რედაქტორისგან

ჯემალ ინაიშვილი

სიღნაღი საქართველოს ტურიზმის აღორძინების ცენტრი ხდება. ეს მართლაც მიმზიდველი ადგილი ამჟამად ქართული ღვინის II ეროვნული კონკურსს – “საქართველო ღვინის სამშობლოს” უმასპინძლებს, რასაც მთელი საერთაშორისო ეტიკეტის დაცვით სავაჭრო პალატა ხელმძღვანელობს. მოქმედების არენა სიღნაღი იქნება.

ქართული ექსპორტის პოპულარიზაცისათვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ დასავლური სქემების დანერგვა ბიზნესის მარკეტინგში და განსაკუთრებით მეღვინეობის დარგში, მეტად მნიშვნელოვანია. მიზეზ-შედეგობრივად ურთიერთდამოკიდებული სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და საერთაშორისო ბიზნესი ურთიერთს განაპირობებს და ახალ სტილს ქმნის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ხალხის დასაქმების საქმეში. ვიმედოვნებთ, რომ ეს ფესტივალი ბიზნეს-გარიგებების არენაც იქნება. სულ ცოტა დრო დარჩა ქართული ღვინის სრულ საერთაშორისო აღიარებამდე და სობელიების გუნდის მიერ ჩვენი ბრენდების საერთაშორისო ტიტულების მინიჭებამდე. ექსპერტთა შემადგენლობაც და თვით საზეიმო ცერემონიალის ფაბულაც შთამბეჭდავი იქნება. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მკითხველიც სულმოუთქმენლად ელის გამარჯვებული ბრენდებისა და ახალი პროდუქტების გამოვლენას ამ სექტორში. ამის ნათელი დასტურია ბადაგონის ახალი ქართული ღვინის კომპანიის ტრიუმფი იტალიაში, სადაც მან სერიოზული გამოცდა ჩააბარა (გვ.15).
მეტად მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება საერთაშორისო ბაზარზე. აშშ-ის ეკონომიკა სტაბილურობის ნიშნებს იბრუნებს. ეტყობა რეცესია არც ისეთი დამანგრეველი აღმოჩნდება, როგორსაც ვარაუდობდნენ. აქედან გამომდინარე, იცვლება სავალუტო კურსების პროგნოზი და მსოფლიო ეკონომიკის მაჩვენებლები. გთავაზობთ მსოფლიო ბაზრისა და სავალუტო კურსის პროგნოზებს და მიმოხილვას (გვ.9). ვფიქრობთ, აქ ბევრი თქვენგანი იპოვის საჭირო კითხვაზე პასუხებს, განსაკუთრებით სავალუტო კურსთან დაკავშირებით.
საქართველოსთვის სერიოზული პრიორიტეტი ევროსტრუქტურებში და საერთო ჯამში ევროკავშირში ინტეგრირებაა. აქ არაერთხელ დავუბრუნდით ე.წ ექშენ-პლანის გარკვეულ პუნქტებს, სადაც სერიოზული წარმატებები გვაქვს და ასევე ზოგ მუხლში პრობლემებია. რა უშლის ჩვენს წინსვლას ხელს ამ მიმართულებით და რას ელოდებიან ჩვენგან ევროპელები? ამ თემაზე ჩვენი ჟურნალისტი საქართველოს სტრატეგიათა ცენტრის ექსპერტს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა და ეს მსჯელობა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ გზას, რომელიც უნდა გავიაროთ ერთის მხრივ საქართველოს პირად ინტერესებსა და მეორეს მხრის ევროინტეგრაციის მოთხოვნებს შორის და ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც მარტივი არ იქნება (გვ.12).
კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით კრიზისის და ჰიპოთეკური კრედიტის თემას. ეს საკითხი სტუდენტური სადისკუსიო კლუბის ფარგლებში კიდევ ერთხელ განვიხილეთ, რათა საქართველოს საბანკო ზედამხედველობის ფარგლებში გავაანალიზოთ და შესაბამისი გაკვეთილები გამოვიტანოთ (გვ.44). მე მიმაჩნია ეს სტუდენტური თემა ეძღვნება სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლისთავს და კვლევის კუთხით იმ ტრადიციების გაგრძელებაა, რითაც ჩვენი საამაყო უნივერსიტეტი ყოველთვის მდიდარი იყო.
29 აპრილს “ევროპული ინტეგრაციის ფორუმმა” საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით სასტუმრო “ამბასადორში” გამართა კონფერენცია თემაზე: “ქართული საბანკო სისტემის შესაბამისობა ევროპულ გამოწვევებთან”. დღეს ეს მეტად აქტუალურია საბანკო ბუმის ატმოსფეროში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, მსოფლიო საფინანსო კრიზისის პირობებში (გვ.39).
მეტად საინტერესოა ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორის რეზო გველესიანის ნაშრომი – “ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა – წინააღმდეგობა სოციალურ და კონკურენციულ წესრიგს შორის” (გვ.50).
ესეც უნივერსიტეტის იუბილეს ეძღვნება და თამამი კვლევაა იმ მზარდი სოციალური პრობლემების თანამედროვე კონკურენციულ რეალობასთან ჰარმონიზაციის, თუ გნებავთ წინააღდეგობისა – სად გადის ოქროს ზოლი სოციალურ ოპტიმიზაციასა და რეალურ საბაზრო კონკურენციას შორის.
ასევე გთავაზობთ ტრადიციულად სამეცნიერო ნაშრომებს ეკონომიკის აქტუალურ თემებზე, თუმცა ვეცადეთ აღდგომის დღესასწაული თქვენთვის არ ყოფილიყო გადატვირთული ეკონომიკური პრობლემებითა და სტატისტიკით.
ქრისტე აღსდგა!