პურის ფასი კიდევ გაიზრდება
რედაქციისაგან
მარცვლეულის მსოფლიო ბაზარი შესაძლოა პანიკამ მოიცვას. ყაზახეთი მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირების ტენდენციას საკუთარი ბერკეტებით შეებრძოლება. ქვეყნის ხელისუფლებამ საექსპორტო პოლიტიკაში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც, 2008 წლის სექტემბრამდე ხორბლის ექსპორტი აიკრძალება. ყაზახეთის მსგავსად, ხორბლის ექსპორტის შეჩერებას არგენტინაც აპირებს.
მარცვლეულის გაძვირების ძირითად მიზეზად ექსპერტები მის დეფიციტს ასახელებენ. ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნები პროდუქციის ექსპორტს ზღუდავენ ან საერთოდ კრძალავენ, რის შედეგადაც მარცვლეულის მსოფლიო ბაზარი შესაძლოა პანიკამ მოიცვას. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მიერ ექსპორტის შეჩერება საქართველოს არ შეეხება.
მსოფლიოში ფასების ზრდის ტენდენცია ძალიან სწრაფი ტემპებით მიიწევს წინ. ძვირდება ნავთობი, ენერგომატარებლები, სურსათი. შექმნილ ვითარებას ექსპერტების ნეგატიური პროგნოზებიც ამძიმებს. ისინი მსოფლიოს მოკლევადიან პერსპექტივაში “შიმშილის რევოლუციის მოახლოებას ხედავენ. ნეგატიური სიახლე მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზეც გაჩნდა. არასახარბიელო კლიმატურმა პირობებმა მარცვლეული კულტურის მოსავალი შეამცირა, მოთხოვნა კი გაიზარდა. ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნები შიდა ბაზრის დაცვის მიზნით საექსპორტო ზომებს ამკაცრებენ. მორიგი ცვლილებები საექსპორტო პოლიტიკაში ამჟამად ყაზახეთმა შეიტანა. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მარცვლეულის ახალი მოსავლის აღებამდე მისი ექსპორტის შეჩერებას ითვალისწინებს, ექსპერტების აზრით, პურისა და პურპროდუქტების მინიმუმ 15%-იან გაძვირებას გამოიწვევს.
ცენტრალური აზიის რეგიონში ყაზახეთის რესპუბლიკა ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, მსოფლიოში კი ის ამერიკის, კანადის, რუსეთის, არგენტინის და ევროზონის შემდეგ მეექვსე ადგილზეა. ექსპერტები დარწმუნებით ამბობენ, რომ ყაზახეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მსოფლიო ბაზარზე დიდი რეზონანსი მოჰყვება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე, ხორბლის შიდა მარაგის გაზრდის მიზნით, ყაზახეთის მსგავსად, ერთდროულად კიდევ რამდენიმე ქვეყანამ აკრძალა ხორბლის ექსპორტი, მათ შორის არგენტინამ. “დღეისათვის მარცვლეულის მსოფლიო ბაზარი არასტაბილურია. ყაზახეთი, რომელზეც ხორბლის მსოფლიო ექსპორტის 1.4% მოდის, საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის და, შესაბამისად, პურ-პროდუქტების მკვეთრ გაძვირებას გამოიწვევს. გასულ თვეში ყაზახეთმა მარცვლეულის ექსპორტი შეამცირა, რის შედეგადაც რამდენიმე ტიპის ხორბლის ფასი ერთბაშად 25%-ით გაძვირდა. იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ ივნის-ივლისი ფასების პიკად არის მიჩნეული და ამასთან ხორბალზე მოთხოვნილება ძალიან გაზრდილია, მარცვლეულის ექსპორტის სრული აკრძალვა მსოფლიოში ხორბლის უპრეცედენტო გაძვირებას განაპირობებს, – ფიქრობენ ექსპერტები.
შექმნილ ვითარებაში რუსეთი, როგორც ხორბლის, მსხვილი ექსპორტიორი, “ხორბლის OPEC-შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ამ ორგანიზაციის მიზანი ხორბლით ვაჭრობის კოორდინაციაა. თუმცა ეს საკითხი ადგილიდან ჯერ არ დაძრულა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, ყაზახეთიდან ხორბლის ექსპორტის შეჩერების შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. “რუსული საინფორმაციო საშუალებები ხორბლის ექსპორტის შეჩერების შესახებ დეზინფორმაციას ეწევიან. არავითარი შეზღუდვა არ იქნება და, მით უფრო, საქართველოსთვის. როცა დაგვჭირდება და რამდენიც დაგვჭირდება, იმდენი ხორბლის ექსპორტს მოახდენს ყაზახეთი საქართველოში, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ბაკურ კვეზერელმა.