ბადაგონი იტალიის ბაზარზე

რედაქციისაგან

კომპანია “ბადაგონი” იტალიის ქ. ვერონაში გამართულ ღვინის ფესტივალზე – “ვინიტალი” წელს მეორედ წარსდგა და წარმატებც მოიპოვა. გასულ წელს ვერონაში “ბადაგონის” დებიუტი შედგა და ის “ვინიტალის” 2007 წლის აღმოჩენად დასახელდა.

წლევანდელი წარმატება “ბადაგონისთვის” კომპანია “დუე ტილისთან” გაფორმებული კონტრაქტია, რომელიც ერთი წლის განმავლობაში იტალიაში 600 000 ევროს ღირებულების პროდუქციის გადატვირთვას გულისხმობს.
კომპანია “დუე ტილი” იტალიის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ჯგუფის – “ჩევიკოს” შემადგენლობაში შედის, რომელიც თავის მხრივ, იტალიის იმპორტიორთა ხუთეულშია დამკვიდრებული. “ბადაგონის” ღვინოებს ისინი მომხმარებელს “კანტინა რონკოს” სავაჭრო ნიშნით მიაწვდიან და მოამარაგებენ იტალიის ისეთი მსხვილი სუპერმარკეტების ქსელს, როგორებიცაა “მეტრო”, “კრაფტი” და “აუში”.
აქამდე “ბადაგონის” ღვინოების გასინჯვა იტალიურ რესტორნებში, ღვინის მაღაზიებსა და სხვა საგანგებო ადგილებში იყო შესაძლებელი და იქ ღვინოები “ბადაგონის” ევროპის ბაზიდან იტვირთებოდა (საგანგებოდ, ამ მიზნით, 2007 წლის ივნისში პოლონეთში დაფუძნდა კომპანია “ბადაგონი ევროპა”, რომელიც ევროპის ქვეყნებს ამარაგებს). ახლა ევროპის ბაზრის სრულად ათვისების გზაზე აღნიშნული კონტრაქტი მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ფესტივალ “ვინიტალიზე” წელს 4 200 კომპანია მონაწილეობდა. “ვინიტალიზე” “ბადაგონი” სრული ასორტიმენტით, ანუ ოცამდე დასახელების ღვინოებით წარსდგა. ქართული პროდუქცია საერთაშორისო სტენდზე ფრანგული ღვინოების გვერდით განთავსდა. განსაკუთრებული მოწონება წელს ჩამოსხმულმა “ხვანჭკარამ” დაიმსახურა. ის გამოფენის მონაწილეთათვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა.
გარდა ამისა, იტალიის სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით რომში, სასტუმრო “კავალიე ჰილტონში” გამოფენის მონაწილეთათვის “ბადაგონის” ღვინოების საგანგებო დეგუსტაცია მოეწყო. 160-მა ღვინის სპეციალისტმა, ექსპერტმა და სომელიემ “ბადაგონის” 7 დასახელების ღვინო – თეთრი და წითელი “კახური წარჩინებული”, “წინანდალი”, “ქინძმარაული”, “საფერავი”, “ხვანჭკარა” და ალავერდის მარნის ქვევრის ღვინო” დააგემოვნა. ეს უკანასკნელი ჯერ ქართულ ბაზარზე არ გამოსულა. მისი ჩამოსხმა და პრეზენტაცია 2008 წლის ივლისში იგეგმება.
2008 წლის 24 მაისს, სასტუმრო “კავალიე ჰილტონში” სომელიეთა არჩევნები ჩატარდება. არჩევნებამდე სომელიეები 40 ქვეყნის მიერ წარმოდგენილი თითო ღვინიდან წლის საუკეთესო ღვინოს ამოირჩევენ. “კავალიე ჰილტონში” გამართულ დეგუსტაციაზე გადაწყდა, რომ საქართველო ამ არჩევნებში “ბადაგონის” წითელ “კახურ წარჩინებულს” წარადგენს.