ერაყის ომს დოლარის სიცოცხლე შეეწირა

მოამზადა ნინო არველაძემ

ისტორია ღაღადებს, რომ ინფლაცია და ომი ხელიხელჩაკიდებულნი დადიან. საიდუმლო არ არის ის ფაქტი, რომ ერაყის ომმა აშშ-ის მორალური, სტრატეგიული და ეკონომიკური კატასტროფა გამოიწვია. სამწუხაროდ, “სუპერსახელმწიფოს” რეცესია მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკას შეეხება და გადარჩება მხოლოდ ძლიერი.

ერაყის ომმა დაამტკიცა, რომ იგი უფრო ხარჯიანი აღმოჩნდა, ვიდრე ამას აშშ-ის მთავრობა 5 წლის წინ ომის დაწყებამდე ვარაუდობდა.
დოლარისა და “სუპერძალაუფლების” დასასრული
ირანი ნავთობს ევროზე ყიდის
დოლარის გაცვლითი კურსის დაცემა მოსახლეობისა და გლობალური ეკონომიკისათვის ზარალის მომტანია. ნავთობის უცხოელი მწარმოებლები და სხვა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები რეზერვების შექმნას დოლარში ამჯობინებდნენ, ასევე უცხოელ მთავრობებსა და მათ ფინანსთა მინისტრებს სარეზერვოდ მყარი დოლარი ურჩევნიათ.
მართალია, დოლარის გაიაფება ხალხის ჯიბეზე უარყოფითად აისახება, მაგრამ იაფი ვალუტა აშშ ექსპორტიორებისთვის კარგი სიახლე და ახალი აღმოჩენაა, რადგან მათი პროდუქცია უცხოური ბაზრებისათვის იაფი ხდება. ეკონომისტებს კი აწუხებს, რომ იაფი დოლარი აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპზე უარყოფითად აისახება და მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურულ ბალანსს არღვევს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარე დომენიკ შტრაუსი ვარაუდობს, რომ ეკონომიკური კრიზისი გაგრძელდება, რაც მსოფლიო ეკონომიკის ზრდას საფრთხეს შეუქმნის.
12 თვის განმავლობაში დოლარის გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებაში 12%-ით დაეცა.
საერთაშორისო საფინანსო ბაზრების მოვაჭრეების პროგნოზით, დოლარის კურსი დაბალ ნიშნულზე სულ მცირე 3 წლის განმავლობაში დარჩება, ევროს კურსი დოლართან მიმართებაში კი 1.59, 1.60-1.70-იც კი იქნება, რაც აშშ-ის უზარმაზარი დეფიციტის წყალობით მოხდება. ექსპერტები აცხადებენ, რომ დოლარის დაბალი გაცვლითი კურსი აშშ-ის დეფიციტმა გამოიწვია, რადგან ქვეყნის ეკონომიკა რეცესიას განიცდის და ბუშის სიტყვები, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, შთაბეჭდილებას ვეღარ ახდენს.
ევროს გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობს.
არავის სურს ვალი ჰქონდეს ქვეყანასთან, რომლის იმპორტიც მის სამრეწველო წარმოებას აღემატება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2007 წლის იმპორტი აშშ-ის მშპ-ის 14% შეადგინა, მრეწველობამ კი – 12%. ასე, რომ ქვეყანას სავაჭრო დეფიციტის პრობლემების მოგვარების შანსი ჯერ-ჯერობით არ აქვს.
ხარჯები
ეკონომისტთა ერთი ნაწილის აზრით, ერაყის ომის ხარჯებმა შესაძლოა 3 ტრილიონ დოლარს მიაღწიოს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ერაყსა და ავღანეთში ჩატარებულ ოპერაციებს მოიცავს, ოფიციალური მონაცემებით 752 მლრდ დოლარი დაიხარჯა, მიმდინარე წელს კი – 188 მლრდ დოლარი. აღნიშნული ხარჯების 80% ერაყზე მოდის.
მომავალი წლის დასასრულს აშშ-ის ოფიციალური მონაცემებით, დანახარჯი 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.
ომისთვის გათვალისწინებულზე ბევრად მეტი დაიხარჯა, რადგან აშშ-ის მთავრობა არ ელოდა ომის დროში ასე გაწელვას, ომის გახანგრძლივებამ კი საბრძოლო აღჭურვილობისა და შეიარაღებული ძალების ხარჯები გაზარდა.
ერთი სიტყვით, 2003 წლის შემდეგ ერაყის ომისათვის გათვალისწინებული წლიური ხარჯები გაორმაგდა და მნიშვნელოვნად გადააჭარბა 74 მლრდ დოლარს (სწორედ ამ თანხის დახარჯვას ვარაუდობდა ბუშის ადმინისტრაცია ომზე).
“აუცილებელი ხარჯები”
19 მარტს პენტაგონში ჯორჯ ბუშის მიერ გაკეთებული მოხსენების თანახმად, აშშ-ს აღნიშნული ხარჯების გაღება უღირს.
“შესაძლებელია ვინმე შეგვეკამათოს, მაგრამ ამ ხარჯების გაღება აუცილებელია, რადგან სწორედ ეს თუ მიგვიყვანს სტრატეგიულ გამარჯვებამდე ჩვენს მტერ ერაყთან ბრძოლაში,” აცხადებს პრეზიდენტი ბუში.
საზოგადოების მეორე ნაწილი, რომლის უმრავლესობასაც დემოკრატები წარმოადგენენ, აცხადებენ, რომ უმჯობესი იქნებოდა თანხები აშშ-ის საშინაო პოლიტიკას მოხმარებოდა.
ჰილარი კლინტონის აზრით, ტრილიონი დოლარი შესაძლებელი იყო დახარჯულიყო იმ 47 მილიონი ამერიკელის ჯანდაცვაზე, რომლებსაც დაზღვევა არ აქვთ და თითოეული ამერიკელი ბავშვისთვის განკუთვნილ ბაგა-ბაღების ხარისხის ამაღლებაზე, ასევე ტრილიონი დოლარი ადვილად გადაჭრიდა იპოთეკური ბაზრის კრიზისს, კოლეჯს კი ნებისმიერი ამერიკელი სტუდენტისათვის ხელმისაწვდომს გახდიდა.
ომის დიდი ხარჯები გავლენას აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტზეც ახდენს, რომელიც ეკონომიკის შენელების ფონზე შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.
ბუშის ადმინისტრაცია კი ომის დაფინანსებას დაჟინებით მოითხოვს და ამ საქმეს ყოველ წელს “გადაუდებელ დანიშნულებად” ნათლავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ იყო გათვალისწინებული მომავალი საბიუჯეტო დეფიციტის ოფიციალური გათვლების დროს.
უარყოფითი ეკონომიკური შტრიხები
ეკონომისტთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ომის არაპირდაპირი ხარჯები უფრო შთამბეჭდავია.
ნობელის პრემიის ლაურეატი ჟოზეფ სტიგლიტზის გამოთვლებით, ხარჯები 3 ტრილიონ დოლარს უახლოვდება. პროფესორი აცხადებს, რომ გაზრდილ ციფრში შედის არაოფიციალური ხარჯები, რომელიც 65 000 დაშავებულ ამერიკელ ჯარისკაცს სამედიცინო დახმარებისათვის სჭირდება, ასევე 750 000 მებრძოლიდან იმ 100 000 მებრძოლისათვის გაღებული ხარჯებია, რომლებიც ბრძოლის ველიდან ფსიქიკური პრობლემების გამო განთავისუფლდნენ. თუ რა თანხები იქნება საჭირო მომავალში დაშავებული ჯარისკაცების სამკურნალოდ არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკის ბიუჯეტს აღნიშნული პრობლემების დაფინანსება ძალიან გაუჭირდება. პროფესორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიზეზების გამო ერაყის ომის დანახარჯების ოფიციალურ მაჩვენებელს 600 მლრდ დოლარი უნდა დაემატოს.
ჯანდაცვის ხარჯები
პროფესორ სტიგლიტზის მიერ გაანგარიშებული ხარჯები შეიცავს იმ დაშავებული მებრძოლებისათვის გაღებულ თანხებს, რომლების მიღებული დაზიანებების გამო ქმედითუუნარონი გახდნენ, ამ ნაწილზე პროფესორი 400 მლრდ დოლარს ვარაუდობს.
პროფესორი სტიგლიტზი კლინტონის ადმინისტრაციაში მუშაობდა, ის მსოფლიო ბანკის ყოფილი მთავარი ეკონომისტია. მისი გაანგარიშებით, მართებული იქნება, თუ ხარჯებში ჩაიდება პროცენტები, რომელიც აშშ-ის მთავრობამ უნდა გადაიხადოს ღირებულების გამოანგარიშებისას, რაც დამატებით 600 მლრდ დოლარია. პროფესორს ხარჯებში შეაქვს ნავთობის მაღალი ფასები, რომელიც კონფლიქტის დაწყების ნაწილობრივი მიზეზია და დასძენს, რომ ომისა და დეფიციტის დაფინანსებით ეკონომიკის გრძელვადიანი მაკრო-ეკონომიკური ღირებულება შეიძლება 1.9 ტრილიონი დოლარით გამოისახოს. ერაყის ომის ხარჯები მიუახლოვდა II მსოფლიო ომის ხარჯებს, რომელიც დღევანდელი 5 ტრილიონი აშშ დოლარის ტოლი იყო.
ჯორჯ ბუშის პირველი ეკონომიკური მრჩეველი 2002 წელს აცხადებდა, რომ ერაყის ომი აშშ-ს 200 მლრდ დოლარი დაუჯდებოდა.
პაექრობა გრძელდება
ერაყში ომის დაწყების მომხრეები აცხადებენ, რომ ომის საწინაააღმდეგო მოსაზრებები ჰოპოთეზურია და მათ პოლიტიკური ნიადაგი აქვს. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დაჟინებით ამტკიცებს, რომ კრიტიკოსები ხარჯების თემაზე საგანგებოდ ამახვილებენ ყურადღებას, რადგან ის ხალხზე შთაბეჭდილებას ახდენს.
“კრიტიკოსებს აღარ შეუძლიათ ამტკიცონ, რომ ჩვენ ერაყში ომს ვაგებთ, ამიტომ ისინი ახლა გვიკიჟინებენ, რომ ბევრს ვხარჯავთ,” აცხადებს პრეზიდენტი.
აზიის ქვეყნები და ერაყის ომი
ერაყის ომი აზიისა და სხვა წამყვან ეკონომიკებზე უარყოფით გავლენას ახდენს. აზიის ეკონომიკაზე მოდის მსოფლიოს მშპ-ის 25%, რაც 31.5 ტრილიონ აშშ დოლარის ტოლია. გაურკვეველი მდგომარეობის გამო ინვესტორები და მომხმარებლები ფულის დახარჯვას ერიდებიან.
ერაყის ომის გამო მკვეთრად გაიზარდა ნავთობის ფასები, დაეცა ბიზნესისა და მომხმარებლის ნდობის ფაქტორი, რაც კაპიტალურ ბაზარზე აისახა და შეანელა ეკონომიკის ზრდა, დაზარალდა ტურიზმისა და საავიაციო ინდუსტრიის სექტორებიც.
ერაყის ომის გამო აშშ-ის ეკონომიკა რეცესიას განიცდის.
როგორ უპასუხებენ პოლიტიკური ბაზრები უარყოფით შოკს? მონეტარული პოლიტიკის პირობებში ეს საკმაოდ რთულია, რადგან ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა საპროცენტო განაკვეთები სარეკორდოდ დაბალ ნიშნულამდე დაიყვანა.
მდგომარეობას ძაბავს ნავთობის მაღალი ფასები. გამონაკლისი არ არის იაპონია, ჩინეთი და ინდოეთი, რადგან ისინი ნავთობის იმპორტიორები არიან და მათი მომარაგება უმთავრესად ახლო აღმოსავლეთზეა დამოკიდებული. ჩინეთი გადაუმუშავებელი ნავთობის რიგით მესამე მსხვილი მომხმარებელია აშშ-სა და იაპონიის შემდეგ. ის მოთხოვნის 1/3-ის იმპორტს აწარმოებს, რომლის 60% ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე მოდის.
ნავთობის ფასების ხანგრძლივი სიძვირე მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებას იწვევს.
ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკები ერთმანეთისგან და მსოფლიოს დანარჩენი ეკონომიკებისგან მკვეთრად განსხვავებულია. ორი ეკონომიკისათვის დამახასიათებელია შიდა მოთხოვნის მაღალი დონე. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ექსპორტზე დამყარებული სტრატეგიის გამტარებელია, მისი შიდა მოთხოვნა კვლავ ეკონომიკის ზრდის ლოკომოტივად რჩება. ინდოეთისათვის უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარ წყაროს არარეზიდენტების დეპოზიტები და საზღვარგარეთ დასაქმებული ინდოელების კერძო ტრანსფერები წარმოადგენს, ისინი უმეტესად ახლო აღმოსავლეთში მუშაობენ.
აშშ-ს უკვე მსოფლიოს ვალები აქვს და “სუპერძალაუფლებას” შიდა დანახარჯების დაფინანსებაც კი აღარ შეუძლია. დოლარი უკვე კარგავს მთავარ როლს – ის მსოფლიოს სარეზერვო ვალუტა აღარ არის.