რედაქტორისგან

ჯემალ ინაიშვილი

მსოფლიოში ინფლაციური ბუმია. საწვავზე ფასები 1990 წლიდან დღემდე, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ზუსტად 20 დოლარიდან 130 დოლარამდე, ანუ 6.5-ჯერ გაიზარდა, ასევე იმატა ფასმა საკვებ პროდუქტებსა თუ ლითონებზე. გაძვირდა მშენებლობა და ტრანსპორტი მთელს მსოფლიოში, ამასთან მსოფლიოში ყველა ამ პროდუქტის მოხმარება განუხრელად იზრდება. ირღვევა კლასიკური სქემა – ფასი, მოწოდება და მოხმარება ერთდროულად. ეკონომიკური თეორიაც იცვლება და საერთაშორისო მასშტაბით სერიოზული ცვლილებების დროა.

ყველაზე მნიშვნელოვანია შევიმუშაოთ პროგრამა, რომელიც შეასუსტებს საწვავზე ფასის ზრდის ინფლაციაზე ზეგავლენის ხარისხს. რა უნდა იყოს ეს – გადასახადის შემცირება, თუ სხვა გზა, ამაზე დღეს დისკუსიის დაწყება ყველაზე უპრიანია. ამიტომ ამ ნომერში გთავაზობთ საერთაშორისო ეკონომიკაში ჩამოყალიბებულ სურათს (გვ.34) და ამ თვალსაზრისით საქარველოს პრობლემებს (გვ.8).
სამშენებლო ბიზნესის ბაზრის მოცულობა კარგახანია გასცდა 4.5 მილიარდ დოლარს და მისი წლიური ზრდის მაჩვენებელი 30%-მდე ადის. მაისში თბილისში ორი სამშენებლო საერთაშორისო გამოფენა მოეწყო და ეს მეტად სერიოზული ნიშანია, რადგან ბოლო წლებში ეს გამოფენები ტრადიციად იქცა – ხაზგასმულია სამშენებლო ინდუსტრიისათვის საქართველოს ბაზრის მნიშვნელობა. პირველ რიგში შეიცვალა მოძველებული და არარენტაბელური საბჭოთა მანქანური პარკის მანქანები. დღეს “შვინგის” და “დევალტის” მექანიზმებით, “მერსედესისა” და “ფორდის” ტექნიკით შენდება თბილისი და ეს ნორმად იქცა. ასევე შეიცვალა სამშენებლო ტექნოლოგიები და საქართველოს ბაზარზე დასავლეთის ბოლო მიღწევები ინერგება. წლევანდელი გამოფენა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ბევრი სერიოზული ქართული საწარმო მონაწილეობდა ამ გამოფენაში არა როგორც დამკვეთი, არამედ როგორც ექსპონატის წარმომდგენი, თუნდაც “ინტერპლასტის” მაგალითიც საკმარისია საქართველოს რეზიდენტების წარმატებეზე რომ ვილაპარაკოთ (იხ გვ.27).
საფონდო ბირჟის პრობლემებზე მსჯელობამ პერმანენტული ხასიათი მიიღო. უფრო მეტიც, ეს სფერო ყველაზე პრობლემატური და იმავდროულად საჭიროა საქართველოს არა მარტო ინვესტიციური სფეროს გაუმჯობესებისათვის, არამედ მესაკუთრის ახლებური ინსტიტუტის დასაფუძნებლად და სააქციო საზოგადოების მართვის ოპტიმიზაციისათვის, რაც, თავის მხრივ, მარტო წარმატებული ბიზნესის საფუძველი კი არაა, არამედ წარმატებული საპენსიო რეფორმისა. საპენსიო დაზღვევის ფონდებს, რომლებიც აუცილებლად შეიქმნება, უფრო რთული და მასიური მასშტაბით იმანენტურად სჭირდება საფონდო-ფულადი ბაზარი, სადაც სწორად მოხდება ამ შენატანების დაბანდება და რეალური ღირებულებით შენახვა და ზრდა ღირსეული პენსიის მისაღებად. ამიტომ უპირველესი ამოცანაა საფონდო ბაზრის აღორძინება, აქედან გამომდინარე, მივესალმებით ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს და კიდევ ერთხელ გვსურს დაუბრუნდეთ ფასიანი ქაღალდების ბაზრის პრობლემებს საქართველოში, გთავაზობთ ჩვენი ჟურნალისტის ექსკლუზიურ მასალას ბოლო ცვლილებებთან დაკავშირებით (გვ.17).
ამ ნომერში სტუდენტთა სადისკუსიო კლუბის ფარგლებში გთავაზობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტის მეტად საინტერესო მასალას ეკონომიკური აზრის ერთ-ერთი კორიფეის რობერტ ლუკასის შესახებ. დღეს ამ პიროვნების აზრები და მისი მონეტარული თეორია მეტად საინტერესო და ყურადსაღებია. ჩვენ გვეგონა, რომ ჩვენს ბანკებს გვერდს აუვლიდა საერთაშორისო საბანკო ლიკვიდობის კრიზისი, მაგრამ თვალსაჩინოა ბიზნეს-კრედიტების გაცემის პრობლემები, ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, ოპტიმალური მონეტარული პოლიტიკის გატარება მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს მაკროეკონომიკური სიტუაციის გაჯანსაღებისათვის. ურიგო არ იქნებოდა კიდევ ერთხელ გადაგვეხედა ამ უკვდავი მონეტარული თეორიის ზოგიერთი ასპექტისათვის.
ტრადიციულად გთავაზობთ სამეცნიერო პრობლემატიკაზე პოლემიკას და როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრის მონაცემების სტატისტიკურ კოლაჟს.
ვიმედოვნებ, კვლავ საჭირონი ვიქნებით თქვენი და თქვენი ბიზნესისათვის.