მიირთვით, თუ ხელი მიგიწვდებათ

რედაქციისგან 

ჯერ კიდევ 2009 წლის მიწურულს, სააგენტო Bლოომბერგ-ის ანალიტიკოსებმა 2010 წლისთვის სურსათზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა იწინასწარმეტყველეს, მაგრამ მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ 2010 წლის გვალვა თუ უამინდობა ხორბლის მოსავალს გაანადგურებდა და ფასების ზრდის ლიდერიც იგი გახდებოდა. გაეროს მონაცემებით, აგვისტოში სურსათის ფასები მთელ მსოფლიოში საშუალოდ 5 პროცენტით გაიზარდა, რაც, ძირითადად, ხორბლის ფასის ზრდამ გამოიწვია. “წინ კრიტიკული თვეები გველის”, – აცხადებს რომში მდებარე გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ეკონომისტი, აბდოლრეზ აბასიანი. 

      რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის გვალვებმა, ანუ იმ ქვეყნებისა, რომლებზედაც მსოფლიო ექსპორტის 26% მოდის, მიწოდების შეფერხებისა და ფასების ძლიერი ზრდის საშიშროება წარმოშვა. მსგავსი პრობლემები მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს არ დასტეხიათ. გერმანიასა და კანადაში მოსავლის კარგ პროგნოზებს უამინდობა უშლის ხელს, ხოლო არგენტინაში მოსავალს ალბათ გვალვა გაანადგურებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ თაკარა მზე ავსტრალიასაც ემუქრება. 
      რუსეთის მთავრობამ სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა, როდესაც აგვისტოს შუა რიცხვებში ხორბლის ექსპორტის აკრძალვა შემოიღო. 2 სექტემბერს კი, პრემიერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთიდან ხორბლის აკრძალვა 2011 წლამდე გაგრძელდება. 
      ექსპერტები შიშობენ, შეძლებს თუ არა მსოფლიო გაექცეს სასურსათო კრიზისს და 2007-2008 წლის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე პიკურ ფასებს. ისინი მიიჩნევენ, რომ სასურსათო კრიზისი რეალურად არც დასრულებულა. მართალია, ფასებმა ორი წლის წინანდელ პიკთან შედარებით დაიწია, მაგრამ მაინც უფრო მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ვიდრე ეს იყო ფასების უეცარი ავარდნისას იმ დროს, როცა დიდმა დეპრესიამ დარტყმა მიაყენა ეკონომიკურ ზრდას, შემოსავლებსა და ვაჭრობას. 
      ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ივლისის დასაწყისიდანვე ხორბალზე ფასებმა 50%-ით მოიმატა, ამაზევე მეტყველებს საბანკო ჯგუფ HშBჩ-ის მონაცემები, ბანკის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს არის ყველაზე დიდი ზრდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ აგვისტოს ბოლოს შეამცირა 2010 წლისთვის ხორბლის გლობალური პროგნოზი იმის გამო, რომ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები მიწოდების უსაფრთხოებისთვის ზუსტ მონაცემებს დაფარავდნენ, ხორბალზე ფასები იმატებს და დომინოს პრინციპით მსოფლიოს სასურსათო ბაზრებზე გაიზრდება მოთხოვნა სხვა მნიშვნელოვან კულტურებზეც. თუმცა, როგორც ფართო მოხმარების ნებისმიერი სხვა საქონლის შემთხვევაში, ხორბლის დეფიციტი სპეკულაციასა და საქონლის დიდი ოდენობით შესყიდვას იწვევს. ექსპერტების თქმით, ამჟამად ბაზარზე ორივე ფაქტორი მოქმედებს. მათი აზრით, ხორბლის ბაზარზე მეტი ფული შეედინება, რადგან საპროცენტო განაკვეთები ძალიან დაბალია, საფონდო ბირჟები კი ძალიან არამდგრადი. სწორედ ამიტომ, ინვესტორები ფულს სწორედ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარში დებენ. 
      შემცირებულია ბრინჯის მსოფლიო წარმოება, რომელიც პლანეტის მოსახლეობის თითქმის ნახევრის კვების ძირითადი პროდუქტია და ბოლო წლებში რეგულარულად არ პასუხობს მოთხოვნის დონეს. 2009-2010 წლის ბრინჯზე გაზრდილი მოთხოვნის გამო ექსპერტთა პროგნოზით, მისი მარაგი 41%-ით შემცირდება.  
      რა ვჭამოთ? 
      თუკი მსოფლიოში განვითარებული მოვლენები საქართველომდე დაგვიანებით, მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად აღწევს, სურსათსა და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა ის ტენდენციაა, რომელზედაც ქართული ბაზარი მომენტალურად რეაგირებს. ჩვენს ქვეყანაში უკვე გაძვირდა სურსათი და პირველადი მოხმარების საქონელი, როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტირებული. ქვეყნის მთავრობა ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სახარბიელო მდგომარეობა არც საქართველოშია, სტიქიამ ხორბლის მოსავალი აქაც შეამცირა. “ამ ეტაპზე თავს შევიკავებ მოვლენების შეფასებისგან. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ საგანგაშო სიტუაცია ნამდვილად არ გვექნება, მარაგები ჯერჯერობით არის. ნებისმიერ სიტუაციაში ვიქნებით მზად შესაბამისი ზომების მისაღებად, მაგრამ ამ ეტაპზე იმის დაკონკრეტება, თუ რას ვაპირებთ და როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს, ნაადრევია. ნებისმიერ სიტუაციაში შედეგებს უნდა დაველოდოთ. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. რაც შეეხება ფასებს, წინასწარ ამის განსაზღვრას მოვერიდები. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ შემოდგომაზე მოხდება ახალი ფასების ფორმირება”, – ასე გვამშვიდებს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბაკურ კვეზერელი. 
      ექსპეტები განმარტებით, ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ყველა სასურსათო პროდუქტი გაძვირდა ან გაიაფდა, არ არის სწორი. ზოგი პროდუქტი, მაგალითად, შაქარი, ზეთი, ბრინჯი და კაკაო გაძვირდა. დეფიციტურია თაფლი, სოიო, ხილი და ეს პროდუქტები, რა თქმა უნდა, გაძვირდება. წლეულს შაქრის მოსავალი საკმაოდ ცუდი იყო, რამაც ფასების ზრდა განაპირობა. ცუდი იყო მზესუმზირის, სიმინდის მოსავალიც, რაც მნიშვნელოვანი პროდუქტებია ზეთის წარმოებისთვის. 
      შაქრის თვალშისაცემ გაძვირებას, იმ პროდუქტებზე ფასების მატება მოჰყვა, რომელთა წარმოებაშიც იგი გამოიყენება – საკონდიტრო ნაწარმისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელმა კომპანიებმა პროდუქცია გააძვირეს და ფასის კიდევ მომატებას არ გამორიცხავენ. 3-5 თეთრით გაძვირდა კვერცხიც. 
      საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 9,5% შეადგინა, რის ძირითად მიზეზად საგარეო ფაქტორები სახელდება – საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მომატება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ინფორმაციით, აგვისტოში საბაზო ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვითაც დაფიქსირდა ზრდა. აგვისტოში გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებლები საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანაში. ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი გარე ფაქტორების შედეგია და ეროვნული ბანკის განცხადებით, მასზე მონეტარული პოლიტიკის გავლენა შეზღუდულია – “თუმცა, საბაზო ინფლაციის დინამიკა ინფლაციური მოლოდინის მატებაზე მიუთითებს, რის გამოც მიზანშეწონილია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება”, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში. 
      რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, ეროვნული ბანკის მიმდინარე წლის II კვარტლის ანგარიშში ვკითხულობთ: 
      “ინფლაციის დინამიკას 2010 წლის განმავლობაში ძირითადად ხილ-ბოსტნეულის, პურპროდუქტების, საწვავისა და ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდა განსაზღვრავს. მსოფლიოში ხორბლის მოსავლის გაფუჭებასთან დაკავშირებით გაიზარდა ხორბლის საერთაშორისო ფასი, რაც სავარაუდოდ აისახება საქართველოში, როგორც პურპროდუქტების ფასზე, ასევე ბურღულეულის, ხორცპროდუქტების, რძის ნაწარმის, კვერცხის, მზესუმზირის ზეთის ფასებზე. ხილ-ბოსტნეულზე და რძის პროდუქტებზე ფასების დინამიკის პროგნოზი გაკეთდა სეზონურობის გათვალისწინებით. წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელზე იმოქმედებს კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით მედიკამენტების გაძვირების ეფექტი. ინფლაციის პროგნოზისათვის გამოყენებული დაშვების შესაბამისად ტრანსპორტით მგზავრობის გადასახადის ცვლილება 2010 წელს ნავთობპროდუქტებზე ფასების დინამიკასთან შესაბამისობაში იქნება, არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ ნავთობის ფასი მიმდინარე წელს ბარელზე 82 აშშ დოლარის ფარგლებში იმერყევებს. პროგნოზისათვის გამოყენებულია დაშვება, რომ მომავალი წლის განმავლობაში რეგულირებადი ფასები უცვლელად შენარჩუნდება. 2010 წლის მეოთხე კვარტალში წლიური ინფლაციიდან ამოვარდება გასული წლის სექტემბერში სწავლის გადასახადის ერთჯერადად გაძვირების ეფექტი. სამომხმარებლო კალათის სხვა ჯგუფების ფასების დინამიკის პროგნოზირებისათვის გამოყენებულ იქნა არსებული ინფორმაცია ეკონომიკის შესაბამის სექტორზე მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ. აღნიშნული მეთოდით ინფლაციის პროგნოზი გვიჩვენებს, რომ 2010 წლის მესამე კვარტალის ბოლოსათვის ინფლაცია 8,9%-მდე შემცირდება, ხოლო წლის ბოლოსათვის ინფლაცია 8,8%-მდე გაიზრდება. მოსალოდნელია, რომ 2011 წლის პირველ კვარტალში ინფლაცია 7-8%-ის ფარგლებში იმერყევებს”. 
      როგორც ვხედავთ, საქართველოში მიმდინარე წლის ბოლომდე და 2011 წლის დასაწყისში ინფლაცია ერთნიშნა ციფრზე შენარჩუნდება, თუმცა, ეროვნული ბანკისგან განსხვავებით, ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომელთა სუფრიდან თანდათან ქრება ან მნიშვნელოვნად მცირდება სხვადასხვა დასახელების პროდუქტი და კითხვა – რა ვჭამოთ – ყველაზე დიდ აქტუალობას და ზოგისთვის, ალბათ, დრამატულობასაც იძენს. 
      გამოკვებავს თუ არა პლანეტა თავის შვილებს 
      დღეს, ხორბალთან დაკავშირებული შფოთი, ექსპერტების ვარაუდით, მხოლოდ ერთ-ერთი ბოლო სიგნალია იმისა, რა გამოწვევების წინაშეც შეიძლება დადგეს გლობალური ეკონომიკა უახლესი 20 წლის განმავლობაში, ანუ შიში იმაზე, თუ რით გამოიკვებოს მსოფლიო. ექსპერტების მოსაზრებით, დღეს ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში სოფლის მეურნეობის დარგების მიმართ დაუდევრობის შედეგებს ვიმკით, მთელი ამ პერიოდის განმავლობში სექტორი თითქმის რესურსებისა და ტექნოლოგიების გარეშე იყო დარჩენილი. არადა, ეს აუცილებელი იყო, რომ მზარდ მსოფლიო მოთხოვნას არ ჩამოვრჩენოდით. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გლობალური კონსესუსი მეორე “მწვანე რევოლუციის” აუცილებლობის შესახებ, რეალურად, მსოფლიო ფერმერული მეურნეობების აღდგენის ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესის წინაშე ვდგავართ. ეს იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ შემდეგი ათწლეულის განმავლობაში სურსათზე ფასების აღამავლობისა და რყევის საშიში რისკის გაგრძელების მოწმენი ვიქნებით. 
      ასეთ სიტუაციაში ჩნდება კითხვა, ის, რაც დღეს ხორბალთან დაკავშირებით ხდება, ხომ არ გამოიწვევს 2007-2008 წლის სასურსათი კრიზისის განმეორებას? ნედლეულის ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს, სავარაუდოდ, არ მოხდება, პირველ რიგში იმიტომ, რომ დღეს ხორბლის მარაგი (2007-2008 წლებთან შედარებით) ბევრად მეტია და ის მსოფლიო მოთხოვნის 23% დააკმაყოფილებს, ორი წლის წინ ეს ციფრი 19% იყო, მეორეც, ხორბლის ისეთი მსხვილი მწარმოებელი ქვეყნის მოსავალს, როგორიც აშშ-ია, ცუდი პირი არ უჩანს. ამიტომაც, მიწოდება 2007-2008 წლებისგან განსხვავებით სავალალო არ უნდა იყოს, აქედან გამომდინარე კი, ფასი მასზე რეალისტური იქნება. 
      თუმცა, საკვები პროდუქტების მსოფლიო ბაზრები განსხვავებულია სხვა საქონლისგან – მათ ირგვლივ ბევრად მეტი ემოციაა. არც ერთ ქვეყანას არ სურს დარჩეს სურსათის გარეშე და უპრეცენდენტოდ გაზრდილი ფასების გამო მისი მოქალაქეები გაღარიბდნენ, ამან შესაძლოა ქვეყნები უწესრიგობამდე და მთავრობების ცვლილებამდე მიიყვანოს. ასეთ სიტუაციაში, დიდი მნიშვნელობა აქვს ბაზრის მონაწილეების ქცევას, როგორც ექსპორტიორების, ასევე იმპორტიორების მხრიდან, რადგანაც სიტუაცია შეიძლება დაძაბოს, როგორც ექსპორტის აკრძალვამ და ფასების აწევამ, ასევე მარაგების პანიკურმა შექმნამაც. აი, რას წერენ HSBC-ის ანალიტიკოსები: 
      “თუკი რუსეთში ხორბალთან დაკავშირებული კრიზისი და სხვა არასასიამოვნო ფაქტორები საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი გლობალური ფასების ინფლაცია გამოიწვიოს, არაგონივრულმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა შესაძლოა ფასების უპრეცენდენტო ზრდამდე მიგვიყვანოს. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში თვალი ვადევნოთ მსოფლიოში ხორბლით მოვაჭრე ქვეყნების პოლიტიკას, როგორც ექსპორტიორებს, ასევე იმპორტიორებს”. 
      თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს ხორბალთან დაკავშირებით, კვების პროდუქტები მაინც ძვირია და როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ეს სიტუაცია შენარჩუნდება. ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OEჩD), ასევე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ეს მდგომარეობა თავიანთ ივნისის მოხსენებაში ახსნეს. მათი პროგნოზის თანახმად, შემდეგი ათი წლის მანძილზე ხორბლისა და საფურაჟე მარცვლეულზე ფასი რეალურ გამოხატულებაში 15-დან 40%-მდე გაიზრდება (ინფლაციის გათვალისწინებით) 1997-2006 წლების საშუალო მაჩვენებლიდან. მცენარეული ზეთის ფასი 40%-ით და მეტადაც გაიზრდება, რძის პრდუქტები 16-40%-ის დიაპაზონში მოიმატებს, აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით კი, ამ პროდუქტის ფასმა შესაძლოა 39%-ით მოიმატოს, ხოლო JPMorgan Chase & Co.-ის მონაცემებით, შაქარი 25%-ით გაძვირდება. ანალიტიკოსებსა   და ინვესტორებს შორის სააგენტო Bloomberg-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბრინჯის ფასმა შეიძლება 60%-ით მოიმატოს და ტონაზე 1038 აშშ დოლარს მიაღწიოს. ყავის ფასებმა ბოლო 12 წლის მაქსიმუმს მიაღწია, ძვირდება კაკაოც. ჩაის ინდოელი მწარმოებლები კი, წვიმებისა და მავნებლების მომრავლების გამო, საკუთარი პროდუქციის გაძვირებას ასევე გარდაუვლად მიიჩნევენ. ეს ფასები განსხვავებულია 2007-2008 წლების ფასების ბუმის დროინდელ ფასებთან. ამასთან, სასურსათო ბაზრები იქნებიან მოწყვლადები და არაპროგნოზირებადები. ამონარიდი OECD/FAO-ს მოხსენებიდან: 
      “მცენარეულ პროდუქციაზე ფასების ზრდა 2007-2008 წლების რეკორდულ მაჩვენებლებს უახლოვდება. ეს კი, თავის მხრივ, გამოწვეული იყო ფასების ზრდისთვის ხელსაყრელი პირობების ერთობლიობით, ასეთი შერწყმის კიდევ ერთ განმეორებას უახლოეს მომავალში სავარაუდოდ არ უნდა ველოდოთ. მაგრამ თუკი ისტორია რამეს გვასწავლის, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასების ძლიერი რყევა არ უნდა გამოირიცხოს, ისევე, როგორც არ უნდა გამოირიცხოს მომავალში მოკლევადიანი კრიზისები”. 
      რატომ ნარჩუნდება მაღალი ფასები და რატომ არის ის ვალატიური? სოფლის მეურნეობაში დიდი ოდენობით სტრუქტურული პრობლემებია დაგროვილი, რომელიც მოთხოვნა-მიწოდებას შორის სუსტი ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს, ვიდრე ეს იყო 1970-იან წლებში. რაც შეეხება წარმოებას, ექსპერტები ამბობენ, რომ ფინანსური რესურსები არ მიიმართება სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტექნოლოგიურ გამოკვლევებზე, რომელიც აუცილებელია მოსავლიანობის ასამაღლებლად. რაც შეეხება მომხმარებელს, აქაც შეიცვალა სურათი. დღეს ბევრად მეტი ჩინელი, ინდოელი, ბრაზილიელი აძლევს საკუთარ თავს მეტი საკვები პროდუქტის ყიდვის უფლებას, ვიდრე ადრე. ეს შეეხება სასურსათო პროდუქტების სხვადასხვა სახეობას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ბიოსაწვავაზე გაზრდილი მოთხოვნა, რაც საბოლოო ჯამში ზრდის სურსათზე ფასებს. კიდევ ერთი ამონარიდი HSBC-დან: 
      “სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსოფლიო ბაზრებზე მოთხოვნა-მიწოდება ისე სუსტად არის დაბალანსებული, რომ პრობლემები ადგილობრივ დონეზე სერიოზულ გავლენას ახდენს იმ პროდუქტების გლობალურ ფასებზე, რომლებსაც კრიზისი შეეხო, ხოლო ამის შემდგომ იგი მთელს სასურსათო ჯაჭვს გადაეცემა. ამის გამო ფასები ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა ხორბალი, ბრინჯი, პარკოსნები, ღორის ხორცი იზრდებოდა 2004 წლის ტრენდის შესაბამისად და რაც ყველაზე მთავარია, ვალატიურობას ინარჩუნებდნენ. ამაში ჰპოვა გამოხატულება ისეთმა სტრუქტურულმა ფაქტორებმა, როგორიცაა დიდი ხნის მანძილზე სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების ბოლომდე დაუფინანსებლობამ, ახალ ბაზრებზე მოთხოვნის ზრდამ, გარემოს დეგრადაციამ, ბიოსაწვავზე დამოკიდებულების გაზრდამ და ალბათ ფინანსური ბაზრების გავლენამაც, მათ შორის, გაცვლითი კურსის რყევამაც”.  
      რა საშუალებებით შეგვიძლია გადავჭრათ ეს პრობლემები? ამის ერთადერთი გზად ექსპერტები სოფლის მეურნეობისკენ დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიდი ოდნებით თანხების მიმართვას ასახელებენ. ბევრმა ქვეყანამ გააცნობიერა პრობლემის მთელი სიმწვავე და ისეთი სახელმწიფოების მეთაურებმა, როგორიცაა ინდოეთი თუ სენეგალი სწორედ ამ გზას მიმართეს. OECD/FAO-ის მოხსენებაში ნათქვამია: 
      “დედამიწის მოსახლეობა 2050 წლამდე 2,3 მილიარდი ადამიანით გაიზრდება და მთელი ეს ზრდა დაფიქსირდება განვითარებად ქვეყნებში. არსებული შეფასებით, 9 მილიარდი ადამიანის გამოსაკვებად საჭირო გახდება კვების პროდუქტების გლობალური წარმოების 70%-ით გაზრდა. რაც იმას ნიშნავს, რომ განვითარებად ქვეყნებში წარმოება თითქმის უნდა გაორმაგდეს,  FAO-ს მონაცემებით, მწარმოებლურობის საჭირო დონეზე ასამაღლებლად, განვითარებად ქვეყნებში აუცილებელი გახდება ინვესტიციების მიმართვა სოფლის მეურნეობის საბაზისო დარგებში, თანაც, ინვესტიციების ძირითადი ნაწილი კერძო წყაროებიდან უნდა წამოვიდეს”. 
      სასურსათო კრიზისი, შესაძლოა დღეს არ გვემუქრებოდეს, მაგრამ კვების პროდუქტების წარმოების ზრდისთვის თუ ძალისხმევას დავიშურებთ, უახლოეს მომავალში არ არის გამორიცხული კაცობრიობა მართლაც აღმოჩნდეს სურსათზე ფასების მკვეთრი ზრდისა და მისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგების ჯაჭვის წინაშე. მანამდე, დატკბით თქვენი სადილით, თუ ამისთვის ფინანსები გეყოფათ!