რა ღირს ჯანდაცვა საქართველოში
თეა გილიგაშვილი
“რეფორმა” – ეს სიტყვა ბოლო წლების განმავლობაში თითქმის მშობლიური, საყვარელი და ყოველდღიური გახდა. რეფორმა ზოგისთვის თავმოწონების იარაღია, ზოგისთვის კარიერის გაკეთების, ან, პირიქით, სამსახურის დაკარგვის დიდი ალბათობა, ზოგისთვის კი… ამ რეფორმისათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივად ხარჯვის შემოწმების შესანიშნავი საშუალება. თუმცა, დროდადრო გაკეთებული სკანდალური განცხადებები არაფერს ცვლის: კონტროლის პალატის არქივს სქელტანიანი გამოძიებები ემატება, დაცვის ადვოკატებს -მოგებული საქმეები, საქართველოს მოსახლეობის პატიოსან ფენას კი… “უსაფუძვლოდ შეურაცხყოფილი, სუფთა სინდისის მქონე” თანამდებობის პირთა მთელი არმია.
კონტროლის პალატა ამჯერად მსოფლიო ბანკის საქართველოს ჯანდაცვის პროექტს ამოწმებს. ოლო წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა
საგრძნობლად გაუარესდა. შემცირდა სიცოცხლის ხანგრძლივობა; ბავშვთა სიკვდილიანობამ 21,4%-ს მიაღწია და ორჯერ, დედათა სიკვდილიანობა კი ოთხჯერ მაღალია ევროპის ქვეყნებთან შედარებით. გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ 35%-ით, ხოლო საერთო სიკვდილიანობამ 18%-ით მოიმატა. ჯანდაცვის რეფორმა 1992 წელს დაიწყო. თუმცა, ეს მონაცემები, დღეს არცთუ სასიკეთოდ შეიცვალა. რეფორმის შემდეგ ფასიანი სისტემის დაწესებამ თავდაყირა დააყენა აქამდე არსებული, წლების მანძილზე შეჩვეული უფასო მომსახურება. საავადმყოფოების მაღალმა ტარიფებმა მოსახლეობის დიდ ნაწილს ექიმთან მისვლისა და მკურნალობის საშუალება მოუსპო და ისინიც, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში აკითხავენ საავადმყოფოს.
სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც რეფორმა ითხოვდა, დღეს უკვე არსებობს. პრიორიტეტებიც, რომელიც რეფორმის ეტაპებმა გამოკვეთა, ასე თუ ისე სრულდება. მათგან ყველაზე უკეთესად მომსახურების ტარიფების საკითხი გადაიჭრა. რამდენად გაითვალისწინეს მასში უბრალო მოქალაქის გადახდისუნარიანობა, ვერავინ გეტყვით. სხვა საკითხია, რა ღირს დღეს საქართველოში ჯანმრთელობის დაცვა?
გიორგი ნიკოლაიშვილი, მსოფლიო ბანკის საქართველოს ჯანდაცვის პროექტის დირექტორი: “რა ღირს ჯანდაცვა ჩვეულებრივი მოქალაქისათვის? უმჯობესი იქნებოდა, კითხვა ასე დაგვესვა: რა გვიღირს ჩვენ, თითოეულ მოქალაქეს, საკუთარი ჯანმრთელობა? საბჭოთა პერიოდში ჯანდაცვა უფასო იყო და ჩვენ ამას ისე მივეჩვიეთ, არც გვიფიქრია, რომ სახელმწიფოს ეს კოლოსალური თანხები უჯდებოდა. იმ წყობის მოშლის შემდეგ დაისვა საკითხი – ჩვენ ან გვექნებოდა ფასიანი ჯანდაცვა ან საერთოდ უარი უნდა გვეთქვა ამ სახელმწიფო სექტორზე, რადგან მას ერთი წლის მანძილზე იმდენივე თანხა დასჭირდებოდა, რამდენიც საქართველოს 10 წლის ბიუჯეტია. აქამდე ჩვენი მთელი სისტემა არარენტაბელურად იყო დაგეგმილი და ამის შესანიშნავი მაგალითია რაჭა: იქ, სადაც მიგრაციის დონე ყოველთვის მაღალი იყო, ცხრასართულიანი საავადმყოფო დგას, სრულიად უსარგებლოდ. ჯანდაცვა, მთელი თავისი ინფრასტრუქტურით, ყველაზე ძვირი სისტემაა. ეს ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ ფულის გადახდა მაინც არ გვინდა. ეს ქართული მენტალიტეტის ბრალია. როგორც უნდა უჭირდეს ადამიანს, გამოტოვებს ან გამოაკლდება ჭირისა თუ ლხინის ტრადიციულ ატრიბუტებს? საკუთარი ჯანმრთელობისათვის ფულის გადახდა კი არავის სურს და ეს სავალდებულო ტარიფები პროტესტის გრძნობასაც კი იწვევს. ასეთ პირობებში საუკეთესო გამოსავალია სადაზღვევო სისტემა და მე ვთვლი, რომ ეს საზოგადოების თითოეული წევრის სოლიდარობის შესანიშნავი მაგალითია”.
საბჭოთა პერიოდში ჯანდაცვის სისტემაზე ყოველწლიურად მთლიანი სახელმწიფო პროდუქტის 2,8%-დან 4,2%-მდე იხარჯებოდა. 1994 წელს ეს მაჩვენებელი 0,3%-მდე დაეცა. სავარაუდოდ, რეფორმის შემდეგ, 2000 წლისათვის სახელმწიფოს ეს დანახარჯი 2,6%-მდე უნდა გაზრდილიყო და წლის განმავლობაში სულზე 20 დოლარი შეედგინა. თუმცა, ჯანდაცვის სფეროს განვითარება და მისი სახელმწიფო პროგრამული უზრუნველყოფა მჭიდრო კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან. სოციალური სექტორისთვის გამოყოფილი ისედაც მწირი ხარჯები ჩვენი სეკვესტრირებული ბიუჯეტის ფონზე, მთლად უმწეოდ გამოიყურება.
ქეთევან ჩიქოვანი, ექიმი ინფექციონისტი: “ინფექციური დაავადებების ნაწილი სახელმწიფოს ხარჯზე ფინანსირდება, მაგრამ ეს იმდენად მიზერული თანხებია, რომ მკურნალობას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომაა, რომ პაციენტი, რომელსაც არა აქვს მკურნალობის საშუალება, ცდილობს, თავი მოარიდოს ექიმთან მისვლას. ამის შედეგია, რომ ჩვენთან უკიდურესად მძიმე ავადმყოფები მოდიან”.
წლები დასჭირდება, სანამ რეფორმირებული სისტემა შეიცვლება, ეს კი მტკივნეული და რთულად შესაგუებელია ორივე მხარისთვის: ექიმებისათვის, რომელთაც სულ სხვა სტანდარტით უწევთ მუშაობა და მოსახლეობისათვის, ვინც უკვე ვალდებულია, ფული იხადოს აქამდე უფასო მომსახურებაში.
პავლე მაჭავარიანი, კარდიოლოგიის ინსტიტუტი: “რეფორმის პროგრესული მიზნების მიუხედავად, მასში არ იყო გათვალისწინებული სოციალური დაცვის მექანიზმები. საქართველოში პირობითად პაციენტთა ორი ფენა გაჩნდა: ერთი, რომელიც უმრავლესობაა და არა აქვს საშუალება, ძველებურად გადაიხადოს მომსახურების ღირებულება და მეორე, ერთი მუჭა საქმოსნები, რომელთაც ფული აქვთ, მაგრამ არა აქვთ დრო, რომ იმკურნალონ”.
რეფორმამდე საქართველოს ექიმთა უზარმაზარი – 200 000-იანი არმია ჰყავდა, მათგან 30 000 მკურნალი ექიმი იყო და ეს მაშინ, როცა სამედიცინო ბაზარი ითხოვდა მხოლოდ 10000-12000-ს. გამოდიოდა, რომ ჩვენ გვყავდა ერთი ექიმი 197 მოსახლეზე, რაც 10-ჯერ აღემატებოდა ქვეყნის მოთხოვნილებას. ეს ერთი მიზეზით იყო გამოწვეული: ექიმობა ყველაზე პრესტიჟულ სპეციალობად ითვლებოდა. ფაქტი, რომ “მისი შვილი” ექიმი იყო, თავისთავად უქმნიდა ადამიანს ავტორიტეტსა და იმიჯს საზოგადოებაში. საქმე კიდევ უფრო გაართულა ფასიანი სწავლების შემოღებამ. განათლების სამინისტრომ 28 სამედიცინო სასწავლებელზე გასცა ლიცენზია და ყოველწლიურად უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელს 2500 ახალგაზრდა ამთავრებს. როგორ გადაწყდება მათი დასაქმების ბედი მომავალში, როგორია მათი პროფესიული მომზადების დონე, შეიძლება თუ არა, თითოეულ მათგანს ვანდოთ მძიმე ავადმყოფის სიცოცხლე? თუმცა, როგორც ამბობენ, სამედიცინო ბაზარი და სერტიფიცირება-ლიცენზირების პროცესი თავისთავად დაარეგულირებს ამ პრობლემას. სამსახურს იშოვიან მხოლოდ მაღალი დონის სპეციალისტები. შედეგი კი ყველასათვის სასურველი იქნება: შემცირდება ექიმთა რაოდენობა და მის ხარჯზე გაიზრდება ხარისხი.
გარდა ექიმებისა, საქართველო სამედიცინო დაწესებულებების სიუხვითაც გამოირჩევა. მათი უმრავლესობა 1940 წლამდეა აშენებული. წლების წინ სრული დატვირთვით მომუშავე 400-მდე საავადმყოფო და 1500-მდე პოლიკლინიკა მის მეპატრონეებს ახლა მხოლოდ ერთ პრობლემას უქმნის: როგორ მოუარონ ნახევრად ცარიელ შენობებს. ცხადია, თვითდაფინანსებაზე გადასული საავადმყოფოს ადმინისტრაცია იძულებულია, კომუნალური ხარჯები პაციენტის გადასახადში შეიტანოს. ამას რა შედეგი მოსდევს, თუნდაც ერთი კარდიოლოგიის ინსტიტუტის მაგალითზეც მშვენივრად ჩანს: იგი 200 საწოლზე იყო გათვლილი და სრული დატვირთვით მუშაობდა. ახლა, როცა პაციენტისათვის დღე-ღამის გადასახადი 60 ლარამდეა, თვეში 15-16 ავადმყოფს ისტუმრებენ.
გოგიტა გეგელაშვილი, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მთავარი ექიმი: “მე ვერ ვიტყვი, რომ პაციენტები მოგვაკლდა. ადრე საავადმყოფოში წოლა ზოგჯერ უფასო წამლის, უფასო საკვების, ზოგჯერ კი უფასო გამოზამთრება-გამოზაფხულების მიზნით ხდებოდა. ახლა ჰოსპიტალიზაცია უფრი კომპაქტური, ოპერატიული, საქმიანი, თქვენ წარმოიდგინეთ, მსოფლიო სტანდარტებს მიახლოვებულია. თუ ავადმყოფის ბინაზე მკურნალობა საშიში არ არის და არ სჭირდება სპეციალური აპარატურა, რატომ უნდა იყოს საავადმყოფო ცალკე სასტუმროც? ახლა საავადმყოფოში წვებიან მხოლოდ ისინი, ვისაც ეს აუცილებლად ესაჭიროება. ამჟამად, ჩვენი 250 საწოლზე გათვლილი კლინიკა 60 ავადმყოფის დატვირთვით მუშაობს. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, სავალდებულო 50 ლარამდე გადასახადში 13 ლარი კომუნალური ხარჯია და ესეც ვერ აკმაყოფილებს ამხელა ფართის მოვლას. ამიტომაც, უარი ვთქვით ამბიციებზე და გადავწყვიტეთ, გავერთიანდეთ ოფთალმოლოგიის ინსტიტუტთან. ეს საშუალებას მოგვცემს, კომუნალური გადასახადები 2-3 ლარამდე დავიყვანოთ და მთელი თანხა პაციენტს მოვახმაროთ. რომელ ქვეყანაშია ამხელა და ამდენი საავადმყოფო? რა საჭიროა, ყველა ძალოვან უწყებას თავისი უზარმაზარი კლინიკა ჰქონდეს, მაშინ, როცა თავად ამ უწყების ხელმძღვანელები ჩვენთან აწვენენ ოჯახის წევრებს. ჩვენი გაერთიანება საუკეთესო მაგალითია ყველასათვის, რადგან ოპტიმიზაცია შენობის, დარგის, პროფესიონალიზმის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა”.
ასეა თუ ისე, ვერც დღევანდელი შემოსავლებით და ვერც საარსებო მინიმუმით შეძლებთ მკურნალობას. ღმერთმა ნუ ქნას, ოჯახის წევრი ავად გაგიხდეთ და თუ ეს მაინც მოხდა, საშვილიშვილო ვალების აღება მოგიწევთ. ოფიციალური გადასახადი დიდია, მაგრამ იმის გამო, რომ ამ თანხიდან ექიმებიცა და ექთნებიც მიზერულ პროცენტებს ღებულობენ, თქვენ იძულებული ხართ, მათი “გადასახადი” ცალკე მოიძიოთ. ამის შესანიშნავი მაგალითია ონკოლოგიური საავადმყოფო, სადაც თირკმლის სიმსივნიან ავადმყოფს საკმაოდ დამაჯერებლად განუმარტეს, რომ მისი სასწრაფო ოპერაცია სახელმწიფოს ხარჯზე უნდა დაფინანსდეს და მას ოფიციალურად მხოლოდ 100 ლარის გადახდა მოუწევს, ამასთან ერთად კი, თითო-ოროლა ლარობით, მთლიანი ოპერაცია 2000 ლარი დაუჯდება.
უამრავი პროტესტისა თუ უკმაყოფილების მიუხედავად, წლების მანძილზე ჯანდაცვის სისტემა მშვიდად, ხმაურისა და ოპონენტების თავდასხმის გარეშე ვითარდება. რისი ბრალია ეს – ოპონენტების მოუცლელობის, სამხილების არარსებობის თუ ზედმიწევნით კარგად აწყობილი ინფრასტრუქტურის?
რომან შაქარიშვილი, პროფესორი, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი: “ჯანდაცვის სისტემა ერთადერთია, რომელმაც ზუსტად იცის, რა სცენარით უნდა განვითარდეს. ეს ეტაპობრივად ხდება და, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს სექტორი სახელმწიფოში ერთადერთია, რომელიც თავისი საქმის ყველაზე მაღალი დონის პროფესიონალებით, ექსპერტებით არის დაკომპლექტებული. სხვა უწყებათაგან განსხვავებით, აქ განვითარება არც შეჩერდა და არც თანამშრომლების შესამჩნევი ცვლილება არ მომხდარა. უბრალოდ, მიმდინარეობს პროფესიული დონის ამაღლება. ახლა უკვე კეთდება ოპერაციები, რომელზეც ადრე ოცნებაც არ შეიძლებოდა. ეს ხდება საერთო ეკონომიკური კრიზისის პირობებში. გვყავს ჩვენი ექსპერტები, ვისითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ. ასე რომ, მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემის კეთილმოწყობილ ავტობანზე, სხვათა ძვირფასი მანქანების გვერდით, ჩვენი მანქანაც დგას, თუმცა, არც ისე ახალია”.
დაბოლოს, როგორც ექიმები ამბობენ, რეფორმის კარკასი სწორად შეიკრა, ახლა მას მუდმივი რემონტი სჭირდება, რემონტს – თანხები, რომელიც არ გვაქვს, მოსახლეობას კი სრულფასოვანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, რომელიც, არ ვიცით, როდის გვექნება. მანამდე კი მცირდება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, რომელიც 1990 წელს ქალებში 76,1-ს და მამაკაცებში 63,7-ს უდრიდა და სსრკ-ის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო.