ხე-ტყის მაფია “განგმირეს”
ოთარ ქირია
საქართველოს ტყეების კვლავწარმოებისა და დაცვის საქმეში დღეისათვის შექმნილი მდგომარეობა მეტად არასახარბიელოა. ლეგალური ტყეთსარგებლობის დონის თანდათანობით ზრდის პირობებში, სულ უფრო და უფრო მზარდ ხასიათს იღებს ხე-ტყის უნებართვო ჭრა და მისი უკანონო ექსპორტი. აღნიშნული სფეროს მნიშვნელოვნად გაუმჯობესების კონკრეტული წინადადებების ინიციატორად გვევლინება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო. თუმცა, როგორც ყოველთვის, მის ინიციატივას მრავალი “ავი ძაღლი” გამოუჩნდა. მიუხედავად ამისა, რეფორმის საპროგნოზო შედეგი მაინც გაურკვეველია, თუმცა, აშკარაა, სად იბრუნებს თანხები და ტყე.
სანამ კონკრეტულად ხე-ტყის სფეროს რეფორმირების ინიციატივის კონკრეტული წინადადებებისა და პრინციპების შესახებ მოგახსენებდეთ, მინდა აღვნიშნო, რომ ინიციატივის ავტორებად გვევლინებიან ბ-ნები: ივანე ჩხარტიშვილი და გივი ჯაფარიძე (ხე-ტყის დეპარტამენტი). “ავი ძაღლების” ამპლუაში კი პრეზენტაციაზე, რომელსაც არასამთავრობოები, მოწვეული ექსპერტები, კანონმდებლები შესაბამისი კომიტეტიდან, აღმასრულებელნი დაკავშირებული ორგანოებიდან და მეცნიერ-ეკონომისტები ესწრებოდნენ, ძირითადად, არასამთავრობოები და ფინანსთა სამინისტრო გამოდიოდა.
წარმოდგენილი ინიციატივის მიხედვით, რეფორმა შემდეგ პრინციპებს ეფუძნება:
1. დარგში უნდა შეიქმნას რესურსისა და მოთხოვნა-მოწოდებით განაწილების სისტემა. ხე-ტყე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებაა და როგორც ნებისმიერი სხვა ქონება, ისიც უნდა იყიდებოდეს. თან ისე, რომ ამ გაყიდვისთვის სახელმწიფო უნდა იღებდეს კომპენსაციას, ანუ საბაზრო ღირებულების ადეკვატურ ფასს. ამჟამად მოქმედი სისტემით, რესურსების გაცემისას სახელმწიფო იღებს მხოლოდ გადასახადს, რომელიც კანონით, საბაზრო ღირებულების 30%-ია. დარჩენილი 70% არათუ ანაზღაურებს მეწარმის ხარჯებს, არამედ შეიცავს მნიშვნელოვან რეზერვს, რათა ქვეყნის ბიუჯეტმა დამატებითი შემოსავალი მიიღოს. მოკლედ, ხე-ტყე უნდა გაიყიდოს.
ანუ, ამით ხელს შევუშლით ადგილობრივ ვიწრო მეწარმეებს, რომელთა საარსებო წყარო ხის ჭრაა. სამაგიეროდ, მათ მიერ წარმოებულ არალეგალურ ბიზნესს გავათეთრებთ და ბიუჯეტის შემოსავლებს “გავზრდით”. რატომ არაფერს ვამბობთ იმ მსხვილ “მჭრელებზე”, რომლებიც ბიზნესს ანალოგიური მაქინაციებით აწარმოებენ, ბიუჯეტს კი ისევე “ჭრიან”, როგორც ტყეს?! ვიწრო მეწარმეების პირობების შეზღუდვით, ხე-ტყის მოჭრის მონოპოლიას მთლიანად მსხვილი საწარმოები აიღებენ, ბიუჯეტში იგივე თანხას გადაიხდიან, რაც დღეს შედის და გაცილებით სოლიდურადაც მოიგებენ, ვიდრე დღეს. ღმერთმა ქნას ვცდებოდეთ! მაგრამ, გამოცდილებამ ბევრი რამ დაგვანახვა. აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ფინანსთა სამინისტრო, რომელიც პრეზენტაციაზე ვაჟა პეტრიაშვილმა წარმოადგინა, ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ “რაიმე კანონის არმიღება ან, საერთოდ, რეფორმის გაწელვა დაუშვებელია იმ მიზნით, რომ ხალხს უჭირს”.
2. მნიშვნელოვანია თავად გაყიდვის მექანიზმი. სამინისტროს წინადადებით, ხე-ტყე უნდა გაიყიდოს არა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასებში, არამედ სახელმწიფომ უნდა დააწესოს საწყისი ფასები აუქციონისთვის და აუქციონზე ხე მიეყიდოს მას, ვინც მეტ ფასს გადაიხდის. ამ გზით რესურსები სამართლიანად გადანაწილდება და სახელმწიფოც მიიღებს იმ გაზრდილ შემოსავლებს, რომელთაც საერთო მსოფლიო ფასების, დანახარჯებისა და რენტაბელობაზე დაყრდნობით განსაზღვრავს ბაზარი. ამასთან, იმუშავებს რეგულირებადი მინიმალური ფასები, რაც სახელმწიფოსთვის გარანტიაა იმ მინიმალური შემოსავლებისა, რასაც იგი რეგულირებადი ფასწარმოქმნის პირობებში მიიღებდა.
ამ პუნქტზე კომენტარის გაკეთება, პრაქტიკულად, ზედმეტია, ვინაიდან მისი არსი, ძალაუნებურად, პირველ პუნქტში ჩამოყალიბებულ იდეოლოგიას უკავშირდება. ანუ სახელმწიფო აიღებს მონოპოლიას. ეს მისასალმებელია იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად სახელმწიფო ინტერესები იდება მის ქვეშ და არა კერძო პიროვნებებისა და კლანების, როგორც ეს საკმაოდ მიღებულია საქართველოში.
მიხეილ ჯიბუტი: “უმჯობესია რეფორმა საკუთრებითი საკითხების მოგვარებით დაიწყოს, ანუ იმით, თუ ვინ არის ტყის პატრონი. ტყე საქართველოში რამდენიმე სახისაა: ერთი, არის საზოგადოებრივი ტყეები, რაც სახელმწიფოს საკუთრებაშია და თავის დროზე, საერთო სახალხო საკუთრებას წარმოადგენდა, სადაც მემკვიდრეობითობა, ისევე როგორც უფლება მასზე, ასე თუ ისე ჩანს. მეორეა, ის ტყეები, რომელსაც “პატრონი მოუკვდა”, ე.წ. საკოლმეურნეო ტყეები. ძირითადად, ესენია სოფლების მომიჯნავე ტყეები. რეფორმამ, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროს მესაკუთრე: ტყეები, სადაც სამრეწველო სამუშაოების ჩატარება დაუშვებელია, უნდა დარჩეს სახელმწიფოს საკუთრებაში და მათ მოვლა-პატრონობაზეც მანვე უნდა იზრუნოს (დაცვა, მოვლა, სანიტარული ჭრა და ა.შ.). ასეთია საქართველოს ტყეების ძირითადი მასა. ტყეები, სადაც სამრეწველო სამუშაოები შეიძლება წარიმართოს, იქ უნდა განისაზღვროს მესაკუთრე, არა ერთჯერადი, რომელიც მარტო ჭრის, არამედ ის, ვინც განკარგავს მის, როგორც ჭრას, ისე მოვლასა და შემდგომ გაშენებას. რაც შეეხება ყოფილ საკოლმეურნეო ტყეებს, მათი მესაკუთრეების ვინაობა დადგენილ უნდა იქნას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მიმართებაში. უფრო მეტიც, შეიძლება, და ეს უკეთესიცაა, თუ ტყეები მათ განკარგვაში გადავა, რადგან ისინი უფრო უკეთ მოუვლიან რესურსებს და მიზნობრივადაც მოიხმარენ, ვიდრე სხვა ვინმე”.
3. საკითხავია, ვინ უნდა ჩაატაროს აუქციონი, რომელმა უწყებამ. სატენდერო კომისიის კარგი ალტერნატივა შეიძლება იყოს კერძო სექტორი. მას შემდეგ, რაც სატყეო დეპარტამენტი ტყეკაფებს გამოყოფს და გამოაქვეყნებს, აუქციონის მიუკერძოებელი ჩატარება უკეთ შეუძლია საგანგებოდ, ამ მიზნით შექმნილ კერძო საწარმოს. აქედან, იბადება ტყის სასაქონლო ბირჟის ინიციატივა, რომელიც შეიძლება კერძო ან სახელმწიფო საკუთრებაში იყოს.
იდეა საკმაოდ შთამბეჭდავია, თუმცა, განსახორციელებლად ძალზე რთული, ვინაიდან ჯერ ისიც არაა გარკვეული ბირჟაზე, ხე გაიყიდება თუ ხის მოჭრის უფლება. საკვანძო საკითხია თვით ბირჟის მესაკუთრის ვინაობა. რა გარანტიაა იმისა, რომ თუნდაც კერძო ორგანიზაცია იმუშავებს მიუკერძოებლად, თუ მისი არჩევა საჯარო არ იქნება. საჯაროობის შესახებ კი შეხვედრაზე არაფერი თქმულა. ან რატომ ენდობა ბიზნესმენი კიდევ ერთხელ სახელმწიფოს, რომელიც მერყევი პოლიტიკითაა სახელგანთქმული?
დავით საგანელიძე: “მე კარგად მესმის ამ სფეროში დასაქმებული პრეტენზია, იმის შესახებ, რომ სახელმწიფო არა თუ ხელშემწყობ, არამედ ხელისშემშლელ პოლიტიკას ატარებს მათ წინააღმდეგ. ბოლო რვა წლის განმავლობაში, სახელმწიფომ ექვსჯერ მიიღო ექსპორტი და ექვსჯერვე აკრძალა იგი. ე.ი. მან პოზიცია 12-ჯერ შეცვალა. აქედან გამომდინარე, რომელ ჭკუათმყოფელ ბიზნესმენს მოუვა თავში აზრად ამ სფეროში ინვესტიციების ჩადება. სწორედ ამიტომაც ეს სფერო, როგორც მთლიანად ბიზნესი საქართველოში, განუვითარებელია”.
4. ძალიან მნიშვნელოვანია ბაზარზე შესვლა-გამოსვლის რეგულირება. არსებული ბაზა ითვალისწინებს ლიცენზირებებს. პრაქტიკულად, თითოეული ხის მოჭრაზე საჭიროა ნებართვის აღება. სისტემის ლიბერალიზაციის მიზნით, სამინისტროს წინადადებაა, დაზუსტდეს ლიცენზირების ობიექტი და რეგულირებას დაექვემდებაროს ხის ჭრა, როგორც საქმიანობა. ამასთან, ინიციატორთა აზრით, ლიცენზირებაზე უკეთესი მექანიზმია სერტიფიცირება. ანუ უნდა მოხდეს იმ კომპანიების გამოვლენა და სერტიფიცირება, ვისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და კვალიფიკაციაც პასუხობს ეკოლოგიის და სხვა აუცილებელ მოთხოვნებს, რომ ტყის ჭრისას არ დაზიანდეს ბუნება. ეს რაც შეეხება უშუალოდ ჭრას, ხოლო თვით ბიზნესში შესვლა, ბირჟაზე ხის შესყიდვა, გადამუშავება ან ექსპორტი უნდა შეეძლოს ყველას, ნებისმიერ მეწარმეს.
გიორგი შონია, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე: “ზეზეული ხის შესყიდვა ყველას შეუძლია, ხოლო მოჭრისთვის თუ თავად არ გააჩნია კვალიფიკაცია, მან უნდა მიმართოს სერტიფიცირებულ ხის მჭრელს. ამგვარად, მინიმუმამდე დავა დარგში შეზღუდვა-რეგულირება, ბაზარი გაჯერდება და გახდება კონკურენტული, ეკოლოგიური პირობები კი სრულად იქნება დაცული”.
ეს თავისთავად ბადებს შეკითხვას: თუ მეწარმე შედის ბირჟაზე და ირჩევს საუკეთესო პროდუქციას ანუ უკეთეს ხეს ე.ი. არჩევს სხვებზე კვალიფიციურ მჭრელს, მაშინ რა აზრი აქვს რესურსის აუქციონის სახით გაყიდვას. გამოდის, რომ “სპეცტური” ორივემ უნდა გაიაროს, ხის მჭრელმა, რომელიც წარმატების შემთხვევაში სერტიფიკატს მიიღებს და მეწარმემ, რომელიც ხეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ პროდუქციაში ყველაზე დიდ თანხას გადაიხდის. ეს რაღაც ანომალიურს ჰგავს, რომელიც გაცილებით უარესია, ვიდრე ე.წ. “ორმაგი დაბეგვრა” ან კიდევ სხვა მისი მაგვარი ზედატვირთვები, რაც ჩვენს ქვეყანაში თითქმის მშობლიურია.
გივი ჯაფარიძე: “ბირჟაზე გამოტანილი იქნება არა თავად მასალა, არამედ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის ჯიშის მორია მოჭრილი, რომელი ადგილიდან, არის თუ არა ტერიტორია, სადაც ხეა მოჭრილი სამრეწველო საქმიანობისთვის ვარგისი, ან შეყვანილია თუ არა იქ გზა იმისათვის, რომ ხის მოჭრა იოლი იყოს, რამდენია მარაგი, რა არის ღირებულება და ა.შ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მყიდველი აარჩევს ნედლეულს იმ მეწარმისაგან, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს. რაც შეეხება აუქციონს, აქ ყველაფერი ჩვეულებრივადაა: ბირჟა აფიქსირებს საწყის ფასს და, შემდგომ, ვინც მეტს გადაიხდის, ის შეიძენს ნედლეულს. ხოლო სერტიფიცირების საკითხი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხე-ტყე მოიჭრას კვალიფიციური მეწარმეების და არა დილეტანტების მიერ, რათა დაცული იქნეს ტყის ჯანსაღად შენარჩუნების და სხვა ეკოლოგიური ნორმები”.
ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული მექნიზმი ხელს უშლის მეწარმეს, იქნება ეს ხის მჭრელი, თუ მისი გადამამუშავებელი ან ექსპორტიორი. პროცესი ხელს მხოლოდ რაღაცას ან ვიღაცას აძლევს, რომელიც ფულს უკვე არა მხოლოდ ლიცენზიებით, არამედ კიდევ რამდენიმე გზით “გააკეთებს”: ლიცენზიის შემცვლელი სერტიფიკატით, აუქციონით, ბირჟით და ა.შ. ვინ იცის ამ ქაოსში კიდევ რამდენი ხვრელი გამოჩნდება მოგვიანებით, როცა უკვე დილეტანტის თვალითაც აშკარა იქნება, მაგრამ, სამწუხაროდ – გვიანი.
აბსოლუტურად ყველა რესპონდენტი ამ ფაქტს ერთი ფრაზით ხსნის: “ეს მხოლოდ ინიციატივაა და არა გეგმა, რეფორმის ჩამოყალიბება და რეალიზაცია დამატებით დროს, ენერგიასა და სახსრებს მოითხოვს”.
კიდევ ერთი, თუ გავითვალისწინებთ ზემოხსენებული ფასებისა და ბაზრის ლიბერალიზაციას, ასევე იმას, რომ სამინისტრო თავისი ინიციატივით ექსპორტის გადასახადს არ გვთავაზობს, კონკრეტულად როგორ მოხერხდება ქვეყნის შიგნით დაბალი ფასების შენარჩუნება ტყის ნედლეულზე?
გიორგი შონია: “ამ მიზნისათვის, ტყის გადამამუშავებელი ადგილობრივი მრეწველობის მხარდაჭერისათვის, გაცილებით უპრიანია ფასები იყოს გათანაბრებული საერთაშორისო ფასებთან, საექსპორტო და შიდა დანიშნულებისათვის ტყის რეალიზაციიდან ამოვიღოთ ერთნაირი და სრული ფასი, ხოლო ადგილობრივი ტყის გადამამუშავებელი მრეწველობის პირდაპირი სუბსიდირება იმ შემოსავლებიდან, რომელიც მიიღება ტყის რეალიზაციიდან”.
ანუ, მოკლედ, ბიუჯეტის იმ თანხებიდან, რომელიც სახელმწიფომ მიიღო თავისივე მოჭრილი ტყის ნედლეული, საკუთარ ბირჟაზე რეალიზაციით. ე.ი. თანხა, ისევე როგორც ხე-ტყის მასალა, იბრუნებს ერთ წრეში, და, ალბათ, მის შიგნით, სადღაც ცენტრთან ჩაიკარგება, მასთან მისვლა კი კაცმა არ იცის როდის გვეღირსება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფინანსთა სამინისტრომ იდეა სუბსიდირების შესახებ, პრეზენტაციაზე უცერემონიოდ გააპროტესტა: “ბიუჯეტი ხელფასებს ვერ იძლევა და ხე-ტყეზე სუბსიდიებს ნამდვილად ვერ გასცემს”.