც შთამბეჭდავად იზრდება.
აშშ-ის ავტოები ლიდერობენ
მიუხედავად იმისა, რომ 2005 წელს GM-მა 10.6 მლრდ-იანი ზარალი განიცადა, იგი მაინც მსოფლიოს უმსხვილეს ავტომწარმოებლად რჩება და სიაში მეხუთე ადგილს იკავებს, მას “დამლერ-კრაისლერი, “ტოიოტა და “ფორდი მოჰყვება.
მაგრამ არ შეცდეთ და ეს წარმატება ავტოინდუსტრიის ზრდასთან არ გააიგივოთ – მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, მაგრამ ისინი ძალიან მსხვილი კომპანიები არიან. ამ სფეროში სწრაფ ცვლილებებს და “ტოიოტა-ს ლიდერად ხილვას უნდა ველოდოთ.
ბანკები
რეიტინგში 9 კომპანიიდან ერთი ადგილი ბანკზე მოდის. მსოფლიოში ბანკების შემოსავლების ზრდა შეინიშნება, რაც ლითონისა და ენერგომატარებლების გაძვირებისა და სესხების ზრდის შედეგია. შთამბეჭდავია ევროპული საფინანსო ინსტიტუტების შედეგები. UBშ-ის შემოსავალი 73%-ით გაიზარდა, საფრანგეთის “კრედიტ აგრიკოლმა” კი შემოსავლის 88%-იანი ზრდა დააფიქსირა, ბრიუსელის “ფორტისიც” შემოსავლებს 49%-ით ზრდის, “დოიჩ ბანკი” კი – 37%-ით, ხოლო დანიის “დექსია” 236-ე ადგილიდან 55 პოზიციაზე ინაცვლებს და შემოსავლების 259%-იან ზრდას აფიქსირებს.
ბანკების მოგებების ზრდა მხოლოდ ევროპაში არ შეინიშნება, “სითიგრუპი” 100-ზე მეტ წარმატებულ ფილიალს ისეთ ქვეყნებში ხსნის, როგორებიცაა მექსიკა, ბრაზილია და რუსეთი. ამ მხრივ, შთამბეჭდავი დადებითი ცვლილებებია ამერიკასა და სამხრეთ კორეაში. ინდოეთის სახელმწიფო ბანკი 498-ე ადგილს იკავებს.
ჩინეთის ოთხი ბანკის გაერთიანებული შემოსავალი 76 მლრდ დოლარიდან 93 მლრდ დოლარს აღწევს.