ფედერალური სარეზერვო სისტემის სხდომის წინ დოლარი გამყარდა
მოამზადა სოფო გოგოლაძემ
მარტის მეორე დეკადის ბოლოს (18 მარტს) მსოფლიო ბაზარზე ევრომ დაიკლო 1,3263 დოლარამდე (ორი კვირით ადრე არსებულ კურსამდე). ერთი კვირის განმავლობაში დოლარი გამყარდა 1,3%-ით – ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა იყო უკანასკნელი თვენახევრის განმავლობაში. თუმცა, ამერიკული ვალუტის პერსპექტივები კვლავ გაურკვევლად რჩება. საპროცენტო განაკვეთის აწევა აშშ-ში და აზიის რიგი ქვეყნების ცენტრალური ბანკების უარი საკუთარი რეზერვების დივერსიფიცირებაზე აშშ-ს ვალუტას გამყარებაში ნაკლებად ეხმარება.
კვირის ფინალი აშშ-ს ვალუტისთვის წარმატებული გამოდგა. დოლარმა მნიშვნელოვნად გაიმყარა პოზიციები მსოფლიოს წამყვანი ვალუტების მიმართ. ევრო ჩამოვიდა 1,3263 დოლარამდე – ორი კვირის მანძილზე ეს მისი მინიმალური დონე იყო. კვირის განმავლობაში დოლარის ევროს მიმართ ზრდამ 1,3% შეადგინა – ეს დოლარის ყველაზე საგრძნობი გამყარება იყო თებერვლის დასაწყისიდან. იენის მიმართ დოლარი 0,9%-ით გამყარდა.
თავიდან დოლარის აწევაზე თამაშის დაწყების მიზეზი ის ინფორმაცია გახდა, რომ სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკი არ აპირებდა თავისი სავალუტო რეზერვების დივერსიფიცირებას. “Wall Street Journal-ის პუბლიკაციამ იმის შესახებ, რომ სამხრეთ კორეა არ მოახდენს თავისი რეზერვების დივერსიფიკაციას სხვა ვალუტების სასარგებლოდ, კარგი სამსახური გაუწია დოლარს”- აღნიშნა BNP Paribas-ის ანალიტიკოსმა ჰანს რედეკერმა.
თუმცა, სპეკულანტები ამაზე არ შეჩერდნენ და შეძლეს არა მარტო გადაელახათ ზღვარი 1 ევრო – 1,33 დოლარი, არამედ კიდევ უფრო დაეწიათ ევროპული ვალუტა. დამატებითი ფაქტორი იყო ასევე აშშ-ში საპროცენტო განაკვეთის დაჩქარებული ზრდის მოლოდინი. 22 მარტს აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ღია ბაზრის კომიტეტის სხდომისგან მოულოდნელობებს არ ელოდნენ. ანალიტიკოსების აზრით, ფედერალური სარეზერვო სისტემა განაკვეთს კიდევ 0,25%-ით – 2,5%-მდე გაზრდის.
“ბაზარი ელოდება, რომ განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით გაზრდიან, მაგრამ არსებობს იმის დიდი რისკი, რომ ცვლილება ბევრად უფრო მკვეთრი იქნება”, – აღნიშნა West-pac-ის ანალიტიკოსმა გეოფ კენდრიკმა. ბაზრის ზოგიერთ მონაწილეს მიაჩნია, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა შემდეგი სხდომის დროს შეიძლება უფრო რადიკალურ მოქმედებაზე წავიდეს. ამავე დროს, ევროპის ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი 2% რჩება; საპროცენტო განაკვეთის ზრდა, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს დოლარს ფულის კვლავ აშშ-ში დაბრუნებაში.
თუმცა, დოლარის გამყარება არც თუ ისე შესამჩნევია. მის წინააღმდეგ თამაშობს რეკორდულად მაღალი უარყოფითი სალდო მიმდინარე ოპერაციების ანგარიშებზე და აშშ-ს მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი. ამგვარად, აშშ ვალუტის ამჟამინდელი გამყარება შეიძლება მხოლოდ სპეკულანტების ხანმოკლე თამაში აღმოჩნდეს.