რედაქტორისგან
ჯემალ ინაიშვილი
მსოფლიოში სერიოზული კატაკლიზმები იწყება. ჯორჯ სოროსის ანალიზით (გვ.13), წამყვანი ეკონომიკების პრობლემა სანედლეულო ბაზრის გაძვირება და ტექნოლოგიური უთანაბრობით გამოწვეული წინააღდეგობაა. ბუნებრივია, დღეს მსოფლიოს უბედურების მიზეზი ჩინელების რუდუნებით მუშაობა და ინდოელების განვითარების მაღალი ტემპია.
სანამ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკები დაბალ დონეზე იყო, მსოფლიოს სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ როგორც კი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებმა ზრდა დაიწყო, გაიზარდა მოხმარება და კრიზისიც დაიწყო. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს არ არის ჩვეული ციკლი, რომელსაც ჩვენ ეკონომიკური თეორიებიდან ვიცნობთ, ეს სრულიად ახალი მოვლენაა ძველი ფორმითა და გლობალური ინფლაციით. დიახ! გლობალური ინფლაციით – ფასების მსოფლიო დინამიკის ზრდით. იქნებ ეს უდიდესი ეკონომიკის – აშშ-ის ეკონომიკის დაღმართია. გთავაზობთ ამ აკვიატებული აზრების ანალიზს სტატიაში “გარდაიცვალა ამერიკული ოცნება” (გვ.11) და მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვას (გვ.14).
რამდენად ვართ ჩვენ მზად ახალი ცვლილებებისათვის, რამდენადაა ჩვენი საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა ამ ახალი რეალობის ადექვატური, ამაზე კიდევ ერთხელ გვინდა პროფესორ რეევაზ გველესიანთან ერთად ვიმსჯელოთ (გვ.84).
ერთ-ერთი მთავარი თემა ჩვენთანაც და საზღვარგარეთაც არის საფინანსო სფეროს პრობლემები. წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ მარტო ერთმა დიდმა ბანკმა “იუ-ბი-ეს”-მა (UBS) მისი მენეჯერების განცხადებით, აშშ-ში იპოთეკური კრიზისის გამო დაკარგა 38 მილიარდი დოლარი. დაუჯერებელია, მაგრამ ბანკი არ გაკოტრებულა. ხომ არ აწერს ბანკების მენეჯმენტი ყველაფერს იპოთეკურ კრიზისს და შემდგომ მოგებისა და ბონუსების მისაღებად ემზადება? საბანკო სექტორში პრობლემები რომაა, ეს ცხადია. ჩვენთანაც გაძვირდა კრედიტი, მისი მასშტაბები კლებულობს. ამ პრობლემის ანალიზს გთავაზობთ სტატიაში – “რამ გამოიწვია საპროცენტო განაკვეთების ზრდა საქართველოს საბანკო ბაზარზე” (გვ.8).
ვაგრძელებთ ეკონომიკური განათლების საკითხების შესახებ მსჯელობას და გთავაზობთ აუდიტორთა პროფესიული განათლებისა და მომსახურეობის ხარისხის კონტროლის სტანდარტებზე სპეციალურ მასალას. საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების თემა მეტად სერიოზულია საბაზრო ეკონომიკის სრულყოფილი სისტემის შექმნისა და ბიზნესის დაცვის თუ კონტროლის თვალსაზრისით. პროცესი 10 წელია გრძელდება და ჯერაც ბევრი გადაუწყვეტელი პრობლემაა. ბუნებრივია, ამიტომაც ის კვლავ ჩვენი ყურადღების ცენტრშია, ისევე როგორც სტუდენტური გვერდი. სადისკუსიო კლუბი განიხილავს საერთაშორისო სავაჭრო პალატის როლს საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობაში და მის რეგულაციებს. ეს თემა მეტად აქტუალურია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის შეთანხმებისა და სრულფასოვანი სავაჭრო პარტნიორული ურთიერთობის შესაქმნელად. სხვათა შორის, ამ ასპექტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია აგროსექტორის მხარდაჭერის და რეგულირების პრობლემა.
საინტერესოდაა წარმოჩენილი სავალუტო კურსის პრობლემა ექსპორტთან დაკავშირებით, მაგალითად, ჩაის ექსპორტთან, ისე მიზნობრივი პროგრამები სავარგულების, აგროქიმიის შენარჩუნების, მელიორაციისა თუ ეროზიისგან დაცვის საკითხები. პროფესორი პაატა კოღუაშვილი საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს სტატიაში – “აგროსასურსათო სექტორის სახელმწიფო რეგულირებისა და ეკონომიკური მხარდაჭერის შესახებ” (გვ.30).
ტრადიციულად გთავაზობთ მეცნიერების რუბრიკაში სამეცნიერო სტატიებს.